მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1513 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მამუკა ტოლიაშვილი |
თარიღი | 17 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს კანონი -„ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
ბ.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ს.ს.კ.- ის 260 -ე მუხლის I ნაწილი - „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე“ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2 - ში „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, 205-ე ნომრით ფიქსირებული ალფა-პვპ (α-PVP) -ს მცირე, დიდი, განსაკუთრებით დიდი ოდენობების გრაფაში ფიქსირებული tire (-) |
საქართველოს ს.ს.კ.- ის 260 -ე მუხლის I ნაწილი - „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე“ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2 - ში „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, 205-ე ნომრით ფიქსირებული ალფა-პვპ (α-PVP) -ს მცირე, დიდი, განსაკუთრებით დიდი ოდენობების გრაფაში ფიქსირებული tire (-) |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი; 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; 31-ე მუხლის; 311 მუხლის;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი თანახმად ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის 31-e მუხლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ა) ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
სარჩელში წარმოდგენილი მოთხოვნა და დასაბუთება ემყარება არა მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის სუბიექტურად არასწორ აღქმას და გამომდინარეობს არა ალბათობებითა და ვარაუდებით ფანტაზიის სფეროდან, არამედ ემყარება სადავო ნორმების გამოყენების სამართლებრივ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია საერთო სასამართლოების სისტემაში. შესაბამისად, სარჩელში აღწერილი პრობლემა არა ინდივიდუალური ხასიათისაა, არამედ, ვინაიდან საქართველოს ს.ს.კ. - ის 260 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის აუცილებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს აკრძალული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ტიპი და რაოდენობა, რაც შესაბამისად მოცემულია „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებში დამტკიცებულ ნუსხაში, სასამართლოები სწორედ, რომ „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხით“ განსაზღვრული ოდენობებით ხელმძღვანელობენ პირის მიერ ჩადენილი ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრისათვის. კერძოდ კი, სარჩელზე მტკიცებულების სახით დართული მოსარჩელის, მ. ტოლიაშვილის, ს/ს ბრალდების საქმეზე გამოტანილი განაჩენითა და საქმეში არსებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ. - ის 260 - ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან 2019 წლის 1 ნოემბერს მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ჩიბუხი, რომლის ანაწმენდზეც ლაბორატორიულად აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს კვალი, ისეთი მცირე ოდენობით, რომ რაოდენობის განსაზღვრაც კი შეუძლებელი იყო, თუმცა ვინაიდან „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ 205-ე ნომრით ფიქსირებული ნივთიერების „ალფა - პვპ“ (a – PVP) - ს გრაფაში არ არის დადგენილი და განსაზღვრული ოდენობები, მხოლოდ აღმოჩენილი კვალიც კი საკმარისად მიიჩნია სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისათვის მ. ტოლიაშვილის დამნაშავედ ცნობისათვის და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ჩამოართვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები (იხ. მტკიცებულებათა სახით დართული განაჩენი და ექსპერტიზის დასკვნა).
ამდენად, სარჩელს თან ერთვის მოსარჩელის ხელთ არსებული ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, წარმოდგენილია მ. ტოლიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერები, რომლებიც შეიცავს და ასახავს სასამართლოს პოზიციას და სარჩელის დასაბუთებაც შინაარსობრივად შეეხება სწორედ სადავო ნორმების ერთობლივად გამოყენების სასამართლო პრაქტიკას, რომელიც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ატომურ და მოლეკულურ დონეზე არსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა - პვპ“ (a – PVP) - ს კვალის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი პირს მიესაჯოს რამდენიმე წლიანი თავისუფლების აღკვეთით განსაზღვრული სასჯელი და ასევე რამდენიმე წლით ჩამოერთვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძველი;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - როგორც სარჩელზე დართული სასამართლო განაჩენიდან დგინდება, მოსარჩელის მ. ტოლიაშვილის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში სასამართლომ სწორედ სადავო ნორმებზე დაყრდნობითა და გამოყენებით კანონიერად მიიჩნია და დაამტკიცა ბრალდების მხარესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, მ. ტოლიაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს ს.ს.კ. - ის 260-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ჩამოართვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ამდენად, მითითებული სადავო ნორმებით პირდაპირ ირღვევა მ. ტოლიაშვილის ფუნდამენტური უფლებები, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და აღნიშნული სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა პირდაპირ ინტერესშია, როგორც მოსარჩელის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებასთან. ამასთანავე, სარჩელით მოთხოვნილია სადავო ნორმატიული აქტების შესაბამისობის შემოწმება და შეფასება კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, რომლის მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია ფიზიკურ პირს;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო საპროცესო ნორმების კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.საქართველოს ს.ს.კ. -ის 260-ე მუხლის I ნაწილის თანახმად „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე“. აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში მითითებული აკრძალული ნივთიერებების ვრცელი ჩამონათვალი კი მოცემულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანოში, რომლებზეც სახელმწიფო აწესებს განსაკუთრებულ კონტროლს. კერძოდ კი ამ უკანასკნელი კანონის დანართი N 2 შეიცავს „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“- ს, რომელიც პირდაპირ ბმაშია საქართველოს ს.ს.კ. -ის 260 -ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებასთან, ვინაიდან საქართველოს ს. ს. კ. - ის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის აუცილებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას სწორედ რომ აკრძალული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ტიპი და რაოდენობა წარმოადგენს. აღნიშნული ნუსხის 205 -ე ნომრით ფიქსირებულ გრაფაში მოცემულია ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP), რომელსაც ოდენობების შკალაში (მცირე, დიდი, განსაკუთრებით დიდი)ფიქსირებული აქვს ტირე (-), რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის დონეზე არ არის დადგენილი და განსაზღვრული ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს ოდენობები, შესაბამისად იძლევა იმის საშუალებას, რომ პირთან თუნდაც მიკროსკოპულ დონეზე აღმოჩენილი ამ ნივთიერების კვალმა განაპირობოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და მისი, შეიძლება სრულიად უწყინარი ქმედება შეფასდეს დანაშაულად და კრიმინალად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებულ ნარკოტიკული დანაშაულის ნორმების სანქციის მიზანს წარმოადგენს აკრძალული ნივთიერებების ( ნარკოტიკების, მისი ანალოგების, პრეკურსორების და ა. შ.) უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულების შემცირება, ამგვარი ბრუნვის ხელშემწყობი პირობების საზოგადოებისაგან იზოლირება, რაც თავის მხრივ მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობის, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების, ნარკოტიკულ საშუალებათა გამსაღებლების საქმიანობისათვის ხელის შეშლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებისა და გავრცელების პრევენციისაკენ. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნორმები იცავს არა იმდენად მის მომხმარებელს, რომელიც მიმართავს საკუთარი თავის თვითდაზიანებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას, მის ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს.
3. საქართველოს ს.ს.კ. - ის 39 - ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენცია (სპეციალური და ზოგადი). შესაბამისად სახელმწიფო ნარკოდანაშაულისათვის დაწესებული სასჯელების მიზანზე სამართლიანობის აღდგენის ჭრილში გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი ზემოთ მითითებული საფრთხეების , სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანში გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის რისკიც (სპეციალური პრევენცია). ამასთანავე საქართველოს ს.ს.კ. -ის 39-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის მიხედვით სასჯელის მიზანი ხორციელდება როგორც მსჯავრდებულზე ასევე სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით (ზოგადი პრევენცია).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის I ნაწილისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2 - ში „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“-ში 205-ე ნომრით ფიქსირებული „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს მცირე, დიდი, განსაკუთრებით დიდი ოდენობების გრაფაში ფიქსირებული ტირეს (-) შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან .
4.დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლის მიზანი და დანიშნულებაა დარღვეული უფლებების აღდგენა და იგი არა მარტო ერთეულ ინდივიდს იცავს, არამედ უზრუნველყოფს სრულიად სოციალური სტრუქტურის შენარჩუნებას და საზოგადოების კანონით განმტკიცებული ინტერესების დაცვას. ამ ჭრილში აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ სამართალი იცავს ინდივიდს არა მარტო სხვა კერძო პირებისაგან, არამედ სახელმწიფოსგანაც. ასე, რომ სამართალი არ არის თვითმიზანი, არამედ მიზნის მიღწევის საშუალება და იგი არეგულირებს საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს და როდესაც კანონი კანონობს, თითოეულ ადამიანს აქვს კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნება. სახელმწიფოში კი უზენაეს კანონს კონსტიტუცია წარმოადგენს და ყველა სხვა კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მისგან გამომდინარეობს და საზოგადოებაში სწორედ რომ კონსტიტუციურ პრინციპებს განამტკიცებენ.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო აღიარებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას და თავადვე ზრუნავს მის დაცვაზე. ამ ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი, ხოლო ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსგან. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის და უნდა იყოს უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება. ადამიანის ღირსებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირზე არაერთხელ უმსჯელია საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებების განმარტებისას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში (2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/2-389; 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/477; 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება N 3/1/512; 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N 1/4/592) როგორც საკონსტიტუციო სასამართლო (2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ .
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2-ე ნაწილით „ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. აღნიშნული ნორმით დადგენილი აკრძალვა ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას და არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე ნაწილით აღიარებული აბსოლუტური უფლებების დარღვევა გარდაუვლად იწვევს ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპის ხელყოფას.
7. რაც შეეხება წინამდებარე სარჩელით სადაოდ გამხდარ ნორმებს: როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საქართველოს ს.ს.კ. -ის 260 -ე მუხლის პირველი ნაწილი, „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის 205 -ე ნომრით ფიქსირებულ გრაფასთან სინთეზში, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღებისთვის. თავისთავად ამ ნივთიერების აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხაში შეტანა და მასზე სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის დაწესება შეიძლება გამართლებული იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს ს.ს.კ. - ის ნარკოდანაშაულის თავით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემური სწორედ ის გახლავთ, რომ უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერებების ნუსხის მცირე, დიდი, განსაკუთრებით დიდი ოდენობების გრაფაში ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს გასწვრივ დაფიქსირებულია ტირე (-), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის დადგენილი და განსაზღვრული ამ ნივთიერების ოდენობები, აღნიშნულიდან გამომდინარე მცირე და უმნიშვნელო ნაწილაკის, თუნდაც მხოლოდ მიკროსკოპულ დონეზე აღმოჩენის შემთხვევაშიც კი პირი მიცემულ იქნება სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რომელიც სასჯელის ზომად 6 თვიდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8. ბუნებრივია სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულობის ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს, თუმცა ამ პოლიტიკისა და სასჯელების გამოყენების დროს სახელმწიფოს აკისრია ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, თავად არ აღმოჩნდეს იმ სიკეთის დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას.
ამ ჭრილში საყურადღებოა იმ სახის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და სასჯელის დაწესების მიზნობრიობა, რომელიც გამოყენებულ იქნა მოსარჩელე მ. ტოლიაშვილის შემთხვევაში, როდესაც მისი ქმედება შერაცხულ იქნა დანაშაულად აკრძალული ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს ისეთი მცირე მოცულობითი კვალის აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც ექსპერტიზის მიერაც კი შეუძლებელი იყო მისი ოდენობის განსაზღვრა. ასეთ შემთხვევაში საინტერესოა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმური მიზანი და გამოყენებული სასჯელის პროპორციულობა.
9. როგორც ზემოთ ავღნიშნე ნარკოდანაშაულის ნორმების სანქციის მიზანს წარმოადგენს აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულების შემცირება და სახელმწიფოს მიზანია დაიცვას საზოგადოება აბსტრაქტული, მაგრამ მომეტებული საფრთხეებისაგან, თუმცა გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს , რომ სასჯელი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას. აქვე საგულისხმოა, რომ ადამიანი არ შეიძლება ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის მიყენებული დაზიანებისათვის, ეს დანაშაული მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. ხოლო ისეთ შემთხვევებში კი როდესაც სახეზე გვაქვს აკრძალული ნივთიერების, მათ შორის თუნდაც მძიმე ნარკოტიკის კატეგორიას მიკუთვნებული საშუალების ისეთი მცირე ოდენობა, რომლის აღმოჩენაც მხოლოდ ლაბორატორიულად, მიკროსკოპულ დონეზეა შესაძლებელი გაურკვეველი რჩება რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის და რამდენად საჭიროა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა და მკაცრი ღონისძიებების გატარება, მით უფრო, რომ ოდენობიდან გამომდინარე იგი პირადი მოხმარებისთვისაც უვარგისია.
10. აქვე საგულისხმოა, რომ ნარკოდანაშაულები მიეკუთვნება განზრახი დანაშაულების ჯგუფს, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, თუმცა როდესაც საუბარია მხოლოდ მიკროსკოპულ დონეზე ნარკოტიკის კვალის არსებობაზე, შესაძლებელია პირისთვის საერთოდ უცნობი იყოს მასთან აკრძალული ნივთიერების შემხებლობა, რაც თავისთავად გამორიცხავს მის ქმედებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ განზრახვას. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი სადაო ნორმების ბლანკეტურობიდან გამომდინარე პირს ემუქრება რამოდენიმე წლიანი საპატიმრო სასჯელი.
11. ამდენად ცხადია, რომ სადაო ნორმების დღევანდელი რედაქცია და ისეთი ქმედების კრიმინალიზება, რომელიც არანაირი საფრთხის შემცველი არ არის საზოგადოებისთვის და არც თავად იმ პირისთვის, რომელიც მას სჩადის არ შეიძლება მოექცეს სახელმწიფოს რეგულირების სფეროში, მით უფრო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკით და მასზე დაწესდეს რაიმე სახის სასჯელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სასჯელი თავად ხდება მიზანი და არა კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უკიდურესი საშუალება. შესაბამისად, ნებისმიერი უსაფუძვლო, მიზანზე არაორიენტირებული ან არაპროპორციული სასჯელი თავად გადაიქცევა მიზნად, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია, რამე თუ ამდაგვარი სასჯელი არ შეიძლება ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენის ფუნქციას და გამორიცხავს სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობასაც. კერძოდ კი, არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი ხელს უშლის, ზოგჯერ კი შეიძლება სრულად გამორიცხოს პირის რესოციალიზაცია, შესაბამისად იგი არსშივე ეწინააღმდეგება მისსავე მიზნებს და ფუნქციებს, ვინაიდან მსგავსმა სასჯელმა პატიმრობაში მყოფი პირის საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმალური ცხოვრების წესისა და უნარისაგან კიდევ უფრო მეტად დისტანცირება მოახდინოს.
12. ამდენად იმ სახის სასჯელი, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავს პირის რესოციალიზაციას და ხელს უწყობს მის დისტანცირებას და დესოციალიზაციას თავისთავად გამორიცხავს სპეციალური პრევენციის მიზნის მიღწევას და გაუმართლებლად ზრდის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს.
13. რაც შეეხება ზოგად პრევენციას - მხოლოდ ამ ჭრილში შეიძლება გარკვეულ წილად სახელმწიფო „ამართლებდეს“ მსგავსი სასჯელის არსებობას, ვინაიდან ნარკოდანაშაული მომეტებულ საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას და სხვა პირებზე ზემოქმედებისა და მკაცრი სასჯელის დემონსტრირებით ქმნიდეს ერთგვარ წინაღობას დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. თუმცა სასჯელის მიზნები კუმულაციურად უნდა იქნეს მიღწეული და „სახელმწიფომ“ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშაულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დამონების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში“. „გაუმართლებელია პირისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზემოქმედებისათვის, ვინაიდან თავისთავად ეს გარემოება სასჯელს უხეშად არაპროპორციულ სასჯელად აქცევს“. „ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება, მათ შორის, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, უფრო ზუსტად კი, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N 1/4/592 საქ. მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
14. როდესაც ვსაუბრობთ სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს სახელმწიფოს ფართო მიხედულობის ზღვარზე და ამა თუ იმ ქმედების დასჯადობისა თუ დაწესებული სასჯელების კონსტიტუციურობაზე, აუცილებელია შევაფასოთ სადაო ნორმებით აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საფრთხეები იმ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში, რომელთა დაცვის ვალდებულებაც სახელმწიფოს გააჩნია. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს ს.ს.კ. -ის ნარკოდანაშაულის თავით გათვალისწინებული ნორმები (მათ შორის სარჩელით სადავოდ მიჩნეული ნორმებიც) უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ა) ადამიანის ჯანმრთელობა - ამ მიზნის შეფასებისას ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ საფრთხეები, რომელიც უკავშირდება თავად მომხმარებლის ჯანმრთელობას და მეორეს მხრივ საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას. იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის თავისუფლებაში გამართლებული იყოს, საჭიროა მისმა ქმედებამ მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს და სხვებს შეუქმნას რეალური და სერიოზული საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც სადაო ნორმები შესაძლებლობას იძლევა, რომ რისამე ზედაპირზე მოლეკულურ დონეზე აღმოჩენილი ნივთიერების „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს კვალის შემთხვევაშიც კი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნეს მიცემული, მაშინ როდესაც იგი არანაირ საფრთხეს არ უქმნის არა თუ სხვებს, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც კი არასაკმარისია, გაურკვეველია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ლეგიტიმური მიზნის არსებობა, რაც შესაბამისად ვეღარ ამართლებს სახელმწიფოს ჩარევას ადამიანის თავისუფლებაში.
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - მოგეხსენებათ რომ სადაო ნორმებით აკრძალული ქმედება მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა ჯგუფს, ანუ პირი რომელიც აკრძალულ ნივთიერებას იძენს ან ინახავს, იცის, რომ სჩადის კანონდარღვევას და ამდენად, მისი ქმედება ითვლება ანტისოციალურად, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში აკრძალული საშუალების სიმცირიდან გამომდინარე შესაძლებელია პირმა საერთოდ არ იცოდეს მისი არსებობის შესახებ და შესაბამისად რაიმე სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირი განზრახვა მის ქმედებაში არ ვლინდებოდეს. ამდენად საერთოდ გაურკვეველია მისი ქმედების ანტისოციალური ხასიათი და სისხლის სამართლებრივი სასჯელის ეფექტურობა და პროპორციულობა, რამეთუ იგი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან და არ არის გამართლებული მისგან მომდინარე საფრთხეები.
15. ამდენად როდესაც აკრძალული ნივთიერების „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს ოდენობის სიმცირიდან გამომდინარე გამოირიცხება მისი რეალიზაცია, შესაბამისად გამოირიცხება გავრცელების გზით სხვათა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების და საკუთარ თავზე ზიანის მიყენების საფრთხეც კი, უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროპორციულია პირის მიმართ რაიმე სახის სასჯელის გამოყენება.
16. გასაჩივრებული ნორმები პრობლემატურია ასევე მათი ბლანკეტურობის გამო, რაც გამორიცხავს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრთხის რეალურობისა და ხარისხის გათვალისწინებით, კერძოდ კი თანაბარი სანქციებია განსაზღვრული მოლეკულურ დონეზეც და ტონობით აღნიშნული ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში. (260-ე მუხლის პირველი ნაწილი 6 თვიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). ამდენად სასჯელი თანაბრად მიემართება აკრძალული ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს ნებისმიერ რაოდენობას, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება მოსალოდნელი საფრთხეების არსით, მასშტაბებითა და საშიშროების ხარისხით. შესაბამისად სადაო ნორმები, არა თუ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთას ისეთ შემთხვევებშიც კი როდესაც საფრთხე ჰიპოთეტურია ან საერთოდ არ არსებობს, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში, რის გამოც სასჯელი მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია.
17. თუმცა იმისთვის, რომ პატიმრობის კონკრეტული (თუნდაც ექვსთვიანი) ვადა მივიჩნიოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 ე მუხლის მეორე ნაწილით აკრძალულ არაადამიანურ და სასტიკ სასჯელად ის ინტენსივობის, სიმკაცრის ძალიან მაღალ ხარისხს უნდა აღწევდეს და უხეშად არაპროპორციული უნდა იყოს.
18. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმები მათი ბლანკეტურობიდან გამომდინარე , ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას მხოლოდ იმის გამოც კი, რომ პირთან მოლეკულურ დონეზე შეიძლება აღმოჩენილ იქნეს არა თუ რეალიზების არამედ პირადი მოხმარებისთვისაც კი არასაკმარისი აკრძალული ნივთიერების კვალი, რომლის იდენტიფიცირება და აღქმაც შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შემთხვევაში, აშკარად სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობაა, ვინაიდან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება და მსგავსი ქმედებისთვის ანალოგიური მკაცრი სასჯელი შეუძლებელია დაწესებული იქნეს ნებისმიერ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში.
19. ამდენად ზემოაღნიშნული ანალიზი ცხადყოფს, რომ სადაო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში აშკარად არაპროპორციულია, არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს და არ არის შესაბამისი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის. შესაბამისად მისი აღსრულება წარმოადგენს გაუმართლებელ დასჯას, პირის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას, რაც შედეგად ადამიანის ღირსებასაც ხელყოფს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან ცალსახად სახეზე გვაქვს საქართველოს ს.ს.კ. - ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N 2 - ში „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“-ში 205-ე ნომრით ფიქსირებული „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის გრაფაში ფიქსირებული ტირეს (-) შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და ანტიკონსტიტუციურად ცნოთ სადაო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საშუალებას იძლევა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის დაწესებაზე აკრძალული ნივთიერება „ალფა - პვპ“(a-PVP)-ს ისეთი მცირე რაოდენობის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა , შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნისთვის, რომელიც არასაკმარისია პირადი მოხმარებისთვისაც კი და რომლის აღქმაც და აღმოჩენაც შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა