გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1498 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ჭაუჭიძე |
თარიღი | 23 აპრილი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #180 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
“ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით კრძალავს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლას |
მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად აკრძალული მაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა, უკვე რამდენიმე კვირაა ჩარჩენილი ვარ მარნეულის ტერიტორიაზე და არ მეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად დაცულია ადამიანის თავისუფალი მიმოსვლის უფლება.
ვინაიდან, შესაბამისი ორგანოების მიერ, დადგენილების საფუძველზე არ მეძლევა თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ვთვლი, რომ დარღვეული კონსტიტუციით დაცული უფლება - თავისუფალი მიმოსვლის უფლება.
საქართველოს მთავრობა ამ შეზღუდვას იყენებს ისე, რომ მე არ მაქვს დადასტურებულად Covid-19.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავო სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმის შინაარსი
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის #1 დეკრეტის საფუძველზე გამოიცა „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს/ვადით ადგენს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტბში განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს.
ამავე დადგენილების შესაბამისად, აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა.
აღნიშნული დადგენილების მიზანია საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთა და პრევენცია.
ამავე დადგენილებაში ჩამოთვლილია „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, ერთ-ერთ ასეთ ღონისძიება წარმოადგენს მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვა.
სადავო ნორმების შესაბამისობა კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებთან
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ წინამდებარე სარჩელში მითითებული სადავო ნორმები არ შეესაბამება დასახელებულ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციურ-სამართლებრივ მოთხოვნებს. უფრო კონკრეტულად, სადავო გამხდარი რეგულირებები ვერ პასუხობს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებით დაცული უფლებებით გათვალისწინებულ ფორმალურ გარანტიებს, ვინაიდან გასაჩივრებული რეგულირებები არ არის დადგენილი კანონით და, იმავდროულად, საკანონმდებლო ორგანოს არ შეეძლო აღნიშნული საკითხების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს მთავრობაზე.
ადამიანის უფლებებში ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-13). აღნიშნული ფორმალური მოთხოვნების დაუცველობა კი, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, იწვევს ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. სასამართლოსვე მითითებით, „საქართველოს კონსტიტუციის...განმტკიცებული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპები სახელმწიფო ხელისუფლებას მკაცრ კონსტიტუციურსამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). „კონსტიტუციითა და მისი ძირითადი პრინციპებით სახელმწიფო ხელისუფლების ბოჭვა, მათ შორის, მოიცავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
მოცემულ საქმეზე დასახელებული ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების შესაზღუდად, აუცილებელია, მათში ჩარევა გათვალისწინებული იყოს კანონით. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, მიიჩნევს რომ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კანონით უფლებებში ჩარევის მოთხოვნას ანაცვლებს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც, თავის მხრივ, ორგანული კანონის ძალის მქონე აქტია.
თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპის, განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი დააკანონოს პარლამენტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა უქმდება.
მართალია, პარლამენტის მიერ დეკრეტის დამტკიცება თვისობრივად განსხვავდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონის მიღებისგან, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პარლამენტის ჩართულობას ფორმალური ხასიათი აქვს. მეტიც, საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს სამართლებრივ რეჟიმს, როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფოს უჩნდება ლეგიტიმური აუცილებლობა გაატაროს კონკრეტული, მათ შორის, უფლებების შემზღუდველი ღონისძიებები სწრაფად და ოპერატიულად, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივაად იზრდება ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვის საფრთხე, ვიდრე ეს აუცილებელია დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
აქვე, მოსარჩელე მხარეს სურს, სასამართლოს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, სახელმწიფოს აქვს ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბერკეტი ადამიანის უფლებების მოთხოვნებისგან გადასახვევად: 1) უფლებების შეზღუდვა; 2) უფლებების შეჩერება. საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებების შეზღუდვა გულისხმობს, სწორედ კანონის ნაცვლად, დეკრეტით უფლებების შეზღუდვას, მაგრამ სახელმწიფოს არ შეუძლია უფლებათა მოქმედების როგორც გარანტიების შეჩერება, ასევე უფლებებში ჩარევის ლეგიტიმური მიზნების კორექტირება ან/და გაფართოება. მეტიც, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შემზღუდველი რეგულაციებით დადგენილი ჩარევები ისევე უნდა შემოწმდეს სასამართლოს მხრიდან, როგორც ჩვეულებრივ მოწმდება. მაშინ როდესაც, უფლებების შეჩერების შემთხვევა, კლასიკურის გაგებით „დეროგაციის“ რეჟიმია და, ამ დროს, სახელმწიფოს შეუძლია, უფლებებით გათვალისწინებული გარანტიების შეჩერება ანდა ამ უფლებებში ჩარევის ლეგიტიმური მიზნების გაფართოება.
მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში, პარლამენტის მხრიდან საგანგებო რეჟიმის დაკანონება საციცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა სახელმწიფომ, უფლებების შეზღუდვის ან შეჩერების მოტივით, არ გადაამეტოს თავის ძალაუფლებას, დაიცვას კონსტიტუციის მოთხოვნების და იმაზე მეტად არ შეზღუდოს ჩვენი უფლებები, ვიდრე ეს უკიდურესათ აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, საქართველოს პარლამენტმა ზოგადად დაუშვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა და დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება და დეკრეტი, რომელიც თავის მხრივ შინაარსობრივად, არ შეიცავს დეტალურ მოწესრიგებას, თუ როგორ, რა მოცულობით და ჩარჩოთი უნდა შეიზღუდოს დასახელებულ აქტებში მითითებული უფლებები და თავისუფლებები.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ, საკონსტიტუციო სასამართლოსვე სტანდარტით, ზოგადად, დასაშვებია, პარლამენტის მხრიდან საკითხის დელეგირების უფლებამოსილება კომპეტენტურ ორგანოზე (რომელის თავის მხრივ კანონით უნდა იყოს განსაზღვრული), იმ პირობით, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიხედულების ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და კონსტიტუციური პრინციპებით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II.პ.20.).
მეტიც, სასამართლოს განმარტებით, „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ... ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს (ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. პ.33).
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემული დავის მიზნებისთვის, საქართველოს პარლამენტმა, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტისა და ბრძანების ამ შინაარსის დამტკიცებით, უარი თქვა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე. კერძოდ, მის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების შედეგად, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთლიანად გადაეცა მთავრობას, აღმასრულებელ ხელისუფლებას და დღევანდელი მდგომარეობით, სწორედ მთავრობაზეა დამოკიდებული უფლებების შეზღუდვის ფარგლები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
სასამართლო ერთმნიშვნელოვნად და გარკვევით მიუთითებს, რომ ძირითადი უფლების კანონით შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზებას, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურად დაცვას. ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი „... როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით... აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6, 7).
„ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ. სახელმწიფო ხელისუფლების ამგვარი ინსტიტუციონალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება სახელისუფლებლო ძალაუფლების უზურპირების პრევენცია, უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2).
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ბრძანებითა და დეკრეტით, სხვა კომპეტენტურ ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ის ორგანო, რომელსაც დელეგირებით ენიჭება გარკვეული უფლებამოსილება, ასევე ამ უფლებამოსილების ფარგლები, რათა არალეგიტიმურად და თვითნებურად არ მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა.
მოცემულ შემთხვევაში, პარლამენტმა აღნიშნული უფლებამოსილებები გადასცა მთავრობას, ხოლო თავის მხრივ, მთავრომა მიიღო სადავოდ გამხდარი კანონქვემდებარე აქტები. თუმცა, პარლამენტი, თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას, ესე იგი საგანგებო მდგომარეობის დაკანონებისას, ვალდებული იყო, არ დაეკანონებინა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომელშიც ზედმიწევნით და დეტალურად არ არის დადგენილის, თუ რა ფარგლებში შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
მოსარჩელის პოზიციით, საგანგებო მდგომარეობის კონსტიტიუციურ-სამართლებრივი შინაარსი და არქიტექტურა იმგვარადაა განსაზღვრული, რომ მთავრობის ვალდებულებაა, აღასრულოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცემული და პარლამენტის მიერ დაკანონებული აქტები და არა თავისი შეხედულებით, აფართოვოს ან ავიწროვოს ადამიანის უფლებათა შეზღუდვის არეალი.
ვინაიდან, საქართველოს პარლამენტმა სრულყოფილად არ შეასრულა მასზე დაკისრებული კონსტიტუციური უფლებამოსილება, ფაქტობრივად, მან უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოთხოვნა - „გათვალისწინებულია კანონით“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს.
კონსტიტუციის მე-14 მუხლი. დაცული სფერო
თუ სასამართლო მიიჩნევს რომ დაცულია კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა („გათვალისწინებულია კანონით“), ვთხოვ იმსჯელოს მის მატერიალურ, შინაარსობრივ ნაწილზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით 22-ე მუხლი) პირველი პუნქტი იცავს მიმოსვლის თავისუფლებას: ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლება არის ფიზიკური პირის დაუბრკოლებელი გადაადგილების თავისუფლება, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე პირის თავისუფალ გადაადგილებას ან, პირიქით, გადაადგილებაზე, მიმოსვლაზე უარის თქმას. დაცულ სფეროში თავსდება გადაადგილების თავისუფლება ნებისმიერი მიმართულებით, საშუალებითა და ფორმით, მიუხედავად მისი მიზნისა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი: ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
გადაადგილების თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, მისი პიროვნული განვითარება და საქმიანობა, ის ასევე დაკავშირებულია ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებასთან.
შეზღუდვის გამართლება
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გვაქვს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას აძლევს იმის დისკრეციას, რომ შეზღუდოს მე-14 მუხლის დაცული სფეროთი გარანტირებული სამართლებრივი სიკეთეები. კონსტიტუციის მე-14 მუხლი ითვალისწინებს კანონის დაკონკრეტებულ დათქმას. კონკრეტულად კი, კანონმდებელი ამ მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას ფორმალურად უშვებს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ხოლო მატერიალურად ჩარევა უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს.
მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და აღნიშნული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ნორმის კონსტიტუციურობისთვის და ის არ აძლებს მთავრობას საშუალებას სრულად გავიდეს კონსტიტუციური შეზღუდვის ჩარჩოებიდან და თვითნებურად შეზღუდოს დაცული უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტავს „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას არა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნები უნდა არსებობდეს, არამედ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების თანაზომიერი უნდა იყოს (ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.76).
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.60).
მართალია, ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ იგი არღვევს პროპორციულის პრინციპს და არც გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.
დაუსაბუთებელია მთავრობის მიერ, რატომ გახდა საჭირო ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება და მიმოსვლის ფაქტობრივად სრული აკრძალვა.
ასევე დაუსაბუთებელია მთავრობის მიერ, რატომ გახდა ამ უფლების სრულად აკრძალვა შესაძლებელი, მაშინ, როცა იგივე გავრცელების პრევენციის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც ნაკლებად შემზღუდავი წესების გამოყენებით.
მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლება ისეა აკრძალული, რომ გარკვეული წესების დაცვის საშუალებას არ მაძლევს გადაადგილებისათვის, მაგ. რომ გამოვიყენო პირბადე და დამცავი ხელთათმანები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მე არ Covid-19, უბრალოდ ეჭვის საფუძველზე მეკრძალება გადაადგილების უფლება ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ უბრალოდ რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნდა ამ მუნიცილალიტეტში. სხვა არანაირი დასაფუთება მთავრობის მხრიდან არ არსებობს, რატომ გახდა საჭირო მიმოსვლის ფაქტობრივად სრული აკრძალვის საჭიროება.
ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა არის აკრძალული იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ აქვთ Covid-19 და გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი ასეთი მკაცრის ზომის გამოყენება.
საკოსნტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა“ (საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ, პ.44).
დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება არსებობდეს მიზანი, ინტერესი, რომლის მიღწევის საპირწონე ამა თუ იმ უფლების დარღვევაა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა