ლუცეტა თაფლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №2/59-8 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 22 მაისი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ლუცეტა თაფლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: ლუტეცა თაფლიაშვილი;
2. მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი (საქართთველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში - ბელა სირბილაძე);
3. სპეციალისტი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორი ზურაბ ახვლედიანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 26 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ ლუცეტა თაფლიაშვილმა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტირტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ცისკრის ქ. №11-ში მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მისი პაპის - დავით ახვერდოვის სახელზე. პაპის გარდაცვალების შემდეგ, სახლი, მემკვიდრეობის უფლებით, მიიღო მისმა ბებიამ და მამამ. მამის გარდაცვალების შემდეგ, სამემკვიდრეო უფლება გადავიდა მასზე, მოსარჩელე ლუტეცა თაფლიაშვილზე.
1936 წელს სახლი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე აღირიცხა მმართველობის აგილობრივი ორგანოების საბინაო ფონდში, რომელმაც სახლში რამდენიმე ოჯახი შეასახლა. მოსარჩელემ, ქვეყანაში მომხდარ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, სარჩელით მიმართა საერთო იურისდიქციის სასამართლოს და მოითხოვა ჩამორთმეული სახლის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციებში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელემ საბოლოოდ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას მაინც ვერ მიაღწია და სახლი ვერ დაიბრუნა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებამ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ უფლება მისცა ქ. თბილისში, ცისკრის ქ. №11 - ში მდებარე სახლში ხელისუფლების მიერ 1936 წლიდან შესახლებულ პირებს და მათ მემკვიდრეებს მოეხდინათ სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი ბინების პრივატიზაცია, რის შედეგადაც მოსარჩელის კუთვნილი ქონება სხვა პირთა საკუთრებაში გადავიდა.
მოსარჩელე თვლის, რომ მის მიერ სადავოდ მიჩნეული აქტით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 21 - ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილება არაკონსტიტუციურია, რადგან მან არ გაითვალისწინა მემკვიდრეთა უფლებები და დაუშვა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეულ სახლებში არანამდვილი მესაკუთრის მემავიდრეთა მიერ ბინების პრივატიზაციის შესაძლებლობა იმ დროს, როდესაც ჩამორთმეული სახლების საკუთრების საკითხი უკვე საერთო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი დავალება მისცეს ახალი ნორმატიული აქტის გამომცემ ორგანოს,აკრძალოს იმ ბინების პრივატიზაციის შესაძლებლობა, რომელთა საკუთრების საკითხი დავის საგანს წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქალბატონმა ბელა სირბილაძემ არ ცნო კონსტიტუციური სრჩელი და აღნიშვნა, რომ ადამიანურად გასაგებია მოსარჩელის მდგომარეობა, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს მამა-პაპისეული საკუთრება, მაგრამ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან სადავო აქტი ეხება მხოლოდ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული ბინების პრივატიზაციას. სახლი, რომელზეც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს, პრივატიზაციისას აღრიცხული იყო როგორც სახელმწიფო საკუთრება. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო სახლი მის მემკვიდრეობას წარმოადგენს და მისი საკუთრებაა, ეს ცალკე დავის საგანია და მას არაფერი აქვს საერთო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებასთან „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ კონსტიტუციურობასთან. რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად სწორად იყენებენ საერთო სასამართლოები მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეულ აქტს სამართალგამოყენებით პრაქტიკაში, მოპასუხის აზრით, ამის გარკვევა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის პროფესორმა ზურაბ ახვლედიანმა, თავის წერილობით დასკვნაში აღნიშნა, რომ ლუტეცა თაფლიაშვილის კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლების (ბინების) პრივატიზაციას. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა საფუძვლით გახდა იგი სახელმწიფო საკუთრება. ამ სახლში ხელისუფლების მიერ შესახლებული პირები სახელმწიფო ბინების ფონდის ბინების დამქირავებლად ითვლებოდნენ და მათ ამ ბინების პრივატიზაციის უფლება ჰქონდათ. სპეციალისტის აზრით, თუნდაც იმის დაშვება, რომ სახლი არ იყო სახელმწიფო საკუთრება და მაინც მოხდა ბინების პრივატიზაცია, არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს, რადგან აქ ადგილი აქვს სადავო აქტის არასწორად გამოყენებას.
პროფესორ ზ. ახვლედიანის აზრით, არც ის გარემოებაა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, რომ სადავო სახლებში ბინების პრივატიზაცია მოხდა სასამართლო დავის პერიოდში. მისი აზრით, ასეთი შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს, მაგრამ ეს სხვა საკითხია და არავითარი კავშირი არა აქვს სადავო აქტის კონსტიტუციურობასთან.
სპეციალისტმა უარყო ასევე მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დადგენილება არ ითვალისწინებს შეზღუდვებს იმ სახლებზე, რომლებიც დავის საგანს წარმოადგენდა და ამიტომ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისი აზრით, დადგენილება გარკვევით მიუთითებს, რომ პრივატიზაცია ვრცელდება სახელმწიფო ფონდის სახლებზე (ბინებზე). ეს თავისთავად გულისხმობს ასეთი შეზღუდვის არსებობას. ჯერ უნდა დადგინდეს თუ ვისი საკუთრებაა სახლი (ბინა) და შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი პრივატიზაციის საკითხი. ამიტომ, თუ საერთო სასამართლო დაადგენს, რომ მოხდა მოქალაქის კუთვნილი სახლის (ბინის) პრივატიზაცია, მაშინ პრივატიზაციის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ლუცეტა თაფლიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის,გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ ეხება მხოლოდ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლების (ბინის) პრივატიზაციას. როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, ქ. თბილისში, ცისკრის ქ. №11-ში მდებარე სახლი, მასში არსებული ბინების პრივატიზაციისას, აღრიცხული იყო როგორც სახელმწიფო საკუთრება.მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, სახლში არსებულ ბინებში თავიდან ჩასახლებული იყო რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სახელმწიფოს უხდიდნენ ბინის ქირას და სარგებლობდნენ დამქირავებლის უფლებიებით. ასეთ პირობებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული სადავო აქტის საფუძველზე ჩატარებული პრივატიზაციით არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები;
2. მორსარჩელის მტკიცება, რომ სადავო აქტი არაკონსტიტუციურია მისი არასრულყოფილების გამო, კერძოდ იმიტომ, რომ სადავო აქტმა არ გაითვალისწინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ 30-იან წლებში ჩამორთმეული სახლების მემკვიდრეთა უფლებები და დაუშვა ჩამორთმეულ სახლებში არანამდვილი მესაკუთრის მემკვიდრეთა მიერ ბინების პრივატიზაციის შესაძლებლობა, არ შეიძლება გაზიარებული იქნას,რადგან საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით, ე.ი. ნაგულისხმევია მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტი ან მისი ცალკეული ნორმის ნაწილი;
3. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო ნორმატიული აქტის სამართალგამოყენებითი პრაქტიკის კანონიერებაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი საკითხების გარკვევა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში და იგი საერთო იურისდიქციის სასამართლოების გადასაწყვეტია;
4. მოსარჩელის მოთხოვნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი დავალება მისცეს ნორმატიული აქტის გამომცემ ორგანოს,რათა აიკრძალოს იმ ბინების პრივატიზაციის შესაძლებლობა, რომელთა საკუთრების საკითხი დავის საგანს წარმოადგენს საერთო იურისდიქციის სასამართლოებში, არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რადგან ასეთი უფლებამოსილება, საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19, 33-ე, 39-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-10, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. ლუცეტა თაფლიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველრს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზ. ჯინჯოლავა.