ქ. რუსთავის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | № 2/57/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 24 სექტემბერი 1997 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ქ. რუსთავის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ნ. ივანიშვილის 1997 წლის 29 იანვრის № 50/7/1-56 დირექტიული მითითება.
საქმის განხილვის მონაწილენი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 29 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა ქ. რუსთავის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
1997 წლის 3 ივნისს, ქ. რუსთავის სასამართლო (მოსამართლე კ. ძირკვეიშვილი; მსაჯულები - ც. თავშავაძე და ს. ამირანაშვილი) განიხილავდა გიორგი ქარუმის ძე მინდორაშვილის სარჩელს ქ. რუსთავის საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
როგორც კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, გ. მინდორაშვილი, 1964 წლიდან მუშაობდა ქ. რუსთავის საკუთრების დაცვის პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე არაატესტირებულ თანამშრომლად. ბოლო პერიოდში იგი იყო ქ. რუსთავის საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოს სამეცნიერო ს/გ „ავტომატმრეწვი“-ს დაცვის ათეულის უფროსი. გ. მინდორაშვილი ითვლებოდა ნებით დაქირავებულად, მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს აწესრიგებდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.
1996 წლის 4 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე - პოლკოვნიკი ნ. ივანიშვილი, გამოსცემს №50/7/3-2 დირექტიულ მითითებას, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა: „1996 წლის 1 დეკემბრამდე, ეტაპობრივად მთლიანად გაუქმდეს საგუშაგო - საპოლიციო სამსახური და ობიექტების დაცვა დაევალოს მხოლოდ ატესტირებულ საპოლიციო სამსახურს.“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ზემოაღნიშნული დირექტიული მითითების საფუძველზე, ქ. რუსთავის საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 1997 წლის 7 თებერვლის №68-ა ბრძანებით, გ. მინდორაშვილი დათხოვნილი იქნა სამუშაოდან (შრომის კანონთა კოდექსის მუხლზე მიუთითებლად).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნ. ივანიშვილი, 1997 წლის 29 იანვარს გამოსცემს №50/7/1-56 დირექტიულ მითითებას, რომლის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი, საწარმო, ორგანიზაცია, ფირმა და სხვა ობიექტები არ მუშაობენ სრული დატვირთვით და ვერ უზრუნველყოფენ დაცვის პოლიციის შესანახი თანხების გადახდას ატესტირებულ პოლიციელებზე გათვალისწინებული ტარიფის მიხედვით, რის გამოც, დაცვის პოლიციელთა დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო რა გადაწყვეტილება გუშაგ-პოლიციელთა (მოსამსახურე) ინსტიტუტის განახლების თაობაზე, სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მითითებით აღდგენილ იქნა გუშაგ-პოლიციელთა ინსტიტუტი (პირველი პუნქტი) და დატოვებულ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე ის გუშაგი პოლიციელები ( მოსამსახურე), რომლებიც მუშაობენ და რომელთა ასაკი არ აღემატება 55 წელს (მე-2 პუნქტი). გარდა ამისა, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 1996 წლის 4 იანვრის №50/7/3-2 დირექტიული მითითება.
სამუშაოზე აღდგენის შესახებ გიორგი მინდორაშვილის სარჩელის განხილვისას ქ. რუსთავის სამმართველომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის დათხოვნის მომენტისათვის, ე.ი 1997 წლის 7 თებერვალს, უკვე აღდგენილი იყო გუშაგ-პოლიციელის ინსტიტუტი, გ. მინდორაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამმართველოს 1997 წლის 29 იანვარის №50/7/1-56 დირექტიული მითითების მე-2 პუნქტი, რომელმაც დააწესა ასაკობრივი შეზღუდვა.
ქ. რუსთავის სასამართლო თავის 1997 წლის 3 ივნისის №2-187/97 განჩინებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით არ არის გათვალისწინებული განსაზღვრული ასაკის მიღწევისას მუშაკის დათხოვნა, კანონი არ აძლევს ადმინისტრაციას უფლებას, თვითონ დააწესოს ასაკობრივი შეზღუდვა და განსაზღვრული ასაკის მიღწევისას - სამუშაოდან დაითხოვოს მუშა- მოსამსახურე.
ქ. რუსთავის სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 1997 წლის 29 იანვრის №50/7/1-56 დირექტიული მითითება გარკვეულ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც აღიარებს შრომის თავისუფლებას. აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტთან, რომლის თანახმად: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულ კონსტიტუციურ წარდგინებაში ქ. რუსთავის სასამართლო ითხოვს, განიმარტოს: ხომ არ არის შეუსაბამობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საკუთრების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკ ნ. ივანიშვილის 1997 წლის 29 იანვრის №50/7/1-56 დირექტიული მითითების (ბრძანების) მე-2 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით, სასამართლოს უფლება აქვს წარდგინებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
ქ. რუსთავის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება არ შეიძლება მიღებულ იქნას არსებითად განსახილველად, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ნ. ივანიშვილის 1997 წლის 29 იანვრის №50/7/1-56 დირექტიული მითითება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1) იგი არ არის მიღებული იმ ორგანოს მიერ, რომელიც საქართველოს კანონის ”ნორმატიული აქტების შესახებ’’ მე-4 და მე-5 მუხლებით, უფლებამოსილია მიიღოს ნორმატიული აქტი. აღნიშნული მუხლების ჩამონათვალში ნორმატიულ აქტად ჩაითვლება საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება;
2) არ არის დაცული საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 39-ე მუხლის მოთხოვნა ნორმატიული აქტის რეკვიზიტების შესახებ. სახელდობრ, გაურკვეველია რა აქტია მიღებული; სადაო აქტს არ აქვს სათაური და ძალაში შესვლის თარიღი; არ არის მითითება, იყო თუ არა აქტი შეტანილი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში; აგრეთვე, არ არის დაცული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პირობა- მისი გამოქვეყნება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-20 და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „გ“ პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. ქ. რუსთავის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს; 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზ. ჯინჯოლავა.