ირაკლი ბერიაშვილი და ვიქტორ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/76/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 აპრილი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: ირაკლი ბერიაშვილი და ვიქტორ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართვველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ”.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: ირაკლი ბერიაშვილი და ვიქტორ ინაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1998 წლის 10 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს მოქალაქეებმა ირაკლი ბერიაშვილმა და ვიქტორ ინაშვილმა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ”.
მოსარჩელეთა აზრით აღნიშნული კანონის მთელი რიგი მოთხოვნები არღვევს საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებებს და კანონი მთლიანობაში ბუნდოვანია.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ მოქალაქეს გააჩნია იურიდიული და მატერიალური პასუხისმგებლობა, რითაც იგი ვალდებულია აგოს პასუხი სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსებით ჩადენილ დანაშაულზე და აანაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზარალი. ხსენებული კანონი კი ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, რაც უაზრობაა. მათი აზრით ეს კანონი ხელფეხს უხსნის მოჯირითე, უდისციპლინო მძღოლებს, რადგანაც ისინი თავისუფლდებიან დაზარალებულის სხეულის დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან წესიერი მძღოლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხარჯზე.
კანონის თანახმად “მფლობელი ვალდებულია საგზაოსატრანსპორტო შემთხვევისას წერილობით განუცხადოს დამზღვევს ამის შესახებ არაუგვიანეს შვიდი დღე-ღამისა შემთხვევის დღიდან და წარმოადგინოს ცნობები მის მიერ მიყენებული ზიანის, დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ”. მოსარჩელეთა აზრით ამ დებულებიდან გამოდის, რომ თუ მფლობელმა, რომელიც შეიძლება თვითონაც დაზიანდეს და ვერ მოახერხოს ერთი კვირის განმავლობაში უამრავი დიკუმენტის მოგროვება ბიუროკრატიულ ინსტანციებში, მან თვითონ უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი მთლიანად.
მოსარჩელეთა აზრით საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველ პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ “ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით. . .” ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვით “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები”. და მოითხოვენ ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე 1999 წლის 22 აპრილს მოსარჩელე ვიქტორ ინაშვილმა დაადასტურა კონსტიტუციურ სარჩელში მის მიერ დაყენებული მოთხოვნები და მოითხოვა სასამართლოს მიერ აღნიშნული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ბერიაშვილის და ვიქტორ ინაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამ მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. ამასთანავე ამ პუნქტით კანონით დადგენილი სეწით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
ასე, რომ აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტს არავითარი საერთო არა აქვს “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონთან.
2. კოლეგიის აზრით საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” ასევე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილს. ამ მუხლის მეორე პუნქტით: “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები”. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ზემოთხსენებული კანონის განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ იწვევს სხვა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
3. ზემოთ ხსენებული კანონი არ ეწინააღმდეგება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივსა და ღირსებას თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. ასევე პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ასე, რომ პატივისა და ღირსების საკითხს არავითარი შეხება არა აქვს “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონთან .
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19 და 39-ე მუხლით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის “გ” პუნქტით და 21-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ბერიაშვილის და ვიქტორ ინაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).