ნიკოლოზ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1445 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1445) მომართა ნიკოლოზ ადამიამ. №1445 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 11 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1445 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი“.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არასრულწლოვნებს 14 წლის ასაკიდან უნდა ჰქონდეთ უფლება, იყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორები და მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები. მოსარჩელის აზრით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ასაკის პირებს, რადგან მათ უკვე მიღებული აქვთ დაწყებითი განათლება და იციან წერა-კითხვა სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლებას ანიჭებს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, რაც მოითხოვს რთულ სასარჩელო დოკუმენტებთან მუშაობას. ასევე, 14 წელს მიღწეულ პირზე ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ ფონზე, მოსარჩელისთვის გაუგებარია, თუ რატომ ეზღუდებათ 14-დან 18 წლის ასაკამდე არასრულწლოვან პირებს შეკრების და მანიფესტაციის პასუხისმგებელ პირად ყოფნა.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შეკრების კონსტიტუციური უფლებით დაცული სფერო მოიცავს როგორც შეკრებაში მონაწილეობის მიღების, ასევე მისი ორგანიზების უფლებას. სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე მხარე შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, არ იარსებებს ლოგიკური კავშირი სადავო შეზღუდვასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს შორის, რადგან არასრულწლოვანი პირებისთვის პასუხისმგებელ პირებად ყოფნის შეზღუდვა არ არის გარანტია, რომ შეკრება არ გადაიზრდება არეულობაში, არ მიიღებს არაკონსტიტუციურ ფორმას და, ამგვარად, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე არ შეექმნება.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. არსებითად თანასწორ პირებად მიჩნეული არიან, ერთი მხრივ, 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირები, ხოლო, მეორე მხრივ, სრულწლოვანი პირები. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესადარებელ პირებს აქვთ თანასწორი ინტერესი, იყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორები და აღნიშნული უფლება გამოიყენონ მათთვის საინტერესო და ღირებული იდეების ფართო მასებისთვის გასაცნობად. სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს ასაკი. დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, რადგან არასრულწლოვან პირებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე სრულიად ერთმევათ პასუხისმგებელ პირად ყოფნის შესაძლებლობა.
8. მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმის ბლანკეტურობაზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს არასრულწლოვანი პირის პასუხისმგებელ პირად ყოფნის შესაძლებლობის ინდივიდუალურ შეფასებას. ასევე, ინდივიდუალური შეფასების გარეშეც პასუხისმგებელ პირად ყოფნა 14 წლის ასაკიდან უნდა შეეძლოთ არასრულწლოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ შეკრების უფლებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვან პირებს შესწევთ უნარი, პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებები განახორციელონ: წარადგინონ წინასწარი გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებები. სადავო ნორმა, რომელიც არასრულწლოვანს შეკრების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელ პირად ყოფნას უკრძალავს, ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე ზღუდავს მოსარჩელის შეკრების თავისუფლებას.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის №2/2/180-183 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
4. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი“. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის №2/2/180-183 გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი რედაქციით კი დადგენილი იყო: „პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი“.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის №2/2/180-183 გადაწყვეტილებით შეფასებული ნორმა, ტექსტობრივი და გრამატიკული სხვაობის მიუხედავად, არსებითად იდენტური შინაარსის არის და 18 წელს მიუღწეველ პირებს უზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის პასუხისმგებელ პირად ყოფნას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის 5 ნოემბრის №2/2/180-183 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არასრულწლოვანი პირები წარმოადგენენ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს და მათ მიმართ, როგორც კონსტიტუციით, ასევე სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, დაწესებულია რიგი შეზღუდვები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის 5 ნოემბრის №2/2/180-183 გადაწყვეტილებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი მიიჩნია კონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „არასრულწლოვანი პირების ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების დონის შესაბამისად, შესაძლოა, განსხვავებული იყოს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის პირობები. ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში გაცნობიერებული, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი არასრულწლოვან პირებს სრულწლოვან პირებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები აქვთ. ხსენებულიდან გამომდინარე, მათივე ინტერსების დასაცავად შეზღუდულია არასრულწლოვანის ზოგადი თავისუფლების ფარგლები ... არასრულწლოვანთა მიმართ კონსტიტუციური უფლებები სპეციფიკური სტანდარტებით ვრცელდება. მათი მოქმედების ფარგლები დამოკიდებულია თავად უფლების ხასიათსა და ურთიერთობის თავისებურებებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8,10).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). სადავო ნორმა არასრულწლოვან პირებს უზღუდავს შეკრების ან მანიფესტაციის პასუხისმგებელ პირად ყოფნას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „პასუხისმგებელი პირები“ არიან შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი მონაწილენი ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი“. აღნიშნული კანონი ასევე განსაზღვრავს ორგანიზატორის ვალდებულებას, კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის ან/და 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას.
9. ამავდროულად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-2 პუნქტი ორგანიზატორის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის 5000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ვადით.
10. აღნიშნულის გათვალისწინებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი პასუხისმგებელ პირს მნიშნელოვან ფუნქციებსა და ვალდებულებებს აკისრებს. ხოლო ორგანიზატორის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის განსაზღვრულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ ფონზე, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი პირები სასამართლოსადმი მიმართვის თუ სხვა სახის უფლებებით არიან აღჭურვილი და მათ შესწევთ უნარი, პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებები განახორციელონ, არ მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლის საჭიროებაზე.
11. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს №2/2/180-183 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და შეკრებისა და მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებების და არასრულწლოვანი პირების ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დონის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შეკრების ან მანიფესტაციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვა უფლების გამართლებულ შეზღუდვას წარმოადგენს.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1445 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
14. მოსარჩელის აზრით, 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. არასრულწლოვან პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ შეკრების ან მანიფესტაციის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია. მათ მიმართ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სარგებლობენ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, 14-დან 18 წლამდე პირებს, სრულწლოვანი პირების მსგავსად, შეუძლიათ შეკრებისა და მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირის მიმართ დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
15. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებითად თანასწორობის საკითხის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც შესადარებელი ჯგუფების, ისე, ზოგადად, სამართალურთიერთობის ბუნება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება მიემართება არასრულწლოვნებისთვის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირად ყოფნის შეზღუდვის საკითხს.
16. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და მასზე პასუხისმგებელ პირად ყოფნის თვალსაზრისით, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების არსებითად თანასწორობის დასაბუთება შესაბამის არგუმენტაციასა და დამაჯერებელი მტკიცებულებების მოყვანას საჭიროებს. ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში არასრულწლოვანი პირების უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება სრულწლოვნების მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის ბუნებით. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ არასრულწლოვან პირებს, როგორც წესი, სრულწლოვან პირებთან შედარებით, ნაკლებად აქვთ ინფორმირებული, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „არასრულწლოვანი პირების ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების დონის შესაბამისად, შესაძლოა, განსხვავებული იყოს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის პირობები. ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში გაცნობიერებული, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი არასრულწლოვან პირებს სრულწლოვან პირებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები აქვთ... არასრულწლოვანი პირები ასაკის შესაბამისად საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რათა დაცული იყოს მათი ინტერესები და ეჭვქვეშ არ დადგეს მათი ნორმალური განვითარება... როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8,9). ასევე, უკვე აღინიშნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პასუხისმგებელ პირს, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების თვალსაზრისით, მნიშნელოვან ვალდებულებებს აკისრებს.
17. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მოუთითებს იმ გარემოებებზე, რომ 14 წლის ასაკის არასრულწლოვან პირებს დაძლეული აქვთ დაწყებითი განათლების საფეხური, მათ მიმართ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით ისინი აღჭურვილი არიან გარკვეული უფლებებით. აღნიშნული არ გამორიცხავს კანონმდებლის შესაძლებლობას, თავად არასრულწლოვნის დაცვის მიზნით, ამა თუ იმ მავალდებულებელი ურთიერთობის ფარგლებში იგი სრულწლოვანისაგან განსხვავებულ რეჟიმში ჩააყენოს. როდესაც მოსარჩელე დავობს ამა თუ იმ ვალდებულების აღებისას არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის არსებითად თანასწორობაზე, მან უნდა დაასაბუთოს, რომ ვალდებულების ბუნებიდან გამომდინარე, მისი შესრულება იმდენად მარტივია, რომ ამ ტვირთის ზიდვის შესაძლებლობის თვალსაზრისით, ასაკი არსებით ფაქტორს არ წარმოადგენს. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირად ყოფნა მნიშვნელოვან ვალდებულებებს უკავშირდება, შესაბამისად, გონივრულია კანონმდებლის პოზიცია, რომელიც ამ ურთიერთობის ფარგლებში არასრულწლოვანს სრულწლოვნისაგან განსხვავებული უნარის მქონედ განიხილავს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ პოზიციას, რომლის თანახმად, 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნები სრულწლოვანი პირების მსგავსად ფლობენ პასუხისმგებელ პირად ყოფნისთვის აუცილებელ უნარებს და შესაძლებლობებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებად ყოფნის თვალსაზრისით, არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1445 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1445 („ნიკოლოზ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი