სერგო გოგეშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის და თანამოპასუხე სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №2/102/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 16 მაისი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
ავთანდილ აბაშიძე;
ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე);
ზაური ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
საქმის დასახელება: სერგო გოგეშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის და თანამოპასუხე სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წ. 9 სექტემბერს დამტკიცებული დროებითი ინსტრუქციის ”საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპოდენტო, სავალუტო, საბიუჯეტო, მიმდინარე და სხვა ანგარიშების (დროებითი, საკასო მომსახურების) გახსნის თაობაზე“ 29ე მუხლის მე7 პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტი და მე9 პუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – სერგო გოგეშვილი და მისი წარმომადგენელი იური საფია; მოპასუხე – საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი იურისტი ბესიკ შუბითიძე; თ/მოპასუხე – სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი დავით რამიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია:
მოქალაქე სერგო გოგეშვილმა 1999 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1999 წლის 9 სექტემბერს დამტკიცებული დროებითი ინსტრუქციის ”საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საანგარიშსწორებო, საკორესპოდენტო, სავალუტო, საბიუჯეტო, მიმდინარე და სხვა ანგარიშების (დროებითი, საკასო მომსახურების) გახსნის თაობაზე“ 29ე მუხლის მეშვიდე პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა.
ს. გოგეშვილი სარჩელში მიუთითებს, რომ 197881 წლებში ”ინჟმშენის“ დაქვემდებარებული ორგანიზაციების ბაზაზე შეიქმნა მებაღეობის ამხანაგობა ”სტროიტელი“, რომლის თავმჯდომარე და წევრი თვითონ იყო ამხანაგობის დაარსების დღიდან. მაშინ მოქმედი კანონმდებლობით ამხანაგობა წარმოადგენდა იურიდიულ პირს და თავისი ფუნქციების და სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკში“ გახსნილი ჰქონდა საანგარიშსწორებო ანგარიში 0001700557, რომელზეც 1990 წლის იანვრისათვის 270000 რუსული მანეთი ირიცხებოდა, რომელიც ამხანაგობის წევრთა საკუთრებას წარმოადგენდა.
მოსარჩელის განცხადებით, საქართველოში იმ წლებში არსებული სამოქალაქო ომის, განუკითხაობის, ქაოსის, მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის, ინფლაციის გამო ამხანაგობა მოკლებული იყო შესაძლებლობას ეწარმოებინა აქტიური სამეურნეო საქმიანობა და ელოდებოდა ამისათვის შესაფერის დროს. მაგრამ სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკის“ 1998 წლის 2 თებერვლის N0327702/114 წერილით ამხანაგობისათვის ცნობილი გახდა, რომ ”სტროიტელის“ ანგარიშზე რიცხული თანხა 1993 წლის 5 აპრილიდან მიმოქცევაში კუპონის შემოღებასთან დაკავშირებით კუპონად გადაიქცა (კურსი 1:1), ხოლო 1995 წლის 2 ოქტომბრიდან რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ლარის გამოცხადებასთან დაკავშირებით ამხანაგობის ანგარიშზე რიცხული ნაშთი გადაანგარიშებულ იქნა ლარებში (კურსი 1:1000000) და შეადგინა 27 თეთრი, რომელიც 1997 წლის 24 დეკემბერს გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან ამხანაგობას 1994, 95, 96, 97 წლებში ანგარიშზე მოძრაობა არ ჰქონია, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 1993 წლის 26 თებერვლის N5 ინსტრუქციის 7.5 მუხლისა და ამ მუხლის დამატების (საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 6 იანვრის N1 ბრძანება) შესაბამისად ბანკის დაწესებულებებში საანგარიშსწორებო და მიმდინარე ანგარიშები იხურება ანგარიშზე სამი თვის განმავლობაში ჩანაწერების არარსებობისას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 9 სექტემბრის დროებითი ინსტრუქციის (29ე მუხლის მე7 პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტი და მე9 პუნქტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან: 1. საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლით საკუთრება აღიარებულია და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების გაუქმება (ბანკის ანგარიშზე არსებული თანხა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას წარმოადგენდა; 2. კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კონსტიტუციის 106ე მუხლის თანახმად, მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც მას არ ეწინააღმდეგება, ხოლო სადავო ნორმატიული აქტებით ხელყოფილია ამხანაგობის წევრთა საკუთრება და მაშასადამე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21ე მუხლს; 3. მოპასუხეები ვალდებული იყვნენ შიდასაუწყებო კანონმდებლობა მიეყვანათ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში; 4. კონსტიტუციის მიღების შემდეგ, სადაც აღიარებულია საკუთრების უფლება, არაკონსტიტუციური ინსტრუქციებითა და ბრძანებებით დაუშვებელია საკუთრების გაუქმება და ხელყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ სერგო გოგეშვილის მიერ აღძრული სარჩელი ანგარიშის დახურვის თაობაზე მოქმედი ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობის შესახებ საოლქო და უზენაესი სასამართლოების ადმინისტრაციული და სხვა საქმეთა სასამართლო კოლეგიამ და პალატამ არ მიიღო წარმოებაში დავის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობის გამო. მოსარჩელის მიერ თანხის ანაზღაურების თაობაზე აღძრული სარჩელი ქ. თბილისის მთაწმინდაკრწანისის რაიონულ სასამართლოში წარმოებით შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვამდე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ანგარიშის დახურვა დარღვევებით მოხდა, სახელდობრ, მოსარჩელისათვის არ მოუთხოვიათ ცნობა ბიუჯეტისადმი დავალიანების შესახებ, არ არსებობს მონაცემები საწარმოს ლიკვიდაციის, მისი გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე; მოსარჩელის მხრივ საბანკო მომსახურების ხელშეკრულება დარღვეული არ ყოფილა და სხვა.
გარდა ამისა, მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის 1993 წ. 26 თებერვლის N5 ინსტრუქცია და 1997 წ. 6 იანვრის ბრძანება, რომლებიც შეცვალა 1999 წ. 9 სექტემბრის დროებითმა ინსტრუქციამ, არ ყოფილა რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, რის გამოც ამ აქტების საფუძველზე ანგარიშების დახურვის უფლება მოპასუხეს არ ჰქონდა. მისი აზრით, სპეციალისტიც მიუთითებს, რომ საბჭოთა პერიოდის ნორმატიული აქტების გამოყენება საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ანტიკონსტიტუციურია.
მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ბესიკ შუბითიძე არ ცნობს ს. გოგეშვილის კონსტიტუციურ სარჩელს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დროებით ინსტრუქციის 29ე მუხლის მე7 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი და მე9 პუნქტი მხოლოდ აწესრიგებს უმოძრაოდ არსებული ანგარიშის მომსახურებას და გამორიცხავს საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმებას.
მოპასუხე თვლის, რომ საბანკო დაწესებულებებში დაწესებული შეზღუდვა საბანკო ანგარიშების დახურვის თაობაზე შემოღებულია საბანკო სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ თავიდან იქნეს აცილებული უმოძრაოდ მყოფი ანგარიშების მომსახურება, რაც ამძიმებს ისედაც მუდმივად გადატვირთულ საოპერაციო სამსახურებს. N904ე (მოუკითხავი თანხების) საბალანსო ანგარიშზე უმოძრაო ანგარიშიდან გადატანილი თანხა არა თუ იკარგება, პირიქით, ინახება და არავითარ შემთხვევაში არ ხელჰყოფს საკუთრების უფლებას. მესაკუთრის გამოჩენის შემთხვევაში მას თანხა უბრუნდება.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ არც 904ე ანგარიშიდან მოუკითხავი სახსრების ბიუჯეტში გადარიცხვა წარმოადგენს საკუთრების ექსპროპრიაციას. ნებისმიერ პირს, ვინც სასამართლოში დაამტკიცებს საკუთრების უფლებას ამ თანხებზე, შეუძლია მოთხოვოს ფინანსთა სამინისტროს თანხის დაბრუნება სასამართლოს გადაწყვეტილებით. N904ე საბალანსო ანგარიშიდან თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვით არ უქმდება საკუთრებისა და ამ თანხის მოთხოვნის უფლება.
თანამოპასუხე ”საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დავით რამიშვილი ეთანხმება ეროვნული ბანკის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ინსტრუქციის სადავო მუხლის ნორმები კონსტიტუციურია. იხურება მხოლოდ უმოძრაო ანგარიში და საბოლოოდ ეს თანხა თუ ბიუჯეტში მიდის, არ ნიშნავს საკუთრების ჩამორთმევას. კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხის დაბრუნება. ეროვნული ბანკის ინსტრუქციები სავალდებულოა ყველა ბანკისათვის, მათ შორის ჩვენთვისაც. თუ მოსარჩელე თვლის, რომ თანხის ინდექსაციის დროს დაირღვა მისი უფლებები, უნდა მიმართოს საერთო სასამართლოს.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ფასების ინსპექციის უფროსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი თვლის, რომ უძრავი ანგარიშის გარკვეულ ვადაში დახურვის პრაქტიკა გამოიყენებოდა ჯერ კიდევ სსრკ სახბანკის 1987 წლის 30 ოქტომბრის N28 ინსტრუქციის საფუძველზე, რომელიც უცვლელი სახით შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის 1993 წლის 26 თებერვლის N5 ინსტრუქციაში და შემდეგ, 1999 წლის 9 სექტემბრის N222 ბრძანებით დამტკიცებულ დროებითი ინსტრუქციის 89ე მუხლის მე7 პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტში და მე9 პუნქტში.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ახალი საკუთრებითი ურთიერთობებისათვის სულ სხვა ტიპის საკუთრებად ურთიერთობების გადმოტანა აშკარად წინააღმდეგობაში მოექცა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციასთან, კერძოდ, მის 21ე მუხლის პირველ ნაწილთან. საკუთრების ექსპროპრიაციის საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონით ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, რომელიც გულისხმობს სათანადო კომპენსაციას.
ყველა შემთხვევაში, ასკვნის სპეციალისტი, საკუთრების უაპელაციო ხელყოფა პოსტკომუნისტურ საქართველოში, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კანონით უარყოფილი იყო და არის.
სპეციალისტის აზრით, თუ ამხანაგობამ არ მოახდინა ”მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელახალი რეგისტრაცია, ადრინდელი რეგისტრაცია ავტომატურად უქმდებოდა და ისედაც არც ერთ ბანკს არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა ოპერაციები არსებული კლიენტების დავალებითაც კი.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89ე მუხლის ”ვ“ პუნქტის, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე19 მუხლის ”ე“ პუნქტის და 39ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტების ან მათი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდება, თუ ნორმატიული აქტით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ინსტრუქციის 29ე მუხლის მე7 პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ბანკის დაწესებულებებში საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, აგრეთვე ფიზიკური პირების საანგარიშსწორებო და მიმდინარე ანგარიშების დახურვას ანგარიშზე სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის არარსებობისას. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ანგარიშების დახურვა არ იწვევს საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმებას, ვინაიდან ამავე მუხლის მე9 პუნქტის შესაბამისად, დახურულ ანგარიშზე მოუკითხავი ნაშთის არსებობის შემთხვევაში თანხა გადაიტანება 904 (კრედიტორები) საბალანსო ანგარიშზე (მოუკითხავი თანხები) და მაშასადამე, ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს თავისი საკუთრება.
2. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა დროებითი ინსტრუქციის 29ე მუხლის მე9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, რომლის თანახმად, სამი წლის ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ თანხა საქართველოს ბიუჯეტში გადაირიცხება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე თავი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გავრცელებას ნებისმიერ ქონებრივ მოთხოვნაზე. აღნიშნული კოდექსის 128ე მუხლის მე2 პუნქტის ”ბ“ ქვეპუნქტი ხანდაზმულობის ვადას არ ავრცელებს მხოლოდ მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. ხოლო დროებითი ინსტრუქციის 29ე მუხლის მე9 პუნქტი საანგარიშსწორებო და მიმდინარე ანგარიშებს ეხება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დროებითი ინსტრუქციის სადავო დებულებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის პირველ ნაწილს და კონსტიტუციური სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
მოსარჩელის მოსაზრება ბანკის მიერ ანგარიშის დახურვისას დაშვებულ დარღვევებზე, სახელდობრ, რომ არ ყოფილა გამოთხოვილი ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება ამხანაგობის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე, მოსარჩელეს არ დაურღვევია საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და სხვა, სასამართლო კოლეგიის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს და არ შედის ამ აქტის კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებისას დაშვებული დარღვევების შეფასებაში.
ვერ იქნება მიღებული მოსარჩელის არც ის მოსაზრება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1993 წლის 26 თებერვალს დამტკიცებული N5 ინსტრუქცია და იმავე ბანკის 1997 წლის 6 იანვრის N1 ბრძანება არ ყოფილა რეგისტრირებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის რეესტრში, ვინაიდან თვით მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის საგნისა და საფუძვლის შეცვლა, ნაცვლად აღნიშნული ნორმატიული აქტებისა, დროებითი ინსტრუქციის 29ე მუხლის მე7 პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტის და მე9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დააყენა. დროებითი ინსტრუქცია რეგისტრირებულია რეესტრში და შეიცავს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა სპეციალისტის დასკვნას, რომელიც დროებითი ინსტრუქციის სადავო დებულებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოხდა ახალი საკუთრებითი ურთიერთობებისათვის სულ სხვა ტიპის (საბჭოთა) საკუთრებითი ურთიერთობების ნორმების გადმოტანა, რაც წინააღმდეგობაში მოექცა ახალ კონსტიტუციასთან. დასკვნაში არ არის მოცემული ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებული საკითხების ეკონომიკური შეფასება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე19, 33ე და 43ე მუხლებით, საქართველოს კანონის ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე10, 31ე და 33ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. სერგო გოგეშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1999 წლის 9 სექტემბერს დროებითი ინსტრუქციის ”საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, საბიუჯეტო, მიმდინარე და სხვა ანგარიშების (დროებითი, საკასო მომსახურების) გახსნის თაობაზე“ 29ე მუხლის მე7 პუნქტის ”ვ“ ქვეპუნქტის და მე9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით – არ დაკმაყოფილდეს;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ო. ბენიძე;
ა. აბაშიძე;
ლ. ჩორგოლაშვილი;
ზ. ჯინჯოლავა.