მოქალაქეები: ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი, ჯემალ მიქელაძე, მურმან ზაქარაია და მანგული ხუბუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №2/97/3 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 21 დეკემბერი 2000 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2000 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლამარა ჩორგოლაშვილი (თავმჯდომარის მ/შ);
ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: მოქალაქეები: ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი, ჯემალ მიქელაძე, მურმან ზაქარაია და მანგული ხუბუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) საქართველოს „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 2) „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი. 3) საქართველოს კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1) მოსარჩელეები: ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი, მანგული ხუბუა და მურმან ზაქარაია. მათი წარმომადგენლები: ვლადიმერ სანიკიძე და ზურაბ ბურდული. 2) მოპასუხე: საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ლილი ბეგიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია:
1998 წლის 25 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართეს მოქალაქეებმა: ბესარიონ ფანცულაიამ, ელგუჯა გულედანმა, ჯემალ მიქელაძემ, მურმან ზაქარაიამ და მანგული ხუბუამ. მოსარჩელეები მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველ არჩევნებში არ მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებული - დევნილი ამომრჩევლები. 2000 წლის 28 ნოემბერს სასამართლო კოლეგიამ განჩინებით არსებითად განსახილველად მიიღო აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, მათ, როგორც დევნილ მოსახლეობას, ჩამოერთვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლება - მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მკაცრად რეგლამენტირებული მოთხოვნა, რომ 1) საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება; 2) არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ დევნილები, თითქმის 8 წელია, დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საკრებულოებში, ხოლო საქართველოს „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საკრებულოების არჩევნები საყოველთაოა. მათი აზრით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა და საკრებულოს არჩევნებამდე, არა უგვიანეს სამი თვისა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამის საკრებულოს ტერიტორიაზე, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე.
2000 წლის 20 ნოემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა: მ. ხუბუამ, ბ. ფანცულაიამ და მ. ზაქარაიამ დააყენეს შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდის შესახებ. კერძოდ, მოითხოვეს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება „...მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ ერთმანდატიანი ოლქის არჩევნებში“, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის შეუსაბამო.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათ, ისევე, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, ასევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებშიც არ მიეცათ საშუალება აერჩიათ დროებითი საცხოვრებელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რათა აღდგენილ იქნეს დევნილთა დარღვეული მოქალაქეობრივ-პოლიტიკური უფლება, მოსარჩელეები მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 1) საქართველოს „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 2) „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ის დებულება, რომელიც ეხება დევნილების საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით მათი საარჩევნო უფლების განხორციელებას. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა შუამდგომლობა, სასარჩელო მოთხოვნის საგნისა და საფუძვლის მოცულობის გაზრდის თაობაზე, აკმაყოფილებს საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და იგი დაკმაყოფილებულ იქნა ვინაიდან იგი შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტისა და საქართველოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 და მე-16 მუხლების მოთხოვნებს.
2000 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის წინ, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ლადო სანიკიძემ, დააყენა შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდის შესახებ, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 28-ე მუხლებთან შეუსაბამო, რაც სასამართლო კოლეგიამ ასევე დააკმაყოფილა.
2000 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ლილი ბეგიაშვილმა, სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, საქმეზე სპეციალისტად მოწვეული ბატონი ოთარ მელქაძის აცილების თაობაზე, თანახმად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
აცილების მოტივად მხარე ასახელებს იმ ფაქტს, რომ ბატონი ოთარ მელქაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მას მონაწილეობა აქვს მიღებული სადავო ნორმატიული აქტების დამტკიცების პროცედურაში.
სასამართლო კოლეგიამ მოპასუხის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი კონკრეტულად მიუთითებს პროცესში მონაწილე სპეციალისტის აცილების მოტივებს; მოპასუხის შუამდგომლობა არ მიუთითებს არც ერთ ამ მოტივზე.
მოსარჩელეთა წარმომადგენლები სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებენ: საქართველოს კონსტიტუციის 5.1. და 5.2. მუხლებზე, რომლის შესაბამისად.
„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.“
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლზე:
1.“საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს. რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.“
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21.1. და 21.3. მუხლებზე:
მუხლი 21.1:
„1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.“
მუხლი 21.3:
„3. სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველია ხალხის ნება; ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საეთაშორისო პაქტის მუხლი 25 (ა), (ბ):
„თითოეულ მოქალაქეს მე-2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციისა და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა:
„(ა) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით.
(ბ) მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს საყოველთაო პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც წარმოებს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების სურვილის გამოვლინებას.“
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლის სხვაგვარად წაკითხვა და გაგება არ შეიძლება ამას ადასტურებს კონსტიტუციის 46-ე მუხლიც, რომლის პირველი პუნქტის ჩამონათვალში არ არის შეტანილი 28-ე მუხლი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „ თუ შემოღებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, სხვა წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმების შემდეგ“, ე.ი. თუ შემოღებულია ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, უბრალოდ, ასეთ დროს არ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, ხოლო თუ არჩევნები ქვეყანაში მაინც ტარდება, მასში მონაწილეობის უფლება არა აქვთ კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს, ხოლო თუ კანონი ან კანონქვემდებარე აქტი შეეცდება კიდევ ჩამოართვას ვინმეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.
მოსარჩელეთა წარმომადგენლების აზრით მოსარჩელეთა პირველი მოთხოვნა, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულეობის არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ საკრებულოების არჩევნები პირველად ჩატარდა 1998 წლის 15 ნოემბერს. კანონი საკრებულოების არჩევნების შესახებ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 1998 წლის 25 ივნისს. იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას არჩევნების შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებასთან მიმართებაში და კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებას იმ ნაწილში, შეილახა თუ არა მათი უფლებები 1998 წლის 15 ნოემბრის არჩევნების დროს 36.2. მუხლით და ეს შელახვა ეწინააღმდეგებოდა თუ არა კონსტიტუციის 28-ე მუხლს. მით უმეტეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში 1998 წლის 25 ნოემბერს შემოტანილი საკონსტიტუციო სარჩელი იხილება 2000 წლის დეკემბრის თვეში.
რაც შეეხება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცის დებულებას, მოსარჩელეთა აზრით, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს.
მოსარჩელეთა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 21.1. მუხლის საფუძველზე და მაშასადამე, შეესაბამება მას. ასევე, კონსტიტუციას შეესაბამება საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის მე-3 მუხლი. ამ ორი კანონის ერთობლიობით კი არ იზღუდება მოქალაქეების უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დგინდება არჩევნებში მონაწილეობის წესი, ანუ როგორ უნდა მიიღოს ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა. ერთი კანონი ადგენს, რომ კონსტიტუციის 22.1. მუხლის შესაბამისად მოქალაქემ თავისი სურვილის მიხედვით გაიაროს რეგისტრაცია იმ მისამართზე, რომელზეც ის ცხოვრობს (ეს კანონი საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში არ იცნობს ტერმინს „მუდმივად ცხოვრობს“), ხოლო ასეთი რეგისტრაციის საფუძველზე მოქალაქე შეიტანება ამომრჩეველთა სიაში მეორე კანონის შესაბამისად. ხოლო თუ მოქალაქე არღვევს კანონის მოთხოვნებს რეგისტრაციის შესახებ და ის არსად არ არის რეგისტრირებული, იგი, უბრალოდ, ვერ მოხვდება ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ ეს არ არის მისი უფლების შეზღუდვა.
არჩევნები ჩვენს ქვეყანაში თავისუფალია და იგი სავალდებულო არ არის. მოქალაქეს შეუძლია არსად არ გაიაროს რეგისტრაცია და არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ თუ მას სურს რეგისტრაციაში გავლა და უარს ეუბნებიან, ეს იქნება მისი უფლების უკანონო შეზღუდვა. სწორედ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცი ზღუდავს მათ საარჩევნო უფლებას, ვინაიდან კანონს შემოაქვს ახალი ტერმინი საქართველოს მოქალაქეებისადმი „მუდმივი საცხოვრებელი“ და კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციისას ის დაკარგავს დევნილის სტატუსს.
მოსარჩელეები თვლიან, რომ 1998 წლის არჩევნების დროს „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის 36.2. მუხლი საერთოდ რომ არ არსებულიყო, დევნილები მაინც ვერ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან ისინი ვერ მოხვდებოდნენ ამომრჩეველთა სიაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გარეშე, ხოლო თუ რეგისტრაციას გაივლიდნენ, დაკარგავდნენ დევნილის სტატუსს. ანუ დევნილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საზღვრების გაფართოებაა და ამდენად, ეწინააღმდეგება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მუხლს, როგორც საქართველოს კონსტიტუციიდან, ასევე საერთაშორისო აქტებიდან. ამგვარად „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი ზღუდავს დევნილის უფლებას, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, მათი აზრით, აქ უნდა განიხილებოდეს კონსტიტუციის 28-ე, 49-ე და 50-ე მუხლები ერთობლიობაში, საიდანაც კარგად ირკვევა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით შეიძლება დაწესდეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში კანდიდატად და არა ამომრჩევლად მონაწილეობის დაუშვებლობა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის არჩევნების შესახებ ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი დებულება „მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ იღებენ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში“, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ის ფაქტი, რომ უფლებამოსილება გაუგრძელდა 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არჩეულ პარლამენტის წევრებს, არანაირი არგუმენტი არ არის სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
იძულებით გადაადგილებული პირები, მიუხედავად, ცხოვრობენ თუ არა ისინი ბანაკებში, თავიანთი გადაადგილების გამო არ უნდა იქნენ დისკრიმინირებული ისეთი უფლებების განხორციელებაში, როგორიცაა:
(დ) „უფლება, აირჩიონ და მონაწილეობდნენ სამთავრობო და საჯარო საქმიანობაში, მათ შორის, ამ უფლების განსახორციელებლად საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უფლება“.
მოსარჩელეთა წარმომადგენლების აზრით სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდება საქმეზე სპეციალისტებად მოწვეული პირების, იურისპრუდენციაში მომუშავე მეცნიერების პოზიციითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა წარმომადგენლები ითხოვენ - „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.2 მუხლი, „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის დებულება „მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ იღებენ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შსახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცი ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად და გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების: ლილი ბეგიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის აზრით, მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკავშირებულია დევნილთა განსაკუთრებულ სტატუსთან, მათ ფაქტობრივ-იურიდიულ მდგომარეობასთან და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სამართლებრივ სტატუსთან. მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ დევნილებს სურთ მონაწილეობდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების გადაწყვეტაში და ასევე, მათ ჰქონდეთ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის უფლება.
საქართველოს პარლამენტი თვლის, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოსარჩელეს კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კი არ უნდა შემოეტანათ, არამედ მათი ძირითადი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ და ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისი დებულებები, რომლებიც ადგენს განსხვავებულ წესს დევნილთა რეგისტრაციისა და მათი აღრიცხვისათვის. ბოლოს, რაც შეეხება საარჩევნო კანონებს, ისინი მხოლოდ ეყრდნობა და იყენებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ და ასევე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონების მიერ დადგენილ წესებს მოქალაქეთა და დევნილთა აღრიცხვის შესახებ და ბუნებრივივცაა, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ვერ დაადგენს განსხვავებულ წესებს დევნილთა რეგისტრაციისათვის, მით უმეტეს დევნილთა შესახებ არსებული სპეციალური კანონისაგან განსხვავებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო წესს. და რადგან დევნილებს დღესდღეობით აქვთ მხოლოდ დროებითი რეგისტრაცია და დროებითი საცხოვრებელი ადგილი, ამდენად ისინი ვერ იქნებიან შეტანილი ამომრჩეველთა ძირითად სიაში. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მისი შეტანა მოხდება მხოლოდ დამატებით სიაში, რადგან მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს სხვა შესაძლებლობას.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს არ მიუღია და დაუმკვიდრებია დევნილთა დროებითი რეგისტრაციისა და დევნილთა განსაკუთრებული სტატუსი, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა იმსჯელოს ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე, არამედ მოსარჩელეებმა უნდა დააყენონ შესაბამისი მოთხოვნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგის თავლსაზრისით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ის მნიშვნელობა ექნება, რომ წინააღმდეგობას მივიღებთ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონებს შორის. რადგან, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტს, როგორც არაკონსტიტუციურს, მაშინ დარჩება ძალაში მყოფი კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ და ასევე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“, რომლებიც ადგენს დევნილთა დროებით ცხოვრებასა და რეგისტრაციას, უფრო ზუსტად კი მიმაგრებას, რაც კვლავ იქნება საფუძველი მათი დამატებით და არა ძირითად სიაში შეყვანისათვის.
გარდა ამისა, აღნიშნავს მოპასუხე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომ საქართველოს პარლამენტში დღევანდელი დევნილების მიერ უკვე არიან არჩეული დეპუტატები აფხაზეთიდან, რომლებიც გამოხატავენ დევნილი მოსახლეობის ინტერესებს და თუ დევნილებს მიენიჭებათ სხვა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის უფლება, მაშინ ეს იქნება ყველა ამომრჩევლის თანასწორობის პრინციპის დარღვევა. საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილოს სარჩელი, რომ არ გაითვალისწინოს აფხაზეთის დეპუტაციის საქართველოს პარლამენტში არსებობის ფაქტის პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
ამასთან, აღნიშნავს მოპასუხე, აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს პარლამენტის ახსნა-განმარტებაში დასახელებული არგუმენტები, რომლებიც საარჩევნო პროცესისათვის ხსნის ამომრჩეველთა რეგისტრაციის მნიშვნელობას. ასევე, განსხვავებას მოქალაქეთა რეგისტრაციის ზოგად წესსა და დევნილთა აღრიცხვის სპეციალურ წესს შორის, იმ მექანიზმების თავისებურებებს, რაც აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკური უფლების განხორციელებისათვის.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის პროფესორმა, ბატონმა ოთარ მელქაძემ, სასამართლოს წარუდგინა დასკვნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება „…მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ ერთმანდატიანი ოლქის არჩევნებში“, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან შეუსაბამო.
ბატონ ოთარ მელქაძეს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა არგუმენტები აბსოლუტურად საფუძვლიანია როგორც სამართლებრივად, ისე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზნეობრივადაც და ამდენად, „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის მოსარჩელეთა მიერ დაყენებული 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო დებულების ნაცვლად გაუქმებას ექვემდებარება აღნიშნული პუნქტის მე-2 ნაწილი: „აგრეთვე იძულებით გადაადგილებულნი (ლტოლვილნი) მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მათთვის დგება ცალკე სია და ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ ერთმანდატიანი ოლქის არჩევნებში“.
ასეთი ცვლილებებით, თვლის სპეციალისტი, აღდგება ლტოლვილთა კანონიერი უფლებები. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია მათი საცხოვრისი მუდმივ საცხოვრებლად იქცა და არავინ უწყის როდემდე.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა საქართველოს იურისტთა კავშირის თავმჯდომარემ, ჟურნალ „სამართლის“ მთავარმა რედაქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ, დოცენტმა, ბატონმა პაატა ცნობილაძემ აღნიშნულ საქმეზე წარმოადგინა დასკვნა, რომელშიაც მიუთითებს, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის რამოდენიმე ვარიანტი.იგი თვლის, რომ საკრებულოების პირველ არჩევნებამდე ასეთი შეზღუდვა გამართლებული იყო გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებით და იმ იმედით, რომ დევნილი მოსახლეობა იმ პერიოდიდან უახლოეს ხანს დაუბრუნდებოდა ძველ საცხოვრებელ ადგილს, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი დაფიქსირებულია აღნიშნული კანონის მე-10 თავში, რომელიც დასათაურებულია შემდეგნაირად: „გარდამავალი დებულებები“. მე-10 თავში ჩამოყალიბებული მუხლების, მათ შორის 36-ე მუხლის სათაურშიც ცალსახადაა მოცემული სპეციალური დათქმა: „საკრებულობის პირველი არჩევნების ჩატარება“. მაშასადამე, უნდა ვიგულისხმოთ, თვლის იგი, რომ მოცემული ნორმა დევნილთა საკრებულოების არჩევნებში არ მონაწილეობის შესახებ გათვალისწინებული ყოფილა მხოლოდ საკრებულოების პირველი არჩევნებისათვის და არა შემდგომი არჩევნებისათვის.
ამრიგად, ნებით თუ უნებლიეთ, შეიქმნა სიტუაცია, როცა სახელმწიფო უზღუდავს პოლიტიკურ უფლებას თავისივე მოქალაქეებს. ასეთ შეზღუდვას შეიძლება გამართლება ჰქონოდა დევნილობის პირველ წლებში, ისიც პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს, როდესაც დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ასე უვადოდ გაგრძელდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, რაშიც ყველაზე ნაკლებად დევნილი მოსახლეობაა დამნაშავე, მაშინ, როცა საქართველო არის გაეროსა და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო და იკისრა მათი დოკუმენტებით დადგენილი ვალდებულებები, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო უზღუდავს თავისივე მოქალაქეს პოლიტიკურ უფლებებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები თავისივე სახელმწიფოში.
ამრიგად, მიიჩნევს ბატონი პაატა, სარჩელში დასმული მუხლები ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებს, ზღუდავს საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკურ უფლებებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არაფრით არ ხვდება ევროპის საბჭოსა და გაეროს მიერ მიღებული შესაბამისი ნორმების მოქმედების ფარგლებში, რის გამოც „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ის დებულება, რომელიც ეხება დევნილების საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით მათი საარჩევნო უფლების განხორციელებას, საჭიროებს გადასინჯვას.
აგრეთვე, საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, დოცენტმა გიორგი ხუბუამ, წარმოადგინა დასკვნა, სადაც მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი უშვებს გარკვეული შეზღუდვების დადგენის შესაძლებლობას მხოლოდ: ა) ასაკის ქვედა ზღვარით (18 წელი); ბ) საქართველოს მოქალაქეებით, რამდენადაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ; გ) იმ მოქალაქეებით, რომლებიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.
გიორგი ხუბუას აზრით არაკონსტიტუციურია აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, ვინაიდან კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ უშვებს არანაირ სხვა დიფერენციაციას.
იგი თვლის, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპი გამოიხატება იმაშიც, რომ კონსტიტუცია უშვებს პირთა ცალკეული კატეგორიის მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ადგენს ცალკეული თანამდებობის შეუთავსებლობას დეპუტატის მანდატთან. ამით კონსტიტუცია გამოყოფს არჩევნების საყოველთაობის დიდ მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ის დებულება, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით დევნილების საარჩევნო უფლების განხორციელებას, სპეციალისტის აზრით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოსარჩელეთა თავდაპირველი მოთხოვნა, საქართველოს კანონის „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან უნდა შეწყდეს, ვინაიდან კანონის გარდამავალი დებულებების 36-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში კონკრეტულად ლაპარაკია მხოლოდ 1998 წლის 15 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველ არჩევნებზე და არა მომავალში ჩასატარებელ ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნებზე.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შემოსულია 1998 წლის 25 ნოემბერს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი არჩევნების ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც სადაო ნორმატიული აქტი ფაქტიურად უკვე ძალადაკარგული იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელეების – მანგული ხუბუას, მურმან ზაქარაიას, ელგუჯა გულედანის და სხვათა კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში წარმოებით უნდა შეწყდეს შემდეგი საფუძვლებით:
1) საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სადაც გადმოცემულია, რომ „ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები, ან თუ ნორმატიული აქტის სრულ ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.
2) ამავე კანონის 46- მუხლის მე-2 პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ იქნას განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება თუ მისი მიმღები ორგანო ასთი ნორმატიული აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ“.
საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადაო ნორმატიული აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
რაც შეეხება დამატებითი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლი , როგორც კონსტიტუციის 28-ე მუხლთან შეუსაბამო, კოლეგია ვერ გაიზიარებს.
1) საქართველოს კონსტიტუციის მე-2, მე-4, 108-ე მუხლებით აღიარებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით ამ ტერიტორიებზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში შექმნილია ის ვითარება, როდესაც გაძევებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მოწესრიგებულია სპეციალური კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“. კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჩვეულებრივ პირობებში ჩასატარებელ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას, არ შეიძლება თანაბრად მოქმედებდეს არაორდინალური ვითარების დროს და თვლის, რომ ორგანული კანონი უფლებამოსილი იყო ამ პირთა არჩევნებში მონაწილეობის განსხვავებული წესი დაედგინა, საცხოვრებელი ადგილიდან მათი მოწყვეტის გამო. კოლეგიას მიაჩნია, რომ სპეციალისტების დასკვნებში არ არის გათვალისწინებული ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღემდე თავის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში არჩევნებში მათი მონაწილეობის წესი შეიძლება არც დაემთხვას ნორმალურ სიტუაციაში არჩევნების ჩატარების დროს დადგენილ წესს, ხელი შეეშალოს სქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის სრულად ამოქმედებას.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად პარლამენტის წევრის არჩევის წესი განისაზღვრება, არამარტო კონსტიტუციით, არამედ ორგანული კანონითაც და მაშასადამე, „საქართველოს პარლამენტის შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის დებულებები უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული.
კოლეგია თვლის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის ყველა ასპექტის განსაზღვრა გლობალურ საკითხებს მოიცავს, არ შეიძლება მათი ერთმანეთისაგან მოწყვეტილად განხილვა და მისი გადაწყვეტა ქვეყნის ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გვატყობინებს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2000 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შექმნილია საარჩევნო კანონმდებლობის შემმუშავებელი ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ახალ საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებისას გაითვალისწინებს კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულ საკითხებსაც.
2) დევნილთა დაბრუნების, თავისუფალი არჩევნების ჩატარების აფხაზეთის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით 1995 წლის 1 სექტემბერს მიღებულ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის გარდამავალი დებულების მე-2 მუხლმა აფხაზეთიდან 1992 წლის არჩევნების შედეგად არჩეულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მიღების დღისათვის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, გაუგრძელდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების დღის დანიშვნისთანავე მათი უფლებამოსილების შეწყვეტის პირობით. იგივე გაიმეორა „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლმა, რომლის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით დაადასტურა 1992 წელს აფხაზეთიდან არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება. ეს ნორმატიული აქტები სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ სადაოდ არ გამხდარა და დღესაც ძალაშია.
კოლეგიას მიაჩნია, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლები, მათ შორის მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები, რომლებიც არჩეული არიან საქართველოს იურისდიქციის დარღვევამდე ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა მონაწილეობით და საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ერთმანდატიანი ოლქის არჩევნებში მათი მონაწილეობა და კიდევ ერთი მაჟორიტარის არჩევა ამომრჩეველზე ერთი ხმის უფლების დარღვევას გამოიწვევდა, რასაც ყველა ამომრჩევლის თანასწორობის პრინციპის დარღვევა მოჰყვებოდა.
3) საპარლამენტო არჩევნების დროს დევნილები სარგებლობენ არჩევნებში პროპორციული წესით მონაწილეობის უფლებით. რაც შეეხება მაჟოტრიტარი დეპუტატების არჩევნებს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 15-ე მუხლის შესაბამისად ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით, ესე იგი მხოლოდ ამ ადგილის მაცხოვრებლები იღებენ მასში მონაწილეობას. ის გარემოება, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ დევნილთა სტატუსით და სახელმწიფოს მხრიდან იღებენ დახმარებას და ეს სტატუსი მათ სადავოდ არ გაუხდიათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პირთა საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთის ტერიტორია მიიჩნევა, რომელიც დღეს გასულია საქართველოს იურისდიქციიდან და მაშასადამე, მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება დევნილთა მონაწილეობით არ არის შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით მაჟორიტარული არჩევნების გაგება აზრს დაკარგავდა, ვინაიდან იგი ადგილებზე არჩევნებს გულისხმობს;
4) საგულისხმოა, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას იცნობს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტიც, რომლის თანახმად ხმის უფლების მოწმობის საფუძველზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი კარგავს ერთმანდატიან ოლქში წარდგენილი კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
კოლეგია ვერ დაეთანხმება სპეციალისტის მოსაზრებას, რომ დევნილებისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ხმის მიცემის უფლების თვითშეზღუდვას, ვინაიდან გამორიცხული არ არის ის გარემოება, როდესაც მძიმე ავადმყოფობის ან სხვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ამომრჩეველი იძულებული გახდეს გავიდეს საცხოვრებელი ადგილიდან.
5) მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია, რომელსაც შინაგან საქმეთა ორგანოები ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის „საქართველოს პარლამენტის შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლმა ამომრჩეველთა სიაში შესატანად აუცილებლად მიიჩნია სიის შედგენის მომენტისათვის მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირება. კანონმდებლობით დაწესებულია ყველასათვის სავალდებულო, ერთიანი წესი რეგისტრაციის შესახებ და გათვალისწინებული არ არის რაიმე დისკრიმინაცია დევნილთა მიმართ, რომლებიც რეგისტრირებული არიან განსაკუთრებული წესით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, მანამ მათ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ არ ეკრძალებათ გაიარონ ჩვეულებრივი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა ორგანოებში.
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცს, რომელიც განიხილავს საქართველოს რომელიმე რეგიონში მუდმივად დასახლებისა და რეგისტრაციაში გატარების საკითხებს და ლაპარაკია პირისათვის დევნილის სტატუსის შეჩერებაზე. ფაქტიურად არავითარი კავშირი არა აქვს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან – არჩევნებთან და სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, რადგან დევნილთა სტატუსი სასარჩელო მოთხოვნაში სადავოდ არავის გაუხდია და მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია საქართველოს კონსტიტუციის სხვა რომელი მუხლით აღიარებული მათი უფლება შეილახა ამ ნორმატიული აქტით.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 31-ე, 39-ე, 43-ე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე, 46-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მოსარჩელეების: ბესარიონ ფანცულაიას, ელგუჯა გულედანის, ჯემალ მიქელაძის, მანგული ხუბუას და მურმან ზაქარაიას კონსტიტუციურ სარჩელზე 1) საქართველოს „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქმეზე წარმოება შეწყდეს. 2) არ დაკმაყოფილედეს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და 3) საქართველოს კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სმდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ლამარა ჩორგოლაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი)
ზაურ ჯინჯოლავა