მოქალაქეები ირაკლი ტუღუში, ლონდა სიხარულიძე, ზურაბ დიდიშვილი, ვალერიან რევიშვილი, სიმონ ხოშტარია, დავით ჯანგულაშვილი და რუსუდან ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/6-58,60,62,67 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 15 ივლისი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე;
ნიკოლოზ შაშკინი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა,
საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ამავე სასამართლოს ღია სხდომაზე მოსარჩელეების – საქართველოს პროფესიული კავშირების წევრების ირაკლი ტუღუშის, ლონდა სიხარულიხის, ზურაბ დიდიშვილის, ვალერიან რევიშვილის, სიმონ ხოშტარიას, დავით ჯანგულაშვილის, რუსუდან ბოკუჩავას და მოსარჩელეთა წარმომადგენლის – კობა დავითაშვილის, მოპასუხის- საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ბელა სირბილაძის, მოწმეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობის უფროსის, იუსტიციის პოლკოვნიკ რუბენ ყარმაზანაშვილის, აღმზრდელობითი მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოლკოვნიკ ვახტანგ ტაბატაძის და ოფიცერთა ცენტრალური სახლის უფროსის მაიორ გოჩა ყარმაზანაშვილის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს იურისტის ნატო კოპალიანის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქკურორტმშენის“ დირექტორის გურამ სვანიძის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის გიორგი ნიშნიანიძის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ზაზა ჯაფარიძის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოლკოვნიკ ზურაბ ლორიას, საქართველოს ყოფილი პროფსაბჭოს მდივნის ლუდვიგ ხარბედიას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის თენგიზ სიგუას, საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ლევან ქუთათელაძის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, საქართველოს ყოფილი პროფსაბჭოსა და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის პეტრე ჩხეიძის, სააქციო საზოგადოება „ტრესტ 13“-ის თავმჯდომარის თენგიზ სანიკის მონაწილეობით
განიხილა საქმე - „მოქალაქეები ირაკლი ტუღუში, ლონდა სიხარულიძე, ზურაბ დიდიშვილი, ვალერიან რევიშვილი, სიმონ ხოშტარია, დავით ჯანგულაშვილი და რუსუდან ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია (1) „საქართველოს ყოფილი პროფკავშირების კულტურის სასახლის შენობის“ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოსათვის გადაცემის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულების, (2) „სახელმწიფო გარეთიანება „საქკურორტმშენის“ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის №482 დადგენილების, (3) "ჩოხატურის რიონის საკურორტო მეურნეობის ფუნქციონირებასა და მინერალური წყლების გამოყენების საქმეში ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 20 სექტემბრის №682 დადგენილების მე-4 პუნქტისა და (4) „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის განთავსებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №251 განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოპასუხედ მოქალაქეების – ი. ტუღუშის, ლ. სიხარულიძის, ზ. დიდიშვილის,ვ.რევიშვილის, ს. ხოშტარიას, დ. ჯანგულაშვილისა და რ. ბოკუჩავას სასარჩელო დავაში მიჩეულია საქართველოს პრეზიდენტი. სადავო აქტები მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის მიერ, რომელთა უფლებამონაცვლე დღესდღეობით საქართველოს პრეზიდენტია.
სასამართლო საქმე თავდაპირველად ოთხი დამოუკიდებელი კონსტიტუციური სარჩელის სახით იყო წარმოდგენილი: 1) ი. ტუღუში, ლ. სიხარულიძე, ზ. დილიშვილი, ვ.რევიშვილი და ს. ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (სარჩელის რეგისტრაციის №58); 2) ი. ტუღუში, ლ. სიხარულიძე და ზ. დიდიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (№60); 3) ვ. რევიშვილი და დ. ჯანგულაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (№ 62); 4) ლ. სიხარულიძე და რ.ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (№ 67). ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ერთობლივად გადმოეცა. სასამართლო კოლეგიამ ისინი ერთ საქმედ გააერთიანა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები სასამართლოს მიმართავენ როგორც პროფესიული კავშირის წევრები, ყველა სარჩელში მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტია და დავის საგანი ოთხივეგან ანალოგიურია. ამასთან, იმის გამო, რომ ყოველ სარჩელში სხვადასხვა სადავო აქტებია წარმოდგენილი, სასამართლო კოლეგიამ თითოეული მათგანის შესახებ ცალცალკე იმსჯელა.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი.
მოქალაქეების - ი. ტუღუშის, ლ. სიხარულიძის, ზ. დიდიშვილის, ვ. რევიშვილისა და ს. ხოშტარიას კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თ. სიგუას 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულებით საქართველოს პროფკავშირების კუთვნილი კულტურის სასახლის შენობა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას პრ. № 43 - ში, მისი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე და გვერდის ავლით გადაეცა ეროვნული გვარდიის მთავრ სამმართველოს.
მოქალაქეების - ი. ტუღუშის, ლ. სიხარულიძისა და ზ. დიდიშვილის კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის1991 წლის 18 ივნისის №497 დადგენილებით ყოფილი ფირმა „ლილე“ იმ დროისათვის პროფკავშირების კუთვნილი გაერთიანება „საქკურორტმშენი“ შეყვანილი იქნა საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს სისტემაში. მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 25 მარტის №356 დადგენილებით აღნიშნული გაერთიანება დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს - საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციას, ხოლო მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 18 ივნისის № 497 დადგენილება ჩაითვალა ძალადაკარგულად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის № 482 დადგენილებით გაერთიანება „საქკურორტმშენი“ კანონმდებლობის უხეში დარღვევით კვლავ გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს და გაუქმდა მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის № 356 დადგენილება.
მოქალაქეების - ლ. სიხარულიძისა და რ. ბოკუჩავას კონსტიტუციური სჩარჩელის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 20 სექტემბრის №682 დადგენილების მე-4 პუნქტით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების კურორტ ნაბეღლავის უძრავ-მოძრავი ქონება, ექსპერიმენტის პერიოდში, როგორც გამონაკლისი, უკანონოდ დაექვემდებარა ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან არსებული მინერალური წყლებისა და საკურორტო რესურსების საწარმოო გაერთიანებას. მოქალაქეების - ვ. რევიშვილისა და დ. ჯანგულაშვილის კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №251 განკარგულებით თბილისის ზღვაზე პროფკავშირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობანი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს და იქ განთავსებული იქნა კადეტთა კორპუსი. თავდაცვის სამინისტროს შენაერთები უკანონოდ ფლობენ პროფკავშირების ქონებას.წლების განმავლობაში პროფკავშირების მიერ შექმნილი ქონება გაიძარცვა. დღეისათვის აღნიშნული ტერიტორიიდან გაყვანილია კადეტთა კორპუსი და იქ განლაგებულია სპორტული ბატალიონი, ასევე ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის პოლიციის ქვედანაყოფი; ცხოვრობენ ლტოლვილები. მოქალაქეების - ირაკლი ტუღუშის, ლონდა სიხარულიძის, ზურაბ დიდიშვილის, ვალერიან რევიშვილის, სიმონ ხოშტარიას, დავით ჯანგულაშვილისა და რუსუდან ბოკუჩავას სარჩელებში აღნიშნულია, რომ პროფკავშირის, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის საკუთრების ხელშეუხებლობა ყოველ დროს იყო და არის დაცული როგორც კონსტიტუციურად, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ისინი არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრები, ფიზიკური პირები. ისინი, როგორც მოქალაქეები და იმავდროულად პროფესიული კავშირების წევრები,სხვა უამრავ წევრთან ერთად წარმოადგენენ პროფესიული კავშირების ქონების თანამფლობელებს, თანამოსარგებლეებს. რადგანაც ეს ქონება არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის საკუთრება, მისი განკარგვის უფლება აქვთ მხოლოდ პროფკავშირების წევრებს. ქონების განკარგვა მოხდა მათი ნებართვის გარეშე. მოსარჩელეები თვლიან, რომ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაირღვა მათი საკუთრების უფლება და მოითხოვენ სადავო აქტების გაუქმებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის გამო.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სადავო აქტები გამოიცა საქართველოს კონსტიტუციის მიღებამდე და არ მომხდარა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მათი მოყვანა 1997 წლის 25 ნოემბრამდე, მაგრამ ეს აქტები მოქმედია და ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. კონსტიტუცია უშვებს საკუთრების შეზღუდვას, მაგრამ კანონის საფუძველზე და სათანადო ანაზღაურებით, ანუ კონსტიტუცია უარს ამბობს ნაციონალიზაციაზე. სადავო აქტები ეწინააღმდეგება ასევე 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც აღიარებს საერთაშორისო აქტების პრიმატს საქართველოს ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივ აქტებთან მიმართებით. ასეთია 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-17 მუხლი, რომელშიც საუბარია ადამიანის უფლებაზე – ფლობდეს ქონებას როგრც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. პროფკავშირების ქონება იქმნება წევრთა შენატანების ხარჯზე, მისი წევრები თანამესაკუთრენი არიან და პროფკავშირის ყრილობაზე არჩეული წარმომადგენლის საშუალებით ახორციელებენ საკუთრების უფლებას. ქონების ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა და არა აქვს მნიშვნელობა - წარმოადგენს თუ არა დღევანდელი საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანება საქართველოს პროფსაბჭოს სამართალმემკვიდრეს. მოსარჩელეები არიან პროფკავშირის წევრები და შელახულია სწორედ წევრთა საკუთრების უფლება, კერძოდ, სარგებლობისა და განკარგვის უფლება (მფლობელობა კი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით ფაქტის საკითხად იქცა).
მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულება თავისი შინაარსის გათვალისწინებით ნორმატიულად უნდა მივიჩნიოთ. საკუთრების უფლება დროში უწყვეტია, ესაა უფლება ყველას მიმართ და აქედან გამომდინარეობს ყველას მოვალეობა - დაიცვას სხვისი საკუთრება.
მოპასუხის წარმომადგენელმა ბელა სირბილაძემ აღნიშნა – თუ მოსარჩელეები დაამტკიცებენ, რომ ეს მათი ქონებაა, მაშინ ის ცნობს სარჩელს. მისი აზრით, ეჭვს არ იწვევს, რომ სადავო ქონება პროფკავშირების საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ გასარკვევია, თუ ვინ არის სამართალმემკვიდრე ამ ქონებაზე. მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სამართალმემკვიდრეებს ამ ქონებაზე და უფლება არა აქვთ იდავონ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულება გატარებული არ არის ნორმატიული აქტების რეგისტრაციის რეესტრში და არ შეიძლება ნორმატიულად მივიჩნიოთ მხოლოდ მისი შინაარსის გამო. მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუცის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
მოწმე თენგიზ სიგუას, რომლის ხელმოწერით გამოიცა ორი სადავო აქტი, მიაჩნია რომ სააზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ქონების ჩამორთმევა უკანონობაა. მაგრამ ის არ თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის კულტურის სასახლის გადაცემა დანაშაულია. 1992 წელი ძალზედ რთული პერიოდი იყო, საფუძველი ეყრებოდა ქართული არმიის ჩამოყალიბების პროცესს. მიმდინარეობდა ჯარში გაწვევა და თავდაცვის სამინისტროს გასაწვევი პუნქტებიც კი არ ჰქონდა. შეიქმნა კომისია ჯარის საჭიროებისათვის ქონების შესარჩევად. კულტურის სასახლე არ ფუნქციონირებდა სრული დატვირთვით და მივიღეთ გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ. სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენის“ შესახებ არსებობდა პროფკავშირის ხელმძღვანელობის წერილი, რომ ისინი ვერ მოუვლიდნენ გაერთიანებას და წინადადება მისცეს მას მიემართა რესპუბლიკის მთავრობისათვის. ამის საფუძველზე, რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, გაერთიანება დაექვემდებარება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს.პროფკავშირებისათვის გაერთიანების დაბრუნების შესახებ უარის თქმა დასაბუთებული იყო იმით, რომ იმ დროს პროფკავშირი ფაქტიურად დაშილილი იყო. მოწმე ლუდვიგ ხარბედიას აზრით, ოთხივე სადავო ქონება შექმნილია საქართველოს პროფკავშირების სახსრებით და არის საქართველოს პროფკავშირის წევრების ქონება. პროფკავშირების ქონების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ პროფკავშირების ყრილობას ან, უკიდურეს შემთხვევაში, პლენუმს. გაერთიანება „საქკურორტმშენის“ ყოფილი საწარმოო გაერთიანება „ლილეს“ მთავარი დამკვეთი იყო საქართველოს პროფსაბჭო.
მოწმე რუბენ ყარმაზანაშვილს მიაჩნია,რომ სადავო გაკარგულება კულტურის სასახლის გადაცემის შესახებ შეესაბამება იმ დროს მოქმედ 1921 წლის კონსტიტუციას. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ფორმირებებს არ გააჩნდათ ბაზები და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სასახლის ეროვნული გვარიდიისათვის გადაცემის შესახებ. ეროვნული გვარდია შემდეგ დაექვემდებარება თავდაცვის სამინსტროს.კულტურის სასახლე სჭირდება თავდაცვის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად. იქ მუშაობს თავდაცვის სამინისტროს ცეკვის ანსამბლი „მამული“. სხვა კულტურის ცენტრი თავდაცვის სამინსტროს არ გააჩნია.თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის კულტურის სასახლის მხოლოდ პირველი კორპუსი,მეორე და მესამე კორპუსები კი უჭირავს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარს. მოწმის განმარტებით, თბილისის ზღვაზე სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში განლაგებული იყო კადეტთა კორპუსი, რომელიც ამჟამად იქიდან გაყვანილია. დღეისათვის თავდაცვის სამინისტროსია რამდერიმე ოთახი, სადაც განლაგებულია სპორტის და ტურიზმის სამმართველო, დანარჩენი დაკავებული აქვთ ლტოლვილებს და ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებას.
მოწმე გოჩა ყარმაზანაშვილმაც მიუთითა, რომ კულტურის სასახლე სჭირდება ჯარს. ჯარის არსებობა კულტურული მომსახურების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. სასახლეში ხშირად ტარდება შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეებისათვის.
მოწმე ვახტანგ ტაბატაძის განცხადებით, კულტურის სასახლე ეკუთვნოდა პროფკავშირს, მაგრამ მან დიდი როლი შეასრულა ჯარისკაცების აღზრდაში. საქართველოს ჯარი ახლა იქმნება და მას დახმარება ესაჭიროება. პროფკავშირს ეს შენობა არ სჭირდება, უმჯობესია დარჩეს თავდაცვის სამინისტროს.თბილისის ზღვაზე სასწავლოსამეცნიერო ცენტრიდან კადეტთა კორპუსი გადაყვანილია ლესელიძის სახელობის სკოლაში.
მოწმე ზურაბ ლორიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარი საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის სამდივნოს 1991 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით დროებითაა განთავსებული – კულტურის სასახლის მე-2 და მე-3 კორპუსებში. კულტურის სასახლე არის პროფკავშირების საკუთრება და ისინი შენობაზე პრეტენზიას არ აცხადებენ.
მოწმე ნატო კოპალიანის აზრით, სახელმწიფო გაერთიანება "საქკურორტმშენი" საკავშირო პროფკავშირის დაქვემდებარებაში იყო და მას საქართველოს პროფსაბჭოსთან არავითარი შეხება არ ჰქონდა. ამ გაერთიანების საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსდაქვემდებარებაში გადასვლით არ დარღვეულა მოსარჩელეთა კონსტიტუციით აღიარებული უფლება,ვინაიდან დამოუკიდებელი პროფკავშირებისკონფედერაციამ კონსტიტუციის მიღებამდე გამოხატა თავისი ნება და უარი განაცხადა გაერთიაებაზე. კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაცია 1991 წლის 13 მაისის წერილში მიმართავს სამშენებლო მრავალდარგოვან ფირმა „ლილეს“ (ყოფილ ტრესტ „საქკურორტმშენს“), რომ კონფერედაცია წარმოადგენს ფირმის დამკვთს და არა სამეურნეო ხელმძღვანელს და წინადადებას აძლევს დახმარებისათვის მიმართოს მთავრობას. ამჟამად გაერთიანება „საქკურორტმშენი“ არ არსებობს, მის ბაზაზე შექმნილია იმავე სახელწოდების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეყვანილი იქნა გაერთიანებაში შემავალი ობიექტები და არამთლიანი გაერთიანება. გაერთიანების ობიექტების უმრავლესობა პრივტიზებულია.
მოწმე გურამ სვანიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენი“ იყო საკავშირო პროფკავშირის დაქვემდებარებაში და საკავშირო პროფკავშირების ფონდის საბჭოს დადგენილებით საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკურ ცენტრს გადაეცა.როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა,ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის თავმჯდომარეს პეტრე ჩხეიძეს,რომ გაერთინებისათვის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ იმის გამო,რომ კონფედერაციას არშეეძლო გაერთიანების შენახვა,წინადადება მოგვცა მიგვემართა მთავრობისათვის.თვით იგი (მოწმე) სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენის“ ხელმძღვანელად დაინიშნა საკავშირო პროფკავშირებთან არსებული „კურორტმშენის“ ბრძანებით.
მოწმე გიორგი ნიშნიანიძის სიტყვით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქონების განსახელმწიფოებრიობა არ ხდება. არსებობდა საკავშირო და საქართველოს პროფკავშირის ქონება. საკავშირო პროფსაბჭოს ქონების თაობაზე არის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტრიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირორესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახე“. ისინი გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად და მათი მართვა დაევალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. „საქკურორტმშენი“ არ იყო შესული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში და მისი პრივატიზება არ მომხდარა.
მოწმე პეტრე ჩხეიძის აზრით, საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების გამიჯვნა. პროფკავშირის ქონება ეკუთვნოდა სახელმწიფოს. გაერთიანება „საქკურორტმშენი“ იმყოფებოდა საკავშირო პროფსაბჭოს დაქვემდებარებაში. მის უფროსს ამტკიცებდა საკავშირო პროფსაბჭო. „საქკურორტმშენის“ ურბანიზაციისა და არქიტექტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე არსებობდა წინასწარი შეთანხმება.
მოწმე თენგიზ სანიკიძის განცხადებით, „საქკურორტმშენი“ იმყოფებოდა ორმაგ დაქვემდებარებაში და საქართველოს პროფსაბჭოს სისტემაში შედიოდა. მოწმე ლევან ქუთათელაძემ მიუთითა: „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აქტების კანონიერების შემოწმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 15 თებერვლის ბრძანებულებით შექმნილმა საუწყებათაშორისო კომისიამ, რომლის თავმჯდომარე იყო გენერალური პროკურორი,შეამოწმა მინისტრთა კაბინეტისმიერ 1992-1995 წლებში გამოცემული აქტების კანონიერება;სადავო აქტებიდან კომისიამ უკანონოდ ცნო სამი აქტი, მათ შორის – საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის №482 დადგენილება „სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენის“ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის სამინიტროსათვის გადაცემის შეახებ“, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ჩემთვის ცნობილი გახდა,რომ თვით პროფკავშირებმა გაუშვეს თავისი ქონება ხელიდან.რაც შეეხება სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №215 სადავო განკარგულებას, კომისიას მისი კანონიერების შესწავლა არ ევალებოდა. მოწმე ზაზა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სადავო აქტებიდან სამი ნორმატიულია და შეტანილია სახელმწიფო რეესტრში.რაც შეეხება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულებას, იგი არ ყოფილა წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროში და სამინისტრო ვერ ისმჯელებდა მის ნორმატიულობაზე. მოწმემ მიუთითა, რომ სამივე სადავო აქტით ნორმატიულობა სამინისტრომ განსზღვრა მათი შინარასის გათვალისწინებით. კერძოდ, ყველა ეს აქტი ეხება ქონებრივ ურთიერთობებს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულება საჯარო სამართლის აქტია და ასევე ეხება ქონებრივ ურთიერთობას, რომელიც დღესაც არ შეწყვეტილა. აქედან გამომდინარე, მოწმის დასკვნით, ეს სადავო განკარგულებაც, იმ სამი სადავო აქტის მსგავსად,იუსტიციის სამინსტროში წარმოდგენის შემთხვევაში თავისი შინარსის გათვალიწინებით ნორმატიულად იქნებოდა მიჩნეული.
ზ. ჯაფარიძის სიტყვით, პროფესიული კავშირების საკუთრება საკუთრების ცალკე ფორმაა და სახელმწიფოს არა აქვს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქონების განკარგვის უფლება. გაერთიანება "საქკურორტმშენის" თაობაზე მიღებული სადავო აქტის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის №482 დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, არ ჩანს რომ დარღვეულია მოსარჩელეთა კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება, ამისათვის აუცილებელია მოსარჩელეებმა წარმოადგინონ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოთხოვნებისა და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოწმეთა ჩვენებების, საქმეში არსებული და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულობების საფუძველზე დაადგინა განსახილველი საქმის გარემოებანი.
კონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტის, 39 - ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საქმის მასალების მიხედვით, სადავო აქტები ნორმატიულია, მათი გამოცემით დაირღვა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და, ამდენად, ისინ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
სადავო აქტები გამოცემულია 1992-1994 წლებში. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ძალაში შესვლამდე (ე.ი. 1997 წლის 1 თებერვლამდე) მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისადმი მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის პასუხად 1998 წლის 7 მაისს გამოგზავნილ წერილში (№02-14/235) იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის №482 დადგენილება „სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენის“ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 20 სექტემბრის №682 დადგენილება „ჩოხატაურის რაიონის საკურორტო მეურნეობის ფუნქციონირებასა და მინერალური წყლების გამოყენების საქმეში ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ“ და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №251 განკარგულება "საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის განთავსებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ" შეტანილია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული წერილის მიხედვით, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის № 128 - გ განკარგულება „საქართველოს პროფკავშირების კულტურის სასახლის ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოზე გადაცემის შესახებ“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი არ არის, ვინაიდან მინისტრთა კაბინეტის განკარგულებები არ ქვეყნდებოდა, ისინი წარმოდგენილი არ ყოფილან იუსტიციის სამინისტროში და აქედან გამომდინარე მათ შესახებ ვერ იმსჯელებდა სამინისტრო“. ამ აქტის ნორმატიულობა, მისი შინაარსიდან გამომდინარე და რეესტრში შეტანილ წინა სამ აქტთან ანალოგიით, დაადასტურა სასამართლო პროცესზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა ჯაფარიძემ. საქმის არსებითად განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სადავო აქტებით გადაცემული ობიექტები - კულტურის სასახლის შენობა, გაერთიანება „საქკურორტმშენი“, კურორტ ნაბეღლავის უძრავ-მოძრავი ქონება და თბილისის ზღვაზე არსებული სასწავლო ცენტრის შენობა-ნაგებობები პროფესიული კავშირების საკუთრებას წარმოადგენდა. საქმის მასალების მიხედვით, ოთხივე ობიექტი პროფკავშირების ქონების სახით აღირიცხებოდა და გამოიყენებოდა; ისინი არსებული კანონმდებლობის უგულებელყოფით გადაეცა, შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოს, არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, ჩოხატაურის რაიონის მინერალური წყლებისა და საკურორტო რესურსების საწარმოო გაერთიანებას (რაიონის გამგებელმა გ.ცინცაძემ თავი აარიდა სასამართლოში მოწმედ გამოცხადებას) და თავდაცვის სამინისტროს (თბილისის ზღვაზე არსებული რესპუბლიკური სასწავლო ცენტრის შენობა-ნაგებობები თავდაცვის სამინისტროს გადაეცა განსაზღვრული მიზნით - კადეტთა კორპუსის განთავსებისათვის, მაგრამ ამჟამად ობიექტი ამ დანიშნულებით არ გამოიყენება). ცალკეული ობიექტების უკანონოდ გადაცემა დაადასტურა, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აქტების კანონიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 15 თებერვლის ბრძანებულებით შექმნილმა საუწყებათაშორისო კომისიამ. ამ კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს გენერალური პროკურორის ჯ. ბაბილაშვილის 1998 წლის 27 მაისის წერილში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი აღნიშნულია, რომ შემოწმების პროცესში უკანონოდ იქნა მიჩნეული მინისტრთა კაბინეტის მიერ 1992 - 1995 წლებში გამოცემული მრავალი აქტი (დადგენილება, განკარგულება), „მათ შორის პროფესიული კავშირების ქონების - სახელმწიფო სტრუქტურებისათვის გადაცემის შესახებ“. 1997 წლის 4 ივლისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარულება "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1991-1995 წლებში მიღებული უკანონო აქტების გაუქმებისა და უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში კანონიერბის განუხრელად დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ".
„პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ "სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად". ასეთივე ნორმას შეიცავდა 1994 წლის 14 ივნისს კანონი „მოქალაქეთასაზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ“ (მუხ.5). თვით მინისტრთა კაბინეტმაც კი მიიღო სპეციალური დადგენილება (1994 წლის 31 დეკემბერს) „საქართველოს რესპუბლიკის პროფესიული კავშირების საკუთრების (ქონების) დაცვის უზრუნველყოფის შესახებ“, რომლითაც იკრძალებოდა პროფკავშირების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი საკუთრების (ქონების) თვითნებური განკარგვა და დაუფლება. მაგრამ, სადავო აქტებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია იმდროინდელი ექსტრემალური პირობები, რომლებშიც მთავრობას ხშირად უხდებოდა მუშაობა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში,სოციალ-ეკონომიკური წესწყობილების შეცვლის პირობებში მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის დაშლის დროისათვის დაწყებული ახალი პროფესიული კავშირების ფორმირების პროცესი, რომლის წარმართვა და რეგულირება არსებითად შიდაპროფკავშირული (თვით პროფკავშირების) საქმეა. საკონსტიტუციო სასამართლო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომლის მუშაკებიც მოსარჩელეები არიან, რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და მონაწილეობს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობაში. კერძოდ, 1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის დაიდო გენერალური შეთანხმება (სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობებს); საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით დამტკიცდა: 1997 წლის 16 ივლისს - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ წარმოდგენილი ბავშვთა და მოზარდთა გაჯანსაღების პროგრამა (1997-2000 წწ.), 1998 წლის 3 ივნისს საქართველოს შრომითი და სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი მუდმივმოქმედი სამმხრივი კომისია საქართველოს მთავრობის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მეწარმეთა გაერთიანების პარიტეტული წარმომდგენლობით.
მოსარჩელეები საქართველოს მოქალაქეები,ფიზიკური პირებია, ისინი საბჭოეთის დროიდან საქართველოს პროფესიული კავშირების წევრები არიან და,საერთოდ, როგორც ყოფილი საკავშირო პროფსაბჭოდან მიღებული, ისე საკთრივ საქართველოს პროფკავშირული ქონების მიმართ მათ პროფკავშირების სხვა წევრებთან ერთად აქვთ საკუთრების უფლება, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებით გამოიხატება. ქონების განკარგვის უფლებამოსილება ასეთ შემთხვევაში სათანადო ორგანოებში არჩეული წარმომადგენლობის მეშვეობით ხორციელდება.
„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 აპრილის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ძალით, პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) საკუთარი წესდების შესაბამისად ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ მათ მიერ შექმნილ ქონებას და ფულად სახსრებს. პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება განკარგოს, ჩამოართვას ან გადასცეს მისი ქონება და ფულადი სახსრები შესაბამისი პროფესიული კავშირისწესდებით გათვალიწინებული კოლეგიური (არჩევითი) ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა კანონდებლობით დადგენილი შემთხვევებისა“.
ანალოგიურ ნორმებს შეიცავს აგრეთვე ადრე მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალპქო სამართლის კოდექსის მე-100 და „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ კანონის მე-5 და მე-19 მუხლები. სადავო აქტებით პროფკავშირებს წაერთვა გარკვეული ქონება და მის წევრებს შესაბამისად აღეკვეთა, გაუუქმდა საკუთრების უფლება. ამგვარად, დარღვეულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამ პუნქტის ძალით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისებისა და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“ (საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ოღონდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით).
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და 2-ე პუნქტით, „საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე - 19 მუხლის „ე“ პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლითა და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
I. დაკმაყოფილდეს მოქალაქეების – ირაკლი ტუღუშის, ლონდა სიხარულიძის, ზურაბ დიდიშვილის, ვალერიან რევიშვილის, სიმონ ხოშტარიას, დავით ჯანგულაშვილისა და რუსუდან ბოკუჩავას კონსტიტუციური სარჩელები და ცნობილი იქნეს არაკონსტიუციურად (1) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულება „საქართველოს ყოფილი პროფკავშირების კულტურის სასახლის შენობის“ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოსათვის გადაცემის შესახებ, (2) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის №482 დადგენილება "სახელმწიფო გაერთიანება „საქკურტმშენის“ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის შესხებ“, (3) „ჩოხატაურის რაიონის საკურორტო მეურნეობის ფუნქციონირებასა დამინერალური წყლების გამოყენების საქმეში ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 20 სექტემბრის №682 დადგენილების მე-4 პუნქტი და (4) საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №251 განკარგულება „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის განთავსებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“;
II. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტები (ნორმატიული აქტის ნაწილი) – (1) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ განკარგულება“ საქართველოს ყოფილი პროფკავშირების კულტურის სასახლის შენობის“ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოსათვის გადაცემის შესახებ, (2) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის №482 დადგენილება „სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენის“ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“,(3) „ჩოხატაურის რაიონის საკურორტო მეურნეობის ფუნქციონირებასა და მინერალური წყლების გამოყენების საქმეში ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 20 სექტემბრის №682 დადგენილების მე-4 პუნქტი და (4) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №251 განკარგულება „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის განთავსებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ“ იურიდიულად ძალადაკარგულია საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოქვყნების დღიდან;
III. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
IV. გადაწყვეტილება საბოლოაა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
V. ეთხოვოს საქართველოს პროფესიულ კავშირებს გაითვალისწინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესები იმ ობიექტების მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 მარტის №128 გ და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №251 განკარგულებები;
VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მოსარჩელეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VII. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ოთარ ბენიძე (წევრი)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)