მოქალაქე გიორგი ყორღანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/94/12 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2000 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ავთანდილ აბაშიძე – მომხსენებელი მოსამართლე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: „მოქალაქე გიორგი ყორღანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოპასუხე: - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ლევან ბეჟანიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2000 წლის 27 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის №2/94/1 განჩინებით მოქალაქე გიორგი ყორღანაშივლის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №94) მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთებთან მიმართებით.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელით მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს და არაკონსტიტუციურად სცნოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლი, რომლის თანახმადაც: „პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას“. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თვლის, რომ კანონის აღნიშნული მუხლი სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან.
მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსარჩელის პოზიცია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით არის სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, „1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
მოპასუხის აზრით, საკუთრების უფლება არის ქონებრივი მდგომარეობის გარანტია, რომელიც საკუთრების პირად სამართლებრივ მხარეს შეეხება. გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, საკუთრება არის ნივთის სარგებლობის და მისი განკარგვის თავისუფლება, რომელიც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ განსაზღვრული მართლწესრიგის პირობებში.
მოპასუხე თვლის, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არ არის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას და ამდენად, იგი სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. მოპასუხისათვის ასევე გაუგებარია, რა პარალელები გაავლო მოსარჩელემ საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმებასა და პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისათვის გადაცემის სამართლებრივ ბუნებებს შორის.
საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი და მე-4 მუხლების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას აზორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. პოლიტიკური გაერთიანების წევრობა მოქალაქის პირადი, პოლიტიკური ხასიათის უფლებაა და იგი არ არის ქონებრივ უფლებებთან უშუალო კავშირში. წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის.
პარტიას, როგორც იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი ქონება და ეს ქონება არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება წევრთა პირად ქონებას. პარტია, როგორც იურიდიული პირი, ამ ქონების მესაკუთრეა. თავად პარტია კი არავის საკუთრება არ არის, არც დამფუძნებლების და არც სხვა წევრების და ამდენად „მესაკუთრის“ ცნების გამოყენება იურიდიული პირის მიმართ სამართლებრივი თვალსაზრისით არამართლზომიერია.
მოპასუხის აზრით, პარტიის წევრები არ ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას საწევრო შენატანებზე, პარტიისათვის გადაცემულ ქონებაზე, პოლიტიკური პარტიის არცერთ წევრს არა აქვს საკუთრების უფლება პარტიის კუთვნილი ქონების წილზე გაერთიანებიდან გასვლის შემთხვევაშიც კი. ანუ, ამ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების უფლების ნებაყოფლობით სახელშეკრულებო ბოჭვა გარკვეული სოციალური მიზნის, ფუნქციის შესრურლების სასარგელოდ და ამდენად, საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ შეიძლება ამ დროს დარღვეულად იქნეს მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, კანონმდებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკური პარტიის აკრძლავის ან თვითლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება, როგორც „უპატრონო“, გადაეცეს სახელმწიფოს, ვინაიდან ორგანული კანონის 32-ე, 33-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ პარტიის სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე აღნიშნავს, რომ უპატრონო ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემას აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, მემკვიდრეობითი, კავშირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას.
მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს პარტიის აკრძალვის და თვითლიკვიდაციის, როგორც იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სამართლებრივ ბუნებაზე. ლიკვიდაცია წარმოადგენს განგრძობად პროცესს და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რის შემდეგაც დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ და დადგენილ პრინციპებთან და აქედან გამომდინარე, არ სცნობს კონსტიტუციურ სარჩელს.
სასამართლომ, მოისმინა რა მოპასუხის პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოარკვია შემდეგი:
მოქალაქე გიორგი ყორღანაშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარეს კანონის შესაბამისად, ორჯერ გაეგზავნა სასამართლო უწყება. რის მიუხედავადაც, იგი არცერთხელ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, სასამართლომ ვერ მოისმინა მოსარჩელე მხარის არგუმენტები მოპასუხე მხარის განმარტებასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლო კოლეგიას მტკიცებულებების სახით მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელი, მასზე თანდართული დოკუმენტები და მოპასუხე მხარის პოზიცია გააჩნია. ამდენად, სასამართლოსათვის გაურკვეველი რჩება მოსარჩელე გ. ყორღანაშვილის სამართლებრივი დასაბუთება სადავო დებულებით მისი საკუთრების უფლების შელახვასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიერ არსებული მასალების შეფასებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს შემადგენლობის ხმები თანაბრად გაიყო. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „თუ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ... კოლეგიის ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი ... არ დაკმაყოფილდება“. ამდენად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
იხელმძღვანელა რა, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით, 25-ე მუხლის, პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მოქალაქე გიორგი ყორღანაშვილის კონსტიტუციური სარჩელი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით – არ დაკმაყოფილდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოს მოსარჩელე მხარეს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე
2. ავთანდილ აბაშიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა