მოქალაქე ჯუმბერ ჩოლობარგიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის მიმართ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/9/66 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 17 დეკემბერი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: მოქალაქე ჯუმბერ ჩოლობარგიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის მიმართ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 (დამატებული) ნაწილისათვის “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 1997 წლის 3 სექტემბრის კანონის II პუნქტით უკუძალის მინიჭების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ჯუმბერ ჩოლობარგია.
მოქალაქე ჯუმბერ ჩოლობარგიას კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტზე, 39-ე მუხლის პირველ პუნქტსა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანა გამოიწვია იმან, რომ “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 1997 წლის 3 სექტემბრის კანონის სადავო დებულებით, ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეული არ არიან წარმომადგენლობითი და თვითმართველობის ორგანოები, მათ არჩევამდე საგადასახადო კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადების შემოღების უფლება მიეცათ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს და ეს წესი ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის ამოქმედების დღიდან – 1997 წლის 24 ივლისიდან, ე.ი. უკუძალა მიენიჭა.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული გარემოებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის ნორმა, რომ “კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”. სადავო დებულება კი, მოსარჩელის სიტყვით, “არათუ ამსუბექებს საგადასახადო პასუხისმგებლობას, არამედ უკანა თარიღით ხელახლა აკისრებს ახალ საგადასახადო პასუხისმგებლობას ადგილობრივი გადასახადების სახით, რადგან ეს დამატება უკანა თარიღით შედის ძალაში და ფაქტობრივად უფლებამოსილებას ანიჭებს იმ ადგილობრივ ორგანოებს, სადაც არ არის არჩეული წარმომადგენლობითი და თვითმმართველობის ორგანოები, განაგრძონ ადგილობრივი გადასახადების აკრეფა, რაც საგადასახადო კოდექსის ამოქმედებით... გაუქმებული იყო. აღნიშნული დამატების კანონში შეტანაც უკანა თარიღით სწორედ ამ მიზანს ემსახურება”.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასამართლოს აცნობა, რომ იგი მეწარმეა, ადგილობრივი გადასახადის გადამხდელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის სახით და მინიჭიებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი. მოსარჩელის განცხადებით, საკრებულოების არჩევა ვერ იმოქმედებს სასარჩელო მოთხოვნაზე, ვინაიდან მისი უფლება არჩევნებამდე დაირღვა. “შეიძლება სადავო ნორმა დღეს არ მოქმედებდეს, მაგრამ გაუქმებული არ არის, ამის შესახებ პარლამენტს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რასაც ადგილი არ ჰქონია”.
მოქალექ ჯუმბერ ჩოლობარგია მოითხოვს მიღებული იქნეს მისი კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად და გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 (დამატებული) ნაწილის მიმართ “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 1997 წლის 3 სექტემბრის კანონის II პუნქტი, “რომელიც ითვალისწინებს ძალაში შესვლას საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამოქმედების დღიდან (1997 წლის 24 ივნისიდან) როგორც უკანა თარიღით შემოღებული არაკონსტიტუციური ნორმა, რომელიც არც აუქმებს და არ ამსუბუქებს მოქალაქის პასუხისმგებლობას, არამედ ამძიმებს მას”; კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 (დამატებითი ) ნაწილი ძალაში შევიდეს აღნიშნული კანონის გამოქვეყნებიდან (1997 წლის 16 სექტემბრიდან) მე-15 დღეს, ანუ 1997 წლის 1 ოქტომბერს.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქე ჯუმბერ ჩოლობარგიას კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე გამოირკვა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 ნაწილი უკვე ძალადაკარგულია.
საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის სადავო ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს გადასახადების შემოღების უფლება მიენიჭათ შესაბამისი წარმომადგენლობითი და თვითმმართველობის ორგანოების არჩევამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიმართვის პასუხად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე 1998 წლის 4 დეკემბრის №01-09/368 წერილში იტყობინება, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 1997 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონის შესაბამისად “ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები ჩატარდა 1998 წლის 15 ნოემბერს , და მმართველობის შესახებ” 1997 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონის შესაბამისად “ადგილობრივი თვითთმარველობის... წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები... ჩატარდა 1998 წლის 15 ნოემბერს, ხოლო 1998 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა არჩევნების შედეგები”, “საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც ვრცელდება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა იურიზდიქცია საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოების არჩეულია”.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის პირევლი ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი გადასახადების შემოღების უფლებამოსილებით აღჭურვილი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის ტერიტორიაზე).
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლი (“ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია”) გასაზღვრავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება... საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება” (პირველი პუნტის “გ” ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნტით, “საკრებულოს ზოგად კომპეტენციას განეკუთვნება... საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათზე შეღავათების დაწესება”.
ამგვარად, საკრებულოების არჩევის შემდეგ გაუვიდა ვადა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებას გადასახადების შემოღების სფეროში. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, “ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, თუ... გავიდა ვადა, რომლითაც იგი იქნა მიღებული (გამოცემული)”.
აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის სადავო – მე-6 ნაწილმა საკრებულოების არჩევის გამო დაკარგა იურიდიული ძალა. ამიტომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის ხსენებული მუხლის სადავო, აწ უკვე ძალადაკარგული ნაწილის მიმართ “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” კანონის II პუნქტის გაუქმების შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შინაარსის გათვალისწინებით ცხადად ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მარტოდენ საქმის განხილვის დროს მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხები.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლების მე-2 პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-22 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და 40-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად მოქალაქე ჯუმბერ ჩოლობარგიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 (დამატებული) ნაწილისათვის “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 1997 წლის 3 სექტემბრის კანონის II პუნქტით უკუძალის მინიჭიების კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან დაგასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე).