მოქალაქე ალ. ახატნელი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/65/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 11 დეკემბერი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: მოქალაქე ალ. ახატნელი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის წინააღმდეგ;
დავის საგანი: 1. საქართვველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტის “კონცერნ “საქნავთობპროდუქტის” თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოს სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტად” გარდაქმნის კანონიერების შემოწმების შედეგების შესახებ”, 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის ბრძანება №1-3\321 “სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე: საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ახატნელი;
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 8 ოქტომბერს, კონსტიტუციური სარჩელით მომართა მოქალაქე ალექსანდრე ახატნელმა, რომელიც განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიას 1998 წლის 27 ნოემბერს.
მოსარჩელე ალექსანდრე ახატნელი თავის კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღოს არსებითად განსახილველად და არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტი კონცერნ “საქნავთობპროდუქტის” ქ. თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოს სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტად” გარდაქმნის კანონიერების შემოწმების შედეგების შესახებ და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის ბრძანება №1-3\321 “სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის” საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
მოსარჩელე ა. ახატნელის აზრით, საქართველოს კონტროლის პალატის აქტი და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება ხელყოფენ სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის” 145-თი აქციონერთა საკუთრებას და ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თამახმად “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტი კონცერნ “საქნავთობპროდუქტის ქ. თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოს სააქციო საზოგადოება თბილისის ნავთობპროდუქტად გარდაქმნის კანონიერების შემოწმების შედეგების შესახებ” ტენდენციურია აშკარად და ბათილად უნდა სცნოს საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 2 ოქტომბრის №556 დადგენილებით რეგისტრირებული იქნა სახელმწიფო კონცერნი “საქნავთობპროდუქტი”, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ქ. თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმო, როგორც მარკეტინგული ტიპის ობიექტი. ხოლო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად კონცერნებში, ასოციაციებში და სხვა სახის ნებაყოფლობით გაერთიანებებში შემავალ საწარმოებს 1993 წლის 1 ივნისამდე უნდა განესაზღვრათ გაერთიანებათა ორგანიზაციულ სტრუქტურული ფორმა. ვინაიდან სახელმწიფო კონცერნი “საქნავთობპროდუქტი” და მისი კომერციულ-შუამავლური საწარმოო არ განეკუთვნებოდნენ სახელმწიფო რეზერვების, საწყობების სისტემას, რომელთა შესახებ მითითებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 11 აგვისტოს №829-ე დადგენილების მეორე თავში, მათ მიეცათ პრივატიზაციის უფლება.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 1994 წლის 15 სექტემბრის №664 დადგენილებით დაამტკიცა იმ სახელმწიფო საწარმოების ნუსხა, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ პრივატიზებას. აღნიშნულ ნუსხაში ქ. თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოო არ იყო დასახელებული.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1996 წლის 11 ივლისს გამოსცა №1-3\321 ბრძანება, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 9 მარტის №27\2-479 წერილით შესული საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლით დათარიღებული აქტი კონცერნ “საქნავთობპროდუქტის” თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოოს სააქციო საზოგადოება “ნავთობპროდუქტად” გარდაქმნის კანონიერების შემოწმების შედეგებისა და “პრივატიზაციის პროცესში შესაძლო შეცდომების გამორიცხვის საკკორდინაციო საკონტროლო კომისიის” 1996 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი №22\39 დავალებათა გათვალისწინებით.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, აღნიშნავს მოსარჩელე, სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის” საწესდებო კაპიტალი, ნაცვლად 465.488,0 აშშ დოლარისა – განისაზღვრა 826.243,0 აშშ დოლარით, რაც არაკანონიერია, რადგან აღნიშნული ბრძანება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ ეწინააღმდეგება მოქალაქეთა და მესაკუთრეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ხოლო კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკუთრების ხელშეკრულებას. ბრძანებით სახელმწიფო ზრდის რა საწესდებო კაპიტალს, არაპირდაპირპროპორციულად ამცირებს, მისი როგორც მესაკუთრის, პროცენტულ წილს სააქციო საზოგადოების ქონებაში, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია სამართლებრივი უფლებების შეზღუდვასთან. ასევე, საკოორდინაციო საკონტროლო კომისიის ოქმი მოითხოვს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანას კონტროლის პალატის აქტის გათვალისწინებით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რაც მითითებული არ არის. აქვე მოსარჩელე განმარტავს, რომ 1996 წლის 1 ივლისისათვის, ანუ პრივატიზაციის ვადის დამთავრებისათვის, აქციათა 65% მუშაკთა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით საწესდებო კაპიტალის გაზრდის უფლება არ ჰქონდა, რადგან იგი ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ კანონის” 54-ე მუხლის, მე-6 “ა” პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც საწესდებო კაპიტალის შეცვლა მხოლოდ აქციონერთა კრების კონპეტენციაა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო იყო აქციათა 35%-ის მფლობელი პარტნიორი და მას უფლება არ ჰქონდა დანარჩენ პარტნიორებთან ცალმხრივად შეთანხმებისა და აქციონერთა საერთო კრების ჩატარების გარეშე ცვლილებების შეტანისა საწესდებო კაპიტალში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, ალექსანდრე ახტანელი, მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღოს საკონსტიტუციო სარჩელი წარმოებაში არსებითად განსახილველად და გააუქმოს საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტი “კონცერნ “საქნავთობპროდუქტის” თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოს სააქციო საზოგადოება თბილისის ნავთობპროდუქტად” გარდაქმნის კანონიერების შემოწმების შედეგების შესახებ”, ასევე, აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის ბრძანება №1-3\321 “სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ”, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამო, რომელიც არღვევს, მისი, როგორც მესაკუთის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. თანახმად “საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის” მე-19 მუხლის “ე” პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე 1998 წლის 3 დეკემბერს მოსარჩელე ალექსანდრე ახატნელმა დაადასტურა კონსტიტუციურ სარჩელში მის მიერ დაყენებული მოთხოვნები და მოითხოვა სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე ახატნელის, კონსტიტუციური სარჩელი, საქარათველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტი “ სახელმწიფო კონცერნ “საქნავთობპროდუქტის” თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოს სააქციო საზოგადოება “თბილნავთობპროდუქტად” გარდაქმნის კანონიერების შესახებ” და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის ბრძანება №1-3\321 სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის” შესახებ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმატიულ აქტად. თანახმად საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” მე-16 მუხლის მეორე პუნქტისა, რომლის მიხედვით საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვს ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. თანახმად “საქართველოს კანონის კონტროლის პალატის შესახებ” მე-11 მუხლის “ვ” პუნქტისა მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უმაღლესი ნორმატიული აქტია კონტროლის პალატის სისტემაში.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის №1-3\321 ბრძანება არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმატიულ აქტად. სადავო აქტი არ შეესაბამება საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს. თანახმად კანონისა “ნორმატიული აქტების შესახებ” 59-ე მუხლის მესამე პუნქტისა ამ კანონის ძალაში შესვლამდე მირებული ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხსს სამართლებრივი აქტის შენაარსიდან გამომდინარე წყვეტს იუსტიციის სამინისტრო. ამ უკანასკნელმა სასამართლო კოლეგიას აცნობა, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს №1-3\321 ბრძანება სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ” არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და არ საჭიროებს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. როგორც აღინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის აქტი არ არის ნორმატიული ხასიათის და იგი არ შეიძლება გამხდარიყო რომელიმე ნორმატიული აქტის გამოცემის საფუძველი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თავისი 1998 წლის 2 დეკემბრის №01\12-57 წერილით გვაცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის ბრძანებით №1-3\321 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
ამრიგად, საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე ახატნელის, მიერ სადავოდ დასახელებული სამართლებრივი აქტები არანორმატიული ხასიათისაა და ამიტომ იგი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის განსჯადი.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19, 33-ე და 39-ე მუხლებით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის “გ” პუნქტით და 21-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ახატნელის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 23 თებერვლის აქტი “კონცერნ “საქნავთობპროდუქტის” ქ. თბილისის კომერციულ-შუამავლური საწარმოს სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტად გარდაქმნის კანონიერების შემოწმების შედეგების შესახებ” და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 11 ივლისის ბრძანება №1-3\321 “სააქციო საზოგადოება “თბილისის ნავთობპროდუქტის საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ” არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
გ. მეფარიშვილი
ა. აბაშიძე
ლ. ჩორგოლაშვილი
ზ. ჯინჯოლავა