ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/1444 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:29 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისმე-2 წინადადებისდა 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1444) მომართა ნიკოლოზ აკოფოვმა. №1444 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 16 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1444 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე“. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს გამომძიებლის ან პროკურორის უფლებამოსილებას, მოტივირებული გადაწყვეტილებით, შეზღუდოს პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი განამტკიცებს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებსა და განსაზღვრავს აღნიშნული უფლებების შეზღუდვის საფუძვლებსა და პროცედურას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით, აგრეთვე უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2019 წლის 15 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 17 მაისს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, შეეზღუდა პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული ხანმოკლე პაემნისა და ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებები.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს ფართო დისკრეციას, პატიმარს შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება ან/და მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების უფლებები. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი წესები, რომელიც შემოსაზღვრავდა აღნიშნულ დისკრეციას, რაც ქმნის პროკურორის/გამომძიებლის მხრიდან თვითნებობის რისკებს. ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროკურორის/გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილების გადასინჯვის საფუძვლებს, რაც ქმნის შესაძლებლობას, ბრალდებული სრული წინასწარი პატიმრობის პერიოდში იყოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი და იზოლირებული მაშინაც კი, თუ ამის აუცილებლობა აღარ არსებობს. ამ პირობებში, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმის არსებობა სასამართლოში გასაჩივრების გზით, რაც პირს მისცემდა შესაძლებლობას, პროკურორის/გამომძიებლის მიერ დისკრეციის ფართოდ გამოყენების შესახებ დავის შესაძლებლობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, პატიმრობის კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც ლახავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პროკურორის/გამომძიებლის ამგვარი ფართო დისკრეციის არსებობა პირისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებების შეზღუდვისას ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ უფლებებთან, ვინაიდან იძლევა შესაძლებლობას, პირი წინასწარი პატიმრობის სრული ვადის განმავლობაში მოწყვეტილი იყოს გარესამყაროს.
8. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ გამორიცხავს ყოველგვარ სასამართლო კონტროლს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით განმტკიცებული უფლებების შეზღუდვისას აუცილებელია კონსტიტუციის ამავე მუხლით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დაცვა, რაც გულისხმობს ამ უფლებების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელი აუცილებლობისას. თავის მხრივ, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით პირის უფლების შეზღუდვაც საჭიროებს სასამართლოს შემდგომ კონტროლს. შესაბამისად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთანაც.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1444 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე, ითხოვს, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება ითვალისწინებს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.
4. მოსარჩელის არგუმენტაციით, არ არსებობს აღნიშნული სადავო ნორმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების, კერძოდ, ბრალდებულის პაემნის (პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის (პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი) უფლებების შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11) .
7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).
8. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილებას გამიჯნავს და საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების განხორციელებას კი საერთო სასამართლოებს. იმავდროულად „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების კანონიერება.
9. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად საქართველოს კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
10. მოსარჩელეთა მიერ მითითებული სადავო ნორმები არ შეიცავს აკრძალვას სასამართლოსადმი მიმართვისა და, ამ გზით, პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმები განსაზღვრავს უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღების წესსა და საფუძვლებს და არ აწესრიგებს მოცემული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუძველზე, განუცხადეს უარი მის მიმართ გამოცემული პროკურორის აქტების კანონიერების შემოწმებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1444 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
12. მოსარჩელე პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებასთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულებით დაცულ უფლებას ორი სტრუქტურულად ერთმანეთისაგან განსხვავებული ასპექტი გააჩნია. იგი იცავს პირის შესაძლებლობას, თავისი სურვილისამებრ განავითაროს პირადი და ოჯახური ცხოვრება, აირჩიოს, პირად სფეროში ვისთან დაამყარებს კომუნიკაციას და, ზოგადად, ჰქონდეს პირად სფეროში გადაწყვეტილების სახელმწიფოსგან ჩაურევლად მიღების შესაძლებლობა. ხსენებული უფლების მეორე ასპექტი მოიაზრებს პირის შესაძლებლობას, პირადი ცხოვრების სახელმწიფოსგან ფარულად განხორციელებაზე, მის პირად კომუნიკაციაზე წვდომის, პირად სივრცეში შეჭრის და სხვა ფორმით მასზე ზედამხედველობის აკრძალვას.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს ზოგადად ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ამავე დროს, მისი მე-2 პუნქტის თანახმად: „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა“. აშკარაა, რომ პირველი პუნქტისგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი მიმართულია არა პირად სფეროში ამა თუ იმ ქმედების განხორციელების თავისუფლების უზრუნველყოფისკენ, არამედ ამ სფეროში განხორციელებულ ქმედებებზე გარეშე პირების ზედამხედველობის შეზღუდვისკენ.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო სპეციფიკური ხასიათისაა სწორედ იმ უფლებრივი კომპონენტების ხასიათიდან გამომდინარე, რომლისგანაც იგი შედგება. პირადი სივრცე, კომუნიკაცია, საცხოვრებელი − აღნიშნული სფეროები გამოირჩევა იმ მახასიათებლით, რომ ადამიანებს მათ მიმართ განსაკუთრებული პრივატულობის განცდა აქვთ. „პირად სივრცეს (სფეროს) ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ, სასურველ ან მისთვის საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-3). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიზანია არა პირის პირადo კომუნიკაციის შესაძლებლობის, არამედ ამ კომუნიკაციაზე სახელმწიფოს მიერ გაუმართლებელი წვდომისაგან დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი გარანტიაა იმისა, რომ პირთა პირად სივრცეში, პრივატულ გარემოში სახელმწიფო არ შეიჭრება.
15. ბუნებრივია, თუ პირებს არ ექნებათ მოლოდინი იმისა, რომ მათი პირადი სივრცე, კომუნიკაცია გარე პირებისათვის მიუწვდომელია, ისინი თავს შეიკავებენ გარკვეული ქმედებების განხორციელებისაგან. შესაბამისად, პირად კომუნიკაციაზე გარეშე პირებისათვის წვდომის მინიჭებამ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების განხორციელებაც შეაფერხოს. თუმცა პირად სივრცეში ამა თუ იმ ქმედების, მათ შორის, გარკვეული სახის კომუნიკაციის განხორციელების აკრძალვა პირად კომუნიკაციაზე გარეშე პირების მიერ წვდომის აკრძალვის უფლებას ვერ შეზღუდავს.
16. განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგულირებები ადგენენ კონკრეტული სახის პირადი კომუნიკაციის შეზღუდვას და არა მასზე სახელმწიფოს მიერ წვდომის განხორციელების შესაძლებლობას. მათ საფუძველზე პროკურორი/გამომძიებელი აღჭურვილია უფლებამოსილებით, ბრალდებულს აუკრძალოს მიმოწერის ან/და პაემნის ფორმით კომუნიკაციის განხორციელება. გასაჩივრებული ნორმები არ განსაზღვრავენ განხორციელებულ კომუნიკაციაზე სახელმწიფოს მიერ წვდომის ფარგლებს. შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას შორის.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1444 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისმე-2 წინადადებისდა 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1444 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1444 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისმე-2 წინადადებისადა 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1444 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისმე-2 წინადადებისადა 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი