საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის წინაამღდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/7/87 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 9 ნოემბერი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის წინაამღდეგ.
დავის საგანი: დარღვეულია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები: 1) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 31 აგვისტოს №283 ბრძანებულებით “კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ” დროებითი დებულების ცვლილებებითა და დამატებით დამტკიცების შესახებ” და 2) დროებითი დებულებით “კახეთის მხარის სახელმწფიო რწმუნებულის შესახებ; 3) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 18 ნოემბრის №233 განკარგულებით “კახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის დროებითი სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ; 4) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 სექტემბრის №627 დადგენილებით “სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოოს სახელმწიფო მეთაურის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის – სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შესახებ; 5) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 17 აგვისტოს №174 განკარგულებით “სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის – სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის დროებითი სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიხვის დამტკიცების შესახებ”; 6) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 ოქტომბრის №347 ბრძანებულებით “ქვემოქართლის დამტკიცების შესახებ” და 7) დროებითი დებულებით “ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ; 8) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 10 ნოემბრის №228 განკარგულებით “ქვემო ქართლის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ”; 9) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 იანვრის №18 ბრძანებულებით “იმერეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და შესაბამისი დებულების დამტკიცების შესახებ”; 10) დებულებით “იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ; 11) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 თებერვლის №36 ბრძანებულებით “იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ; 12) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 22 თებერვლის №44 ბრძანებულებით “გურიის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ” და 13) დებულებით “გურიის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ; 14) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 აპრილის №131 ბრძანებულებით “გურიის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობისა და ხარჯთაღრიცხის დამტკიცების შესახებ. 15) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 მარტის №55 ბრძანებულებით “შიდა ქართლის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ და 16) დებულებით “შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ; 17) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 მარტის №84 ბრძანებულებით “შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამკიცების შესახებ; 18) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 19 მარტის №70 ბრძანებულებით “მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ”; და 19) დებულებით „მცხეთა–მითანეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ“. 20) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 აპრილის №132 ბრძანებულებით “მცხეთა-მთიანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო განრიგის, რიცხოვნობისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ; 21) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 12 მაისის №163 ბრძანებულებით “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ; 22) დებულებით “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის შესახებ; 23) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებულებით “რაჭა-ლუჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ”. 24) საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 19 დეკემბრის №37 ბრძანებულებით “სამეგრელო–ზემოსვანეთის მხარის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ; 25) “სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით” (სადავო აქტები დასახელუბელია ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია წარმოდენილი).
საქმის განიხილვის მონაწილენი:
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა 53 დეპუტატის შემადგენლობით. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქიის “ბ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ბ” პუნქტისა და 34–ე მუხლის, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 1999 წლის 7 ოქტომბერს გადმოეცა. 19 ოქტომბერს დაიწყო სასამართლო კოლეგიის ღია გამწესრიგებელი სხდომა, რომელზედაც უნდა განხილულიყო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. მოსარჩელეთა წარმომადგენლის სახით შემოტანილი განცხადების საფუძველზე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული იყო და კიდეც გამოცხადა კონსტიტუციურ სარჩელზე ერთ-ერთი ხელმომწერი შალვა ნათელაშვილი. წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის უქონლობის გამო, ასეთი დოკუმენტის წარმოდგენის მიზნით, შ. ნათელაშვილმა სასამართლო კოლეგიას სთხოვა განმწესრიგებელი სხდომის გადადება. ამ გარემოების გათვალისწინებით გამწესრიგებელი სხდომა 3 ნოემბერს განახლდა, მაგრამ ხსენებული საბუთის კვლავ წარმოუდგენლობისა და ამჯერად აგრეთვე თვით შ. ნათელაშვილის გამოუცხადებლობის გამო განხილვა მის გარეშე წარიმართა.
მოსარჩელეები მოპასუხედ ასახელბენ საქართველოს პრუზიდენტს, რომელსაც საკუთრივ მხოლოდ 2 სადავო აქტი მიეკუთვნება. სადავო აქტების უმრავლესობა (22 აქტი) გამოცემულია საქართველოს სახელმწფიოს მეთაურის მიერ. 1 სადავო აქტი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისააა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტია, ვინაიდან იგი არის ადრინდელი მინისტრთა კაბინეტისა და სახელმწიფოს მეთაურის უფლებამონაცვლე.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა საქართველოს პარლამენტისათვის კონსტიტუციითა და კანომდებლობით მინიჭებული კომპეტენცია. სამართლებრივი აქტები ცალკეულ მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და შესაბამისი დებულებების დამტკიცების შესახებ, აგრეთვე თვით დებულებები შეიცავენ მთელ რიგ ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს. ეს გამოვლინდა სადავო აქტების საფუძველზე ახალი ტიპის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მათი მართვის ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნით. მოსარჩელეთა განცხადებით , აღნიშნული სამართლებრივი აქტები, ითვალისწინებენ რა სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებას, იმავდროულად ტერიტორიული ნიშნის მიხედვით განსაზღვრავენ მისი უფლედამოსილების განვრცობადობის ფარგლებს. ის რაიონები, რომლებზეც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება, გაერთიანებულია უფრო მსხვილი ტერიტორიული ერთეულის _ მხარის ფარგლებში. მხარეს აქავს მკაცრად განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საზღვრები, თავისი ადმინისტრაციული ცენტრი და სახელმწიფო-მმართველობიით უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მართვის სტრუქტურები სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის სახით. ყოველივე ეს, მოსარჩელეთა აზრით, იძლევა “იმ სამართლებრივი ნიშნების ერთობლიობას, რომელიც დამახასიათებელია ადამინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნისათვის – მკაცრად განსაზღვრული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების მქონე ტერიტორია, რომელსაც... გააჩნია სახელმწიფო-მმართველობითი უფლებამოსილებით, მათ შორის მხარის ტერიტორიაზე შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებით აღჭურვილი მართვის ორგანოები, რომელთა ორგანიზაციული სტრუქტურა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი ტერიტორიულ პრინციპზეა აგებული”. ამგვარად, მოსარჩელე მხარის დასკვნით, სადავო აქტებით საქართველოში შეიქმნა ახალი ტიპის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები – მხარეები, რაც “წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 2.3. მუხლთან, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტრიული სახელმწიფოებრივი მოწყობა უნდა განისაზღვროს კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ და არა სხვა რომელიმე სამართლებრივი აქტით.” ასევე, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში ან ცალკეულ დავალებათა შესასრულებლდა”. საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა კი ტერიტორიული ერთეულის სახით არ იცნობს მხარეს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები თვლიან, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია და მოითხოვენ სადავო აქტების გაუქმებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა კონსტიტუციური სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ნაწილობრივ დარღვეულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. სახელდობრ, მითითებული არ არის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნტი, რომელიც უფლებას აძლევს მოსარჩელეებს უშუალოდ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, დაცული არ არის ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის კატეგორიული მოთხოვნა – კონსტიტუციურ სარჩელს არ ერთვის მოსარჩელეთა წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. ამასთან, სარჩელში ცალკეული (კერძოდ, მე-4 მე-5, მე-6, მე-8 და 24-ე ნომრებით აღნიშნული) სადავო აქტების დასახელებაში დაშვებულია შეცდომები. მაგალითად, №4 აქტში “სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლის” ნაცვლად არის “სახელმწიფოს წარმომადგენელი”, ხოლო №5-ში “აპარატის დროებითი სტრუქტურის” ნაცვლად – “აპარატის მუშაკთა დროებითი სტურქტურა”.
კონსტიტუციური სარჩელი შეეხება დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ. ასეთ დავას, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 23-ე და 34-ე მუხლების მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კომპეტენციის დარღვევა ნორმატიულ აქტს უკავშირდება. სადავო აქტები, რომლებითაც მოსარჩელეთა მტკიცებით, დაირღვა საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, გამოცემულია 1994-1995 წლებში. 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ”, რომელიც 1997 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა, ადგენს, რომ “ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ” (56-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ამის შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ 1999 წლის 15 ოქტომბერს სათანადო წერილით (№90/87/1) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საპასუხო წერილში (№11/10-60, 1999 წლის 18 ოქტომბერი) სამინისტრომ დაადასტურა სადავო აქტების ნორმატიულობა.
დამატებით, იუსტიციის სამინისტრო წერილში იტყობინება: “ამასთანავე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები გაუქმებულია საქართველოს პრეზიდენტის “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ” 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით”. ამ აქტების გაუქმებასთან ერთად, ბრძანებულების მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობანი მხარეების ნაცვლად დაწესდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბძანებულება “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ”. იუსტიციის სამინისტროს ცნობით (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1999 წლის 18 ოქტომბრის №11/10-60 წერილის თანახმად), გამოქვეყნებულია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”-ში 1999 წლის 15 ოქტომბერს, 52-ე ნომერში. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამასთან (ბრძანებულების დაგვიანებით გამოქვეყნებასთან) დაკავშირებულ გარემოებათა განხილვა და გადაწყვეტა “ნორმატიული აქტების შესახებ” 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 51-ე მუხლთან მიმართებით, რაზედაც მინიშნებულია იუსტიციის სამინისტროს ხსენებულ წერილში, არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ დგას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც “ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ... მიღებულია (გამოცემულია) შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცახდებს”.
კონსტიტუციურ სარჩელში სულ დასახელებულია 25 სადავო ნორმატიული აქტი. ამათგან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ” პირდაპირ ძალადაკარგულად ჩაითვალა 16 აქტი. ესენია კონსტიტუციურ სარჩელში პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-11, მე-12, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, 23-ე და 24-ე რიგითი ნომრებით აღნიშნული სადავო ნორმატიული აქტები.
დანარჩენი 9 სადავო ნორმატიული აქტი, რომლებიც დასახელებულია კონსტიტუციურ სარჩელში, 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩათვლილი აქტების ნუსხაში პირდაპირ, სახელდებით არ იხსენიება, ესენია კონსტიტუციურ სარჩელში მე-2, მე-7, მე-8, მე-10, მე-13, მე-16, მე-19, 22-ე და 25-ე რიგითი ნომრებით აღნიშნული სადავო აქტები.
ამათგან 8 სადავო აქტია კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, გურიის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეების სახელმწიფო რწმუნებულთა დებულებები (კონსტიტუციურ სარჩელში რატომღაც საერთოდ არ იხსენიება მე-9 მხარეში – “სამცხე-ჯავახეთში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის – სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისა და შესაბამისი დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 31 ივლისის №237 ბრძანებულება, მაშინ როდესაც სადავოთა შორის მე–4 და მე–5 რიგითი ნომრებით დასახელებულია ორი აქტი, ხსენებული მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შესახებ). ზემოთ მითითებული უკლებლივ ყველა დებულება დამტკიცებულია იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით (ესენია კონსტიტუციურ სარჩელში პირველი, მე-6, მე-9, მე-12, მე-15, მე-18, 21-ე და 24-ე რიგითი ნომრებით აღნიშნული აქტები). ეს გარემოება, თავისთავად ცხადია, ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ ამ აქტებით დამტკიცებული რვავე დებულებაც იმავდროულად ძალადაკარგულად ჩაითვალა.
ანალოგიურად ითქმის აგრევე იმავე №363 ბრბანებულებაში დაუსახელებელი მე-9 სადავო აქტის შესახებ, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში მე-8 რიგითი ნომრით აღინიშნება (საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 10 ნოემბრის №228 განკარგულება “ქვემო ქართლის მხარეში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ”). ესეც ძალადაკარგულად ითვლება, ვინაიდან მას მოიცავენ კონსტიტუციურ სარჩელში მე-6 და მე-7 რიგითი ნომრებით აღნიშნული აქტები (კერძოდ, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის დროებითი დებულების IV თავი – “სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი”), რომლებიც ძალადაკარგულად ჩაითვალა 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით. ამასთან, ამ აქტის განხილვა არც კი ევალება სასამართლოს, რადგანაც იგი არაა დასახელებული კონსტიტუციური სარჩელის დასკვნით ნაწილში იმ აქტებს შორის, რომელთა განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ მოსარჩელეები, რათა გაირკვეს საკითხი საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის დარღვევის თაობაზე.
ამგვარად, ოცდახუთივე სადავო ნორმატიული აქტი, რომელთა გამოცემითაც, მოსარჩელეთა აზრით, დაირღვა საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები, ძალადაკარგულად არის ჩათვლილი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულებით “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ”.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”. ასეთივე ნორმას შეიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ხელმძღვანელობს რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით, 34-ე მუხლითა და 43—ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-22 მუხლებითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგია
ადენს:
1) არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის დარღვევის შესახებ და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2) ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3) განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)