მოქალაქე ნოდარ ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/5/55 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 29 აპრილი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქე ნოდარ ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განმწესრიგებელ სხდომაზე გამოარკვია მოქალაქე ნოდარ ნებიერიძის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გასათვალისწინებელი გარემოებანი.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ პუნქტზე, 31-ე და 39-ე მუხლებსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
მოსარჩელე სადავოდ მიჩნევს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყივდის ფორმას. სარჩელის თანახმად, მოქალაქე (ან იურიდიული პირი), რომელმაც კანონით დადგენილი წესით კეთილსინდისიერად შეიძინა ბინა, გადაიხადა მისი საფასური და გახდა კანონიერი მესაკუთრე, სადავო ნორმით საფუძველზე დაკარგავს საკუთრების უფლებას, თუ ხელშეკრულება რაიმე მიზეზით სამი თვის განმავლობაში არ გაატარა რეგისტრაციაში აღმასკომში, სახელდობრ, ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში.
მოქალაქე ნ. ნებიერიძე თვლის, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ძალადაკარგულია საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღიდან, რადგან კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ამ ფუნდამეტურ დებულებას არ აღიარებს საქართველოს მართლმსაჯულების არც ერთი რგოლი, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელიც თავის ვერდიქტებს აფუძნებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის არაკონსტიტუციურ 239-ე მუხლზე. ეს კი იურიდიული ნონსენსია.
მოსარჩელის აზრით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლთან ერთად გასაუქმებელია ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროც და იგი უნდა გადაიქცეს არქივად. ნოტარიუსმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სანოტარო წესით გაფორმებისთანავე უნდა შეიტანოს საჯარო რეესტრში იმ ფორმით, რაც დადგენილია ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსის- პროექტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე ნ. ნებიერაძე ითხოვს.
1. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
2. სამოქალაქო სამართლის ახალი კოდექსის მიღებამდე, 239-ე მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო შევიდეს წარდგინებით პარლამენტში, რათა გაუქმდეს ქ. თბილისის მერიის ტექბიურო და მის ადგილზე შეიქმნას არქივი თავისი ატრიბუტებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ნებიერიძის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის კონსტიტუციურობის გარკვევას. აქ იგულისხმება საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომელიც 1997 წლის 26 ივნისს მიღებული საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის პირველი პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვალა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. თავისთავად ცხადია, რომ ამავე დროიდან 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლიც ძალადაკარგულია. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელთა თანახმადაც, „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
ამასთან, სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მოქალაქეს, ფიზიკურ პირს მხოლოდ მაშინ შეუძლია ნორმატიული აქტის (მისი ცალკეული ნორმის) კონსტიტუციურობის თაობაზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ეს აქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უშუალოდ მის უფლებებსა და თავისუფლებებს. კონსტიტუციური სარჩელიდან არ ჩანს, თუ ნ. ნებიერიძის კონკრეტულად რომელი უფლება დაირღვა სადავო ნორმით. სარჩელს თან ერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გ. დევდარიანის წერილი შპს „ბემის“ გენერალური დირექტორის ბუბუტეიშვილის სახელზე. წერილიდან არ ჩანს, თუ რა ურთიერთობა აქვს მოსარჩელეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემთან“.
მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შევიდეს წარდგინებით პარლამენტში, რათა გაუქმდეს ქ. თბილისის მერიის ტექბიურო და მის ადგილზე შეიქმნას არქივი სათანადო ატრიბუტით, – სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე: “თუ მოსარჩელე... ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს“. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტისა და 39-ე მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე კი მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს გაუქმებისა და მის ნაცვლად არქივის შექმნის თაობაზე პარლამენტში წარდგინების შეტანის შესახებ არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციტო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ნოდარ ნებიერიძის კონსტიტუციური სარჩელი და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავჯდომარე)
ოთარ ბენიძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი).