თელავის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/100/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 13 აპრილი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ლამარა ჩორგოლაშვილი (სხდომის თავმჯდომარე და მომხსენებელი);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: თელავის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 42-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ჩატარდა კონსტიტუციური წარდგინების ავტორისა და სადავო აქტის მიმღები ორგანოს დაუსწრებლად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1999 წლის 8 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მომართა თელავის რაიონის სასამართლომ. კონსტიტუციურ წარდგინებაში, თელავის რაიონის სასამართლო (თავმჯდომარე ვ. ყაჯრიშვილი, მსაჯულები; ლ. გიგოშვილი და ბ. ოთარაშვილი) ითხოვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 151-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან შესაბამისობის დადგენას.
როგორც კონსტიტუციური წარდგინებით ირკვევა, 1998 წლის 18 დეკემბერს, თელავის რაიონის სასამართლო იხილავდა მოქალაქე თამაზ ხიდაშელის განცხადებას, კახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელ გ. შაშიაშვილის მიერ მისი სამუშაოდან გადაყენების შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე.
კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თამაზ ხიდაშელი ითვლებოდა რა სახაზინო საწარმო „წინანდლის“ გენერალურ დირექტორად, 1998 წლის 16 დეკემბერს, იგი, როგორც ბრალდებული, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, პროკურორის მიერ სანქციონირებული გამომძიებლის დადგენილებით, გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, თამაზ ხიდაშელს განცხადებით მიუმართავს თელავის რაიონის სასამართლოსათვის და მოუთხოვია მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გამოტანილი დადგენილების გაუქმება.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც გამომძიებელმა თანამდებობიდან გადააყენა ბრალდებული თამაზ ხიდაშელი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
თელავის რაიონის სასამართლო კონსტიტუციურ წარდგინებაში ითხოვს, გაირკვეს: ხომ არ არის შეუსაბამობაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თელავის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის შესახებ, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგი გარემოების გამო:
1999 წლის მარტს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ‘’საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’. აღნიშნული კანონის მე-3 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლმა განიცადა ცვლილება, რომლის მიხედვით ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრძანებას გასცემს მოსამართლე წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით. აღნიშნული კანონი გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით და იგი ძალაშია.
საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა ორგანული კანონის ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ მე-2, 21-ე, 31-ე, 42-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს კანონის ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. თელავის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის შესახებ - არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ლ. ჩორგოლაშვილი (სხდომის თავმჯდომარე და მომხსენებელი);
2. ა. აბაშიძე;
3. ზ. ჯინჯოლავა.