ნოდარ ჯანუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/64/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 2 ივლისი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი)
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ნოდარ ჯანუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრათა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრასებსა და ხაზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირტის გადაზიდვის მოცულობათა სარეალიზაციო სააგენტოების ლიცენზირების შესახებ.”
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე ნოდარ ჯანუაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა მოქალაქე ნოდარ ჯანუაშვილმა.
მოსარჩელე თავის კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღოს და არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრასებსა და ხაზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის მოცულობათა სარეალიზაციო სააგენტოების ლიცენზირების შესახებ,” რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 106-ე მუხლის მოთხოვნებს.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით. ასევე, იმავე კანონის 29-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, ნორმატიული აქტის პროექტში განისაზღვრება ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების შემთხვევაში. აგრეთვე, 62-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” ძალაში შესვლის მომენტიდან, ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს ყველა ნორმატიული აქტი, ან ნორმატიული აქტის ცალკეული ნაწილი, რომლებიც არ შეესაბამება კანონს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილება არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილებს; მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილს; მე-4 მუხლის პირველიდან მეშვიდე ნაწილის ჩათვლით; მე-5 და მე-6 მუხლის პირველ და მეორე ნაწილს და მე-20 მუხლს.
მოსარჩელის აზრით, სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის ,,მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” მე-10 მუხლს და საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნებს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისი №3356 დადგენილება ცნობილი უნდა ყოფილიყო ძალადაკარგულად საქართველოს საჰაერო კოდექსის ძალაში შესვლის მომენტიდან, რომელიც მიღებულ იქნა 1996 წლის 29 ოქტომბერს. პარალელურად, ამავე დღეს, მიღებულ იქნა კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, რაც სრულ საფუძველს იძლეოდა სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლს, რომლის მიხედვით, ლიცენზირებასა და სერთიფიცირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებენ ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ლიცენზიისა და სერთიფიკატის მიღებით. მოსარჩელის მტკიცებით, ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა ,,ხარჯები”, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში გადასახადის ახალი სახის შემოღებაზე მიუთითებს, ხოლო ამ ტერმინის ,,შენიღბულობა” – პირდაპირ ურთიერთკავშირშია ზემოხსენებულ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებასთან, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააგენტოები ლიცენზირებისა და სათანადო მოწმობის გაცემისათვის იხდიან:
1. წინასწარ, საჰაერო მოცულობის რეალიზაციიდან მოსალოდნელი კვარტალური შემოსავლის ორ პროცენტს;
2. საანგარიშო წლის დამთავრებისას საჰაერო მოცულობების რეალიზაციიდან მიღებული ფაქტიური საანგარიშო წლის შემოსავლების ორ პროცენტს, წინასწარ გადახდილი თანხების გათვალისწინებით (გამოკლებით).
ამდენად, მოსარჩელის აზრით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, სააგენტოებს ეკისრებათ ლიცენზირებისა და მოწმობის გაცემისათვის თავიანთი წლიური შემოსავლების ფიქსირებული ორპროცენტიანი გადასახადის გადახდა, რაც წარმოადგენს უკანონო დაბეგვრას და ამასთანავე – ორმაგს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილების მე-2 პუნქტით დაწესებული გადასახადი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს არა სალიცენზიო მოსაკრებელს, არამედ – უფრო გადასახადს. გადასახადები კი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა სავალდებულოა კანონით დადგენილი ოდენობით და წესით.
მოსარჩელის მტკიცებით, მისივე აზრს იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნოდარ ჯანუაშვილი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას და კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. სადავო აქტი წინააღმდეგობაშია აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე და 106-ე მუხლებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე ნოდარ ჯანუაშვილმა გააფართოვა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო ასევე:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 მარტის №170 დადგენილების ,,საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვისა და საავიაციო სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 აბზაცები და ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,საჰაერო გადაზიდვების ლიცენზირების დებულების” მე-4.8 პუნქტის, მე-4.9 პუნქტის ბოლო ქვეპუნქტი;
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 10 ოქტომბრის №643 დადგენილების ,,საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებისა და საავიაციო-სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული ლიცენზირების შესახებ”;
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 23 მარტის №170 დადგენილებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე.
მოსარჩელე ნოდარ ჯანუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ იგი მუშაობს შპს ფირმა ,,არგოტურ”-ში, არის გენერალური დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებით მან და მისმა ოჯახმა ისევე, როგორც მთლიანად შპს ფირმა ,,არგოტური”-ს კოლექტივის წევრებმა, განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი (ღებულობდნენ იმაზე ნაკლებ ხელფასსა და პრემიას, ვიდრე ეკუთვნოდათ). აქედან გამომდინარე, ამ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შეიძლება ყოფილიყო კიდევ მრავალი სხვა პირი.
გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა საქმეში მე-3 პირად მოსარჩელის მხარეზე, ჩაბმულიყო საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური და ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულიყვნენ:
1. პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი;
2. დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სექტორული ეკონომიკის განყოფილების უფროსის მოადგილე;
3. თედო ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
4. მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი;
5. ჯემალ მარგველიძე – საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
6. ზაზა სიორიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;
7. ვალერიან ნიკოლიშვილი – რუსეთის საერთაშორისო ავიახაზების ,,აეროფლოტის” წარმომადგენელი საქართველოში;
8. მერაბ წივწივაძე – შპს ,,არგოტური”-ს გენერალური დირექტორი;
9. ნოდარ კომახიძე – საქართველოს ავიახაზების სრულუფლებიანი წარმომადგენელი დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში;
10. ანზორ ხარაიშვილი – შპს ფირმა არგოტური”-ს კომერციული დირექტორი.
საქართველოს იუსტიცის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ტალიაშვილმა, თავისი 1998 წლის 29 ივნისის №02-14/363 წერილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრასებსა და ხაზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის მოცულობათა სარეალიზაციო სააგენტოების ლიცენზირების შესახებ” რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და შეტანილია სახელმწიფო რეესტრში.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნოდარ ჯანუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრასებსა და ხაზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის მოცულობათა სარეალიზაციო სააგენტოების ლიცენზირების შესახებ” არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული აქტით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მოსარჩელის განმარტებით ირკვევა, რომ იგი არის შპს ფირმა ,,არგოტურ”-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, მაგრამ არ არის მეწარმე. ამდენად, სადავო აქტით არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევას;
2. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი (ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი).
უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო ნორმატიული აქტით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 106-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-6, 94-ე და 106-ე მუხლები არ შედიან საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში.
ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19, 33-ე და 39-ე მუხლებით, საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის ,,ბ” პუნქტით და 21-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მოსარჩელე ნოდარ ჯანუაშვილის კონატიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 ივნისის №356 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრასებსა და ხაზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის მოცულობათა სარეალიზაციო სააგენტოების ლიცენზირების შესახებ” არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.