ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/1442 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი;
მანანა კობახიძე − წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1442) მომართა ეკატერინე ჩერქეზიშვილმა. №1442 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 16 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1442 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზღვრული ასაკი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის 45 წელს შეადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ეკატერინე ჩერქეზიშვილს ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტის S-6-ის ოფიცრის თანამდებობა. 2019 წლის 2 თებერვალს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომ მან მიაღწია ზღვრულ ასაკს, რაც „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან ყოველგვარი დამატებითი გარემოების გათვალისწინების გარეშე მოითხოვს 45 წლის ასაკს მიღწეული პირის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მეორე მხრივ, ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი განსხვავებულ, უფრო მაღალ ზღვრულ ასაკს უდგენს როგორც სადავო ნორმით განსაზღვრულ თანამდებობაზე მაღალი, ისე დაბალი რანგის მქონე პირებს, რაც არათანასწორ მდგომარეობაში ამყოფებს შესადარებელ პირებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური შემოწმების შესაძლებლობას და ვრცელდება ყველა უმცროს ოფიცერზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ შესახებ განსაზღვრული ატესტაციის გავლის წესის საფუძველზე, ობიექტურად ფასდება პირის შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, მოწმდება მისი კვალიფიკაცია და გაწეული პროფესიული საქმიანობა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ატესტაციას სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება დაექვემდებარონ 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება სადავო ნორმის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად 45 წლიანი ზღვრული ასაკის ბლანკეტურად დადგენა.
7. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იგი უმცროსი ოფიცრის თანამდებობით იკავებდა კაპიტნის წოდებას, რომლის უშუალო მოვალეობას უფროსი ოფიცრისაგან დავალების მიღება და დავალების შემსრულებლისათვის გადაცემა წარმოადგენს. ეს თანამდებობა არ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას, განსხვავებით მის ქვემოთ მდგომი სამხედრო მოსამსახურეების − კაპრალისა, უმცროსი სერჟანტისა და უფროსი სერჟანტისა, რომელთა საქმიანობა ეფუძნება ფიზიკურ დატვირთვას. კანონი ამ უკანასკნელ თანამდებობათა ზღვრულ ასაკად განსაზღვრავს მოსარჩელის კატეგორიის ზღვრულ ასაკზე 5 წლით მეტს − 50 წელს. ამასთანავე, კანონი სხვა შემთხვევებში ითვალისწინებს ფიზიკური დატვირთვის ხარისხსა და ფიზიკური მომზადების აუცილებლობას ამა თუ იმ თანამდებობისთვის ზღვრული ასაკის დადგენისას, ამდენად, ბუნდოვანია, სადავო ნორმა რატომ არ ეყრდნობა აღნიშნულ კრიტერიუმს მოსარჩელის თანამდებობისთვის ზღვრული ასაკის განსაზღვრისას.
8. მოსარჩელემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების გამართული ფუნქციონირება და უსაფრთხოება, მაგრამ ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვა ვერ იქნება მიჩნეული დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მისი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას შესადარებელ პირთა მიმართ და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
10. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1442 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1442 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი