მოქალაქე ომან ვარსიმაშვილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/1/74 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 26 იანვარი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქე ომან ვარსიმაშვილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1) “სააქციო კომერციული ბანკი “კავკასიონი”-ს მიერ დაკავებული ქ. თბილისში კოსტავას (ყოფილი ლენინის) ქუჩა №69-ში მდებარე ყოფილი აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის შენობის მე-5 სართულის საკუთრების დადასტურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 13 ნოემბრის დადგენილების (ოქმი №53.41.1192) და (2) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 30 სექტემბრის №806 გ განკარგულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
მოქალაქე ომან ვარსიმაშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის” “ე” პუნქტსა და 39-ე მუხლის პირველ პუნტქზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ქ. თბილისის აბრეშუმის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანების 1990 წლის 26 მარტის №37 ბრძანებით ლენინის ქუჩა №69-ში მდებარე აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის მე-5 სართულზე 300 კვ.მ. ფართი გადაეცა კომერციულ ბანკ “კავკასიონს”. გადაცემის გაფორმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი და განსაზღვრა გადაცემული ფართის საბალანსო ღირებულება 43 ათასი მანეთის ოდენობით. კომერციულმა ბანკმა “კავკასიონმა” აღნიშნული თანხა 1990 წლის 13 აპრილს №146 საგადასახადო დავალებით გადაურიცხა აბრეშუმის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანებას, რითაც მოხდა 300 კვ.მ. ფართის ყიდვა-გაყიდვა. ფართი გაიყიდა “სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ” სსრკ-ის კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად. გაყიდვას მხარი დაუჭირა საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტრომ 1989 წლის 25 აპრილის №09-5 წერილით. თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ 1995 წლის 7 ივლისის №11-1/733 წერილით. ყიდვა-გაყიდვის ფაქტს აღიარებს თვით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროც ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ბანკ “კავკასიონის”-ა და გაერთიანება “ცისარტყელასადმი” (ყოფილი აბრეშუმის საწარმოო გაერითანება) 1995 წლის 15 სექტემბრის გაგზავნილი №01-06/4387 წერილით. სააქციო საზოგადოება თბილაბრეშუმი “ცისარტყელა” 1995 წლის 25 სექტემბრის №15/25 წერილით ადასტურებს 300 კვ.მ. ფართის ბანკ “კავკასიონისათვის” მიყიდვის ფაქტს და განმარტავს, რომ იგი არ არის გადაცემული თბილისის სამხატვრო აკადემიაზე, რომელსაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 15 ივნისის №398 განკარგულებით აღნიშნული შენობა გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე. თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაც თავისი 1997 წლის 21 ნოემბრის №K/07-149 წერილით განმარტავს, რომ ფლობს მინისტრთა საბჭოს ზემოაღნიშნული განკარგულებით გადაცემულზე მეტ ფართს და რომ იგი თანახმაა დათმოს 300 კვ.მ.ფართი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომერციულმა ბანკმა “კავკასიონმა” 1990 წლის 13 აპრილს, აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებასათნ ანგარისწორების მოხდენისთანავე, 300 კვ.მ. ფართი აიღო შემოსავალში, როგორც ბანკის საკუთრება და იმ დღიდან მოყოლებული დადგენილ ვადებში, დადგენილი წესით იხდის ქონების გადასახადს საფინანსო ორგანოებში. 1995 წლის იანვარში კომერციულმა ბანკმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარუდგინა საჭირო დოკუმენტები და თხოვა გაეცა მ. კოსტავას ქ.№69-ში მდებარე 300 კვ.მ. ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ქონების მართვის სამინისტროს მშენებლობის განყოფილებამ 1995 წლის იანვრიდან ნოემბრამდე დაწვრილებით შეისწავლა ბანკ “კავკასიონისათვის” აღნიშნული ფართის მიყიდვის კანონიერება და სამინიტროს კოლეგიას წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნა, რომ ბანკ “კავკასიონის” მიერ შესყიდული ქ. თბილისში მ. კოსტავას ქ. №69-ში მდებარე შენობის მე-5 სართულის 300 კვ.მ. ფართი აღარ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და შეიძლება გაიცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სამინისტრომ არ დაამტკიცა მოხსენებითი ბარათი სააქციო-კომერციულ ბანკ “კავკასიონის” მიერ დაკავებული ფართის შესყიდვის კანონიერების თაობაზე – უარი ეთქვა ბანკს ფართის საკუთრებაში გადაცემაზე და ეთხოვა საქართველოს რესპუბლიკის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას აეყვანა ბალანსზე ბანკ “კავკსიონის” მიერ დაკავებული ქ. თბილისში, კოსტავას ქ. №69-ში მდებარე მე-5 სართული, ხოლო ბანკთან გაეფორმებინა ხელშეკრულება იჯარით სარგებლობის შესახებ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო აქტის შედგენის მომენტში იგი სააქციო საზოგადოება ბანკ “კავკასიონის” ერთ-ერთი მონაწილე იყო და ეკუთვნოდა აქციათა 25 პროცენტი. აქედან გამომდინარე, შელახულია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული მისი საკუთრების უფლება და მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს კოლეგიის 1995 წლის 13 ნოემბრის დადგენილების გაუქმებას.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის შემდეგ ცალკე გაცხადებით მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის არსი – მოითხოვა გაუქმდეს აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 30 სექტემბრის №806 გ განკარგულება, რომლითაც აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის ძირითადი კორპუსი (5396 კვ.მ.) და პროფტექნიკური სასწავლებლის ფილიალის შენობა (590 კვ.მ) ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას. მოსარჩელეს აზრით, აღნიშნული განკარგულება უკანონოა, არ ითვალისწინებს შენობის ერთ-ერთი მესაკუთრის უფლებებს, რითაც კერძოდ, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა.
ამ დამატებით მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელელ განცხადებაში საჭიროდ მიიჩნევს “საკონსტიტუციო სასამართლოზე გამოცხადებული იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სამართალმემკვიდრე”, ე.ი. საქართველოს პრეზიდენტი. განმწესრიგებელი სხდომის მომზადების პროცესში, - იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის ძალით საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილავს მხოლოდ, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის საკითხებთან მიმართებით, ხოლო “ნორმატიული აქტის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე (ე.ი. 1997 წლის 1 თებერვლამდე). მიღებული სამართლებრივი აქტების ნორმატიულობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. - სასამართლო კოლეგიამ სათანადო წერილით მიმართა ხსენებულ სამინისტროს. საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 1999 წლის 20 იანვრის №01/12-86 წერილით სასამართლოს აცნობა, რომ სადაო “სამართლებრივი აქტები მათი შინაარსიდან გამომდინარე არ მიეკუთვნებიან ნორმატიულ აქტებს და შესაბამისად არ არიან რეგისტრირებულნი ნორმატიული აქტებისს ახელმწიფო რეესტრში”.
განმწესრიგებელი სხდომის დროისათვის სასამართლო კოლეგიამ მიიღო მოსარჩელის წერილობითი განცხადება (№05/5, 22.01.1999). მოქალაქე ო. ვარსიმაშვილმა სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს არ განიხილოს მისი კონსტიტუციური სარჩელი. მან უარი თქვა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლომ 1998 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1999 წლის 12 იანვრის განჩინებით ძირითადად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საოკნსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელელს უფლება აქვს უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე; “სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა... იწვევს საკონსტიუტციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზეზ - “მოქალაქე ომან ვარსიმაშვილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (წევრი)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)