ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/80-9 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 3 ნოემბერი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა(მომხსენებელი);
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე: ავთანდილ ჭაჭუა. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ მარაქველიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ, ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1998 წლის 1 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქე, ავთანდილ ჭაჭუამ.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით „რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, გარდა იმ მოსამართლეებისა, რომლებიც დანიშნული (არჩეული) არიან ამ კანონის შესაბამისად, შეუწყდებათ უფლებამოსილება 1998 წლის 1 მაისს."
1998 წლის 20 თებერვალს, ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 1 ივლისამდე, ხოლო დანარჩენი სასამართლოების მოსამართლეებს - 1998 წლის 1 აგვისტომდე. 1998 წლის 17 ივლისს, ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველ პუნქტში კვლავ იქნა შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 20 იანვრამდე. საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლში შეტანილ ამ ბოლო ცვლილებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე ავთანდილ ჭაჭუამ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვა შესაბამისი ცვლილებების შეტანა თავის კონსტიტუციურ სარჩელში.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის აგვისტოს დადგენილებით იგი დანიშნული იქნა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის მოსამართლედ ათი წლის ვადით. მისი დანიშვნა მოხდა 1991 წელს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 164-ე მუხლის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ „რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მოსამართლეებსა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავენ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმები... ყველა სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავენ ან ირჩევენ ათი წლის ვადით."
მოსარჩელის აზრით, 1991 წელს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის კანონიერება აღიარებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლით და შესაბამისად, კონსტიტუციის 164-ე მუხლის საფუძველზე კანონიერია უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება მოსამართლედ მისი დანიშვნის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღნიშნავს მოსარჩელე, საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის თანახმად „უფლებამოსილება შემიწყდება" 1999 წლის 20 იანვარს, რის გამოც უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული ჩემი შრომის უფლება.
მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, რადგან საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოსამართლის ”ვადამდე განთავისუფლებას" ითვალისწინებს და არა „უფლებამოსილების შეწყვეტას." უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი, უზენაესი სასამართლოს წევრების, როგორც არჩევითი თანამდებობის პირთა მიმართ, და არა რაიონის და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც დანიშნული არიან და არა არჩეულები.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი შეიძლება ვადამდე იქნეს განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან „კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში." „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლი კი ამომწურავად ჩამოთვლის მოსამართლის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლებს და არავის არა აქვს უფლება, სხვა საფუძვლით გაანთავისუფლოს იგი თანამდებობიდან.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რის გამოც უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი შრომის უფლება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არღვევს არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით მისთვის მინიჭებულ უფლებებს, არამედ კონსტიტუციის 30-ე მუხლით მინიჭებულ უფლებებსაც. კერძოდ, შრომის თავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვას.
მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი არ ცნობს ავთანდილ ჭაჭუას კონსტიტუციურ სარჩელს. მას მიაჩნია, რომ ა. ჭაჭუას კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოპასუხემ განმარტა, რომ კონსტიტუციის ვერც პირველ და ვერც სხვა მუხლებში ვერ მიაგნო ჩანაწერს იმის შესახებ, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია აღიარებს 1991 წლის კონსტიტუციის კანონიერებას, ვინაიდან პირველი მუხლი ეხება სულ სხვა საკითხებს. ესენია: ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა, მისი პოლიტიკური წყობილების ფორმა და სახელწოდება. აქ არსად არ არის ნახსენები 1991 წლის კონსტიტუცია. უფრო მეტიც, აღნიშნავს მოპასუხე, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება," ხოლო 107-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა"- მხოლოდ მიღებამდე. ამდენად, 1991 წლის კონსტიტუციის 164-ე მუხლი დღეს არ მოქმედებს;
2. მოპასუხე განმარტავს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მეორე პუნქტს, რადგან "თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლება" და "უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა," ფაქტობრივად იდენტურია, რადგან თანამდებობიდან განთავისუფლება მოიცავს უფლებამოსილების შეწყვეტას და პირიქით, უფლებამოსილების შეწყვეტა მოიცავს თანამდებობიდან განთავისუფლებას. აქ უმთავრესია - აღნიშნავს მოპასუხე - ის, რომ კონსტიტუციის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა" - ე. ი. მხოლოდ მიღებამდე. ხოლო აღნიშნული კანონების, კერძოდ კი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მიღების შემდეგ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის შესაბამისად დანიშნულ მოსამართლეზე, მის განთავისუფლებაზე. ვინაიდან ორგანული კანონის მიღებამდე არსებული მოსამართლეთა დანიშვნის წესი სრულ წინააღმდეგობაშია ორგანული კანონით გათვალისწინებულ წესთან. ამდენად, ადრე არსებული წესით დანიშნული მოსამართლეები ხელახლა უნდა დაინიშნონ თანამდებობაზე ორგანული კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, თუნდაც კონსტიტუციის 107-ე მუხლის საფუძველზე. მოპასუხის აზრით, სწორედ, ამიტომაც არსებობს ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველ პუნქტში შემდეგი ჩანაწერი - "რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებს, გარდა იმ მოსამართლეებისა, რომლებიც დანიშნული (არჩეული) არიან ამ კანონის შესაბამისად, შეუწყდება უფლებამოსილება"... და ა.შ. ამის გაგრძელებად მიაჩნია მოპასუხეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმადაც "რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებში 1999 წლის 20 იანვრამდე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში - 1999 წლის 1 ივლისამდე მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან (აირჩევიან) და თანამდებობიდან თავისუფლდებიან, აგრეთვე მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად" და ბოლოს, ყოველივე ამის დაგვირგვინებად მოპასუხეს მიაჩნია კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც "რაიონის (ქალაქის) სასამართლოებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებს გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა 1999 წლის 20 იანვრამდე..." მაშასადამე - ასკვნის მოპასუხე, - საქართველოს კონსტიტუციისა და მის საფუძველზე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მიღების შემდეგ მოსამართლეთა დანიშვნის არსებული წესი წინააღმდეგობაში მოვიდა ზემოაღნიშნულ აქტებთან, რამაც დღის წესრიგში დააყენა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მათი კანონმდებლობის შესაბამისად დანიშვნის საკითხი. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიაჩნია იმის მტკიცება, რომ ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლს;
3. მოპასუხის აზრით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, ვინაიდან ამ მუხლის თანახმად "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით." იგივე საქართველოს კონსტიტუციისა და "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. ამდენად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეუძლია დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა - გახდეს მოსამართლე და აქ კონსტიტუციის დარღვევას არსად ადგილი არ ექნება;
4. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე დაობს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მეორე პუნქტთან და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთანაც. მოპასუხის განმარტებით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ერთ მეხუთედს, ხოლო ფიზიკურ პირებს სარჩელის შეტანის უფლება აქვთ ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-2 თავში აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე უნდა დაობდეს 86-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციის არა 84-ე მუხლთან შესაბამისობაზე, არამედ 29-ე და 30-ე მუხლებთან შესაბამისობის თაობაზე.
5. იმის დასადასტურებლად, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლს, მოპასუხეს მოჰყავს ციტატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებიდან საქმეზე "ლეონარდო დევდარიანი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ," კერძოდ კი მისი სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტიდან: "ჯერ ერთი, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას (თავისუფალი შრომის უფლებას). საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით შრომა თავისუფალია, რაც იმას gulisxmobs, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. მეორე, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას." მოპასუხეს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტების მოტანა საჭიროდ არ მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს მიაჩნია, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არავითარ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციის არც ერთ მუხლთან და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის გამგეს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ტყეშელიაძეს, არ მიაჩნია სწორად მოსარჩელის მიერ "უფლებამოსილების შეწყვეტასა" და "ვადამდე განთავისუფლებაში" სხვადასხვა შინაარსის ჩადება. ჩვენი ფიქრით - განმარტავს სპეციალისტი, - უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან განთავისუფლების ასეთი დაპირისპირება სწორი არ უნდა იყოს. თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა ყოველთვის გულისხმობს თანამდებობიდან განთავისუფლებას. სპეციალისტის აზრით, ფართო მნიშვნელობით თანამდებობიდან დათხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა. სპეციალისტს ასევე დასაშვებად მიაჩნია მოსამართლის განთავისუფლება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის როგორც 54-ე მუხლის, ასევე 86-ე მუხლის საფუძველზე, რადგან ხსენებული კანონის 54-ე მუხლი გათვალისწინებულია ჩვეულებრივი შემთხვევისათვის, უფრო ზუსტად, ნაგულისხმევია ის შემთხვევა, რომელიც ამ კანონის მოქმედების პირობებში შეიძლება შეიქმნას. 86-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიტუაცია გულისხმობს გარდამავალ ეტაპს. სწორედ ამიტომაა იგი მოხსენიებული თავში "გარდამავალი დებულებანი."
სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ, განმარტა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მიღებით მოხდა მთელი სასამართლო სისტემის არსებითი რეორგანიზაცია, ე.ი. ხდება ძველი სასამართლო სისტემის გაუქმება. მოსამართლე სასამართლო სისტემის ცენტრალური ფიგურაა და ამდენად, ალოგიკური იქნებოდა ახალი სისტემა ძველი მოსამართლით. ახალ სისტემაზე მორგებული მოსამართლის აუცილებლობა თვით სამართლის რეფორმაციამ, სამართლის საბჭოური სისტემიდან ახალ სისტემაში გადასვლამ განაპირობა. მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უშუალო შედეგია მიმდინარე სამართლის რეფორმისა და ვინც ამ უკანასკნელის კონსტიტუციურობას აღიარებს, შეუძლებელია არ აღიაროს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 86-ე მუხლის კონსტიტუციურობა. ამ პროცესის ლოგიკა ასეთია, - ასკვნის სპეციალისტი, - უქმდება ძველი სასამართლო, წყდება ძველი მოსამართლის უფლებამოსილება; იქმნება ახალი სასამართლო, იწყება ახალი მოსამართლის უფლებამოსილება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, ალექსანდრე შუშანაშვილს, მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის კანონიერი და დასაბუთებული, რადგან მოქმედი კონსტიტუციის პირველი მუხლი 1991 წლის კონსტიტუციის კანონიერებას კი არ აღიარებს, არამედ აღნიშნავს ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების მართლზომიერებას და მნიშვნელობას. სპეციალისტის განმარტებით 1999 წლის 20 იანვარს მოსამართლეებს უფლებამოსილება იმიტომ კი არ უწყდებათ, რომ ისინი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძვლით თავისუფლდებიან, არამედ იმიტომ, რომ მოხდა სასამართლო ორგანოების რეორგანიზაცია, შეიქმნა ახალი სასამართლო სისტემა, დადგინდა მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესი, რისი სრული უფლებაც აქვს სახელმწიფო ხელისუფლებას. ხელისუფლება, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, ისე შექმნის და ისე გარდაქმნის სასამართლოსაც და სხვა ორგანოებსაც. სპეციალისტის განმარტებით მოსამართლის დამოუკიდებლობა და შეუცვლელობა ნიშნავს იმას, რომ მისი განთავისუფლება არ შეიძლება პოლიტიკური მოსაზრებით, ხელისუფლების თვითნებობით, ხელისუფლების შეცვლის მოტივით, მაგრამ, როგორ შეიძლება სახელმწიფო ხელისუფლებას ვინმემ აუკრძალოს სასამართლო ხელისუფლების რეორგანიზაცია, მოსამართლეთა დანიშვნის თუ არჩევის ახალი წესისა და პირობების დადგენა. სპეციალისტს მიაჩნია, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი, თუ საფუძვლიანად არ გადამუშავდა და ახალი რედაქციით არ წარედგინა მისი პროექტი პარლამენტს განსახილველად, ბევრი უხერხულობის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან არ შეიძლება მის საფუძველზე რაიმეს შექმნა და გადაწყვეტა. ამასთან, - განმარტავს სპეციალისტი, - ამ კანონში და მის საფუძველზე მიღებულ საპროცესო კანონმდებლობაში არის ისეთი დებულებები, რაც ქმნის მართლმსაჯულების პარაფირების, პროცესის მონაწილეთა უფლებების უხეში დარღვევის, სახელმწიფო ბიუჯეტის უაზრო ფლანგვისა და კორუმპირებული სასამართლო სისტემის შექმნის რეალურ საფრთხეს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აპოლონ ფალიაშვილი, თვლის, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე განთავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონი კი საერთო სასამართლოების შესახებ (მუხლი 54) ამომწურავად ჩამოთვლის მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს. სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამ კანონის განვრცობითი გამოყენება არ იქნებოდა სწორი.
სპეციალისტი, საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ვახტანგ ხმალაძე, მიმოიხილავს "თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის" ცნებებს და აკეთებს დასკვნას, რომ ცნება "თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლება" არის კერძო შემთხვევა "უფლებამოსილების შეწყვეტისა" და ამდენად, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებული "უფლებამოსილების შეწყვეტის" ცნება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტში გამოყენებულ "თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების" ცნებას.
სპეციალისტს მიაჩნია, რომ არ არსებობს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი, რადგან კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს თანამდებობიდან მოსამართლის ვადამდე განთავისუფლებას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ორგანულმა კანონმა ეს შემთხვევები განსაზღვრა 54-ე მუხლითა და 86-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელთაგან პირველით განსაზღვრულია პირობები, რომლის დადგომის შემთხვევაშიც, მიუხედავად დროის მომენტისა, მოსამართლე განთავისუფლდება თანამდებობიდან, მეორე კი ადგენს დროის კონკრეტულ მომენტს და განსაზღვრავს მოსამართლეთა იმ წრეს, ვისაც ეხება ეს დებულება - იგი ერთჯერადია და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით განსაზღვრული მოქმედების შესრულებისთანავე. კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს." "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით დადგენილი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა, რომელიც, ამ კანონის ძალაში შესვლამდე, მოქმედ არც ერთ მოსამართლეს არ ჰქონდა ჩაბარებული. მაშასადამე, - ასკვნის სპეციალისტი, - ისინი ვერ აკმაყოფილებენ ახალი, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
სპეციალისტი ასევე არ იზიარებს მოსარჩელის აზრს იმის შესახებ, რომ 1991 წელს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის კანონიერება აღიარებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლით.
სპეციალისტი ეთანხმება მოსარჩელეს იმაში, რომ იგი კანონიერად იყო 10 წლის ვადით მოსამართლედ დანიშნული 1991 წლის აგვისტოში, მაგრამ არ იზიარებს მის დასკვნას, რომ მოქმედი კონსტიტუცია 2001 წლის აგვისტომდე არ იძლევა მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის უფლებას, რადგან კონსტიტუციის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა." მაშასადამე, - აკეთებს დასკვნას სპეციალისტი, - კონსტიტუციამ დასაშვებად მიიჩნია სასამართლო წყობილების, მათ შორის, იმ პირობათა შეცვლა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, და, აქედან გამომდინარე, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტაც ამ ათწლიანი ვადის გასვლამდე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სპეციალისტს მიაჩნია, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მაგრამ აქვე გამოთქვამს თავის აზრს ამ დებულების მიზანშეუწონლობის შესახებ და ასკვნის, რომ ასეთი წესით მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ შეიძლება შექმნას სახიფათო პრეცედენტი. მისი აზრით, უმჯობესი და, ალბათ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, მოქმედ მოსამართლეთა ატესტაციის საფუძველზე იმ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქე ავთანდილ ჭაჭუას კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოპასუხე და საქმეზე მოწვეული სპეციალისტები, ბატონები, გიორგი ტყეშელიაძე და ვახტანგ ხმალაძე ამახვილებენ ყურადღებას "უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა" და "თანამდებობიდან დათხოვნის" ცნებების საკითხზე და აკეთებენ დასკვნას, რომ ფართო გაგებით ეს ტერმინები იდენტურია, რომ თანამდებობიდან დათხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ძირითადი საკითხის, კერძოდ იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ ცნებათა არა იდენტურობის თუ იდენტურობის საკითხს.
2. სასამართლო კოლეგია სრულიად ეთანხმება მოპასუხეს იმაში, რომ მან საქართველოს კონსტიტუციის ვერც პირველ და ვერც სხვა მუხლებში ვერ მიაგნო ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს 1991 წლის კონსტიტუციის კანონიერებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციამ უარი თქვა საქართველოში 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის მემკვიდრეობითობაზე.
ცნობილია, რომ საქართველოში 1991 წელს მოქმედებდა 1978 წელს მიღებული კონსტიტუცია. როგორც ეს შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწერა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლით დაიწყო ახალი ხანა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების, დამატებების შეტანა და მისი შევსება დემოკრატიული პრინციპების მქონე დებულებებით. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც ამ კონსტიტუციაში შეტანილი იქნა 1989 - 1991 წლებში, სრული საფუძვლით შეიძლება აღინიშნოს, რომ თავისი შინაარსით იგი სრულიად დემოკრატიული იყო. სწორედ ასეთი დემოკრატიული დებულებების და პრინციპების მემკვიდრეობითობას იცავს საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია, როცა მის პირველ მუხლში ჩაიწერა, "საქართველო არის... ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ... ჩატარებული რეფერენდუმით," რომ "საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა." საქართველოში 1991 წლის მოქმედი კონსტიტუციის პირველ მუხლში კი ჩაწერილია: "საქართველოს რესპუბლიკა არის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო," რომ "საქართველოს ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია." როგორც ვხედავთ, 1995 წლის კონსტიტუცია უცვლელად აღიარებს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციით დადგენილ სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმას. ამასთანავე, 1995 წლის კონსტიტუციამ კანონიერად სცნო 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები. გარდა ამისა, 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციით მოსამართლეები ინიშნებოდნენ ან ირჩეოდნენ ათი წლის ვადით. იგივე დებულება, ოდნავ შეცვლილი სახით, გაიმეორა ახალმა კონსტიტუციამ - "მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ ათი წლის ვადით."
ყოველივე ზემოთ ნათქვამი შესაძლებლობას აძლევს სასამართლო კოლეგიას, გააკეთოს შემდეგი დასკვნა: მართალია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პირველ მუხლში არ წერია, რომ იგი აღიარებს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის კანონიერებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია არ იცავს 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპების მემკვიდრეობითობას; ამ დროს არც სახელმწიფო და არც საზოგადოებრივი წყობილება უკვე აღარ იყო სოციალისტური. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია 1991 წელს დანიშნულ მოსამართლეებს არ მიიჩნევს სოციალისტური სისტემის მოსამართლეებად.
3. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხის განცხადებას იმის შესახებ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არავითარ წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციის არც ერთ მუხლთან.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს." ამდენად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლია დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი - გახდეს მოსამართლე.
საქართველოში დღეს მოქმედი მოსამართლეები დაინიშნენ 1991 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, ათი წლის ვადით. მოსამართლეობის კანდიდატები აკმაყოფილებდნენ მაშინდელი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ე.ი. ისინი მოსამართლეებად დაინიშნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა საფუძველზე.
1997 წლის 13 ივნისს მიღებულმა ორგანულმა კანონმა „საერთო სასამართლოების შესახებ" გაზარდა ის მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს (მუხლი 46).
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ახალი კანონით დაწესებული მოთხოვნები არ უნდა შეეხოთ მოქმედ მოსამართლეებს და იგი არ უნდა გახდეს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. რადგან, კანონს (ისე, როგორც სხვა ნორმატიულ აქტებს) უკუძალა არა აქვს, ე.ი. მათი მოქმედება არ ვრცელდება იმ ფაქტებზე, ურთიერთობებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ აქტის გამოცემამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნორმა (კანონი) შესაძლებელია შეეფარდოს მხოლოდ იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვებიან მისი გამოცემის, მისი ძალაში შესვლის შემდეგ. ამ საერთო წესიდან გამონაკლისიც არსებობს, ე.ი. ზოგიერთ შემთხვევაში ნორმას (კანონს) შეიძლება მიეცეს უკუძალა. ე.ი. ნორმა (კანონი) შეეფარდოს იმ ურთიერთობებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის გამოცემამდე. კერძოდ:
ა) უკუძალა ენიჭება ყველა იმ ნორმატიულ აქტს, რომლის ტექსტში პირდაპირაა მითითებული მისი მოქმედების გავრცელების შესახებ ნორმის გამოცემამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე;
ბ) უკუძალა აქვს სისხლის სამართლის კანონს, თუ იგი ამსუბუქებს სასჯელს რაიმე დანაშაულისათვის ან საერთოდ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ამ დებულებას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტიც, სადაც ჩაწერილია: „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს." ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნები დღეს უნდა გავრცელდეს მხოლოდ საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებზე, ასევე ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ხოლო სრული მოცულობით იგი უნდა ამოქმედდეს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი შეეხება შრომის თავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს. ამ მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას, ე.ი. თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც ნათქვამია: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით." როგორც კონსტიტუცია ადგენს, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს კანონით, ე.ი. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეთა შრომით უფლებებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას თავის მოქალაქეთა შრომითი უფლებები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. ამაზე მეტყველებს ამავე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც ჩაწერილია: "შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ."
ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 54-ე მუხლში ზუსტად ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება, ე.ი. მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. აღნიშნული მუხლი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რადგან იგი იცავს მოქალაქეთა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლეთა კონსტიტუციურ შრომით უფლებას. იცავს იმიტომ, რომ მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას. ამდენად, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლება, ანუ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე.
მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, გარდა იმ მოსამართლეებისა, რომლებიც დანიშნული (არჩეული) არიან ამ კანონის შესაბამისად, შეუწყდებათ უფლებამოსილება 1998 წლის 1 მაისს.
1998 წლის 20 თებერვალს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 1 ივლისამდე, ხოლო დანარჩენი რგოლის სასამართლოების მოსამართლეებს 1998 წლის 1 აგვისტომდე. 1998 წლის 17 ივლისს, ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველ პუნქტში კვლავ იქნა შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 20 იანვრამდე. ე.ი. 1999 წლის 20 იანვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდებათ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებს, ხოლო 1999 წლის 1 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტით ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემის მოსამართლეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ, ანუ დათხოვნილი იქნებიან თანამდებობიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამ შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რაიმე საფუძველს. თუ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლი ითვალისწინებს მოსამართლეთა თანამდებობიდან დათხოვნას მხოლოდ კანონში ჩამოთვლილი საფუძვლების მიხედვით, ამავე კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ქვეყნის მოსამართლეთა მთელ კორპუსს უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს, ანუ თანამდებობიდან ითხოვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
სასამართლო კოლეგიის ღრმა რწმენით „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემის მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (თანამდებობიდან დათხოვნას) ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, აშკარად, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე პუნქტს.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებიდან „ლეონარდო დევდარიანი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ," კერძოდ კი მისი სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტიდან მოტანილი ციტატა არ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რადგან აღნიშნულ ციტატაში საუბარია კონსტიტუციის 30-ე მუხლის მხოლოდ პირველ პუნქტზე და არა მთლიანად მუხლზე. მოპასუხე არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლს გარდა პირველი პუნქტისა აქვს მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტები. სწორედ ამ მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით არის დაცული საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც;
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვიდე კონგრესის მიერ 1985 წლის 6 სექტემბერს მიღებულ „სასამართლო ორგანოთა დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებში" საყოველთაოდ აღიარებულია დებულება, რომ არჩეულ ან დანიშნულ მოსამართლეებს აქვთ უფლებამოსილებათა გარანტირებული ვადა პენსიაზე სავალდებულო გასვლამდე ან უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი მოითხოვს კანონმდებლობის ამ პრინციპთან შესაბამისობას.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1994 წლის 13 ოქტომბრის მემორანდუმში, 1998 წლის 8 - 10 ივლისს სტრასბურგში მიღებულ მოსამართლეთა ევროპულ წესდებაში აღიარებულია პრინციპი, რომ მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტა დაიშვება ისეთი ამომწურავი შემთხვევებიდან ერთ-ერთის დადგომისას, როგორიცაა: გადადგომა, საპენსიო ასაკი, სამედიცინო დასკვნა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვა ან დისციპლინური დარღვევა. ეს ის შემთხვევებია, რაც მხედველობაში აქვს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლს, რაც გაითვალისწინა კიდეც „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლმა. საერთაშორისო სამართალი არ ითვალისწინებს ქვეყნის ყველა სისტემის სასამართლოების მოსამართლეთა საყოველთაო დათხოვნის შესაძლებლობას და ამას, თითქმის, არ მოეძებნება ანალოგი სხვა დემოკრატიული ქვეყნების ისტორიაში, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში მყოფ ქვეყნებს, რომლებშიც ეს პროცესი სულ სხვაგვარად მიმდინარეობდა და ძირითადად, ეხებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდის მოსამართლეებს. როდესაც კანონმდებლობაში ცვლილებებს ან ხელმძღვანელობის შეცვლას, მოსამართლეთა კორპუსის მთლიანად შეცვლის ან სასამართლოების სასურველი და საიმედო კადრებით დაკომპლექტების სურვილი მოსდევს, ამ ფაქტს სასამართლო კოლეგია საბჭოეთის გადმონაშთად მიიჩნევს.
ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლით ხელყოფილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი მოითხოვს.
5. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და საქმეზე მოწვეული სპეციალისტების, ბატონების, გიორგი ტყეშელიაძისა და ვახტანგ ხმალაძის აზრს იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის 107-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო წყობილების და იმ პირობათა შეცვლას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, ხოლო აქედან გამომდინარე, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ამ ათწლიანი ვადის გასვლამდე.
კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა."
სასამართლო კოლეგია არ შეიძლება არ დაეთანხმოს მოპასუხეს და სპეციალისტებს იმაში, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი იძლევა სასამართლო წყობილების, მათ შორის, იმ პირობათა შეცვლის შესაძლებლობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ იძლევა კონსტიტუციის შეუსაბამო აქტის მიღების უფლებას, რადგან, როგორც ცნობილია, კონსტიტუცია არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი. სახელმწიფოში მიღებული ყველა კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან და შეესაბამებოდეს მას. თუ კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ შეესაბამება კონსტიტუციას, იგი უნდა გაუქმდეს. ამ კონკრეტულ სიტუაციაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ის დებულება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე, შეწყვეტას - კონსტიტუციას, კერძოდ კი, მისი 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს არ შეესაბამება და იგი უნდა გაუქმდეს. საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლი არა მარტო იძლევა შესაძლებლობას სასამართლო წყობილების შესახებ ახალი ორგანული კანონის მიღებისა, არამედ ავალდებულებს კიდეც საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ აუცილებლად მიიღოს სასამართლო წყობილების შესახებ ახალი ორგანული კანონი, მაგრამ კონსტიტუციის შესაბამისი და არა მისი საწინააღმდეგო.
6.სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოპასუხის მიერ დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ავთანდილ ჭაჭუა არ არის უფლებამოსილი სუბიექტი შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ამდენად, მისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველესად, მოსარჩელე ავთანდილ ჭაჭუა თვლის, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ" 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რის გამოც უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი შრომის უფლება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 39-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
მეორე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, განმწესრიგებელ სხდომაზე, სადაც წყდება საკითხი სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, 1998 წლის 5 ოქტომბერს განიხილა მოქალაქე ავთანდილ ჭაჭუას კონსტიტუციური სარჩელი. სასამართლო კოლეგიამ სრული შემადგენლობით ერთხმად ჩათვალა, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 31-ე და 39-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო სარჩელი შეესაბამება საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამიტომ სასამართლო კოლეგიამ განჩინებით დაადგინა, რომ მოსარჩელე ავთანდილ ჭაჭუას კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნას არსებითად განსახილველად; ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 43-ე მუხლის მე-8 ქვეპუნქტით „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება."
ასევე, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ”ვ" პუნქტის საფუძველზე არ ჰქონდა უფლება, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, რადგან მისი საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება. სასამართლო კოლეგია ეთანხმება სპეციალისტ, ბატონ გიორგი ტყეშელიაძის მიერ საქმის არსებითად განხილვის დროს გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე უპირველესად მოქალაქეა და შეუძლია გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.
ამას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტიც, სადაც ჩაწერილია: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს."
7. სასამართლო კოლეგია ვერ აუვლის გვერდს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ ძირითად საკითხს – ”სასამართლო წყობილების შესახებ" კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, - საქმეზე მოწვეული ხუთი სპეციალისტიდან არც ერთმა არ გასცა იურიდიულად დასაბუთებული, დამაჯერებელი პასუხი. სპეციალისტები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საქმისათვის უფრო ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას (”უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა" და ”თანამდებობიდან განთავისუფლების" იდენტურობის საკითხი, 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის კანონიერება აღიარებულია თუ არა 1995 წლის კონსტიტუციით; 1991 წელს დანიშნულმა მოსამართლეებმა ჩააბარეს თუ არა საკვალიფიკაციო გამოცდები და სხვა) და რატომღაც, თავს არიდებენ ძირითად საკითხზე უფრო ფართოდ და ამომწურავად მსჯელობას; რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაყენებულ საკითხს იმის შესახებ - შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ”საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, ყველა სპეციალისტმა დუმილით გვერდი აუარა.
8. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულ ბატონ ალექსანდრე შუშანაშვილის აზრს იმის შესახებ, რომ სასამართლო წყობილების შესახებ 1991 წელს მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვდა, მოსამართლეობის კანდიდატებს ჩაბარებული ჰქონოდათ საკვალიფიკაციო გამოცდა და, სამწუხაროდ, მათ ასეთი გამოცდა არ ჩაუბარებიათ, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს:
ა) 1990 წლის 28 დეკემბერს მიღებული კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ", რომლის მიხედვითაც მოხდა საქართველოში 1991 წელს მოსამართლეთა დანიშვნა, მოითხოვდა არა ყველა მოსამართლეობის კანდიდატისათვის გამოცდის მოწყობას, როგორც ამას მიუთითებს სპეციალისტი, არამედ მხოლოდ მოსამართლედ და ადმინისტრაციულ მოსამართლედ პირველად დასახელებული კანდიდატებისათვის. ამაზე მიუთითებს ხსენებული კანონის 81-ე მუხლი, სადაც ნათქვამია: „... მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები: აფასებენ მოსამართლედ და ადმინისტრაციულ მოსამართლედ პირველად დასახელებული კანდიდატის მზადყოფნას სასამართლო საქმიანობისათვის და უწყობენ მას საკვალიფიკაციო გამოცდას;
ბ) როგორც საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციიდან მიღებული წერილიდან ირკვევა, 1991 წელს მოსამართლედ და ადმინისტრაციულ მოსამართლედ პირველად დასახელებულ კანდიდატებს, საკვალიფიკაციო კოლეგიის მიერ, ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდა. მოსამართლეობის კანდიდატთა გარკვეულ რაოდენობას, რომლებმაც გამოცდის დროს ვერ გამოავლინეს მოქმედი კანონმდებლობის სათანადო ცოდნა საკვალიფიკაციო კოლეგიის მიერ, მიეცათ უარყოფითი დასკვნა, რის შედეგად მათი კანდიდატურა მოიხსნა. ხოლო იმ პირთა პირად საქმეებში, რომლებსაც მიეცათ დადებითი დასკვნები და შემდეგ დაინიშნენ მოსამართლეებად, ინახება საკვალიფიკაციო კოლეგიის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად გაცემული დასკვნები.
9. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმა საფუძველი გახდება მომავალში უკანონო პრეცედენტის შექმნისათვის, რაც დაუშვებელია, თუნდაც იმ ახლადარჩეული მოსამართლეების უფლებების დასაცავად, რომელთა მიმართ სპეციალისტად მოწვეულმა, ბატონმა ალექსანდრე შუშანაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლება უფლებამოსილია, თუ საჭიროდ დაინახავს, მოკლე ხანში ისევ მთელ სასამართლო კორპუსს შეუწყვიტოს უფლებამოსილება. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოსამართლეთა საყოველთაო დათხოვნა არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მოსაზრებით, ხელისუფლების თვითნებობით ან ხელისუფლების შეცვლის მოტივით. მით უფრო, ბევრი არსებითი მნიშვნელობის კანონი არ არის მიღებული ან არ ამოქმედებულა და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ - ზეგ ისევ დადგეს საკითხი მოსამართლეთა კორპუსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
10. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს სპეციალისტ, ბატონ ალექსანდრე შუშანაშვილის დასკვნას იმის შესახებ, რომ სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილია და ეს უკანასკნელი უფლებამოსილია თავისი შეხედულებით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება მოსამართლეებს: ჯერ ერთი, - თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას მიეცემა უფლება თავისი შეხედულებით ნებისმიერ დროს დაითხოვოს მოსამართლეთა მთელი კორპუსი, ე.ი. სასამართლო ხელისუფლება, მაშინ არარაობად იქცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის ძალით „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით," რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება დანაწილებულია სამ შტოდ: საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. ხელისუფლების ამ სამი შტოს კომპეტენცია ისე უნდა იყოს რეგლამენტირებული კონსტიტუციით, რომ ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა შეეძლოს ხელისუფლების მეორე შტოს ფუნქციების მითვისება და, მით უმეტეს, ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა შეეძლოს ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილების ვადა ხელისუფლების მეორე შტოს; მეორე, - საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და არა თავისი შეხედულებების მიხედვით. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, მაშინ იქნებოდა კანონიერი, თუ ასეთ უფლებას საკანონმდებლო ხელისუფლებას მიანიჭებდა კონსტიტუცია.
11. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასამართლებს სასამართლო რეფორმას და კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება სასამართლო რეფორმის შეჩერებას გამოიწვევს.
სიტყვა „რეფორმა" თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არ არის ერთდროული ღონისძიება და მისი თანდათან განხორციელება იგულისხმება.
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ თავიდანვე რეზერვის გარეშე დაწყებული რეფორმის რამდენჯერმე გადადებას (არ არის გამორიცხული შემდგომი გადადების შესაძლებლობაც) დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია. სასამართლო რეფორმა მხოლოდ მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვტა არ არის. მას სხვა, უფრო დიდი მიზნები და განზომილებები აქვს. რეფორმას პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ამ საფუძვლის გარეშე პირიქით, სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მოქმედებს.
სასამართლო კოლეგია ეთანხმება სპეციალისტ ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომ სამართლიანი იქნებოდა მოქმედ მოსამართლეთა ატესტაციის (ან ცოდნის შემოწმების სხვა საშუალებით) ჩატარება, რომლის შედეგების მიხედვით დადგებოდა ცალკეული და არა ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ამასთანავე, უნდა იმოქმედოს ”საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 54-ე მუხლმა, რომელიც ფაქტობრივად - , უმოქმედოა.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ" ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის ”ე" პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე და 43-ე მუხლებით და ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით, სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს ავთანდილ ჭაჭუას კონსტიტუციური სარჩელი. ”საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გია მეფარიშვილი
2. ავთანდილ აბაშიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4.. ზაურ ჯინჯოლავა