ვანო სისაური, თარიმან მაღრაძე და ზურაბ მჭედლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/70-10 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 23 თებერვალი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ვანო სისაური, თარიმან მაღრაძე და ზურაბ მჭედლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 “გ” განკარგულების პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელეები: ვანო სისაური, თარიმან მაღრაძე, ზურაბ მჭედლიშვილი; 2. მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში - ბელა სირბილაძე); 3. სპეციალისტი : თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ტექნიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გაიოზ ნადირაშვილი; 4. მოწმეები : თენგიზ სიგუა (საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი), ვახტანგ ჩოგოვაძე (საქართველოს ვაჭრობის და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტრო), ზურაბ ნონიაშვილი (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი), გიორგი ქათამაძე (საქართველოს ცეკავშირი) და რევაზ თაბუკაშვილი (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1997 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ვანო სისაურმა, თარიმან მაღრაძემ და ზურაბ მჭედლიშვილმა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულება, რომლის მიხედვით, ცეკავშირის სისტემაში მყოფი ბაზრები ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ცეკავშირი წარმოადგენს იმ სისტემას, რომლის სამეურნეო საქმიანობა დაფუძნებულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, ბაზარი კი ერთ-ერთი რგოლია, რომლითაც კოოპერაცია ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ზრდას, მათ გაცვლას და რეალიზაციას.
ამ ამოცანების ცხოვრებაში განხორციელების უზრუნველსაყოფად, სკკპ ცენტრალური კომიტეტის და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 26 თებერვლის ნ265 დადგენილების «საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ზომების შესახებ» მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის N301 დადგენილების „საქართველოს სს რესპუბლიკაში საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მე-3 პუნქტით, საკოლმეურნეო ბაზრები საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს გამგებლობიდან ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლოდ გადაეცა ცეკავშირის გამგეობის გამგებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ცეკავშირის სისტემიდან საკოლმეურნეო ბაზრები გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს სამოქმედო ზონის ქალაქებში, რითაც სამომხმარებლო კოოპერაციას აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა.
მოსარჩელეთა აზრით, ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე, საქართველოს რესპუბლიკის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას ერთპიროვნული განკარგულებით, ფაქტობრივად გაუქმდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის ზემოთაღნიშნული ნ301 დადგენილება, რისი უფლებაც საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა.
მოსარჩელეები თვლიან, რომ ამ არასწორი, საქართველოს ეკონომიკისათვის საზიანო განკარგულებით, საქართველოს რესპუბლიკის იმდროინდელმა მთავრობამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი მოქალაქეების გამოდევნას საკოლმეურნეო ბაზრებიდან. ამ განკარგულების განხორციელების შემდეგ ფაქტობრივად შეწყდა ბაზრების მშენებლობა, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება და ცხრა ობიექტის მშენებლობა დაკონსერვებულ იქნა. აღნიშნული განკარგულებით გაუქმდა ბაზრების მომარაგების ყოველგვარი სამსახური. ცეკავშირის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში მყოფი ბაზრები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1987 წლიდან 1991 წლამდე, საქართველოს ცეკავშირმა, მარტო პროცენტიანი სესხით და ცენტრალიზებული შემოსავლებით ბაზრების მშენებლობაზე და მათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე 10 მილიონ მანეთზე მეტი დახარჯა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის უკანონო განკარგულებით, ეს თანხა ანაზღაურების გარეშე წაერთვა საქართველოს ცეკავშირს, რამაც იგი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დღეს 250 ათასზე მეტი მეპაიეა და ცეკავშირის სისტემიდან ბაზრების წართმევა ნიშნავს, რომ მეპაიეებს ხელოვნურად წაერთვათ წლების მანძილზე საკუთარი სამეურნეო საქმიანობით შექმნილი მატერიალური სიმდიდრე.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს ცეკავშირის გამგეობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს მთავრობის წინაშე ოთხჯერ დააყენა საკითხი ჩამორთმეული ბაზრების ცეკავშირის სისტემაში დაბრუნების შესახებ, მაგრამ მთავრობამ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, არცერთხელ არსებითად არ განიხილა. უფრო მეტიც, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს N183 განკარგულების „სამომხმარებლო კოოპერაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ მე-3 პუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დაავალებული ჰქონდა, განეხილა საკოლმეურნეო ბაზრებისთვის, როგორც საბაზრო ურთიერთობების დამახასიათებელი არასახელმწიფოებრივი სტრუქტურის სამომხმარებლო კოოპერაციისათვის, დაბრუნების შესაძლებლობის საკითხი, ბაზრების ფლობისა და სარგებლობის უფლებით. საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა არც ეს დავალება შეასრულა.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულების მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობას.
განმწესრიგელ სხდომაზე, მოსარჩელეებმა დააკონკრეტეს კონსტიტუციური სარჩელი და მოითხოვეს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ბაზარი (გარდა იმ ბაზრებისა, რომლებიც პრივატიზირებული ან აქციონირებულია), უსასყიდლოდ დაუბრუნდეს საქართველოს ცეკავშირს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა იმ ბაზრის (აქციონირებული და პრივატიზებული ბაზრების ჩათვლით) დაბრუნება, რომლებიც სადავო აქტის გამოცემამდე ეკუთვნოდა საქართველოს ცეკავშირს.
დასკვნით სიტყვაში, მოსარჩელეებმა, კვლავ შეცვალეს სასარჩელო მოთხოვნა, უარი თქვეს უკვე პრივატიზებული ბაზრების დაბრუნებაზე. მათ მოითხოვეს დღეისათვის არსებული არაპრივატიზებული და სააქციო საზოგადოებებად ჩამოყლიბებული ბაზრების საქართველოს ცეკავშირის საკუთრებაში დაბრუნება.
მოპასუხე მხარემ – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ბელა სირბილაძემ, არ ცნო ვანო სისაურის, თარიმან მაღრაძის და ზურაბ მჭედლიშვილის კონსტიტუციური სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოპასუხე მხარემ საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულების ნორმატიულობის საკითხი. მოპასუხის მტკიცებით, მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულება ნორმატიული აქტი არ არის და ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად არ უნდა მიეღო;
2. მოპასუხე მხარის მტკიცებით, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის N301 დადგენილებით, საკოლმეურნეო ბაზრების საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს განმგებლობიდან საქართველოს ცეკავშირის გამგეობის გამგებლობაში გადაცემა მოხდა უსასყიდლოდ. ხოლო ბაზრების გადაცემა „გამგებლობაში“ და „უსასყიდლოდ“, არ ნიშნავს ბაზრების გადაცემას საკუთრების უფლებით;
3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულებით, საკოლმეურნეო ბაზრების გადაცემა საქართველოს ცეკავშირის გამგებლობიდან საქართველოს ვაჭრობის სამინისტროსათვის მოხდა საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანხმობით. ამდენად, ბაზრების გადაცემა, მოპასუხის მტკიცებით, კანონიერად მოხდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N131 „გ“ განკარგულება არავითარ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, ტექნიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გაიოზ ნადირაშვილმა მიიჩნია, რომ შეცდომა იყო დაშვებული ყოფილი ხელისუფლების მიერ, როდესაც საკოლმეურნეო ბაზრები, თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სამომხმარებლო კოოპერაციიდან გადაეცა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს. ამით კოოპერაციული საკუთრება (მეპაიეთა საკუთრება) გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. ამან კი ის გამოიწვია, რომ დღეს ქალაქების და განსაკუთრებით თბილისის აგრარული ბაზრებიდან გამოდევნილია გლეხი, როგორც თავისი პროდუქტების გამყიდველი და მისი ადგილი დაკავებული აქვს გადამყიდველს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ სარგებლობს მონოპოლიური ძალაუფლებით ფასების დაწესებაზე, გავლენას ახდენს პროდუქტების სიუხვეზე და, რაც მთავარია, უაღრესად ართულებს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კუთვნილი თანხების გადახდას.
სპეციალისტის აზრით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულება გამოცემული იყო ნაჩქარევად, ეკონომიკური პირობების გაუთვალისწინებლად, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა არა მხოლოდ საქართველოს ცეკავშირის სისტემის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას.
მოწმემ, საქართველოს რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საკოლმეურნეო ბაზრები წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სახელმწიფომ გადასცა ცეკავშირს გამგეობას გამგებლობაში უსასყიდლოდ. მოწმის აზრით, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა, დაებრუნებინა მისი კუთვნილი ქონება.
დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ერთპიროვნულად, განკარგულებით, გაეუქმებინა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილება, მოწმემ განმარტა, რომ იგი არ გამორიცხავს მის მიერ ამ ნაწილში დაშვებულ შეცდომას.
მოწმედ მოწვეულმა, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვახტანგ ჩოგოვაძემ, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეისათვის არაპრივატიზებული და არააქციონირებული საკოლმეურნეო ბაზრები იმყოფებიან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების და არა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს გამგებლობაში.
მოწმეებმა, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსმა რევაზ თაბუკაშვილმა და იმავე სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ნონიაშვილმა აღნიშნეს, რომ ცეკავშირის პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გადაცემის წესი განსაზღვრული იყო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 16 ოქტომბრის N940 დადგენილებით. ამასთან, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 8 დეკემბრის N840 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჰქონდა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სახელმწიფო ქონება შეიძლებოდა გადასცემოდათ მხოლოდ საფასურის გადახდით.
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის N301 დადგენილების მე-3 პუნქტით, საკოლმეურნეო ბაზრები ვაჭრობის სამინისტროს გამგებლობიდან გადაეცა საქართველოს ცეკავშირის გამგეობას გამგებლობაში უსასყიდლოდ, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა საკავშირო და რესპუბლიკურ კანონმდებლობას.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქეების ვანო სისაურის, თარიმან მაღრაძის და ზურაბ მჭედლიშვილის კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებეთა გამო:
1. საკოლმეურნეო ბაზრების გადაცემა საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს გამგებლობიდან საქართველოს სსრ ცეკავშირის გამგებლობაში მოხდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის N301 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებეთა შესახებ“, რომელსაც საფუძვლად დაედო სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 26 თებერვლის N265 დადგენილების «საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ზომების შესახებ» მე-2 პუნქტი.
საკოლმეურნეო ბაზრების გადაცემის დროს მოქმედი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 1979 წლის 16 ოქტომბერს დამტკიცებული დებულება „საწარმოთა, გაერთიანებათა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, შენობათა და ნაგებობათა გადაცემის წესის შესახებ“, ამ ობიექტების სახელმწიფოდან კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე საფასურით გადაცემას ითვალისწინებდა. მაგრამ ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ 1980 წლის 8 დეკემბერს მიღებული N840 დადგენილების მე-5 პუნქტი, უშვებდა საფასურის გარეშე ობიექტების გადაცემასაც. ამ პუნქტის თანახმად, ობიექტების სახელმწიფოდან კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრის ორგანიზაციებზე გადაცემა ხდებოდა საფასურით, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი არ იყო სხვა წესი. ამის შესაბამისად, საქართველოს კპ ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ დაადგინეს განსხვავებული წესი, როდესაც 1987 წლის 19 მაისის ერთობლივი დადგენილებით განისაზღვრა, რომ საკოლმეურნეო ბაზრების საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს გამგებლობიდან ცეკავშირის გამგეობის გამგებლობაში გადაცემა მომხდარიყო უსასყიდლოდ.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ბაზრების გადაცემა მოხდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 19 მაისის N301 დადგენილებით, საკოლმეურნეო ბაზრების საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს განმგებლობიდან უსასყიდლოდ გადაცემა მოხდა საქართველოს ცეკავშირის გამგეობის გამგებლობაში და არა მათ საკუთრებაში.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქონების საფასურით ან მის გარეშე გადაცემისას იგულისხმება ქონების საკუთრებაში გადაცემა, რადგან 1987 წლიდან (ე.ი. ბაზრების გადაცემის შემდეგ), საქართველოს ცეკავშირის გამგეობა მოქმედებდა როგორც ამ ქონების მესაკუთრე. ბაზრები აღირიცხა მის ბალანსზე, საქართველოს ცეკავშირი თავის ხარჯზე აწარმოებდა ბაზრების რემონტს, მათ რეკონსტრუქციას და სხვა სამუშაოებს.
გარდა ამისა, მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, მაშინ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, ხელი შეეწყო კოოპერაციული საკუთრების განვითარებისათვის და მისი დაახლოებისათვის სახელმწიფო საკუთრებასთან. სახელმწიფოს მხრიდან, ამ ვალდებულების შესრულების ერთ-ერთი ნაბიჯი იყო საკოლმეურნეო ბაზრების ცეკავშირისათვის უსასყიდლოდ გადაცემა.
მაშასადამე, 1987 წელს, საკოლმეურნეო ბაზრების გადაცემისას, სახელმწიფომ, როგორც ძირითადმა მესაკუთრემ, გამოხატა თავისი ნება და კოოპერაციული საკუთრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამომხმარებლო კოოპერაციას საკოლმეურნეო ბაზრები ბალანსიდან ბალანსზე გადასცა უსასყიდლოდ, ე.ი. საკუთრების უფლებით.
ამრიგად, შეიცვალა საკუთრების ფორმა – სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე წარმოიქმნა კოოპერაციული საკუთრება და განისაზღვრა ბაზრების სამართლებრივი სტატუსიც.
2. ცეკავშირის, როგორც ახალი მესაკუთრის, გამგებლობიდან ქონების უკან გამოთხოვა დაიშვებოდა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოს რესპუბლიკის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, 1991 წლის 7 მარტს, მიიღო ერთპიროვნული განკარგულება, რომლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ცეკავშირის საკოლმეურნეო ბაზრები საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს გადაეცა. კანონმდებლობის დარღვევით მიღებულმა ერთპიროვნულმა აქტმა (განკარგულებამ), ფაქტიურად ძალადაკარგულად გამოაცხადა იმავე საკითხზე საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის უმაღლესი ორგანოს მიერ კოლეგიალურად გამოცემული აქტი (დადგენილება).
მართალია, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული სადავო განკარგულება ვიზირებული იყო საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, მაგრამ სამომხმარებლო კოოპერაციის, როგორც ადრე მოქმედი წესდების, ისე ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლებოდა სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით. რაც შეეხება სამომხმარებლო კოოპერაციის ცალკეულ თანამდებობის პირებს, მათ ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდათ და არც ახლა გააჩნიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბაზრების გადაცემა მოხდა ცეკავშირის გამგეობის ნებართვით.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში ირღვევა მოსარჩელეების, როგორც სამომხმარებლო კოოპერაციის მეპაიე წევრების, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება.
3. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულება ნორმატიული აქტი არ არის და ამის გამო საქმე წარმოებით უნდა შეწყდეს.
საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის „ნორმატიული აქტების შესაახებ“ (ძალაშია 1997 წლის 1 თებერვლიდან) 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდიმნარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. აღნიშნული სადავო აქტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არ აღმოჩნდა. ამიტომ სასამართლო კოლეგიამ, სადავო აქტის შინაარსის გათვალისწინებით, თვითონ ჩათვალა იგი ნორმატიულად შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 „გ“ განკარგულების გამოცემით მოხდა სამართლის ნორმის როგორც დადგენა, ასევე გაუქმება და შეცვლა. იგი შეიცავს როგორც მუდმივი ან დროებითი, ასევე მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესებს და შეეხება სუბიექტთა ფართო წრეს. აქტი შედგება 5 პუნქტისა და 8 ქვეპუნქტისაგან.
4. სასამართლო კოლეგიას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სააქციო საზოგადოებებად დაფუძნებული ბაზრებიდან მათი კუთვნილი წილის მიღების შესახებ, რადგან საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნება პრივატიზაციის წესით ხდება და ასეთი საწარმო პრივატიზებულად ჩაითვლება. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 9 თებერვლის წერილზე თანდართული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოსათვის გადაცემული საკოლმეურნეო ბაზრებიდან, 18 უკვე პრივატიზებულია პრივატიზების სხვადასხვა ფორმით: იჯარა-გამოსყიდვის, აუქციონის, კონკურსის, პირდაპირი მიყიდვის ან აქციონირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. მაშასადამე, საქმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მომენტისათვის შეცვლილია ამ ბაზრების სამართლებრივი სტატუსი. გარდა ამისა, ქონებრივი ხასიათის დავების განხილვა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 23-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ 32-ე მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის გარდა, უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სადავო განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გავრცელდეს საკოლმეურნეო ბაზრების სახელმწიფოსათვის გადაცემის შემდეგ უკვე პრივატიზებულ ან აქციონირებულ ობიექტებზე.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" მე-19 მუხლის „ე“ პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე და 43-ე მუხლებით და საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს ვანო სისაურის, თარიმან მაღრაძის და ზურაბ მჭედლიშვილის კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის N131 “გ” განკარგულების პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად. გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი არ გავრცელდეს იმ საკოლმეურნეო ბაზრებზე, რომლებიც დღეისათვის აქციონირებული და პრივატიზებულია პრივატიზების სხვადასხვა ფორმით;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ.ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).