ტელმან კორკოტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/79/2 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 22 სექტემბერი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ტელმან კორკოტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე და 961 მუხლები.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: ტელმან კორკოტაძე და მოსარჩელის წარმომადგენელი ადვოკატი ოთარ გამყრელიძე;
2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი (წარმომადგენელი - პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მარაქველიძე;
3. სპეციალისტი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1998 წლის 11 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე ტელმან კორკოტაძემ.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე და 961 მუხლები.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი და მისი შვილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961 მუხლით, რომელზედაც წინასწარი გამოძიება დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა და საქმე გადაცემული აქვს სასამართლოს არსებითად განსახილველად.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დღევანდელ პირობებში საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 961 მუხლი არაკონსტიტუციურია, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს (1960 წლის 30 დეკემბერს) მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ქონებრივი დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაწესებულია ორ სხვადასხვა თავში. კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ,,სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ” ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო კოდექსის მეხუთე თავში მოთავსებულია ის მუხლები, რომლებიც აწესებენ პასუხისმგებლობას ,,მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ” ჩადენილი დანაშაულისათვის. ასეთ დაყოფას მაშინ ჰქონდა იდეოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც სოციალისტური იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება სარგებლობდა უპირატესი დაცვის უფლებით მოქალაქის ქონებასთან შედარებით. ამიტომ იყო, რომ სახე?მწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის არაადამიანურად მკაცრი სასჯელები იყო და არის კიდეც დღემდე დაწესებული, რაც ეწინააღმდეგება მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს. კერძოდ, უფრო მკაცრად ისჯება ის პირი, ვინც ხელყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას, ვიდრე ის, ვინც ხელყოფს მოქალაქის პირად საკუთრებას. ყოველივე ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დღევანდელი ქართული სამოქალაქო სამართალი არავითარ უპირატესობას არ ანიჭებს ცალკეულ მესაკუთრეს. სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს არავითარი უპირატესობა არ ენიჭება სხვა მესაკუთრეთა მიმართ. ეს პრინციპი უკვე მტკიცედ ტარდება სასამართლო პრაქტიკაში. მართალია, საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი უკვე აღარ ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების უპირატეს დაცვას, მაგრამ პროექტის მიღება გვიანდება.
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვისას, მოპასუხე მხარემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ აღნიშნა, რომ 1998 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომელიც 1998 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნდა გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში”.
1998 წლის 18 სექტემბერის საქართველოს კანონით ,,საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ”, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი იქნა ისეთი ხასიათის ცვლილებები, რომლებმაც უკვე გამორიცხეს მოქალაქე ტელმან კორკოტაძის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის აუცილებლობა. კერძო, ის გარემოებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან, უკვე აღარ არსებობს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის გამგემ, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ტყეშელიაძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქალაქე ტელმან კორკოტაძის კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94 და 961 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, დასმულია სავსებით მართებულად, მაგრამ უკვე აღარ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის განხილვის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონმა ,,საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ” მოხსნა კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული დავის საგანი.
მოსარჩელე ტელმან კორკოტაძის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ოთარ გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში” 1998 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნებული საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ” მთლიანად ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნებს, დავის საგანი უკვე აღარ არსებობს და მოსარჩელე ტელმან კორკოტაძის თანხმობით, მან მოითხოვა კონსტიტუციური სარჩელის მოხსნა.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოქალაქე ტელმან კორკოტაძის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე და 961 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 43-ე მუხლით, საქართველოს კანონის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. მოქალაქე ტელმან კორკოტაძის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე და 961 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სამართალწარმოება შეწყდეს;
2. განჩინება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ა. აბაშიძე;
3. ლ. ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზ. ჯინჯოლავა.