თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №3/3/1341 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 14 თებერვალი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 თებერვალი 2020 16:13 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1341) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი). №1341 კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 17 აგვისტოს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 14 თებერვალს.
2. №1341 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე.
4. №1341 კონსტიტუციური წარდგინებით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის ფიზიკური თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის დაუშვებლობას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
6. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეს, რომელშიც ბრალდების მხარე სადავო ნორმის საფუძველზე შუამდგომლობდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში დაკავებული ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებაზე. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს არა სასამართლოს უფლებამოსილებას, არამედ ვალდებულებას, დაკავების ფაქტის გამო გირაოს უზრუნველსაყოფად გამოიყენოს პატიმრობა. სადავო ნორმით, მოსამართლე პატიმრობას უფარდებს ყველა შემთხვევაში და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლოს იმ შემთხვევაშიც არ რჩება შეფასების თავისუფლება, როდესაც პროკურორი არ ითხოვს გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის შეფარდებას, ვინაიდან დაკავების ფაქტი, თავისთავად, მისი გამოყენების წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პატიმრობის შეფარდებისას გადამწყვეტი არ არის მოსამართლის პოზიცია. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, მოქმედი ჩანაწერი არ ითვალისწინებს პატიმრობის შეფარდების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობას.
7. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, დაკავების ფაქტი ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორია გირაოს გამოყენებისას პირისათვის პატიმრობის შესაფარდებლად. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ საერთო სასამართლოთა პრაქტიკით, დასაბუთებას ექვემდებარება მხოლოდ გირაოს შეფარდება, ხოლო პატიმრობის შეფარდების საკითხი, დასაბუთების გარეშე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით წყდება. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, ერთი მხრივ, ე.წ. „საპატიმრო გირაოს“ შეფარდებისას სასამართლო ასაბუთებს გირაოს გამოყენების მიზანშეწონილობას, რაც იმას გულისხმობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ძირითადი სახე სწორედ გირაოა და, შესაბამისად, პირის დაპატიმრება აუცილებელი აღარ არის. თუმცა, ვინაიდან პირი ფაქტობრივად პატიმრობაში რჩება, მის მიმართ პარალელურად გამოყენებულია მეორე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
8. №1341 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, დაკავება, როგორც პატიმრობის გამოყენების უპირობო საფუძველი, პრობლემურია იმ თვალსაზრისითაც, რომ გამორიცხული არ არის დაკავების განჩინება არასწორად გაიცეს, მოსამართლე კი აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას ვერ გადასინჯავს დაკავების განჩინების საფუძვლიანობას. შესაბამისად, ასეთი დაკავების გამო, შესაძლოა, პირს შეეფარდოს განგრძობადი პატიმრობა.
9. №1341 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული პირის მიმართ გირაოს შეფარდებისას პატიმრობა ავტომატურად გამოიყენება, ხოლო სხვა აღკვეთის ღონისძიებების (მაგალითად: პირადი თავდებობა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ) შეფარდების შემთხვევაში პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდება დაკავებიდან. იმავდროულად, რთულია კატეგორიულად იმის თქმა, რომ გირაო უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებაა, ვიდრე დანარჩენები. წარდგინებაში ხაზგასმულია, რომ საპატიმრო გირაო წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ პატიმრობას და მისი განმარტება არ უნდა მოხდეს სხვაგვარად.
10. დამატებით, №1341 კონსტიტუციურ წარდგინებაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობრივია ისეთ შემთხვევებში, როდესაც პატიმრობის გამოყენება მიიჩნევა დაუშვებლად და სრულიად არასაჭირო ზომად, რადგან გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, თუმცა აღნიშნული დასკვნის მიუხედავად, პირს შეეფარდება პატიმრობა. ამასთან, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, ბრალდებულს გაუგრძელდეს პატიმრობა. გარდა ამისა, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმა პატიმრობის ინსტიტუტის თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. კერძოდ, თუ ბრალდების მხარე ვერ შეძლებს წარმოადგინოს დაპატიმრებისათვის საკმარისი გარემოებები, მას აქვს საშუალება, დააკავოს პირი, მოითხოვოს გირაო და ამ გზით მოხდეს პირისათვის პატიმრობის შეფარდება. გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში კი (მისი გადაჭარბებული ოდენობით შეფარდების შემთხვევაში), პატიმრობის ვადა შესაძლოა ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ამ თვალსაზრისითაც ნიშანდობლივია, რომ დაკავების ფაქტი არ არის ადეკვატური, სათანადო კრიტერიუმი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ბრალდებულის განგრძობით პატიმრობას.
11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, №1341 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის დაუშვებლობას.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად №1341 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ წარდგინებაში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის საკითხი დაყენებულია საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულებების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის ფიზიკური თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის დაუშვებლობას. ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლიც განამტკიცებს ადამიანის თავისუფლებას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1341 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დავის საგნად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური წარდგინებისათვის კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. წარდგინების ავტორმა უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. ამასთანავე, კონსტიტუციურ წარდგინებაში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
5. №1341 კონსტიტუციური წარდგინებით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული გირაოს გამოყენების მიზნით, პატიმრობის შეფარდების წესი იმპერატიულია, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას განსაზღვრავს. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოს, აღჭურავს უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემოწმების უფლებამოსილებით, რაც მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის თავად უფლების დაცვის თვალსაზრისით. თუმცა, კონსტიტუციის ხსენებული დებულების მიზნებისათვის, სასამართლოს კონტროლი არ მოიცავს იმის გადამოწმებას, რამდენად სწორადაა განსაზღვრული კანონმდებლობით ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები. „სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა ემსახურება აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონის სწორად გამოყენების უზრუნველყოფას და არა კანონით დადგენილი საფუძვლების აუცილებლობის შემოწმებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ", II-112). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა უზრუნველყოფს ამავე მუხლით დაცული უფლების სასამართლოს გადაწყვეტილების გზით შეზღუდვის და არა უფლების დაცვის მატერიალური სტანდარტების შემოწმების შესაძლებლობას.
7. იმავდროულად, პირის თავისუფლების უფლების მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეზღუდვა წარმოადგენს ხსენებული უფლების მატერიალურ მოთხვონას. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი „განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/503, 513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ზღუდავს ფიზიკური თავისუფლების უფლების არსს, უნდა შემოწმდეს სწორედ აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27). შესაბამისად, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უფლების დაცვის მატერიალურ სამართლებრივ მასშტაბებს.
8. წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წინაპირობის არსებობისას გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამდენად, აღნიშნული მოწესრიგება პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმალურ კრიტერიუმს - პირის თავისუფლება არ შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. თუმცა, №1341 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, კონსტიტუციის საწინააღმდეგოა კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რომელიც პატიმრობის გამოყენების საფუძველი ხდება. წარდგინების ავტორი მიუთითებს სადავო ნორმების საფუძველზე ფიზიკური თავისუფლების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვაზე. შესაბამისად, მისი არგუმენტაცია მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს.
9. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სახეზეა №1341 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1341 კონსტიტუციური წარდგინება, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 19 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1341 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1341 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი