• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.10.2017
      • N3/4/550
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილებაზე
      • 17.10.2017
      • do3/4/550
      • განსხვავებული აზრი
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- თამარ ჭარბაძე
      • 22.07.2016
      • ac550
      • amicus curiae
    • საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.06.2015
      • N3/2-1/550
      • საოქმო ჩანაწერი
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- მარიამი ბოჭორიშვილი
      • 25.06.2014
      • ac550
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- გივი ადამია
      • 28.01.2014
      • ac550
      • amicus curiae
    • საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.05.2013
      • N2/4/550
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.01.2013
      • 550
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის N2-3/1/550 განჩინება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2-3/1/550
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი,
თარიღი 26 ივნისი 2015

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N550) მომართა საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 8 იანვარს.

2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 30 აპრილს და 2013 წლის 14 მაისის N2/4/550 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2014 წლის 27 იანვარს.

3. N550 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, „შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულია აღნიშნულ უფლებაში შესაძლო ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.

6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2002 წლის 7 მარტს მოსარჩელე ნოდარ დვალმა შეიძინა და ფლობდა ქ. თბილისში 2100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ამასთან, მას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში. 2011 წლის 7 მარტს ნოდარ დვალის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სხვა პირზე და, შესაბამისად, ნაკვეთის საკადასტრო მონაცემი შეიცვალა. ამის შემდგომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ორჯერ გასხვისდა. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზეც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინეს მესამე პირებმა.

7. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულ საკუთრების ძირითად უფლებას, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირები, რომლებმაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეიძინეს საკუთრება, კეთილსინდისიერი შემძენნი აღმოჩნდებიან, მისი სარჩელი სასამართლოში არ დაკმაყოფილდება, ის ვერ დაიბრუნებს კუთვნილ მიწის ნაკვეთს და ამით შეილახება მისი საკუთრების უფლება. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების ძირითად უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს მოძრავი ნივთების შეძენისთვის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს. აღნიშნული რეგულირებების თანახმად, არამართლზომიერად გასხვისებული მოძრავი ნივთის გამოთხოვა ხდება მესაკუთრის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისივე ნების შესაბამისად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანალოგიური წესი უნდა მოქმედებდეს უძრავი ნივთების მიმართაც, რათა საკუთრების კონსტიტუციური უფლება დაცული იყოს.

8. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეხება მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის არსებულ სამართლებრივ რეჟიმს. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისას შემძენს უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის შეძენისას იგი კეთილსინდისიერი იყო.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

2. განსახილველი საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის კონსტიტუციურობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის დაცული კონსტიტუციური ბალანსი ერთსა და იმავე ქონებაზე ორი მართლზომიერი ინტერესის მქონე პირს (ქონების პირველადი მესაკუთრე, კეთილსინდისიერი შემძენი) შორის საკუთრების უფლების შემძენის სასარგებლოდ გადაწყვეტისას.

3. სადავო ნორმით რეგულირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, უპირისპირდება შემძენისა და სამოქალაქო ბრუნვის დაცვის ინტერესები. ხსენებულ კონსტიტუციურ სიკეთებს შორის გონივრული ბალანსის დადგენა წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.

4. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგია მიიჩნევს, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის №550) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცეს საქმე ,,საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N550) პლენუმზე განხილვის საკითხის გადასაწყვეტად.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ