გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/1498 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1498) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ჭაუჭიძემ. №1498 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 24 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1498 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აკრძალულია საგანგებო მდგომარეობის ვადით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს კი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ და ორგანული კანონის ძალის მქონე აქტია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არ არის უფლებამოსილი, საკუთარი მიხედულებით დაადგინოს, გააფართოოს ან შეავიწროოს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის არეალი, არამედ იგი ვალდებულია, მხოლოდ აღასრულოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცემული და პარლამენტის მიერ დაკანონებული აქტები.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტები შეიცავს ადამიანის უფლებათა მომეტებული შეზღუდვის რისკებს, ამიტომაც, მათი დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოადგენს ამ რისკის შემცირების კონსტიტუციურსამართლებრივ გადაწყვეტას. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებითა და დეკრეტით სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ის ორგანო, რომელსაც დელეგირებით ენიჭება გარკვეული უფლებამოსილება, ასევე ამ უფლებამოსილების ფარგლები, რათა არალეგიტიმურად და თვითნებურად არ მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში კი, პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც მოკლებულია კონკრეტიკას და კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის მანდატს სრულად გადასცემს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი პროცედურა ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ აქტებზე კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა იმ პირობებში, როდესაც მასზე არ ხორციელდება საპარლამენტო კონტროლი, ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად და, შესაბამისად, დარღვეულია ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნები.
8. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მითითებით, მას არ აქვს დადასტურებული კორონავირუსი, თუმცა, ამის მიუხედავად, მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, არ ეძლევა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვების უფლებამოსილება. მოსარჩელის მითითებით, მართალია, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა გამოყენებული საშუალება მიზნის მიღწევის არც გამოსადეგ, არც აუცილებელ და არც პროპორციულ საშუალებას არ წარმოადგენს. მოსარჩელის პოზიციით, დაუსაბუთებელია, მთავრობის მიერ რატომ გახდა აუცილებელი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრი საშუალების გამოყენება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად შეზღუდვის ხარჯზეც. კერძოდ, მოქალაქეებისათვის პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების გზით გადაადგილების დავალდებულებით.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
10. №1498 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ასეთ შემთხვევაში კი მიმოსვლის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას განგრძობადი ხასიათი ექნება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1498 კონსტიტუციური სარჩელი სრულიად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. №1498 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
3. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით, მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობა.
4. სადავო ნორმის საფუძველზე, აკრძალულია საგანგებო მდგომარეობის ვადით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიიდან გასვლა. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმიდან მომდინარე გამოუსწორებელი ზიანის დასასაბუთებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ასეთ შემთხვევაში კი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას განგრძობადი ხასიათი ექნება.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ უფლების შეზღუდვას განგრძობადი ხასიათი აქვს, არ არის საკმარისი მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების წარმოსაჩენად.
6. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიიდან გასვლის ამკრძალავი წესი და მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, დატოვოს ხსენებული მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სადავო ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა. მაშასადამე, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს სადავო ნორმიდან მომდინარე გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.
7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ ინტერესს, რომლის უზრუნველყოფასაც ნორმის მოქმედება ემსახურება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის გარდა, მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-29). ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სადავო რეგულირების არსი და მიზანმიმართულება.
8. „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველ მუხლში გაცხადებული მიზნების შესაბამისად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ღონისძიებების შემოღება უკავშირდება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთას, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებას. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ ახალი კორონავირუსი (COVID-19) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების მიზანიც ამ გადამდებ დაავადებაზე შესაბამისი რეაგირება და ვითარების ნორმალიზაციაა. კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაც ერთ-ერთ საკარანტინო ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ემსახურება ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების აღკვეთას, ინფიცირებული პირების იდენტიფიცირებას, პირთა ინფიცირების შემთხვევებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას და, ამ მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. ამასთან, აღნიშნული მიზნების არსებობას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და, მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში თავადაც მიუთითებს ამგვარ მიზნებსა და მათ ლეგიტიმურობაზე.
9. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც ხელშესახებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეები. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმით დადგენილი მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, მნიშვნელოვან და რეალურ საფრთხეს შეუქმნის ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მხარის მიმოსვლის თავისუფლების, შესაძლო არაკონსტიტუციური, დროებითი შეზღუდვა ვერ ჩაითვლება საკმარისად მნიშვნელოვან ზიანად, რაც გადაწონიდა, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იმ საფრთხის თავიდან აცილების ინტერესს, რომელსაც, ნორმის კონსტიტუციურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი უზრუნველყოს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1498 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი