ყოფილი მოსამართლეები

გიორგი პაპუაშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

დაიბადა 1972 წლის 26 დეკემბერს ქ. თბილისში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).

მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში უფროს სპეციალისტად, წამყვან სპეციალისტად, აპარატის უფროსად (1996-1999).

მუშაობის პარალელურად, 1996-1997 წლებში, როგორც ღია საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსში გამარჯვებული, სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (MA).

1999 წელს ედმუნდ მასკის პროგრამის კონკურსში გამარჯვების შედეგად, ჩაირიცხა ამერიკის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი) მაგისტრატურაში, რომელიც დაამთავრა 2000 წელს იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით (LLM).

იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი (2000-2004). საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA) კითხულობდა კურსს „საჯარო ადმინისტრირება“ (2001–2003). ასევე კითხულობდა ლექციებს „საკონსტიტუციო სამართალში“ მოსამართლეების სწავლების ცენტრსა და ამერიკის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (2001–2003).

2004 წლის თებერვლიდან 2005 წლის თებერვლამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.

2005 წლის თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად.

2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა იმავე წლის 30 სექტემბერს, ფიცის დადების დღიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა 2006 წლის 30 სექტემბერსა და 2011 წლის 21 სექტემბერს.

2007 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრად, ხოლო 2013 წლის 7 დეკემბრიდან კომისიის ხელმძღვანელი ორგანოს ბიუროს წევრად.

არის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიუროს წევრი.
2012 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინსტიტუტებში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია).

არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.