ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1528 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ეკატერინე ფიფია |
თარიღი | 21 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“.
ბ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქ-ტომბრის №98/ნ ბრძანება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ , დანართი 1 – „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტე-ბის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი: „ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათ-ლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, რო-დესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებუ-ლია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირ-ველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებ-რივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძა-ნების „საქართველოში გაცემული საგანმანათლებ-ლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ დანართი 1 - „საქართველოში გაცემული საგანმა-ნათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადას-ტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება: „უცხოეთში მიღებული განათლე-ბის აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარე-ბას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებ-ლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირ-ველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვ-რებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირვე-ლი პუნქტი: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. სადავო ნორმებით დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული „ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული“ („განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი) და რომ „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება). მოსარჩელე არის პირი, რომელსაც საქართველოში მიღებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო გერმანიაში - მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მას სურვილი აქვს უცხოეთში კვლავ მიიღოს უმაღლესი განათლება დისტანციური ფორმით (მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში). მაგრამ სადავო ნორმების ძალით მის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება საქართველოში არ მოხდება. შესაბამისად, სადავო ნორმებით ირღვევა მის მიერ განათლების მიღების ფორმის არჩევის უფლება. აღნიშნულის გათ-ვალისწინებით, მოსარჩელე წარმოადგენს უფლება-მოსილ სუბიექტს, იდავოს კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 და 27-ე მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული როგორც საკანონმდებლო აქტი, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის საგანი:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული „ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული“. სარჩელში მოცემული ნორმა დავის საგანია უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში“.
მითითებული სადავო ნორმების ძალით საქართველოში არ აღიარდება უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ სადავო ნორმებით იზღუდება უმაღლესი განათლების მიღების ფორმის არჩევის უფლება.
1. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივნისის №2142 – IIს დადგენილებით რატიფიცირებულია „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია“ (ლისაბონი, 1997) (შემდგომში „ლისაბონის კონვენცია“), რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 1 დეკემბრიდან.
ლისაბონის კონვენციის თანახმად, „დაუშვებელია დისკრიმინაცია... ნიშნებით, რომლებიც არ არიან კავშირში საძიებელი კვალიფიკაციის ცნობასთან. ამ უფლების უზრუნველსაყოფად ყოველი მხარე ვალდებულებას იღებს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებანი, რათა კვალიფიკაციის ცნობის განცხადების შესწავლა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიღებული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე“ (კარი III.1, პუნქტი 2). კონვენციის თანახმად, „რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძვნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება“ (კარი VI.1).
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „დისტანციური სწავლება – საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება“ (მუხლი 2, ქვეპუნქტი „პ2“). „დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას“ (მუხლი 477, პუნქტი 1). „დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქ-რონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება“ (მუხლი 477, პუნქტი). „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატ-ფორმის შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა“ (მუხლი 477, პუნქტი 3). „დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეო-გზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას“ (მუხლი 477, პუნქტი 4).
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „ეს კანონი აწესრიგებს საქართველო-ში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქ-მიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანი-ზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს“ (მუხლი 1).
შესაბამისად, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება საქართ-ველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესი, რელევანტურია ის გარემოება, რომ ამ კანონით დისტანციური სწავლება განმარტებულია, როგორც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი.
საქართველოს კანონმდებლობით, როგორც ვხედავთ, ქვეყნის შიგნით დაშვებულია უმაღლესი განათლების მიღება დისტანციური ფორმით. შესაბამისად, დისტანციური ფორმით საქართველოში განათლების მიმღებ პირებს (მათ შორის უცხოელებს და უცხოეთში მყოფებს) არ აქვთ თავიანთი კვალიფიკაციის ცნობის (მიღებული უმაღლესი განათლების) აღიარების პრობლემა. მაგრამ ამგვარი პრობლემა აქვთ პირებს, რომლებმაც იგივე (დისტანციური) ფორმის განათლება მიიღეს უცხოეთში (მათ შორის საქართველოდან უცხოეთში). ამრიგად, დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებს საქართველოს კანონმდებლობა ყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ ქვეყნისათვის კუთვნილების ნიშნით და, თუ დისტანციური ფორმით განათლება მიღებული არ არის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოცემული განათლება არ აღიარდება. ამ ნიშნის მიხედვით კი დისკრიმინაცია აკრძალულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი დისკრიმინაციის სახელმწიფოებრივი ინტერესი. პირიქით, სახელმწიფოებრივი ინტერესი უფრო იმაში მდგომარეობს, რომ პირმა მოწინავე უცხოური განათლება მიიღოს ქვეყნის დატოვების გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ“.
ლისაბონის კონვენციის სულისკვეთება ჩამოყალიბებულია მის პრეამბულაში, რომლის თანახმად, მოცემულ კონვენციაში მონაწილე მხარეები: აცნობიერებენ, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოვებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყველა ადამიანისთვის, ასევე საზოგადოებისათვის; მხედველობაში იღებენ, რომ უმაღლესი განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განმტკიცებასა და ხალხთა და ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებაში; მხედველობაში იღებენ, რომ ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას; სურთ მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გაქმოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში; თვლიან, რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსები, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოვების ხელშეწყობისაკენ; ანიჭებენ დიდ მნიშნელობას უმაღლეს სასწავლებელთა ავტონომიის პრინციპს და აცნობიერებენ ამ პრინციპის განმტკიცებისა და დაცვის აუცილებლობას; არიან დარწმუნებულნი, რომ კვალიფიკაციათა სამართლიანი ცნობა არის საზოგადოებისა და მთავრობათა კულტურული უფლება და მოვალეობა.
ლისაბონის კონვენციამ დაადგინა კვალიფიკაციის შეფასების ძირითადი პრინციპები (განყოფილება III) და მოაწესრიგა კვალიფიკაციის ცნობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციის ცნობა (განყოფილება IV), სწავლების პერიოდების ცნობა (განყოფილება V), უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობა (განყოფილება VI), იმ კვალიფიკაციების ცნობა, რომელსაც ფლობენ ლტოლვილები, ადგილნაცვალი პირები და ლტოლვილებთან გათა-ნაბრებულები (განყოფილება VII), ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლებისა და პროგრამების შეფასების შესახებ (განყოფილება VIII), ინფორმაცია ცნობის საკითხებზე (განყოფილება IX), განხორციელების მექანიზმები (განყოფილება X).
ლისაბონის კონვენციით უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობა განათლების მიღების ფორმას არ უკავშირდება. კონვენციის თანახმად, „დაუშვებელია დისკრიმინაცია... ნიშნებით, რომლებიც არ არიან კავშირში საძიებელი კვალიფიკაციის ცნობასთან. ამ უფლების უზრუნველსაყოფად ყოველი მხარე ვალდებულებას იღებს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებანი, რათა კვალიფიკაციის ცნობის განცხადების შესწავლა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიღებული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე“ (კარი III.1, პუნქტი 2). კონვენციის თანახმად, „რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძვნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება“ (კარი VI.1).
შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმებით უცხოეთში დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება (კვალიფიკაციის ცნობა) აიკრძალა, ისინი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში.
საბოლოოდ, ვინაიდან სადავო ნორმებით აიკრძალა უცხოეთში დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება (კვალიფიკაციის ცნობა), ისინი უცხოეთში დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებენ: ა) საქართველოში დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებთან მიმართებაში და ბ) უცხოეთში არადისტანციური ფორმებით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
2. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“.
პირველ რიგში, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ განათლების მიღების საფეხურები და ფორმები.
საფეხური არის განათლების მიღების პროცესის ერთი ეტაპი, რომელიც შესაბამის დასრულებულ განათლებას იძლევა და რომლის გავლა სავალდებულოა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად. მაგალითად, ჩვეულებრივ, უმაღლესი განათლება არის სამსაფეხურიანი - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. მაგისტრატურაში განათლების მისაღებად პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატი, ხოლო დოქტორანტურაში განათლების მისაღებად - მაგისტრატურა (თვით ბაკალავრიატში განათლების მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს საშუალო ზოგადი ან პროფესიული განათლება). ამასთან, „საფეხურებიან სისტემაში თითოეული საფეხური განიხილება როგორც დამოუკიდებელი ერთეული. პირველი ორი საფეხური არა მარტო შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების, არამედ შრომის ბაზარზე გასვლის საშუალებასაც იძლევა“ (იხ. საგანმანათლებლო სტრუქტურების ურთიერთშეწყობა ევროპაში. უნივერ-სიტეტების წვლილი ბოლონიის პროცესში. შესავალი. თბ., 2008, გვ.10 // https://www.unideusto.org/tuningeu /images/stories/documents/General_Brochure Georgian. pdf). „საფეხური: 1999 წ. ბოლონიის პროცესის დეკლარაციის ერთ-ერთი ამოცანაა „ორ ძირითად საფეხურზე (დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი) დაფუძნებული სისტემის შემოღება“. 2013 წ. ბოლონიის სტრუქტურაში ჩართულ იქნა სადოქტორო სწავლება და ის მესამე საფეხურად განისაზღვრა. შესაბამისად, უმაღლესი განათლების ევროპულმა სივრცემ უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი იერარქია განსაზღვრა (პირველი საფეხური, მეორე საფეხური, მესამე საფეხური) (იხ. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა. სახელმძღვანელო. თბ., 2015, გვ. 56 //http://erasmusplus.org.ge/files/files/ECTS_Users'_ Guide_ge.pdf).
საქართველოშიც უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართ-ველოს კანონით განსაზღვრულია უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხურები: „ბაკალავრიატი − აკა-დემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (მუხლი 2, ქვეპუნქტი „ნ“); მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური (მუხლი 2, ქვეპუნქტი „წ“); დოქტორანტურა – აკადემიური უმაღ-ლესი განათლების მესამე საფეხური (მუხლი 2, ქვეპუნქტი „ტ“).
განათლების ფორმა არის განათლების მიღების წესი - დასწრებული, დაუსწრებელი, შერეული. ფორმით განპირობებულია სწავლებისა და სწავლის მეთოდები. „სწავლების მეთოდების შერჩევა მნიშვნელოვან-წილად დამოკიდებულია განათლების ფორმაზე (დასწრებული სწავლება, დისტანციური სწავლება და ა.შ.)“ (იხ. საგანმანათლებლო სტრუქტურების ურთიერთშეწყობა ევროპაში. უნივერსიტეტების წვლილი ბოლონიის პროცესში. შესავალი. თბ., 2008, გვ.69 // https://www. unideusto.org/tuningeu/images/stories/ documents/ General_Brochure Georgian. pdf). „სწავლების მეთოდების ნაკრები მკაცრადაა დამოკიდებული განათლების ინსტრუქტაჟის ფორმაზე (პირდაპირი კონტაქტი მასწავლებელსა და სტუდენტს შორის, განათლება კორესპონდენციით ან დისტანციური სწავლება)“ (იხ. იქვე, გვ. 111).
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) „შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამისთვის, სწავლების ფორმატის მიუხედევად (აუდიტორიაში, სამუშაო ადგილზე, დისტანციური სწავლება), ასევე ნებისმიერი სტატუსის სტუდენტისთვის (დასწრებული, დაუსწრებელი), ნებისმიერი საგანმანათლებლო კონტექსტისთვის (ფორმალური, არაფორმალური სწავლება)“ (იხ. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა. სახელმძღვანელო. თბ., 2015, გვ.3 //http://erasmusplus.org.ge/files/files/ECTS_Users'_Guide_ge.pdf). „საგანმანათლებლო პროგრამების მოქნილი სტრუქტურა და სწავლისა და სწავლების ახალი ფორმების გამოყენება სტუდენტებს აძლევს არჩევანის საშუალებას“ (იხ. იქვე, გვ. 18). „სწავლის, სწავლებისა და შეფასების ზოგადი პრინციპები გათვალისწინებული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას, სწავლა-სწავლების ფორმატის მიუხედავად“ (იხ. იქვე, გვ. 19).
„უმაღლესი განათლების ლანდშაფტი იცვლება სწავლის უფრო მრავალფეროვანი და მოქნილი შესაძლებლობების სწრაფად განვითარების წყალობით, რაც გულისხობს სწავლების შერეულ მოდელს, ონლაინ სწავლების ახალ ფორმებს, მასობრივ ღია ონლაინ კურსებს (MOOCs), ღია საგანმანათლებლო რესურსებს (OER), სწავლას დასაქმებით, დამოუკიდებლად სწავლას, ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას (იხ. თავი 3). სტუდენტების სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა ირჩევს განცალკევებით მდგომ (stand alone), დამოუკიდებელ საგანმანათლებლო ერთეულებსა და კურსებს, კონკრეტული კვალიფიკაციის მოპოვების გარეშე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იძულებული არიან დააკმაყოფილონ სტუდენტთა მრავალფეროვანი ჯგუფების საჭიროებანი და მათ შესთავაზონ დამოუკიდებლად სწავლისა და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შესაძლებლობები, სწავლის განსხვავებული ფორმები. აქედან გამომდინარე, ბევრი დაწესებულება ამდიდრებს საგან-მანათლებლო კომპონენტებს სწავლისა და სწავლების ინოვაციური ფორმებით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ღია საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით“ (იხ. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა. სახელმძღვანელო. თბ., 2015, გვ. 35 //http://erasmusplus.org.ge/files/ files/ECTS_Users'_Guide_ge.pdf). „უმაღლესი განათლების ნებისმიერი ფორმის, მათ შორის უწყვეტი და პროფესიული განათლებისთვის მინიჭებული კრედიტები შეიძლება აღიარებული და დაგროვილი იყოს ამა თუ იმ კვალიფიკაციის მოპოვების მიზნით, რაც დამოკიდებულია სტუდენტის სურვილზე და/ან შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობებზე. რომელიმე დამოუკიდებელ მოსწავლეს შეიძლება აინტე-რესებდეს ამა თუ იმ საგანმანათლებლო კომპონენტის გავლა, მაგრამ არ სურდეს კვალიფიკაციის მოპოვება, მაგრამ კრედიტების დაგროვების და დოკუმენტირების შემთხვევაში, მომავალში ის შეძლებს მათ გამოყენებას. სასწავლო სფეროში ყველა მიღწევის დოკუმენტირება და სწავლების საფეხურზე კრედიტების შესაბამისი მოცულობის მინიჭება, რომ მომავალში ამ ცოდნის გამჭვირვალედ და ავთენტურად აღიარების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ მომავალში მოხდეს ამ კრედიტების გამოყენება ამა თუ იმ კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. ფორმალური განათლების ფარგლებში ვალიდაციისა და აღიარების ინსტრუმენტები უნდა მოერგოს უფრო მრავალფეროვან და მოქნილ საგანმანათლებლო გარემოს და ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი უნდა გახდეს ღია სწავლების ახალი ფორმების აღიარება“ (იქვე, გვ. 37).
დისტანციური სწავლება განათლების მიღების ერთ-ერთი თანამედროვე ფორმაა. დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარებასთან (კვალიფიკაციის ცნობასთან) ან კრედიტების დაგროვებასთან (აღიარებასთან) დაკავშირებით არ არსებობს რაიმე განსხვავებული მოწესრიგება. „ტერმინი „სტუდენტი“ გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი მოსწავლის აღსანიშნად (იგულისხმება დასწრებული და დაუსწრებელი, დისტანციური, აუდიტორიაში თუ სამუშაო ადგილზე სწავლება, კვალიფიკაციის მოპოვება თუ ცალკეული საგანმანათლებლო ერთეულის ან კურსის გავლა)“ (იხ. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა. სახელმძღვანელო. თბ., 2015, გვ. 4 //http://erasmusplus.org.ge/files/files/ECTS_Users'_Guide_ge.pdf). „ტერმინი „სტუდენტი“ გამოიყენება ყველა იმ პირის აღსანიშნავად, ვინც უსდ-ში იღებს განათლებას (დასწრებული, დაუსწრებელი, დისტანციურ სწავლებაში მონაწილე, პრაქტიკის განმახორციელებელი, კვალიფიკაციის მაძიებელი, ცალკეულ სასწავლო კურსებზე ან კურსის ერთეულებზე დარეგისტრირებული პირი)“ (იხ. იქვე, გვ. 65-66). „უმაღლესი განათლების სექტორში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის პროგრამები და სერვისები სხვა აქტივობებსა და ინიციატივებს შორის შეიძლება მოიცავდეს ძირითად პროგრამებს, უწყვეტ განათლებას, საღამოს სკოლებს, დაუსწრებელი სწავლების სპეციფიკურ პროგრამებს, ბიბლიოთეკებზე/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსებზე წვდომას, დისტანციურ სწავლებას, ტრეინინგებს, მიზნობრივ ხელმ-ძღვანელობას, საკონსულტაციო სერვისებს“ (იხ. იქვე, გვ. 62). „ვირტუალური მობილობა - საერთაშორისო ელექტრონული სწავლება (როდესაც სტუდენტი ესწრება დისტანციური სწავლების კურსებს, რომელსაც ახორციელებს უცხოეთის უსდ). ვირტუალური მობილობა სასარგებლოა ფიზიკური მობილობის წახალისების მიზნით. ვირტუალურ მობილობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში (MAPPING MOBILITY PROJECT, 2015) (იხ. იქვე, გვ. 66-67).
საქართველოში უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემის შემოღების შემდეგ ფაქტობრივად დაინერგა მხოლოდ განათლების მიღების დასწრებული ფორმა (მიუხედავად იმისა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი განათლების ფორმების მოწესრიგებას არ შეიცავდა). „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მხოლოდ 2016 წელს გაჩნდა ელექტრონული სწავლების დეფინიცია: ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება“ (16.12.2016. №105) (მუხლი 2, ქვეპუნქტი „უ1“). მოგვიანებით, 2020 წელს შემოღებულ იქნა დისტანციური სწავლების მომწესრიგებელი ნორმები და, შესაბამისად, დისტანციური სწავლების დეფინიცია: „დისტანციური სწავლება – საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორ-ციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება“ (მუხლი 2, ქვეპუნქტი „პ2“).
ამრიგად, საქართველოში დღეისათვის გავრცელებულია უმაღლესი განათლების ორი ფორმა: დასწრე-ბული (აუდიტორიული) და დისტანციური (ელექტრონული).
საქართველოში მცხოვრებ პირებს უმაღლესი განათლება შეუძლიათ მიიღონ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მაგრამ უცხოეთში მიღებულ განათლებას საქართველოში სჭირდება აღიარება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა)“ (მუხლი 2, ქვეპუნქტი „ჰ6“). „უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად“ (მუხლი 50, პუნქტი 1). „უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“ (მუხლი 50, პუნქტი 2).
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგან-მანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონ-მდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას (შესაბამისობის დადგენა) (მუხლი 26, პუნქტი 1).
სადავო ნორმების ძალით, ცენტრის მიერ არ აღიარდება უცხოეთში ისეთი განათლების ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება, კერძოდ, დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება, რომელიც საქართველოში დაშვებულია, საერთაშოროსოდ აღიარებულია და პერსპექტიულადაა მიჩნეული. ამგვარი მოწესრიგებით საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაუმართლებლად შეზღუდეს საქართველოში მცხოვრებ პირთა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლება - განათლების ფორმის არჩევის უფლება.
შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმებით აიკრძალა უცხოეთში დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება (კვალიფიკაციის ცნობა), საქართველოში მცხოვრებ პირებს გაუმართლებლად შეზღუდათ საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლება - განათლების ფორმის არჩევის უფლება. ამასთან დაკავშირებით სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა