„მოქალაქეები – ნანა გოგოჭური და ემზარ გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/4/105,146 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 13 ივლისი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე;
2. ბესარიონ ზოიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: “მოქალაქეები – ნანა გოგოჭური და ემზარ გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანი: (1) “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებისა და (2) “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 5 მარტის კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც შეეხება “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულების – მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების შესაბამისად.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ნანა გოგოჭურის წარმომადგენელი ელგუჯა ყურუა და მისი ადვოკატი მარიამ ჩოხელი. მოსარჩელე ემზარ გრიგოლია და მისი წარმომადგენელი ვლადიმერ სანიკიძე:
მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბელა სირბილაძე. მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი. საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტმენტის წამყვანი სპეციალისტი შორენა ჯანხოთელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2001 წლის 28 ივნისს განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების – ნანა გოგოჭურისა და ემზარ გრიგოლიას კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელეთა აზრით, “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებითა და “სახელმწიფო ვალის შესახებ” 1998 წლის კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნაწილით, რომელიც შეეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და გარანტირებული მათი საკუთრების უფლება. დარღვევა, კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით. იმით გამოიხატა, რომ მოსარჩელეებს – ყოფილი სახელმწიფო-კომერციული ბანკების მეანაბრეებს სადავო ნორმატიული აქტებით დადგენილმა წესმა მოუსპო შესაძლებლობა მიეღოთ თავიანთი კუთვნილი ანაბრები: მოსარჩელე ნანა გოგოჭურს წაერთვა უფლება დაიბრუნოს სსრ კავშირის შემნახველი ბანკის საქართველოს სსრ დუშეთის განყოფილების ჟინვალის ფილიალში 1991 წლის 17 ივნისს შეტანილი 3000 მანეთი. მოსარჩელე ემზარ გრიგოლიას აღარა აქვს შესაძლებლობა უკან დაიბრუნოს და გამოიყენოს თავის ანაბარზე რიცხული თანხა სააქციო საზოგადოება “გაერითანებული ქართული ბანკის” ფოთის №23 ფილიალისაგან, რომელიც არის ყოფილი საბჭოთა შემნახველი ბანკის უფლებამონაცვლე. ეს, მოსარჩელეთა მტკიცებით, გამოწვეულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებით. მასში დადგენილია მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული თანხების ინდექსაციის კოეფიციენტის განსაზღვრის ისეთი წესი, რომელიც უსამართლოდ წყვეტს საკითხს. არ ითვალისწინებს მეანაბრეთა ინტერესებს. უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფოს და ხელს არ უწყობს პრობლემის მოგვარებას. ინდექსაციის კოეფიციენტის დადგენისას მხედველობაში უნდა მიეღოთ ფულის ინფლაციის კოეფიციენტი ისე, რომ შენარჩუნებულიყო მისი ღირებულებითი ეკვივალენტობა.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელებში მოითხოვენ სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას და გაუქმებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2001 წლის 6 ივლისის სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბელა სირბილაძემ დააყენა შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. ამის საბუთად მან სასამართლო კოლეგიას წარმოუდგინა “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში (№71,04.07.2001, ნაწილი III, საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მუხლი 507).
ამ ბრძანებულების მიხედვით, “ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების პრობლემის განსაკუთრებული ხასიათის გათვალიწინებით საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ამ სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურად შესრულების დამატებითი საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით”. (1) ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”. (2) გათვალისწინებულია შეიქმნას საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია: (3) დაევალა კომისიას ორი თვის ვადაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების შემდგომი დაბრუნების პროცესის კომპლექსური მოწესრიგების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, სადავო ბრძანებულების გაუქმების შემდეგ აღარ არსებობს დავის საგანი და საქმის წარმოებაც უნდა შეწყვდეს.
შუამდგომლობას საქმის შეწყვეტის შესახებ მხარი დაუჭირა აგრეთვე მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა შორენა ჯანხოთელმა. მისი აზრით, სადაო ბრძანებულების გაუქმების შემდეგ აზრს კარგავს მოსარჩელეთა მოთხოვნა “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც შეეხება ამ მუხლის პირევლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო ვასალო ვალდებულებბის დაფარვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების შესაბამისად.
მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხის შუამდგომლობას და მოთიხოვს საქმის არსებითად განხილვას.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დასასაბუთებლდა სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტი– საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” ოფიციალურად გამოქვეყნდა 2001 წლის 4 ივლისს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. “საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი”. ამდენად, აღნიშნული ბრძანებულება ძალაში შევიდა მანამ, სანამ მოპასუხის წარმომადგენელი დააყენებდა შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე. ამ ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა პრეზიდენტის სადავო ნორმატიული აქტი – 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობით საფუძველი გამოეცალა მოსარჩელეთა მოთხოვნას “სახელმწიფო ვალის შესახებ” 1998 წლის კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც შეეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების შესაბამისად. ამ ბრძანებულების გაუქმებით მოისპო “სახელმწიფო ვალის შესახებ” 1998 წლის კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის სადავო ნაწილის შინაარსი და, ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველიც აღარ არსებობს. მოსარჩელეები სწორედ იმიტომ ხდიდნენ სადავოდ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის შესაბამის ნორმას, რომ იგი ემყარებოდა პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს პირველი კოლეგია
ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის შუამდგომლობა და დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს სამართალწარმოება მოქალაქეების – ნანა გოგოჭურისა და ემზარ გრიგოლიას კონსტიტუციურ სარჩელებზე “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებისა და “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებისა და “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 5 მარტის კანონის 48-ე მუხლის მე-22 პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც შეეხება “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულების – მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულების შესაბამისად:
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ბესარიონ ზოიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი).