სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- გივი ადამია
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac550 |
თარიღი | 28 იანვარი 2014 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №550 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუცია კი გარანტირებულს ხდის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებს, მათ შორის საკუთრების უფლებასაც, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას პირთა საკუთრება და უზრუნველყოს ისეთი გარემო სადაც მესაკუთრეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ საკუთრებას. შეიძლება ითქვას, რომ 21–ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს მესაკუთრის ინტერესების დაცვას და საკუთრების უფლების ობიექტის დაცულ და ჯანსაღ სამოქალაქო ბრუნვაში მიმოქცევას. აღნიშნულის მისაღწევად კი კანონმდებელი ვალდებულია შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომლის საშუალებითაც უნდა უზრუნველყოს ერთის მხრივ მესაკუთრის და მისი ინტერესების და მეორეს მხრივ ყველა დანარჩენი მესამე პირების ინტერესების დაცვა, რომლებთანაც არსებობს საკუთრების უფლების ობიექტთან მიმართებაში სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შესაძლებლობა. გასარკვევია აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად სსკ–ის 185–ე მუხლის არსებული რეგულაცია არის თუ არა ადეკვატური მექანიზმი. სსკ–ის 185–ე მუხლის სათაურიდანვე ჩანს, რომ ამ მუხლით კანონმდებელი მიზნად ისახავს შემძენის ინტერესების დაცვას. თუ ამოვალთ განსახილველი ნორმის მიზნიდან და არსიდან, შემძენად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველა პირი, რომელიც სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობაში ერთვება იმ მიზნით რომ დაეპატრონოს, საკუთრებაში მიიღოს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ისეთი ობიექტი როგორიცაა უძრავი ქონება. სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების სამოქალაქო ბრუნვას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება და ადგენს მთელ რიგ პროცედურულ საკითხებს თუ როგორ უნდა მოხდეს უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მონაცვლეობა. უძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემასათან დაკავშირებულ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ელემენტია საჯარო რეესტრი. საჯარო რეესტრი შეიცავს უძრავ ნივთებთან დაკავშირებით არსებულ უფლებათა ერთობლიობას. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა.განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დაცვა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის N ას /465–435–2010. 31 იანვარი, 2010 წელი.) საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტის ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ნამდვილად ეკუთვნის რეესტრში მითითებულ პირს, ანუ იმ პირს, რომელიც გამოხატავს ნებას, გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება.(საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის N ას 1607–1509–2012. 1–ლი ივლისი, 2013 წელი.) აღნიშნულ განმარტებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსკ–ის 185–ე მუხლის მიხედვით გამსხვისებელი არის პირი, რომელიც გამოხატავს ნებას, გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება. აღნიშნული განმარტება კი ცალსახად გამომდინარეობს სსკ–ის 185–ე მუხლიდან, და ამ მუხლის მგავსი გაგება წარმოადგენს კანონმდებლის ჭეშმარიტ ნებასაც, რაც ეჭვგარეშეა. მაგრამ ამასთან ეს ბადებს კითხვას თუ რამდენად შეესაბამება კანონმდებლის ეს ნება და შესაბამისად ეს ნორმა საკუთრების უფლების არსს და საკუთრების უფლების შინაარსს, რაც გულისხმობს მესაკუთრის უფლებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და განკარგავდეს მას. 185–ე მუხლის მიხედვით კი ქონების (ნივთის) განკარგვას ახდენს არა მისი ნამდვილი მესაკუთრე არამედ პირი, რომელიც ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლება იზღუდება, ხდება მის საკუთრებად დაგულებული ნივთის სხვის მიერ განკარგვის ფაქტის დაკანონება და ამას კანონმდებელი უშვებს შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადმიანის შრომის შედეგს, განსახილველი საკითხის კანონმდებლისეული გადაწყვეტა ერთობ უსამართლობის შეგრძნებას იწვევს, ვინაიდან სრულიად იგნორირებულია ნამდვილი მესაკუთრის ნება, იგი სრულიად დაუცველია და მისი უფლებაში აღდგენის რეალური საშუალება არ არსებობს. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ შემძენის უფლება საკუთრებაზე წარმოიშობა არა იმიტომ, რომ არაუფლებამოსილი გამსხვისებელი რეგისტრაციის ფაქტით გახდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე, არამედ იმიტომ, რომ, სამოქალაქო ბრუნვის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულად აღქმად ფაქტებს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ნდობა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის N ას /1179–1108–2012. 7 მარტი, 2013 წელი.) უნდა აღინიშნოს, რომ არ არის სამართლიანი კანონმდებლის მიერ საკითხის ისეთი გადაწყვეტა როცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემძენის კანონიერ ნდობას საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება ნამდვილი მესაკუთრის ასევე კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის მიმართ. რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგიტრაციის გზით ხდება მისი საკუთრების უფლების დადასტურება, აღიარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი დაცვა. საჯარო რეესტრი უძრავ ნივთებზე სამოქალაქო ბრუნვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი უმთავრესი ფუნქცია მის საჯაროობაშია. კერძოდ რეეტრის საჯაროობა ბრუნვის მონაწილეს უადვილებს, სრული ინფორმაცია მიიღოს თავისი პარტნიორის უფლებათა ნამდვილი მდგომარეობის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამით შემოიფარგლება საჯარო რეესტრის არსებობის არსი? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახად უარყოფითია, ვინაიდან საჯარო რეესტრი სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებისა და მისი უსაფრთოების ხელშეწყობის მიზნით არსებობს. სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოება კი არ გულისხმობს მხოლოდ შემძენის ინტერესების დაცვას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სამოქალაქო ურთიერთობას ამ შემთხვევაში მეორე მხარეც ჰყავს ნამდვილი მესაკუთრის სახით, რომლის ინტერესებიც უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისათვის. ნამდვილმა მესაკუთრემაც თავის დროზე სწორედ იმ მიზნით დაირეგისტრირა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, რომ მისი საკუთრება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე ყოფილიყო საჯაროდ აღიარებული და ამით უფრო მეტად დაცული და ხელშეუხებელი. ეს კი ცხადყოფს, რომ საჯარო რეესტრის მიმართ ნდობის ფაქტორი არსებობს არა მხოლოდ შემძენის მხრიდან, არამედ მესაკუთრის მხრიდანაც, რადგან რეგისტრაციის ფაქტი თავის მხრივ გულისმობს სახელმწიფოს მიერ საჯარო რეესტრის საშუალებით უფლების დაცვას და პატივისცემას სამართლისა და სამართლიანობის ფარგლებში. სსკ–ის 185–ე მუხლით კი კანონმდებელი უშვებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფო ვერ იცავს საკუთრების უფლებას ვინაიდან შესაძლებელია რეესტრის მონაცემების გაყალბება. ბუნებრივია დანაშაულებრივი ქმედებისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ მნიშვნელოვანია დარღვეული უფლების ბედი, რომლის აღდგენაზე სახელმწიფოც კი არ ზრუნავს და ნამდვილ მესაკუთრეს სრულიად დაუცველს ტოვებს. სახელმწიფოს ეს ქმედება (უმოქმედობა) აშკარად ეწინააღმდეგება მის ვალდებულებას, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით და გულისხმობს მესაკუთრის, საკუთრების უფლებისა და მისი არსის დაცვას. უფრო მეტიც, სახელმწიფო ერევა კონსტიტუციის 21–ე მუხლით დაცულ სფეროში და აკანონებს არამესაკუთრის მიერ ნივთის უკანონო განკარგვის ფაქტს. საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად სსკ–ის 185–ე მუხლის მიხედვით განვიხილოთ თუ რა სახის ჩარევას აქვს ადგილი ამ შემთხვევაში 21–ე მუხლით დაცულ სფეროში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პარიზის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი,20 ამ მუხლში განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას გააკონტროლოს საკუთრებით სარგებლობა ან მოახდინოს ქონების ჩამორთმევა. თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციაც იცნობს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ორ გზას: საკუთრების ჩამორთმევასა და საკუთრების უფლების შეზღუდვას. ვფიქრობ, რომ სსკ–ის 185–ე მუხლის არსებული რედაქცია თავისი ბუნებით უფრო საკუთრების უფლების შეზღუდვაა, ვიდრე საკუთრების უფლების ჩამორთმევა. მართალია, საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით თუ საკუთრების შეზღუდვა საკუთრების არსს ლახავს შესაძლოა ის განიხილებოდეს როგორც ჩამორთმევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ საქმე სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვასთან გვაქვს. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილი მესაკუთრე კარგავს საკუთრების უფლებას საკუთარ ნივთზე კეთილსინდისიერი შეძენის ფაქტის არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების დაკარგვა სახელმწიფოს პირდაპირი მოქმედების და ნების შედეგი არ არის. არამედ საკუთრების უფლების დაკარგვა ხდება მესაკუთრის და სახელმწიფოს ნებისა და თვალსაწიერის მიღმა, მათგან დამოუკიდებლად, მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირსა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის დადებული გარიგების „წყალობით“. ამის შედეგად კი ვიღებთ ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, როდესაც ნამდვილმა მესაკუთრემ მისი ნებისგან დამოუკიდებლად, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოს, რომ საკუთრად დაგულებული ნივთი სინამდვილეში სხვისი საკუთრებაა, მას კი ამ ფაქტის აღსაკვეთად და საკუთარი ინტერესების დასაცავად არანაირი ბერკეტები არ გააჩნია. სახელმწიფო კი ამ დროს უბრალოდ აღიარებს კეთილსინდისიერი შემძენის უპირატესობას მესაკუთრესთან შედარებით და ცნობს მას ნივთზე ახალ მესაკუთრედ, ნამდვილ მესაკუთრეს ბედის ანაბარა ტოვებს, არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს სამართლიანობის აღსადგენად, ნამდვილი მესაკუთრის დასაცავად და პასუხისმგებლობას გაურბის. და მაინც რა სახის ჩარევასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? ჩამორთმევა ცალსახად არ არის დასახელებული მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ საკუთრების უფლების, როგორც ინსტიტუტის შეზღუდვაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: „აღიარებს რა ნებისმიერი პირის მიერ საკუთარი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას, 1–ლი მუხლი (იგულისხმება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის, პარიზის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმის 1–ლი მუხლი.) თავისი შინაარსით წარმოადგენს საკუთრების უფლების გარანტს. ამაზე პირდაპირ მეტყველებს კონვენციის ფრანგული ტექსტი, რომლითაც სარგებლობენ ყველა პროექტში, მოსამზადებელი სამუშაოების დროს. ინგლისური ტექსტის ტერმინოლოგიას იგივე მნიშვნელობა აქვს, რადგან საკუთარი ქონების განკარგვის უფლება საკუთრების უფლების ჩვეულებრივი და ძირეული ასპექტია.“21 აშკარაა, რომ საკუთრების უფლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მისი განკარგვის სრული უფლებაა, რომელიც გააჩნია მესაკუთრეს. შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია თავისი სურვილისამებრ, მისი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თავისუფლად განკარგოს ქონება. ამ უფლების გარეშე საკუთრების უფლება იარსებებს, მაგრამ შეზღუდული ფორმით, მისი მნიშვნელოვანი ელემენტის გარეშე. შეზღუდვა არ შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ ნეგატიური თვალსაზრისით. იგი პოზიტიური დატვირთვის მატარებელიც არის, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი ჩარჩოების დადგენით. საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ არის აუცილებელი, სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდეს ურთიერთობაში. როგორც წესი, ამ დროს კანონმდებლის მიერ ხდება საკუთრებით სარგებლობის ზოგადი ფარგლების დადგენა, რომელიც ვრცელდება კონკრეტულ პირთა წრეზე მანამ სანამ დასახული მიზანი არ მიიღწევა. კანონმდებელი სსკ–ის 185–ე მუხლით უშუალოდ ზემოქმედებს განკარგვის შესაძლებლობასა და უფლებაზე, იგი პირდაპირ არ ეხება, მაგრამ პრაქტიკულად არსებითად ზღუდავს მისი განხორციელების შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან საჯარო ამოცანების შესასრულებლად... არ შეიძლება საკუთრების ჩამორთმევად განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც ქონების უკან დაბრუნებას სახელშეკრულებო ურთიერთობა განაპირობებს.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/2/155. 1–ლი აპრილი 2003წ.) მართალია ამ შემთხვევაში სასამართლო საკუთრების უფლების ჩამორთმევაზე საუბრობს თუმცა ვინაიდან ჩამორთმევა საკუთრების უფლებაში ჩარევის ყველაზე რადიკალური საშუალებაა აღნიშნული განმარტება საკუთრების უფლებაში ჩარევის ისეთ სახეზეც შიძლება გავავრცელოთ, როგორიცაა საკუთრების უფლების შეზღუდვა. თუმცა ამ განმარტებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის ჩანაწერი, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე საკუთრების უფლების დაკარგვას არ მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვად. სსკ–ის 185–ე მუხლის შემთხვევაში საკუთრების დაკარგვა ხდება კეთილსინდისიერი შემძენის მიერ ნივთის შეძენის შედეგად. „შეძენა“ კი ჩვეულებრივი კერძოსამართლებრივი ურთიერთობაა. მაგრამ, ეს არ გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვა არ გვაქვს სახეზე, ვინაიდან მართალია სახელმწიფო საკუთარი პირდაპირი მოქმედებით არ ზღუდავს საკუთრების უფლებას მაგრამ მიღებული ნორმით იგი ქმნის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის ისეთ ქცევის წესს, რომელიც ერთის მხრივ ქმნის და უშვებს საკუთრების უფლების მსგავსი შეზღუდვის შესაძლებლობას კონკრეტულ შემთხვევაში და მეორეს მხრივ ახდენს ამ შესაძლებლობის ფარგლებში უფლების შეზღუდვის ფაქტის ლეგიტიმაციას. ამის გამო სსკ–ის 185–ე მუხლის შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვა არა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს არამედ იგი სახელმწიფოს (კანონმდებლის) ირიბი ქმედების ნაყოფია. საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სფეროში სახელმწიფოს ჩარევა კი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ამვდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. დაუშვებელია უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება ვიდრე ამას კონკრეტული საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს. კანონმდებელმა ორივე მოთხოვნა უნდა დააბალანსოს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/2/384. 2 ივლისი, 2007წ.) საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნების განხორციელებას და უნდა იყოს შესაბამისი მიზნების პროპორციული, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს გონივრული თანაზომიერება აკრძალვის აღსრულებისათვის გამოყენებულ საშუალებასა და გამოყენებულ მიზნებს შორის. სსკ–ის 185–ე მუხლი ნათლად წარმოაჩენს ამ მუხლის არსებობის საჯარო მიზანს, რომელიც შემძენის ინტერესების დაცვას გულისხმობს. შესაბამისად კანონმდებლის ლეგიტიმური საჯარო მიზანი არის შემძენის ინტერესების დაცვა და ამით სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქალაქო ბრუნვა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გარიგებების ან სხვა იურიდიული ფაქტებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ერთობლიობად, რომელიც ემსახურება სამართლის სუბიექტთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. სამოქალაქო ბრუნვა მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით ქონებაზე საკუთრების უფლების მონაცვლეობასაც. ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთმონაცვლეობა წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან და ძირითად ელემენტს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მისი არსებობა. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ტიპის ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა დაცვასაც. შემძენის ინტერესების დაცვას კი ეწირება გამსხვისებლის ანუ ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი. ვინაიდან დილემას, იმასათან დაკავშირებით თუ ვინ უნდა დარჩეს საბოლოოდ მესაკუთრე, კეთილსინდისიერი შემძენი თუ ნამდვილი მესაკუთრე, სახელმწიფო წყვეტს კეთილსინდისიერი შემძენის სასიკეთოდ, ანუ ქონებას მიაკუთვნებს კეთილსინდისიერ შემძენს. ერთი შეხედვით მესაკუთრის ინტერესი სამართლის ერთი საუბიექტის კერძო ინტერესია და მასში ჩარევა საჯარო ინტერესების მისაღწევად ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებულია ვინაიდან კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კონკურენციისას უპირატესობა ყოველთვის საჯარო ინტერესს უნდა მიენიჭოს. მაგრამ ამ შემთხვევაში შემძენისა და მესაკუთრის ინტერესების სახით კერძო და საჯარო სამართლებრივ ღირებულებებს შორის კონკურენცია ვერ გვექნება, ვინაიდან მესაკუთრის ინტერესებიც საზოგადოებრივი, საჯარო ფასეულობაა და შესაბამისად ესეც წარმოადგენს საჯარო ინტერესს. კანონმდებელი კი მხოლოდ შემძენის ინტერესების უკან ხედავს საჯარო მიზანს როგორც სამოქალაქო ბრუნვის დაცვას, მაგრამ ამის პარალელურად მისი ყურადღების მიღმა რჩება ნამდვილი მესაკუთრის უკან არსებული საჯარო ინტერესი, რომელიც ასევე სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებაა. ვინაიდან თუ მესაკუთრე არ იქნება დაცული შეუძლებელია დაცული იქნეს სამოქლაქო ბრუნვის უსაფრთხოება, ისევე როგორც შეუძლებელია სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების დაცვა შემძენის ინტერესების გაუთვალისწინებლად. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ შემძენისა და გამსხვისებლის ინტერესების დაცვა უნდა განვიხილოთ ორ, თანაბარი მნიშვნელობის მქონე, სამართლებრივ ღირებულებად, ვინაიდან ერთ–ერთი მათგანის გაუთვალისწინებლობაც კი საკმარისია სამოქლაქო ბრუნვისთვის საფრთხის შესაქმნელად. ამის გამო სახეზე გვაქვს ისეთი სამართლებრივი მდგომარეობა, როდესაც კანონმდებელი თანაბარი ღირებულებისა და მნიშვნელობის მქონე სამართლებრივ კატეგორიებს შორის უპირატესობას ანიჭებს ერთ–ერთს, შემძენის ინტერესს, როდესაც მისი უპირატესობა მესაკუთრის ინტერესთან მიმართებაში არ არის გამოკვეთილი და არ არსებობს. შესაბამისად საკუთრების უფლების მსგავსი შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული. ამ მოსაზრებას მეტ სიმყარეს მატებს ასევე ის ფაქტი, რომ მოძრავი ნივთების შემთხვევაში სსკ–ის 187–ე მუხლის მიხედვით კეთილსინდისიერი შეძენა გამორიცხულია თუ „მესაკუთრემ ეს ნივთები დაკარგა, მოპარეს ან მისი ნების გარეშე სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან...“ ამ ნორმით კანონმდებელი იცავს მოძრავი ნივთების მესაკუთრის ინტერესებს და ეს კიდევ უფრო მეტად საეჭვოს ხდის სსკ–ის 185–ე მუხლის არსებული ფორმით არსებობის სამართლიანობასა და კონსტიტუციურობას ვინაიდან მსგავს საკითხებში გაუგებარია მოძრავი ნივთის მესაკუთრისა და უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებებს შორის განსხვავება და შესაძლებელია გარკვეულ დისკრიმინაციასაც ჰქონდეს ამ შემთხვევაში ადგილი, რაც თავის მხრივ თანასწორობის ძირითად უფლების ხელყოფაა. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლებაში ჩარევა გაუმართლებელია და შესაბამისად სსკ–ის 185–ე მუხლის საფუძველზე ვერ გვექნება ნივთების პირთათვის სამართლიანობის ფარგლებში სამართლებრივი მიკუთვნება. კანონმდებელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეცადოს, რომ სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებაცა და ნივთების პირთათვის სამართლიანი მიკუთვნება უზრუნველყოს. აღნიშნულის მისაღწევად კი ბევრი სირთულის გადალახვაა საჭირო. რთულია იმ ოქროს შუალედის პოვნა სადაც, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ისე კერძო პირის – მესაკუთრის ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული. ბუნებრივია სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებას ხელს შეუშლის შემძენის ინტერესების გაუთვალისწინებლობა, მაგრამ მისი დაცვა არ უნდა მოხდეს თანაბარი ღირებულების სამართლებრივი ფასულობის – მესაკუთრის ინტერესების ხარჯზე, ვინაიდან მესაკუთრის ინტერესების დაცვის ვალდებულება ასევე გამომდინარეობს სამოქალაქო ბრუნვის იტერესებიდან. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სსკ–ის 185–ე მუხლი მნიშვნელოვნად ზღუდავს მესაკუთრის უფლებას და ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს. აღნიშნული ნორმა ნათლად ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით დაკისრებულ მოვალეობებს, რაც გულისხმობს საკუთრების უფლების დაცვასა და საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უზრუნველყოფას. ამ მუხლის საშუალებით საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლში განხორციელებული ჩარევა, რაც გამოიხატება საკუთრების უფლების შეზღუდვაში, წარმოადგენს არათანაზომიერს. |