მოქალაქე გივი იასეშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/104/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 17 ივლისი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ოთარ ბენიძე (კოლეგიის თავმჯდომარე);
ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე გივი იასეშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის N524 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დროებითი დებულებისა და ინსტრუქციის “საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულების მე4 მუხლის პირველი, მე5 და მე6 პუნქტები; მე5 მუხლის პირველი, მე2 და მე3 პუნქტები; ინსტრუქციის მე3 მუხლის პირველი, მე7 და მე14 პუნქტები. სადავო აქტის დანართი N7ის მე3 პუნქტი და შენიშვნა.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1. მოსარჩელე: გივი იასეშვილი. 2.
მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი – ბელა სირბილაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე გამოარკვია: 1999 წლის 26 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მომართა მოქალაქე გივი იასეშვილმა, რომელიც განსახილველად გადმოგვეცა სასამართლოს მეორე კოლეგიას 2001 წლის 11 ივნისს. სარჩელში დავის საგანია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ნოემბრის N740 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულება და ინსტრუქცია „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული სადავო აქტი არ შეესაბამება საერთაშორისო სამეცნიეროტექნიკურ მოთხოვნებს და ხელს უშლის ეროვნული სამეცნიეროტექნიკური პროგრამის განვითარებას. ამასთან ერთად, საქმის მასალებში არის მოსარჩელის განცხადება, რომელიც დათარიღებულია 1999 წლის 26 აგვისტოთი, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 1999 წლის 31 იანვარს გამოსცა ბრძანებულება N40 „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ”, რომლის პირველი პუნქტით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის თანდართული დებულებები.
2000 წლის 13 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის N524 ბრძანებულებამ ძალადაკარგულად ჩათვალა თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ნორმატიული აქტი 1995 წლის 28 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება მოსარჩელე განცხადებით ზრდის თავის სასარჩელო მოთხოვნას, თანახმად საქართველოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე13 მუხლის მე2 პუნქტისა და ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის N402 ბრძანებულების გაუქმებას.
2001 წლის 14 ივნისის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე გ. იასეშვილმა, ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ წერილობითი ფორმით, წარმოადგინა ახალი კონსტიტუციური სარჩელი. მისი მოთხოვნაა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის N524 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დროებითი დებულების და ინსტრუქციის „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულების მე4 მუხლის 1ლი, მე5 და მე6 პუნქტები; მე5 მუხლის 1ლი, მე7 და მე14 პუნქტები, სადავო ნორმატიული აქტის დანართი N7ის მე3 პუნქტი და შენიშვნა.
2001 წლის 4 ივლისის საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გივი იასეშვილმა აღნიშნა, რომ მან ათეული წლების მანძილზე იმუშავა სამეცნიერო ნაშრომზე, მაგრამ იგი არ იქნა განხილული სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ, რითაც შეილახა მისი, როგორც მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის 23ე, 34ე და 35ე მუხლებით მინიჭებული კონსტიტუციური უფლებები. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის N524 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მესამე მუხლის მე7 პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ დისერტაციის ავტორს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ სულ ცოტა ათი ნაშრომი, აქედან სამი მაინც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მისი აზრით, აღნიშნული პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23ე მუხლს. ასევე მოსარჩელე ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო აქტის N7 დანართის მე3 პუნქტს, რომელიც დისერტანტს ავალდებულებს, წარმოადგინოს შუამდგომლობა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე იმ ორგანიზაციიდან, სადაც იგი მუშაობს. აღნიშნული პუნქტი, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებს, რომლებშიც ნათქვამია:
"1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს".
რაც შეეხება დანარჩენ სადავო ნორმებს, რომლებიც მოსარჩელეს მითითებული აქვს კონსტიტუციურ სარჩელში: კერძოდ:
1. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დროებითი დებულების და ინსტრუქციის მე4 მუხლის პირველი პუნქტი: “საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს გამოქვეყნებული შემაჯამებელი მონოგრაფიის ან ხელნაბეჭდის სახით“.
2. მე5 პუნქტი: „დასაცავი სადოქტორო დისერტაციის ძირითადი შედეგი არ უნდა შეიცავდეს მაძიებლის მიერ დაცული საკანდიდატო დისერტაციის ძირითად შედეგებს“.
3. მე5 მუხლის 1ლი პუნქტი.
პუნქტი 1ლი „ორგანიზაცია, სადაც შესრულდა სადისერტაციო ნაშრომი (კათედრა, სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია) აწყობს მის წინასწარ განხილვას (აპრობაციას)“.
4. მეორე პუნქტი „ორგანიზაციის დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმის სახით, მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და ერთ კვირაში გადაეცემა მაძიებელს. დასკვნა ძალაშია მისი მიღებიდან 5 თვის განმავლობაში (არდადეგების ჩაუთვლელად)“.
5. საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ ინსტრუქციის მე3 მუხლის 1ლი პუნქტი:
„სადისერტაციო ნაშრომი (დისერტაცია) მეცნიერებათა კანდიდატისა თუ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად სადისერტაციო საბჭოს წარედგინება ხელნაბეჭდის ან შემაჯამებელი მონოგრაფიის სახით (ერთპიროვნული ავტორობით). სადისერტაციო ნაშრომად არ მიიღება ლექსიკონი, სახელმძღვანელო, სამეცნიერო მოხსენება და შრომების ნაკრები“.
6. მე14 მუხლი: „დისერტაციის წინასწარი განხილვის (აპრობაციის) დასკვნას მაძიებელი ჩართავს სადისერტაციო საბჭოში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხაში, რომლის შინაარსს სადისერტაციო საბჭო იხილავს დისერტაციის დაცვის დროს“. საქმის არსებითად განხილვის დროს მოსარჩელემ კი აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ექვსივე სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23ე, 34ე და 35ე მუხლებს, მაგრამ ვერ დაასაბუთა წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში, ან რა ფორმით შეილახა მისი, როგორც დისერტანტის უფლებები. ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სადავო აქტები მოითხოვენ სამართლებრივ დახვეწას და გარკვეული ცვლილებების შეტანას. გარდა ამისა, როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, მოსარჩელის უფლებები დაირღვა ზოგიერთი თანამდებობის პირების მიერ დადგენილი წესების შეუსრულებლობით, რის გამოც მოითხოვს მათში გარკვეული ცვლილებების შეტანას.
მოპასუხემ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბელა სირბილაძემ სასარჩელო მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან მისი აზრით, სადავო ნორმატიული აქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. იგი მხარს უჭერს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც სადავო ნორმატიული აქტი მოითხოვს დისერტანტისაგან, თუმცა ზოგიერთ ნაწილში მასაც მიაჩნია, რომ გარკვეული შესწორების შეტანა შეიძლება.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე11 მუხლის თანახმად, სასამართლო განიხილავს მხოლოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონით მის კონპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და იგი ვერ იმსჯელებს იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება. კერძოდ, სასამართლო კოლეგიას არა აქვს უფლება შესწორებები და ცვლილებები შეიტანოს რომელიმე ნორმატიულ აქტში. ნორმატიული აქტით დადგენილია საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების ატესტაცია მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების წესის დამდგენი ორგანო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ამ წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. სასამართლო კოლეგია ვერ განიხილავს სადავო ნორმატიული აქტის N7 დანართის შენიშვნასაც, რაზედაც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ მე3 მუხლის მე7 პუნქტის და N7 დანართის მე3 პუნქტის ნაწილში წარმოებით უნდა შეწყდეს, ვინაიდან 2001 წლის 12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეტანილი იქნა არსებითი ცვლილებები ამ მუხლებში. სახელდობრ, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის N524 ბრძანებულებაში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ N173 (3914) მიმდინარე წლის 14 ივლისს. აღნიშნული ბრძანებულებით N7 დანართის მესამე პუნქტი მთლიანად იქნა ამოღებული, ხოლო მე3 მუხლის მე7 პუნქტმა არსებითი ცვლილება განიცადა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე13 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე19 მუხლის “ე” პუნქტით და 21ე მუხლით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე13 მუხლის მე2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით სასამართლო კოლეგია
ადგენს:
1. მოსარჩელე გივი იასეშვილს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომელიც ეხება პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის N524 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დროებითი დებულების და ინსტრუქციის მე4 მუხლის 1ელ, მე5 და მე6 პუნქტებს, მე5 მუხლის 1ელ, მე2 და მე3 პუნქტებს, მე3 მუხლის 1ელ და მე14 პუნქტებს;
2. შეწყდეს წარმოება ინსტრუქციის „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ მე3 მუხლის მე7 პუნქტში ცვლილებების შეტანისა და N7 დანართის მე3 პუნქტის გაუქმების გამო;
3 გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ოთარ ბენიძე (კოლეგიის თავმჯდომარე);
ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.