მალხაზ მუმლაძე, ეთერ ჟიჟილაშვილი, ზურაბ სამხარაძე, თეიმურაზ გვერდწითელი, დავით ალხაზიშვილი, გურამ შუღლიაშვილი, ირაკლი კიკაძე, აზა ნადიბაიძე, ადელაიდა ჭოჭელი და ზურაბ ანიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №2/77/11 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 27 ივლისი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: მალხაზ მუმლაძე, ეთერ ჟიჟილაშვილი, ზურაბ სამხარაძე, თეიმურაზ გვერდწითელი, დავით ალხაზიშვილი, გურამ შუღლიაშვილი, ირაკლი კიკაძე, აზა ნადიბაიძე, ადელაიდა ჭოჭელი და ზურაბ ანიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულება ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“; 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის1997 წლის 30 ივნისის N1-3-422 ბრძანება ”საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულებით დამტკიცებული სიით განსაზღვრული სააქციო საზოგადოების აქციების ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდვის შესახებ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელეები: მალხაზ მუმლაძე, ეთერ ჟიჟილაშვილი, ზურაბ სამხარაძე, დავით ალხაზიშვილი, აზა ნადიბაიძე, ადელაიდა ჭოჭელი, ზურაბ ანიკაშვილი, ირაკლი კიკაძე, თეიმურაზ გვერდწითელი, გურამ შუღლიაშვილი და მათი წარმომადგენელი გივი ტურაშვილი;
2. მოპასუხეები: საქართველოს პრეზიდენტი (საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში – ბელა სირბილაძე); საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი ჩარგეიშვილი, იმავე სამინისტროს საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ დვალი და სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ზურაბ ნონიაშვილი.
3. სპეციალისტები: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერიან ზურაბაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 1998 წლის 16 მარტს, კონსტიტუციური სარჩელით მომართეს ქ.გორის მრეწველობის საწარმო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ”მრეწვავტომატსაკი“-ს თანამშრომლებმა: მალხაზ მუმლაძემ, ეთერ ჟიჟილაშვილმა, ზურაბ სამხარაძემ, თეიმურაზ გვერდწითელმა, დავით ალხაზიშვილმა, გურამ შუღლიაშვილმა, ირაკლი კიკაძემ, აზა ნადიბაიძემ, ადელაიდა ჭოჭელმა და ზურაბ ანიკაშვილმა.
მოსარჩელეები მოითხივენ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილოს და არაკონსტიტუციურად ცნოს:
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულება ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“;
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის1997 წლის 30 ივნისის N1-3-422 ბრძანება – ”საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულებით დამტკიცებული სიით განსაზღვრული სააქციო საზოგადოების აქციების ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდვის შესახებ“.
კოსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ქ.გორში არსებული ინსტიტუტი ”მრეწვავტომატსაკი“ შედიოდა გაერთიანება ”დილა“-ს შემადგენლობაში და ექვემდებარებოდა სსრ კავშირის ხელსაწყოთმშენებლობის ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაერთიანება ”დილა“ დაექვემდებარა საქართველოს მრეწველობის სამინისტროს. შემდეგ, ”მრეწვავტომატსაკი“ გამოვიდა გაერთანება ”დილა“-ს დაქვემდებარებიდან. მიუხედავად ამისა, ”მრეწვავტომატსაკი“ მაინც აღმოჩნდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 1 ივნისის N445 დადგენილებით განსაზღვრულ საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალში გაერთიანება ”დილა“-სთან ერთად. რის გამოც, დირექციამ ”მრეწვავტომატსაკი“-ს სააქციო საზოგადოებად დამფუძნების მიზნით მოიწვია თანამშრომელთა საერთო კრება, რომელმაც მხარი დაუჭირა ინსტიტუტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას, მაგრამ სააქციო საზოგადოების რეგისტრაცია არ მოხდა დადგენილი წესით.
ინსტიტუტის დირექციის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და ქ. გორის მერიის შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1997 წლის 7 მაისის ბრძანებით, ”მრეწვავტომატსაკი“ ამოღებულ იქნა საპრივატიზაციო ობიექტების სიიდან, როგორც პრივატიზციას დაუქვემდებარებელი, მაგრამ ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ინსტიტუტი მაინც იქნა შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნულოვან აუქციონზე გასატანი ობიექტების ნუსხაში.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს, ნულოვან აუქციონზე არარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ”მრეწვავტომატსაკი“-ს აქციები გაიყიდა ისე, რომ არ მომხდარა კვლევითი ინსტიტუტის იმ არქივების და ფონდების გამოცალკევება, რომლებიც საქართველოს კანონით ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ არ ექვემდებარებოდა პრივატიზაციას.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ნულოვანი აუქციონის შედეგების საფუძველზე, რეგისტრაციაში გატარდა ახალი სააქციო საზოგადოება ძველი სახელწოდებით ”მრეწვავტომატსაკი“, რომელიც დაფუძნებულ იქნა ინსტიტუტის კოლექტივის გვერდის ავლით იმ პირების მიერ, რომლებმაც ნულოვან აუქციონზე შეიძინეს არარსებული სააქციო საზოგადოების აქციები. ახალი სააქციო საზოგადოება ჩაითვალა ”მრეწვავტომატსაკი“-ს სამართალმემკვიდრედ, გამოცხადდა ყოფილი ინსტიტუტის ლიკვიდაცია და თანამშრომლები დათხოვნილ იქნენ სამუშაოდან კანონის უხეში დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმატილი აქტებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული მათი საკუთრების უფლება, რადგან ”მრეწვავტომატსაკი“ არ ყოფილა რა რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებად და მის ნულოვან აუქციონზე გაყიდვის შედეგად თანამშრომლები დარჩნენ იმ 10 %-მდე აქციების გარეშე, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ საქართველოს კანონის ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საფუძველზე.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ როდესაც პრივატიზაციას დაუქვემდებარებელი ინსტიტუტი ”მრეწვავტომატსაკი“, შრომითი კოლექტივისათვის შეუტყობინებლად შეიტანილ იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, ინსტიტუტის კოლექტივმა ვერ შეძლო ესარგებლა საკუთრების შეძენის უფლებით.
მოსარჩელეები მიაჩნევენ, რომ ”მრეწვავტომატსაკი“-ს ლიკვიდაციით, რასაც თან მოჰყვა ინსტიტუტის თანამშრომელთა სამუშაოდან დათხოვნა, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებული მათი შრომის უფლება.
საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელეებმა დააკონკრეტეს კონსტიტუციური სარჩელი და მოითხოვეს, სადავო ნორმატიული აქტების არა მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ”მრეწვავტომატსაკი“ შეტანილი იქნა ნულოვანი აუქციონზე გასატანი ობიექტების ნუსხაში (საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულების ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ დანართი N1).
დასკვნით სიტყვაში მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლების გარდა სადავო ნორმატიული აქტებით დაირღვა ასევე საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით აღიარებული მათი ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება.
მოპასუხემ, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ბელა სირბილაძემ, არ ცნო კონსტიტუციური სარჩელი და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ თუ რატომ მიაჩნიათ არაკონსტიტუციურად ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი. მოპასუხის აზრით, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან არა ნორმატიულ აქტს, არამედ ერთ საპრივატიზაციო ობიექტს, რომელიც მოსარჩელე მხარის აზრით, კანონის დარღვევით მოხვდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. მოპასუხის აზრით, საქართველოს კანონით ”ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ადგენს ქცევისს წესს და ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის N328 ბრძანებულება ვერ ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, რადგან იგი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონთან ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“.
მოპასუხემ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებმა არ ცნეს კონსტიტუციური სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
1.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების უფლებას, რომელიც, თვით მოსარჩელეთა განმარტებით არავის არ შეუზღუდავს. მოსარჩელეთა განცხადებით, მათთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ”მრეწვავტომატსაკის“ აქციების საჯარო გაყიდვის შესახებ, რის თაობაზეც არსებობდა გაზეთში გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ თითქოს მათ მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმატიული აქტის ნაწილით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებული მათი შრომის უფლებას, იგი საერთოდ სცილდება დავის განხილვის საგანს;
2.საქმის განხილვაში არ მონაწილეობს 28 მესაკუთრე, რომლებმაც კანონით დადგენილი წესით შეიძინეს სააქციო საზოგადოების აქციები. არ მონაწილეობს აგრეთვე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობა, რომლის მიმართაც ჩნდება კითხვები;
3.მოსარჩელეებმა მთლიანად ნორმატიული აქტები არ ჩათვალეს არაკონსტიტუციურად. მათი დავა ეხება პრივატიზაციის ჩატარების კანონიერების საკითხს;
4.მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიმართეს საერთო სასამართლოს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის შედეგები უცნობია;
5.სახელმწიფომ ”მრეწვავტომატსაკი“ სპეციალიზირებულ აუქციონზე გაყიდა როგორც დავალიანების მქონე, ისევე როგორც დავალიანების არმქონე სხვა ობიექტები;
6.რაც შეეხება თანამშრომლებისათვის 10% აქციების უსასყიდლოდ გადაცემას, სახელმწიფოს გააჩნია ეს აქციები და მუშა-მოსამსახურეთა სიის წარმოდგენის შემდეგ, მათ გადაეცემათ აქციები, რის თაობაზეც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სხვაგვარი სახით, ვიდრე მოსარჩელეები მოითხოვენ. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტები მართლაც ხელყოფენ მოსარჩელეების კონსტიტუციურ უფლებებს, მაგრამ არაკონსტიტუციურად გამოიყურება არა მთლიანად ნორმატიული აქტები, არამედ მათი ნაწილები. თავისთავად სადავო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ზოგადი წესი ვერ ჩაითვლება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. არაკონსტიტუციურად უნდა მივიჩნოთ ის, რომ ინსტიტუტი, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოებად, აუქციონით გაყიდვის ნუსხაში მოხვდა.
პროფესორი ბ.ზოიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ”ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი, რომელიც იძლევა ნორმატიული აქტის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობას.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სუციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერიან ზურაბაშვილის აზრით, ორივე სადავო ნორმატიული აქტი თავისი შინაარსის მიხედვით კონსტიტუციურია. რაც შეეხება ნორმატიული აქტის N1 დანართს (ე.ი. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას), რომელშიც მოცემულია სააქციო საზოგადოებათა ჩამონათვალი, რომელთა აქციები უნდა გაყიდულიყო სპეციალიზირებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ რადენად კანონიერი იყო დანართში ”მრეწვავტომატსაკი“-ს შეტანა.
პროფესორ ვ.ზურაბაშვილის აზრით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენელი მასალების მიხედვით, ”მრეწვავტომატსაკი“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 7 მაისის N1–3/303 ბრძანებით ამოღებულ იყო საპრივატიზაციოდ დამტკიცებული ობიექტების ნუსხიდან, როგორც პრივატიზაციას დაუქვემდებარებელი ობიექტი, მაგრამ 1997 წლის ივნისში იგი კვლავ იქნა შეტანილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. სპეციალისტი თვლის, რომ წარმოდგენილ მასალებში არ არის სახელმწიფო ქონების მარვთის სამინისტროს დამაჯერებელი პასუხი იმაზე, თუ რამ განაპირობა ”მრეწვავტომატსაკი“-ს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანა (მინისტრის მოადგილეების მ. გაბუნიას და ე. ჯუღელის პასუხები არა არსებითი, ფორმალური ხასიათისაა). მასალებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ობიექტი შეტანილი ყოფილა ნულოვან აუქციონზე გასატანი ობიექტების ნუსხაში თითქოს დიდი დავალიანების გამო, რასაც მოსარჩელეები უარყოფენ, თუმცა არა აქვთ წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი საბუთი.
სპეციალისტი თვლის, რომ საბოლოო დასკვნისათვის საჭირო იქნება სახელმწიფო მართვის სამინისტრომ წარმოადგინოს აღნიშნული ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საფუძველი, ხოლო მოსარჩელეებმა – დოკუმენტი ”მრეწვავტომატსაკი“-ს დიდი დავალიანების არარსებობის შესახებ.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.საქართველოს კანონის ”მეწარმეთა შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააქციო საზოგადოება საწარმოთა ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, საწარმოს რეგისტრაციას სავალდებულოდ მიიჩნევს და საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
სახელმწიფო საწარმეობის სააქციო საზოგადოებად შექმნის გზით პრივატიზებისას სახელმწიფო ჯერ აფუძნებს სააქციო საზოგადებას მეწარმეთა შესახებ კანონის დაცვით, რომლის რეგისტრაციას, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. მხოლოდ ამის შემდეგ არის უფლებამოსილი სახელმწიფო, დაიწყოს აქციათა გასხვისება. ამ პროცედურის დაუცველად ჩატარებული აქციონირების პროცესი მართლსაწინააღმდეგოა.
საქმეში არსებული მასალებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მარვთის სამინისტროს გორის სამმართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის N252 წერილით დასტურდება, რომ მართალია, 1996 წლის თებერვალში დაიწყო ”მრეწვავტომატსაკი“-ს სააქციო საზოგადოებად დაფუძნება, მაგრამ ეს პროცესი არ დასრულებულა. კერძოდ, ”მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, არ მომხდარა სააქციო სააზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს მიერ. კოლექტივს არ შეუძენია 20% ფასდაკლებული აქციები, არ შემდგარა უსასყიდლოდ დასარიგებელი აქციების სიები. ამასთან, თვით მოპასუხემაც ვერ წარმოადგინა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ ინსტიტუტის სააქციო საზოგადოებად დაფუძნება დამთავრებული იყო.
2. მართალია, საქართველოს სახლმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1996 წლის მარტში მისცა მითითება გორის საფინანსო განყოფილებას ”მრეწვავტომატსაკი“-ს აქციების გამოშვების რეგისტრაციისა და კოდის მინიჭების შესახებ, მაგრამ ვინაიდან არ მომხდარა საზოგადოების სამართლებრივი გაფორმება მისი რეგისტრაციის სახით, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ნულოვან აუქციონზე გატანისას, თავად სააქციო საზოგადოება და მაშასადამე, არც მისი აქციები არ არსებობდა.
3. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტოს წარმომადგენლების არგუმენტაციას, რომლის მიხედვით, ”მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი, საწარმოს რეგისტრირებულად მიიჩნევს, თუ საბუთების წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში სასამართლო არ განახორციელებს რეგისტრაციას ან არ აცნობებს შესაბამის პირს წერილობით მოტივირებულ უარს. ჯერ ერთი, საქმეში წარმოდგენილია გორის სამმართველოს ცნობა, რომლის მიხედვით, ნულოვანი აუქციონის ჩატარებისას ”მრეწვავტომატსაკი“ არ ყოფილა რეგისტრირებული როგორც სააქციო საზოგადოება. მეორე, საწარმოს რეგისტრაციის პრეზუმფცია მოქმედებს იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში წარმოდგენილი იქნა კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო აუცილებელი საბუთი და სასამართლომ მიიღო განცხადება წარმოებაში. მოსარჩელეების განცხადებით, სასამართლომ მასალები დაუბრუნა სათანადოდ მოსამზადებლად და სხვა რამ საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხის მხიერ წარმოდგენილი არ ყოფილა;
4. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევებით ”მრეწვავტომატსაკი“-ს პრივატიზებამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიaრებული მოსარჩელეების უფლება, რომლის მიხედვით, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. კერძოდ, 1996 წელს, ”მრეწვავტომატსაკი“-ს დაფუძნება არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით, ინსტიტუტის კოლექტივი დარჩა იმ შეღავათების გარეშე, რაც გათვალისწინებულია ”სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის მე-17 მუხლით, საქართველოს რესპუბკიკის მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს N829 დადგენილებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით და ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონის ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ მე-5 მუხლით. აღნიშნული ნორმატიული აქტები ითვალისწინებს საპრივატიზაციო საწარმოს მუშაკისათვის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში, აქციების გარკვეული ოდენობის უსასყიდლოდ გადაცემას, აქციების ფასდაკლებით შესყიდვას, განვადებას, ეკონომიკურ სტიმულირებას, ფონდის გამოყენებას ჩვეულებრივი აქციების შესასყიდად და სხვა შეღავათებს.
საქმის მასალებით დგინდება და არც მოპასუხე უარყოფს, რომ ”მრეწვავტომატსაკი“-ს თანამშრომლებს არ უსარგებლიათ ამ შეღავათებით, რადგან სააქციო საზოგადოება ფაქტობრივად არ დაფუძნებულა და ის გარემოება, რომ მოპასუხე დღეს თანხმობას აცხადებს მისცეს კოლექტივს უსასყიდლოდ აქციების 10%, როდესაც კოლექტივი უკვე დათხოვნილია და აქციების ძირითადი პაკეტი სხვებზეა გადაცემული, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ თვით პრივატიზება კოლექტივის გვერდის ავლით და კანონის დარღვევით მოხდა, რითაც დაირღვა მათი საკუთრების უფლება, კერძოდ, შეღავათით პრივატიზაციის ჩატარებაზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებაში ხაზგასმულია, პრივატიზაციის პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების, მათ შორის საწარმოთა მუშაკების აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე, რაც არ იქნა გამოყენებული მოსარჩელეების მიმართ.
5. სასამართლო კოლეგიას დარღვეულად მიაჩნია მოსარჩელეების უფლება საკუთრების შეძენის ნაწილშიც, რადგან, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა 1997 წლის 7 მაისს N1-3/303 ბრძანებით ”მრეწვავტომატსაკი“ ამოიღო საქართველოს მონისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ნულოვან აუქციონზე გასატან ობიექტთა ნუსხაში იგი კვლავ იქნა შეტანილი. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ასეთი რადიკალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
6. მოსარჩელეებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ”მრეწვავტომატსაკი“ არ იყო რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით, არ ითვლებოდა დაფუძნებულად და უკანონოდ იქნა შეტანილი ნულოვან აუქციონზე გასატან ობიექტთა ნუსხაში, სრული საფუძველი ჰქონოდათ არ მიეღოთ მონაწილეობა ასეთ აუქციონში და საჩივრებით მიემართათ ზემდგომი ორგანოებისათვის, ინსტიტუტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გარკვევამდე ჩამონათვალიდან მისი ამოღების მოთხოვნით.
7. მიუხედავად მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობისა, ნულოვანი აუქციონი მაინც ჩატარდა, რითაც მოსარჩელეებს წაერთვათ აუქციონში მონაწილეობის და საკუთრების შეძენის უფლება. ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ საჯარო გაყიდვის შესახებ (რასაც არც თვითონ უარყოფენ) არ ცვლის იმას, რომ აუქციონი ”მრეწვავტომატსაკი“-ს მიმართ კანონის დარღვევით ჩატარდა და მოსარჩელეების მონაწილეობის დამაბრკოლებელი გახდა.
8. სასამართლოს კოლეგიას მიაჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტებით არ დარღვეულა მოსარჩელეების შრომის უფლება, რადგან ამ აქტებით კონკრეტულად არავინ დაუთხოვიათ სამუშაოდან. ჯერ-ერთი, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას (თავისუფალი შრომის უფლება). საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობანი შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, მეორე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას.
9. სასამართლო კოლეგია ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ სადავო აქტებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, ინტელექტუალური საკუთრების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუვალობა ვრცელდება შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებზე, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებს. ამრიგად, მას არაფერი არა აქვს საერთო მოსარჩელეების მიერ სადავოდ დასახელებულ ნორმატიულ აქტებთან.
10. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხის, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბელა სირბილაძის მისაზრებას, რომელიც არ ეთანხმება კონსტიტუციურ სარჩელს მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან არა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც ადგენს წესს, არამედ ბრძანებულების დანართში ჩამოთვლილ ნუსხაში ”მრეწვავტომატსაკი“-ს შეტანას, რაც მისი აზრით, არ იძლევა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობის საფუძველს. ამავე მოსაზრებას იზიარებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. ჯერ ერთი, საქართველოს პრეზიდენტის N328 ბრძანებულება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის N1-3-422 ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, ისინი ორივე რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და წარმოადგენენ ნორმატიულ აქტებს. მეორეც, პრეზიდენტის ბრძანებულების პირველსავე პუნქტში, რომელიც ადგენს ამ ბრძანებულების განხორციელების წესს, მითითებულია N1 დანართზე და ამ დანართით განსაზღვრული სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციების პრივატიზაციის წესზე. ამდენად, დანართი წარმოადგენს ბრძანებულების განუყოფელ ნაწილს და მასთან ერთად ითვლება ერთიან ნორმატიულ აქტად.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტით და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მოსარჩელეების - მალხაზ მუმლაძის, ეთერ ჟიჟილაშვილის, ზურაბ სამხარაძის, დავით ალხაზიშვილის, აზა ნადიბაიძის, ადელაიდა ჭოჭელის, ზურაბ ანიკაშვილის, ირაკლი კიკაძის, თეიმურაზ გვერდწითელის და გურამ შუღლიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულებისა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის1997 წლის 30 ივნისის N1-3-422 ბრძანების – ”საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის N328 ბრძანებულებით დამტკიცებული სიით განსაზღვრული სააქციო საზოგადოების აქციების ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდვის შესახებ“ - დაკმაყოფილდეს. ”მრეწვავტომატსაკი“-ს ნულოვან აუქციონზე გასაყიდ ობიექტთა სიაში შეტანა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად (დანართი N1, კოდი 874);
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ.ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა (მომხსენებელი).