მოქალაქე იზოლდა ყიფიანი-დევაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/3/89 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 4 ივლისი 2000 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ბესარიონ ზოიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქე იზოლდა ყიფიანი-დევაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს 1983 წლის საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – მოქალვქე იზოლდა ყიფიანი-დევაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშავს, რომ მოქალაქე იზოლდა ყიფიფანი-დევაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №89) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კოლეგიას გადმოეცა 2000 წლის 16 ივნისს. სარჩელი შემოტანილია “საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტსა და 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-10 მუხლზე მითითებით.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოქალაქე იზოლდა ყიფიანი-დევაძის სამოქალაქო სარჩელი მისი “საკუთრების ბინიდან მოქ. რ. ტურავას (ყოფილი რძალი) ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ”. ამით, მოსარჩელის განცხადებით დაირღვა მისი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციის 21-ე და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით: ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლომ 1994 წლის 21 ოქტომბერს გადაწყვეტილება ბინაში რ. ტურავას შესახლების შესახებ “განქორწინებამდე... გამოიტანა, როცა ბინა იმ დროისათვის და ამჟამადაც არის კოოპერატიული და მესაკუთრის უფლების გარეშე მოხდა მისი შესახლება, რაც ყოველგვარი კანონიერების გვერდის ავლით არის გაკეთებული”; სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად მას, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს არ დაუშვას სხვა პირთა მიერ თავისი ქონებით სარგებლობა, ქონების განკარგვა, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი თხოვნა – არ ეცნოთ რ. ტურავას უფლებები მისი საკუთრების ბინაზე, რითაც დაურღვიეს კონსტიტუციური უფლება.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან იცის საბინაო კოდექსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ამასთან, მან მიუთითა, რომ საბიანო კოდექსის 62-ე მუხლის კოოპერატიულ ბინას არ ეხება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც სადავოდ მიაჩნია, რადგან ბინაში შესახლება ამ მუხლის საფუძველზე მოხდა.
კონსტიტუციურ სარჩელში მოქალაქე ი. ყიფიანი-დევაძე მოითხოვდა, მესაკუთრის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებოდა უზენაეს სასამართლოს. განმწესრიგებელ სხდომაზე კი მან მოითხოვა საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის არაკონტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით და მისი გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლთან წინააღმდეგობის გამო.
სასამართლოს კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, თანდართული დოკუმენტებისა და განმწესრიგებელ სხდომაზე თვით მოსარჩელის მიერ მოცემულ განმარტებათა გაანალიზების შემდეგ გამოარკვია საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
I. მოსარჩელე მოითხოვს სადავო მუხლის გაუქმებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლთან წინააღმდეგობის მოტივით. სასამართლო კოლეგია მიუთითეთბს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტისა და 39-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილავს ნორმატიული აქტების ან მათი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლთან საბინაო კოდექსის სადავო მუხლის წინააღმდეგობისა და ამის გამო მისი გაუქმების საკითხის განხილვა. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტის ძალით კი “კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ ... მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი”.
II. მოქალაქე ი. ყიფიანი-დევაძის აზრით, სასამართლოს საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი კოოპერატიული ბინის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსისი 62-ე მუხლი შეეხება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობას სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში. ამ მუხლით, სახელდობრ, განსაზღვრულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდით სახლებში საცხოვრებელი სადგომის “დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა უფლება მოვალეობანი“. მოსარჩელის განცხადებით კი მისი ბინა კოოპერატიულია და ეს ქ. თბილისი ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1994 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული. ხსენებული საბინაო კოდექისი მე-4 და მე-7 მუხლებით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საბინაო ფონდი გამოყოფილია სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდებიდან. მოქალაქეთა უზრუნველყოფა საცხოვრებელი სადგომით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში და ამ სადგომით სარგებლობა კოდექსის ცალკე (მე-5) თავითაა მოსაწესრიგებელი (მუხლები 121-135).
მოსარჩელეს სიტყვით, საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი მის (კოოპერატიულ) ბინას არ ეხება. ამ მუხლის შეფარდება მოქალაქე ი.ყიფიანი-დევაძის ბინის მიმართ არც ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაში არაა განმარტებული. საბინაო კოდექსის 134-ე მუხლის, “საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უფლება-მოვალეობანი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის პირობები და სარგებლობის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება კოოპერატივის წესდებით”. აქედან გამომდინარე და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების 26-ე პუნქტის მიხედვით, საბინაო კოდექსის 62–ე მუხლის ცალკეული დებულებები შეიძლება გამოყენებულიყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების კუთვნილ სახლებში მცხოვრები პირების მიმართ.
III. მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული საბინაო კოდექსი საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვლება 1997 წლის 25 ნოემბრიდან. ბუნებრივია, ამავე დროიდან ძალადაკარგულად ითვლება აგრეთვე მისი 62-ე მუხლიც.
მაგრამ, ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც “სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები”. თუმცა, ერთ-ერთი გამონაკლისის სახით, ამავე პუნქტში აღნიშნულია, რომ ეს პრინციპი არ გამოიყენება, “თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს”.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი გამოყენებულია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში საცხოვრებელი სადგომის, ე.ი. უძრავი ნივთის მიმართ (უძრავი ნივთის ცნების შესახებ იხ. სამოქალაქო კოდექსი, მუხ. 149). სამოქალაქო კოდექსის 1512- მუხლით კი შეიცვალა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სტატუსი და მათი საბინაო ფონდი ახალ წესებს დაექვემდებარა (“საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვლებიან გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით”).
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილმა ურთიერთობებმა არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა და დღეისათვის მათ მიმათ გამოიყენება უძრავი ნივთების შესახებ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ახალი წესები. მაშასადამე, საბინაო კოდექსის ხსენებული მუხლი ამ მხრივაც, ისევე როგორც საერთოდ, ძალადაკარგულია.
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითეთბს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელთა მიხედვითაც “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ამგვარად, საქართველოს სსრ 1993 წლის საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი, მოქალაქე ი. ყიფიანი-დევაძის კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით, ვერ ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტითა და 39-ე მუხლით ნაგულისხმებ ისეთ სადავო აქტად, რომ მის გამო საქმე არსებითად იქნეს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოში.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა აგრეთვე “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე იზოლდა ყიფიანი-დევაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ბესარიონ ზოიძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი).