საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/624 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აპრილი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე – თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №624) მომართა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გოგალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 2 თებერვალს.
2. №624 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 3 აპრილს.
3. №624 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკთათვის კომპენსაციის დანიშვნის საჭირო მოთხოვნებსა და კომპენსაციის გაანგარიშების წესს. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, „კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის ყოფილ მუშაკს, რომელიც 2004 წლის 11 ივნისს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის კანცელარიის უფროსის თანამდებობიდან. გათავისუფლების დროისათვის მისი მუშაობის სტაჟმა შეადგინა 23 წელი.
7. მოსარჩელის მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართეველოს კანონში 2014 წლის 22 აპრილს კანონში შესული ცვლილების შედეგად, მე-9 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკთათვის კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო მოთხოვნები და კომპენსაციის გაანგარიშების წესი.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2014 წლის მაისის თვეში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, თუმცა, რადგან სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება ხდება დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 142 ლარი, რაც ნაკლებია სახელმწიფო პენსიაზე.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო წესის დისკრიმინაციულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ კომპენსაციის გამოთვლა ხდება პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების დროს არსებულ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით. იგი უთითებს, რომ დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 520 ლარს, რაც ბევრად ჩამორჩება ანალოგიურ თანამდებობაზე დღეს არსებულ თანამდებობრივ სარგოს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად განსხვავებულია თითოეულის კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაც, რაც იწვევს ერთსა და იმავე თანამდებობაზე მყოფ, მაგრამ სხვადასხვა დროს დათხოვნილ პროკურატურის მუშაკთა გაუმართლებელ დიფერენცირებას.
10. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით იმპერატიულადაა აღიარებული და დაცული ყველა ადამიანის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა. უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, მათ შორის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
11. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის ხსენებული მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობას სოციალური ცხოვრების სფეროში. უფლება აბსოლუტურ ხასიათს ატარებს და კონსტიტუცია მისი შეზღუდვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სადავო ნორმა კი, რამდენადაც იგი ახდენს საქართველოს პროკურატურიდან სხვადასხვა დროს დათხოვნილ მუშაკთა გაუმართლებელ დიფერენცირებას, არღვევს სოციალურ ცხოვრებაში საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 38-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიურ მოთხოვნას ადგენს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა არეგულირებს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ პროკურატურის მუშაკის მიერ მისაღები სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, პროკურატურიდან დათხოვნილი მუშაკის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-სა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%-ით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სოციალური ცხოვრების სფეროში განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი „უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას. უმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნები, რომლებიც მას სხვებისაგან განასხვავებენ და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის ან ენის შენარჩუნებისაკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის №2/8/366 განჩინება საქმეზე „იურიდიული პირები – ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კავშირი „მიზანი – 2005“ – ის თავმჯდომარე – ნოდარ ცოტნიაშვილი; საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს კავშირის თავმჯდომარე – ელვერ კუპატაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული არგუმენტაციიდან არ იკვეთება, რომ სადავო ნორმები მიმართულია უმცირესობის უფლებების შეზღუდვისკენ ან/და მოსარჩელე მიეკუთვნება კონსტიტუციის 38-ე მუხლში მითითებულ რომელიმე უმცირესობას. ამ თვალსაზრისით მოსარჩელე საერთოდ არ უთითებს ნორმის პრობლემატურობის შესახებ. სარჩელში არ არის მოყვანილი რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე უმცირესობას მიეკუთვნება და სადავო ნორმა რომელიმე მითითებული ნიშნის მიხედვით აყენებს მას უთანასწორო მდგომარეობაში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, №624 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. №624 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და ითხოვს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. საკონსტიტუციო სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით. სახელმწიფო ბაჟის ოდენობასა და გადახდის წესს ადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 10 ლარს, რომლისგან გათავისუფლების საფუძველს კანონი არ განსაზღვრავს. ამავე დროს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გაზრდის ან შემცირების უფლებამოსილება. ვინაიდან არ არსებობს სახელმწფიო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მოსარჩელის შუამდგომლობა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №624 (საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №624 (საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი