ნელი ბურჭულაძე, ლეილა ბურჯალიანი, ნათელა გაბრიაძე და სხვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/4/93 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 10 ოქტომბერი 2000 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ბესარიონ ზოიძე – წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – შევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ნელი ბურჭულაძე, ლეილა ბურჯალიანი, ნათელა გაბრიაძე და სხვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
დავის საგი: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენელი ამბერკი ოქროპირიძე.
საქართველოს მოქალაქეების – ნელი ბურჭულაძის, ლეილა ბურჯალიანის, ნათელა გაბრიაძის, მერი თურმანოვას, თამარ მაზმიშვილი-ლომსაძის, ლიუდმილა ჩიხლაძის, მზედარი სამთაძის, ნინო შიოშვილის, ნუნუ ბილანიშვილის, ლალი ტაბატაძის, ფიცური შენგელიას, ეთერ ალექსიშვილის, ლამარა ხიდეშელის, ცირა გულედანის, ციალა მესხის, თინა ზეიკიძის, ნონა კვარაცხელიას, მარინა ქათამაძის, ქეთევან ლიპარიშვილის, ლილი მარიამულის, ლაურა ტალახაძის, ლატავრა სეხნიაშვილის, მარინა ხარებავას, დარეჯან მაჭავარიანისა და ნანი გოგილავას 93-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორისა და რეგისტრატორის თანამდებობებზე და ითვლებოდნენ ნებით დაქირავებულ მუშაკებად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანებით რეგისტრატორთა და ოპერატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულები რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის ატესტირებულ საშტატო ერთეულებად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანებით მოხდა შესაბამისი სამსახურის “გადაპოლიციელება” და მათ ადგილზე მიიღეს სხვა მუშაკები ხელფასების მომატებით. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით კი “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები”.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს – “შრომა თავისუფალია”, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 პუნქტს: “შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრუწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით”. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით, “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. მოსარჩელეთა განცხადებით, ისინი თავის დროზე სამუშაოზე მიიღეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად („შრომის ხელშეკრულება”), ე.ი. მათზე, როგორც ნებით დაქირავებულებზე, ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შრომის კანონმდებლობა და არა კანონი “პოლიციის შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს ატესტირებულ პოლიციელთა შრომით უფლება-მოვალეობებს. მოსარჩელეთა სიტყვით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე, 34-ე და 35-ე მუხლები არ ცნობენ ასაკის გამო მუშა-მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებას. შრომის კანონთა კოდექსის არც ერთი მუხლი არ აძლევს ადმინისტრაციას უფლებას დააწესოს მუშაკზე ასაკით შეზღუდვა და დაითხოვოს სამუშაოდან.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანებით საფუძველი დაედო სამუშაო ადგილებიდან მათ განთავისუფლებას. ამიტომ ისინი მოითხოვენ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვასა და სადავო აქტის გაუქმებას.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ბრძანება “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ითვლება ნორმატიულ აქტად. ამდენად, მასზე ვრცელდება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნორმატიული აქტი უნდა გაუქმდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით – მასში არ არის მითითებული, თუ “რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი”. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ა. ოქროპირიძემ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამასთან ერთად, მისი თქმით, აღნიშნული ბრძანება “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51-ე მუხლის უხეში დარღვევითაა მიღებული, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, კერძოდ კი მე-17 და 30-ე მუხლები. ამიტომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა თხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მიიღოს საქმე არსებითად განსახილველად და გააუქმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავო ბრძანება.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები თხოვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მათი სარჩელის შეერთებას ქ. თბილისის კრწანისის რაიონის კონსტიტუციურ წარდგინებასთან (რეგისტრაციის №90).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური წარდგინების შეერთების, მათი ერთ საქმედ გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე: აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, კონსტიტუციურ წარდგინებისას კი განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშავს, რომ მან 1998 წლის 23 ოქტომბერს განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა ქ. თბილისი კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით. სასამართლო კოლეგიამ ამ საკითხზე იმავე წლის 28 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება (№1/8/90) და დაადგინა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური წარდგინება არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
ამგვარად, მოქალექეების – ნ. ბურჭულაძის, ლ. ბურჯალიანის, ნ. გაბრიაძისა და სხვების კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ 1998 წლის 28 ოქტომბერს გადაწყვიტა. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “დ” პუნქტის ძალით კი “კონსტიტუციური სარჩელი... განსახილველად არ მიიღება, თუ... მასში მითითებული საკითხი უკევ გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ”.
მოსარჩელეთა და მათი წარმომადგენლის მოთხოვნის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი და გადაწყვიტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის №85 ბრძანების გაუქმების საკითხი იმ მოტივით, რომ იგი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირევლი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად^ საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. მოქალაქეების – ნ. ბურჭულაძის, ლ. ბურჯალიანის, ნ. გაბრიაძისა და სხვების კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული სადავო ბრძანების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 1998 წლის 28 ოქტომბრის ზემოხსენებულ განჩინებაში მითითებულია? რომ იგი არანორმატიულია და ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად აქტად ვერ მიიჩნევა. ამასთან დაკავშირებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „გ“ პუნქტი განსაზღვრავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელი... განსახილველად არ მიიღება, თუ... მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი“.
სწორედ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–18 მუხლის „გ“ პუნქტში გათვალისწინებული გარემოება იყო ერთ–ერთი მოტივი რომელზე მითითებითაც არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის #85 ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–19 მუხლის მიხედვით კი, ამ კანონის მე–18 მუხლის „გ“ პუნქტში აღნიშნული მოტივით „კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას“.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე–8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–18 მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებით? მე–19 და 21–ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქეების – ნელი ბურჭულაძის, ლეილა ბურჯალიანის, ნათელა გაბრიაძისა და სხვების კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპასპორტო–სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის დანაყოფებში ოპერატორთა და რეგისტრატორთა ნებით დაქირავებული საშტატო ერთეულების რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის საშტატო ერთეულებად შეცვლის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 5 მარტის #85 ბრძანების კონსტიტუციურობის თაობაზე და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე:
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ზოიძე (წევრი)
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი)