ყოფილი მოსამართლეები

ბესიკ ლოლაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

დაიბადა 1975 წლის 10 მარტს.

 

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2001 წელს წარჩინებით ასპირანტურა ამავე უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრაზე.


1998 წლის თებერვლიდან 2001 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიულ დეპარტამენტში მრჩევლად, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსად, ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსად, ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად.

2001 წლის ივლისიდან 2004 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად და სასამართლოს აპარატის უფროსად.

2002 წელს მიწვეული იყო მეცნიერ-თანამშრომლად პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და ახორციელებდა სამეცნიერო კვლევას (DAAD-ის სტიპენდიანტი).

2004 წლის მარტიდან 2005 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2006 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო   სასამართლოს წევრად, ხოლო 2 ოქტომბერს არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.