გიული ბარნაბიშვილი, დალი გილიგაშვილი, დალი მაისურაძე და გაიოზ ტაბატაძე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/56/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 23 აპრილი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: გიული ბარნაბიშვილი, დალი გილიგაშვილი, დალი მაისურაძე და გაიოზ ტაბატაძე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის №20.35.291 გადაწყვეტილება „შპს „პროგრესის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესახებ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: გიული ბარნაბიშვილი, დალი გილიგაშვილი, დალი მაისურაძე, გაიოზ ტაბატაძე (მოსარცელეთა უფლებამოსილი წარმომადგენელი – იურისტი მიხეილ ხითარიშვილი).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 13 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გიული ბარნაბიშვილმა, დალი გილიგაშვილმა, დალი მაისურაძემ, გაიოზ ტაბატაძემ.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღოს მათი კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის #20.35.291 გადაწყვეტილება - „შპს „პროგრესის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესახებ”, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება, რაც შემდეგში გამოიხატა:
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 25 ოქტომბრის #205 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის 22 ივლისის №09.28.115 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მთავარი უნივერსალურ მაღაზია „თბილისის“ ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „უნივერმაღი თბილისი“, დამტკიცდა საზოგადოების წესდება, პრივატიზაციის გეგმა და ქონების შეფასების აქტი.
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 1994 წლის 30 დეკემბრის #4-08.875 განკარგულებით, სააქციო საზოგადოება რეგისტრაციაში გაატარა და გასცა №1253 მუდმივი მოწმობა. ამ მომენტიდან სააქციო საზოგადოება გამოვიდა ვაჭრობის სამინისტროს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა სტრუქტურიდან. ქონების შეფასების აქტი, საზოგადოების საწესდებო კაპიტალმა, რომელშიც შევიდა უნივერმაღის კომპლექსის შენობა-ნაგებობანი, დამხმარე სათავსოები და სხვა მატერიალური ფასეულობანი, შეადგინა 1.966.030 (მილიონ ცხრაას სამოცდაექვსი ათას ოცდაათი) ამერიკული დოლარი.
საზოგადოებაში გაერთიანდა 428 აქციონერ-მესაკუთრე, მათ შორის არიან მოსარჩელეებიც. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 11 ნოემბრის №06-7.2378 წერილით მოსარჩელეთა წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 2.23%-ს.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ისინი სააქციო საზოგადოებასთან ერთად, არიან უნივერმაღ „თბილისის“ კანონიერი მესაკუთრენი, მათი უფლების შეზღუდვა, ამ უფლების შეჩერება ან ჩამორთმევა უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის სრული დაცვით. სადავო აქტით კი მოხდა ერთხელ უკვე პრივატიზებული სახელმწიფო ქონების მეორეჯერ პრივატიზება, ანუ მოსარჩელეთა საკუთრების ობიექტის თვითნებურად ჩამორთმევა და გასხვისება არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიხეილ ხითარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ვინაიდან ამ აქტით მოხდა ადმინისტრაციული წესით სხვის კოლექტიურ მფლობელობაში არსებული ქონების ამოღება და მეორე პირისათვის საკუთრებაში გადაცემა. მისი აზრით, სადავო აქტი არ არის ერთი პირისათვის გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, არამედ იგი ვრცელდება პირთა წრეზე, აქვს მრავალჯერადი გამოყენების ხასიათი და დიამეტრულად ცვლის სამართლებრივ შედეგებს. ამასთან სადავო აქტის გამომცემი ორგანო – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს კანონის „ნომრატიული აქების შესახებ“ მე-17 მუხლის საფუძველზე მიეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალურ ორგანოს, რომელსაც უფლება აქვს გამოსცეს ნორმატიული აქტი. ამდენად აქტი ნორმატიული ხასიათისაა და წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის №20.35.291 გადაწყვეტილება „შპს „პროგრესის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესახებ“, ვინაიდან სადავო აქტით დაირღვა: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული მათი საკუთრების უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თავისი 1998 წლის 21 აპრილის #02-14/208 წერილით საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის №20.35.291 გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მიერ სახემწიფო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელეების გიული ბარნაბიშვილის, დალი გილიგაშვილის, დალი მაისურაძისა და გაიოზ ტაბატაძის კონსტიტუციური სარჩელი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის #20.35.291 გადაწყვეტილება „შპს „პროგრესის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესახებ“ – არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და საქმეზე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული სამართლებრივი აქტი – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის №20.35.291 გადაწყვეტილება „შპს „პროგრესის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესახებ“ – არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმატიულ აქტად, რადგან მისი გამოცემით არ მომხდარა სამართლის ნორმის არც დადგენა, არც გაუქმება და არც შეცვლა. სადავო აქტი არ შეესაბამება საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, არ შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის გადაწყვეტილება მოიცავს ინდივიდუალური ხასიათის დავალებებს. ამასთან, მოსარჩელეების მიერ სადავოდ მიჩნეული აქტი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 6 აპრილის №14.13.123 დადგენილების პირველი პუნქტით, ბათილადაა ცნობილი.
ამრიგად, მოსარჩელის მიერ სადავოდ დასახელებული სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და ამიტომ იგი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 33-ე მუხლით, საქარტველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის „გ“ პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოქალაქეების გიული ბარნაბიშვილის, დალი გილიგაშვილის, დალი მაისურაძისა და გაიოზ ტაბატაძის კონსტიტუციური სარჩელი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის №20.35.291 გადაწყვეტილება „შპს „პროგრესის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის კანონიერების შესახებ“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.