ნინო ვარძელაშვილი, ლამარა ნიკოლაიშვილი, მერი თოფჩიშვილი და მ. დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/91/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 27 ივნისი 2000 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: ნინო ვარძელაშვილი, ლამარა ნიკოლაიშვილი, მერი თოფჩიშვილი და მ. დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: ნინო ვარძელაშვილი, ლამარა ნიკოლაიშვილი, მერი თოფჩიშვილი და მ. დავითაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1998 წლის 15 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს ნ. ვარძელაშვილმა, ლ. ნიკოლაიშვილმა, მ. თოფჩიშვილმა და მ. დავითაშვილმა.
მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ნაწილში მოთავსებული 1512-ე მუხლით 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმებულ იქნა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები; მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში დარჩა.
მოსარჩელეები თვლიან, რომ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი აუქმებს საკუთრების კოოპერაციულ ფორმას, ათანაბრებს მას ახლად შექმნილ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებთან, რითაც არღვევს კოოპერატივების და მათ მობინადრეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს საკუთრების შესახებ.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საცხოვრებელი სახლის საკუთარი სახსრებით მშენებლობის, ექსპლუატაციისათვის შექმნილი მესაკუთრეთა იურიდიული სტატუსის მქონე გაერთიანებაა, სახელმწიფოსაგან უვადო სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთით, საბანკო ანგარიშით, წესდებით, ბეჭდით, შტამპით და მათი უფლებისმონაცვლედ ახლად შესაქმნელი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების მიჩნევას მოსარჩელეები კანონშემოქმედთა შეცდომად და მათ მიერ უკანონობის დაკანონებად თვლიან.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების გაუქმებამ:
1. მოშალა 40 წლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული და კარგად ორგანიზებული მათი სამეურნეო საქმიანობა;
2. საკუთარი ქონების გასხვისებაზე უფლებისა და კონტროლის ჩამორთმევას შედეგად მოჰყვა სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ კოოპერატივების ქონების წართმევა და განუკითხავად გაყიდვა;
3. კოოპერატივების ქონებით მოსარგებლე სახელმწიფო დაწესებულებებმა შეუწყვიტეს მათ საიჯარო ქირის გადახდა;
4. ახალ მესაკუთრეთა მიერ წარმოებულმა გადაკეთებებმა კოოპერაციული საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდე მიიყვანა;
5. გაისმის მუქარა საბინაო-სამშენებლო სახლებში არაპრივატიზებული ბინების მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ;
6. გვაიძულებენ ახლადჩამოყალიბებულ მომსახურების ცენტრებში გაერთიანებას და მათ დაქვემდებარებას;
7. წართმეული ქონების დაბრუნების თაობაზე სარჩელის შეტანისას სამართალდამცავი ორგანოები არ ცნობენ კოოპერატივებს;
8. დაირღვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული საბანკო ურთიერთობები და კოოპერატივებზე ინფორმაციის გაცემის სისტემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლი.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მოქალაქეთა სარჩელებს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებაში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ მოქალაქის კონსტიტუციურ სარჩელს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია თვითონ კონსტიტუციური სარჩელის შემომტანი კონკრეტული პირის უფლებები და თავისუფლებები.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული არ არის და მოსარჩელეებმა ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითეს, რაში გამოიხატა მათი, როგორც ფიზიკური პირების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლების შელახვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლმა 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმებულად ჩათვალა საბინაო-საამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები და მათ უფლებამონაცვლეებად მიიჩნია მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში დარჩა.
1964 წლის 26 დეკემბრის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 97-ე მუხლისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების 22-ე პუნქტის თანახმად, კოოპერატივების მიერ აგებულ საცხოვრებელ შენობებზე კოოპერატივებს გააჩნდათ კოოპერაციული საკუთრების უფლება, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლით გაუქმდა. რაც შეეხება კოოპერატივის წევრებს, მათ, ამავე წესდების 26-ე პუნქტის თანახმად, პაის ოდენობის შესაბამისი ცალკე ბინა, მხოლოდ მუდმივი სარგებლობაში გადაეცემოდათ და არ წარმოადგენენ ამ ბინების მესაკუთრეებს.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების გაუქმებით, სახელმწიფო სესხის დავალიანების დაფარვისაგან მათი განთავისუფლებით და კოოპერატივების მეპაიე წევრებისათვის მათ მიერ დაკავებული ბინების საკუთრებაში გადაცემით, სახელმწიფომ პირიქით, გააუმჯობესა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრების, მათ შორის, მოსარჩელეების (ამ კოოპერატივების ყოფილი თავმჯდომარეების) მდგომარეობაც, რომლებსაც სარგებლობის უფლებით დაკავებული ბინები საკუთრებაში, ე.ი. შემდგომი განკარგვის უფლებით გადაეცათ.
ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლმა გააუქმა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების კოოპერაციული საკუთრება და კოოპერატივის წევრები (მოსარჩელეები) არ სარგებლობდნენ საკუთრების უფლებით, ამ უკანასკნელებს არა აქვთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო მუხლის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში, რომელიც პირის მხოლოდ საკუთრების უფლებას იცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირების (სუბიექტების) მიერ და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, იგი განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე და 42-ე მუხლებით, საქართველოს კანონით “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-16 და მე-18 მუხლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელეების – ნ. ვარძელაშვილი, ლ. ნიკოლაიშვილის, მ. თოფჩიშვილის და მ. დავითაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
კოლეგიის წევრები:
ოთარ ბენიძე;
ავთანდილ აბაშიძე;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.