ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/8/90 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 28 ოქტომბერი 1998 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, მომხსენებლი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: I. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრაძნების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით; II. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 6 აპრილის №139 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანების კონსტიტუციურობა.
საქმის განხილვის მონაწილენი: ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების არსებთიად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ წარდგინგება შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლსა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 და მე-20 მუხლებზე მითითებით.
კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ კრწანისის რაიონის სასამართლოში განიხილება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სარჩელი ლალი ტაბატაძისა და სხვათა სამუშაოზე აღდგენის შესახებ. თანამოსარჩელე ლ. ტაბატაძე შინაგან საქმეთა სამინიტროს სისტემაში მუშაობდა 1957 წლიდან, ხოლო ქ. თბილისის კრწანისის რაიონის პოლიციის სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ოპერატორად – 1967 წლიდან. იგი ითვლებოდა ნებით დაქირავებულ მუშაკად და, აქედან გამომდინარე, მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას აწესრიგებდა შრომის კანონთა კოდექსი და არა “პოლიციის შესახებ” კანონი, რომელიც მხოლოდ ატესტირებულ პოლიციელთა შრომით უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
ლ. ტაბატაძე კრწანისის რაიონის პოლიციის სამმართველოს 1998 წლის 27 მაისის №15პ/შ ბრძანებით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით – შტატების შემცირების მოტივით 1998 წლის 6 აპრილიდან დაითხოვეს სამსახურიდან, მის ნაცვლად კი მიიღეს ახალი მუშაკი. ამასთან დაკავშირებით წარდგინებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუშაკის უკანა რიცხვით სამსახურიდან გათავისუფლება დაუშვებელია, თანაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შტატის შემცირებას ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება და 1998 წლის 6 აპრილის №139 საორგანიზაციო –საშტატო ბრძანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის ბრძანების პუნქტი ადგენს, რომ “...საპასპორტო-სავიზო ოპერატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულები შეიცვალოს უმცროს ინსპექტორ-ოპერატორთა და უმცროს ინსპეტორ-რეგისტრატორთა, რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის ატესტირებულ საშტატო ერთეულებად”.
კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. თავის დროზე ლ. ტაბატაძე სამსახურში მიიღეს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლით (“შრომის ხელშეკრულება”) და მასზე არ ვრცელდება “პოლიციის შესახებ” კანონი. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით “შრომა თავისუფალია”, ხოლო მე-4 პუნქტით “შრომითი უფლებების დაცვა... განისაზღვრება კანონით”. აქედან გამომდინარე, ლ. ტაბატაძის შრომითი უფლებების დაცვა გარანტირებული იყო შრომის კანონთა კოდექსის სათანადო მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებით.
წარდგინების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №85 ბრძანების საფუძველზე მოხდა შესაბამისი სამსახურის “გადაპოლიციელება” და თანამდებობებზე მიიღეს სხვა მუშაკები ხელფასების მომატებით. ეს კი ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები”.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ნორმატიულ აქტთა კატეგორიას განეკუთვნება. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-18 მუხლით, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-17 მუხლით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება კი “არც ერთი საკანონმდებლო აქტის შესრულებას არ ისახავს მიზნად”. რამდენადაც სადავო ბრძანება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იგი უნდა გაუქმდეს. ამის დასასაბუთებლად კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომ “დაუშვებელია” ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით”.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მოითხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანებისა და 1998 წლის 6 აპრილის №139 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში დაცული არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე და “საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია კონსტიტუციური წარდგინების შეტანა. ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოდან შემოტანილი ამ სახელწოდების დოკუმენტის ბოლო გვერდზე გაკეთებულია ხსენებული რაიონული სასამართლოს კანცელარიის გამგის ნაზი გრძელიძის “შენიშვნა” – “ასლი დედანთან სწორია”. ამ მინაწერით გაუგებარია, თუ რომელი დოკუმენტის ასლია კონსტიტუციური წარდგინება.
ამგვარად, კონსტიტუციური წარდგინება რაღაც ასლის სახით არის შემოტანილი, რაც არ შეეფერება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური წარდგინება უნდა შეიტანოს სასამართლომ (საერთო სასამართლომ). საკონსტიტუციო სასამართლოში ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოდან შემოტანილ ამ წარდგინებას კი ხელს აწერს მხოლოდ მოსამართლე ზ. დევდარიანი. ზემოხსენებულ “შენიშვნაში” აღნიშნულია – “საჯულები”: ხელმოწერილია”. საქმის განსახილველად მომზადებისას მოწვეულმა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგემ ნ. გრძელიძემ განმარტა: “როდესაც იწერება წარდგინება თუ სხვა რამე დადგენილება დედანზე აწერს ხელს მოსამართლე და მსაჯულები, მის ასლზე ხელს აწერს მხოლოდ მოსამართლე. მსაჯულები ხელს არ აწერენ. ჩვენ (კანცელარია) აღვნიშნავთ შენიშვნით, რომ მსაჯულებს დედანზე ხელი აქვთ მოწერილი”.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს არ შეეფერება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური წარდგინება უნდა შეიტანოს სასამართლომ – ამ შემთხვევაში როგორც კოლეგიურმა ორგანომ და არა ერთპიროვნულმა მოსამართლემ.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე20 მუხლის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე სასამართლომ უნდა შეაჩეროს შესაბამისი საქმის განხილვა. საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი წარდგინებიდან და თანდართული დოკუმენტებიდან კი არ ჩანს, რომ კრწანისის რაიონის სასამართლომ შეაჩერა საქმე ლ. ტაბატაძისა და სხვა მუშაკების სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, წარდგინებაში მითითებული არ არის სადავო აქტების გამომქვეყნებელი ბეჭდვითი ორგანოს დასახელება (სადავო აქტების გამოქვეყნების თაობაზე საერთოდ არავითარი მინიშნება არ არის საქმის მასალებში.
წარდგინებას თან ახლავს ერთ-ერთი სადავო აქტი, სახელდობრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 6 აპრილის №139 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანება. მაშასადამე, დარღვეულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომ “კონსტიტუციურ... წარდგინებას აუცილებლად უნდა ერთვოდეს... სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი”. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის იმავე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს “საქართველოს კონტიტუციის დებულებანი, რომლებსაც ... კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი”. კანონის ეს მოთხოვნაც არ არის დაცული ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 6 აპრილის №139 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებასთან მიმართებით და აღნიშნულ გარემოებათა გამო საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმჯელებს მისი კონსტიტუციურობის შესახებ.
წარდგინებაში არ არის ზუსტად დაცული “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობის იმ ნორმების მითითების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას აძლევს. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების შეტანის შესაძლებლობას. ამასთან, აღნიშნული არ არის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის სათანადო მუხლები.
მითიებული არ არის აგრეთვე წარდგიანებაზე თანდართული დოკუმენტი, რითაც დარღვეულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტი.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის ბრძანების გაუქმებას ნორმატიული აქტების გამოცემისათვის დადგენილი წესების დარღვევის მოტივით, რაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის ბრძანების გაუქმებას ნორმატიული აქტების გამოცემისათვის დადგენილი წესების დარღვევის მოტივით, რაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
“ნორმატიული აქტების შესახებ” 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით, “საქართველოს მინისტრის... ნორმატიული აქტის პროექტი გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას მისი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის შესახებ”. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო რეესტრში უნდა შევიდეს საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი”. ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით, “ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო... ორგანო ვალდებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ნორმატიული აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გადასცეს იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს”. აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტით კი, “საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ნორმატიული აქტის მიღებიდან (გამოცემიდან) 2 დღის ვადაში შეიტანოს იგი სახელმწიფო რეესტრში და მიანიჭოს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი”. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის სახელზე გამოგზავნილი №01/12-36 წერილიდან ირკვევა, “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი არ არის. აღნიშნული ბრძანება არ ყოფილა წარმოდგენილი არც სამართლებრივი დასკვნისათვის”. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკ დ. კობახიძის 1998 წლის 22 ოქტომბრის №5/61-2326 წერილში საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარისადმი აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №85 ბრძანება არის “მოქმედი კანონებისა და კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ერჯერადი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი... იგი არ წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიულ აქტს და არ შეიცავს მისი მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს”. აქედან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად აქტად ვერ მიიჩნევს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ა” და “გ” პუნქტებითა და 21-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანების, აგრეთვე ამავე სამინისტროს 1998 წლის 6 აპრილის №139 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი).