ლელა ინწკირველი და ეკატერინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/10/107 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 14 დეკემბერი 1999 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე – (თავმჯდომარე);
2. ბესარიონ ზოიძე-წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ნიკოლოზ შაშკინი-წევრი;
4. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: მოქალქეების ლელა ინწკირველისა და ეკატერინე ჩაჩანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: ლელა ინწკირველი, ეკატერინე ჩაჩანიძე და მათი წარმომადგენელი ოთარ ზოიძე.
მოქალაქეების: ლელა ინწკირველის და ეკატერინე ჩაჩანიძის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოარკვია, რომ სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტზე და 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მოსარჩელეთა მიმართვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილი ჩაითვალა მე-3 ნაწილად და მას დაემატა “ვ” ქვეპუნქტი, რითაც არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად გამოცხადდა “ფიზიკური პირის საქმიანობა, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.
მოსარჩელეთა აზრით, სანოტარო საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობად მიჩნევა და ამის საფუძველზე ნოტარიუსის დაბეგვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადით ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებას. მათი მტკიცებით, სანოტარო საქმიანობა განსხვავდება ეკონომიკური საქმიანობისაგან. ნოტარიუსის, როგორც საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია არა მოგების, შემოსავლის, კომპენსაციის მიღება, არამედ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელება, რაც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურებით. სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებით განხორციელება კი, არ არის მეწარმეობა, მოგების მიღების წყარო.
კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული აზრით, არაკონსტიტუციური გადასახადების არსებობა ხელყოფს საკუთრების ხელშეუხებლობას. სახელმწიფო არაა უფლებამოსილი თვითნებურად დადგინოს დაბეგვრის რეჟიმი. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, შეზღუდულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებით. ამიტომაცაა, რომ თუნდაც კანონის ფორმით და კანონის ჩარჩოებში სახელმწიფოს მიერ დაბეგვრის რეჟიმის ნებისმიერად (თვითნებურად) დადგენის შესაძლებლობა ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს შეზღუდვის აღნიშნულ პრინციპს.
მოსარჩელეთა აზრით, საკუთრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი გარანტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან, არის პრინციპი, რომლითაც სახელმწიფო შეზღუდულია ამა თუ იმ სუბიექტის (გადასახადის გადამხდელის) მიმართ, დაბეგვრის რეჟიმის გავრცელებით (შეფარდებით) სახელმწიფო ვალდებულია დაბეგვრის რეჟიმი განსაზღვროს მხოლოდ და მხოლოდ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის არსის შესაბამისად და სახელმწიფო შეზღუდულია ამ ვალდებულებით.
აქ მოტანილ და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე მოსარჩელები მოითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას და მის გაუქმებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენელმა, დააზუსტეს რა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნები, ამასთან, დააყენეს საკითხი კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის მოცულობის გაზრდის შესახებ, კერძოდ, მათ მოითხოვეს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებაში მოცემული ტექსტის: “აგრეთვე, საქმის განხილვის მომენტისათვის სადაო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა” არაკონსტიტუციურად აღიარება და მისი გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42—ე მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის მოტივით.
სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდა, მოსარჩელეთა მტკიცებით, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 1998 წლის 4 ივნისს მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის დამთავრების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლითაც გაუქმდა სადაო ნორმები. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა სადაო ნორმების გაუქმების გამო. სასამართლო ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც: “...საქმის განხილვის მომენტისათვის სადაო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
მოსარჩელეთა მტკიცებით, მათი უფლებების დაცვა ბევრდაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ორგანოს გადაწყვეტილებით უქმდება ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ამ აქტს აუქმებს ან ძალას უკარგავს მიზანშეწონილობის პრინციპის საფუძველზე. ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება ნორმატიული აქტის არამართლზომიერი ან უკანონო ხასიათი.
სასამართლო ნორმატიული აქტს აუქმებს არაკონსტიტუციურობის ან უკანონობის მოტივით. ამ დროს ფიქსირდება ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ აქტი ეწინაამღდეგება კონსტიტუციას ან მასზე იერარქიულად მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს, რის გამოც იგი არღვევს კონკრეტული სუბიექტის (მოსარჩელის) უფლებებს. ამ შემთხვევაში აქტი უქმდება სწორედ უფლებისდამრღვევი ხასიათის გამო, რაც იძლევა აქტის მიერ უფლების დარღვევის ფაქტზე მითითებისა და დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას.
მოსარჩელეთა მტკიცებით, თუკი ნორმატიული აქტი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაუქმდება, მაშინ ვერც მისი არაკონსტიტუციურობა ან უკანონობა დადგინდება და შესაბამისად შეუძლებელი გახდება დარღვეული უფლების აღდგენა. ამდენად, დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება. სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლს.
მოსარჩელეები მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის სადაო წინადადების მოქმედების შეჩერებას.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16, მე-18 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელეთა და მათი წარმომადგენლის განმარტებათა მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
1. საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად, ვინაიდანაც იგი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, ნათლადაა მასში გამოკვეთილი მოთხოვნის არსი, მოყვანილია სათანადო მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაშვებულია რიგი უზუსტობანი, რაც დაკავშირებულია ნორმატიული აქტების ნორმათა, როგორც მითითებასთან, ისე მათი ტექსტის (შინაარსის) გადმოცემასთან, კერძოდ: ა) კონსტიტუციურ სარჩელში სადაო ნორმად დასახელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” პუნქტი, მაშინ როცა უნდა იყოს ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 8 ივნისის კანონის მე-2 მუხლის “გ” პუნქტის ნაცვლად უნდა იყოს ამ კანონის მე-2 მუხლის “ბ” პუნქტი; გ) “მეწარმეთა შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ტექსტის შინაარსიდან გამოტოვებულია ის ძირითადი საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაცაა შემოტანილი კონსტიტუციური სარჩელი, კერძოდ: ნორმის ტექსტიდან გამოტოვებულია სიტყვა “სანოტარო”; დ) საგადასახადო კოდექსის რიგი მუხლების შინაარსი გადმოცემულია გაუქმებული რედაქციით, უკანასკნელი საკანონმდებლო შესწორების გარეშე, კერძოდ: ნაცვლად სიტყვისა – “ეკონომიკური”, ნახმარია სიტყვა “სამეწარმეო”. ეს უზუსტობანი ეხება საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილისა და 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურ სარჩელში მოტანილ ტექსტებს.
2. სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით – არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული, ვინაიდან მოსარჩელეებმა წამოაყენეს არსებითად ახალი მოთხოვნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია თვლის, რომ მართალია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე მოსარჩელეს უფლება აქვს გაზარდოს მოთხოვნის მოცულობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს არსებული მოთხოვნის გვერდით ახალი მოთხოვნის წამოყენებას. მოთხოვნის მოცულობის გაზრდაში იგულისხმება ამ მოთხოვნის ისეთი გაზრდა, რაც არ გამოიწვევს მისი არსის (შინაარსის) თვისობრივად (საგნობრივად) გაფართოებას. მოთხოვნა თვისობრივად (საგნობრივად) ფართოვდება, თუკი თავდაპირველ მოთხოვნას დაემატება ახალი მოთხოვნა. თუ ჩვენ დაუშვებდით მოთხოვნის თვისობრივ (საგნობრივ გაფართოებას, მაშინ სამართალწარმოების ერთ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯა-განხილვის საგანი აღმოჩნდება სხვადასხვა მოთხოვნები, რომელთაც არაფერი საერთო ექნებოდათ ერთმანეთთან, ან ექნებოდა მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. ამ შემთხვევაში იქმნება ისეთი მდგომარეობა, როცა შეუძლებლია ყველა მოთხოვნა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთდროულად განხილვის საგანი. მოსარჩელეების მიერ მოთხოვნის მოცულობის გაზრდა არსებითად ახალი მოთხოვნის წამოყენებად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც მხოლოდ არაპირდაპირ კავშირშია ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან. ამაზე მიგვანიშნებს ის გარემოება, რომ მოთხოვნის გაფართოების საფუძვლად მიჩნეულია საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1999 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, დასახელებულ მოსარჩელეთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 1998 წლის 4 ივნისს შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოებით შეწყვეტა სადაო ნორმატიული აქტის გაუქმების გამო. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული განჩინება იძლეოდა უფლებას ურიგოდ განხილულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში ნოტარიუსის დაბეგვრის შესახებ ახალი საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობასათნ დაკავშირებული სარჩელი, თუკი მას ექნებოდა ადგილი.
რაც შეეხება ახალი მოთხოვნის ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელეთა მიერ მისი უზრუნველმყოფ–პრევენციული მიზანმიმართულებისადმი ხაზგასმას, ეს მხოლოდ მათ შორის არაპირდაპირ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს და არა არსობრივ კავშირზე. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელთა მოთხოვნას, საკონსტუტიციო სასამართლოს შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეჩერდეს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის სადაო წინადადების მოქმედება იმ მოტივით, რომ თავიდან იქნეს აცდენილი საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების კიდევ ერთხელ დარღვევა.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ თუ როგორ გამოიყენებს თავის საკანონმდებლო ფუნქციის საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსის სადაო ნორმების თაობაზე, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის და ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის სადაო წინადადება თუ რა შედეგებს გამოიწვევს მოსარჩელე მხარისათვის ეს ჯერ კიდევ უცნობია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ადეგნს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოქალაქეების: ლელა ინწკირველისა და ეკატერინე ჩაჩანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გაზრდის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის შემადგენლობით;
4. მიზანშეწონილია საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწმეების სახით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსის განყოფილების, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტმენტის წარმომადგენელთა მოწვევა.
5. საქმეზე სპეციალისტებად მოწვეულ იქნენ:
1) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რომან შენგელია; 2) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი, პროფესორი თ. ლილუაშვილი.
6. საქმის არსებითად განხილვა დაიწყოს 2000 წლის 10 იანვარს, 11 საათზე.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე);
ბესარიონ ზოიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი).