საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/601 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 ივლისი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უგულებელყოფს გამართლებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №601) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2014 წლის 4 ივლისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საკასაციო საჩივრის სუბიექტები არიან ამავე კანონის 518-ე მუხლში მითითებული პირები. 518-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 13 ივნისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება გამართლებულ ბორის ივანოვის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით, ბორის ივანოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ამასთან, განაჩენის მიხედვით, ბორის ივანოვის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხა დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას. აღნიშნული განაჩენი, მსჯავრდებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და ბორის ივანოვი გამართლდა. თუმცა ამავე განაჩენის თანახმად, გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ ბორის ივანოვმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხის - 100000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში და მოითხოვა ამ თანხის დაბრუნება.
9. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, გამართლებულ პირს ეკრძალება სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანა, რაც ზღუდავს მის კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. წარდგინების ავტორის მტკიცებით, გამართლებულ პირს, მიუხედავად მისი უდანაშაულოდ ცნობისა, შესაძლებელია, ჰქონდეს გარკვეული ინტერესი, რომ საქმე გადაისინჯოს ზემდგომ სასამართლოში. გარდა ამისა, გადასინჯვის მოტივი შეიძლება გახდეს ნებისმიერი გარემოება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება პირის მიერ დანაშაულის ჩადენას თუ ჩაუდენლობას, არამედ სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხება მის ინტერესებს, რომლებიც განაჩენის ნაწილია და რომელთა გადაწყვეტაც სწორედ განაჩენით მოხდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს გამართლებული პირის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N601 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის N601) საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი