საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/5/95 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 29 ნოემბერი 2000 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ნოემბერი 2000 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ბესარიონ ზოიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელის – საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები (ა) საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე თეიმურაზ ლომსაძე და (ბ) საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული გრიგოლ შალამბერიძე;
2. მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგე ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ სარჩელი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს სახალხო დამცველმა დავით სალარიძემ შემოიტანა. ამჟამად, როცა კონსტიტუციურ სარჩელს, მისი რეგისტრაციის რიგის შესაბამისად, არსებითად განხილვის მიზნით მსვლელობა მიეცა, მოსარჩელეა დავით სალარიძის უფლებამონაცვლე საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე – ახლანდელი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. ასეთივე ოდენობით აუნაზღაურდებათ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მაშინაც, როცა შრომის წიგნაკში არასწორად არის ფორმულირებული დათხოვნის მიზეზი, რაც მუშაკს ხელს უშლიდა მოწყობილიყო ახალ სამუშაოზე. მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს აგრეთვე, რომ ასევე ერთ წლამდე ვადით არის შეზღუდული ხელფასის ანაზღაურება იძულებით გაცდენილი დროისათვის 207-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.
მოსარჩელის აზრით, შრომის კანონთა კოდექსის აღნიშნული მუხლის შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. ამ პუნქტით ვადის დათქმის გარეშე გარანტირებულია ყველასათვის სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ძირითადი კანონის შესაბამისად მოქალაქე არ შეიძლება შეიზღუდოს განაცდურის ვადით და მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს უკანონო დათხოვნის შედეგად მიყენებული ზარალი.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სთხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან არაკონსტიტუციურად ცნოს და გააუქმოს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები.
გამწესრიგებელ სხდომაზე მოსმენის შედეგად სასამართლო კოლეგიამ 2000 წლის 2 ნოემბრის №1/4/95 განჩინებით საქმე მიიღო არსებითად განსახილველად, ამასთან, სასამართლო პროცესზე მოიწვია მოწმე, აგრეთვე სპეციალისტი, რაც დადგენილი წესით აცნობა მხარეებს და მოწვეულ პირებს. მაგრამ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ავადმყოფობის მოტივით არ გამოცხადდა. ამ მიზეზით პროცესის გადადების შემდეგ გამართულ სასამართლო სხდომაზე კი მან, არსებითად განხილვის დაწყებამდე, დააყენა შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ.
მოპასუხის წარმომადგენელმა საქმის შეწყვეტის თაობაზე თავისი შუამდგომლობის საბუთად სასამართლო კოლეგიას წარმოუდგინა “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წლის 21 ნოემბერს მიღებული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის ასლი, რომელიც დამოწმებულია საქართველოს პარლამენტის ბეჭდით. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან ამოღებულია სიტყვები – “მაგრამ არ უმეტეს ერთი წლისა”. ამ კანონის მიღებით, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა შრომის კანონთა კოდექსი თვითონვე შეუსაბამა კონსტიტუციას და ზარალის ანაზღაურების კონკრეტული ვადა გააუქმა. აქედან გამომდინარე მან, დავის საგნის არარსებობის მოტივით, მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები არსებითად დაეთანხმნენ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობას. ახალ მიღებული კანონის ოფიციალურად გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის პირობით მათ შესაძლებლად მიიჩნიეს საქმის შეწყვეტა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანონი უკვე გადაეცა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს და მალე გამოქვეყნდება.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ხსენებული კანონი საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – “საქართველოს საკანონმმდებლო მაცნეში” (I ნაწილი №42) გამოქვეყნად 2000 წლის 24 ნოემბერს, – საქმის შეწყვეტის თაობაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის სათათბირო ოთახში განხილვისა და სათანადო განჩინების მომზადების პროცესში. ამ კანონითვე დადგენილი ვადის შესაბამისად, იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე–2 პუნქტზე, რომელთა ძალითაც „... საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს
1. შეწყდეს საქმე – „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–3 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–9 პუნქტთან მიმართები,
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება,
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ზოიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი)