სასამართლო მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE)
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1424 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE) |
თარიღი | 2 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. N1/13/1424 ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE) წარმოადგენს 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებსა და სამართლის საზოგადოებებს და 1 მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს.
ამ დოკუმენტში CCBE-ის სურს წარმოადგინოს მისი მოსაზრება საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საქმეზე N1/13/1424, ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული საქმის განხილვას გააჩნია პირდაპირი ზეგავლენა ძლიერ და დამოუკიდებელ იურიდიულ პროფესიაზე საქართველოში.
(I). საქმის ფაქტობრივი გარემოებები
1. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო ჩანაწერით, არსებით განსახილველად მიღებულ იქნა #1424 საკონსტიტუციო სარჩელი („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის ორ ასპექტში - „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსიტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებებთან მიმართებით, რომელთა მიხედვით „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“. ბატონი ჯანიბეგაშვილი ასევე ითხოვდა 1.2 მუხლის სხვა დებულების (მაგალითად, სიტყვების - „და ემორჩილება პროფესიული ეთიკის ნორმებს“) არაკონსტიტუციურად ცნობასაც, მაგრამ ეს და მისი სარჩელის სხვა მოთხოვნები არ იქნა მიღებული განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
შენიშვნა: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 მუხლი შემდეგი შინაარსისაა - „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია ადვოკატთა ასოციაციაში“.
(II). მოსარჩელის არგუმენტები
2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 მუხლის სიტყვები „და გაწევრიანებულია ადვოკატთა ასოციაციაში“ არღვევს კონსტიტუციის 26.4 მუხლის მეორე წინადადებას, რომლითაც „აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“. მოსარჩელე აცხადებს, რომ „პროფესიული კავშირების შექმნის უფლება, ფაქტობრივად არის გაერთიანების თავისუფლების შემადგენელი ნაწილი და არა სპეციალური და დამოუკიდებელი უფლება. სახელმწიფო ვალდებულია ნება დართოს პიროვნებებს თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შექმნან პროფესიული გაერთიანებები“. როგორც სარჩელშია მითითებული „განსაკუთრებით დაუშვებელია ერთადერთი პროფესიული გაერთიანების შექმნა, რომელში გაწევრიანებაც სავალდებულო იქნება“. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ „სასამართლო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დაუშვებელია პროფესიული კავშირების მონოპოლიზება, ალტერნატივა ყოველთვის უნდა არსებობდეს იმათთვის, ვისაც რაიმე მოსაზრების გამო არ სურს ამა თუ იმ ასოციაციაში გაერთიანება“.
(III). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი იმის შესახებ, არის თუ არა ადვოკატის საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობა
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა არაერთი საქმე, რომლებშიც განმარტა ადოკატთა პროფესიის შესახებ მნიშნელოვანი პრინციპები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ გამორიცხავს საადვოკატო საქმიანობას სამეწარმეო საქმიანობიდან, ადგენს რა მის 1.2 მუხლში, რომ „სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსტულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა“.
4. 2000 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე #1/1/207, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ნოტარიუსების დაბეგვრის საკითხი საგადასახადო კოდექსით, რომლითაც სანოტარო საქმიანობა ითვლებოდა არასამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობად. სასამართლომ აღიარა, რომ „ეკონომიკური საქმიანობის ცნება შეიძლება მივიჩნიოთ პირობით საგადასახადო-სამართლებრივ ცნებად, რომელსაც საფუძვლად ედება ამა თუ იმ პირის საქმიანობის ეკონომიკური შედეგები“. იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო შეეხო ასევე ადვოკატთა საქმიანობასაც (რადგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 1.2 მუხლის თანახმად, როგორც სანოტარო, ასევე საადვოკატო საქმიანობა თავისუფალ პროფესიებს წარმოადგენს) და აღნიშნა, რომ „ადვოკატის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა გაცილებით მეტი ფასეულობაა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ვიდრე მისი საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მატერიალური შედეგები“.
5. 2004 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე #2/10/256, სასამართლომ იმსჯელა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის ადვოკატთა პროფესიული ტესტირების ჩატარების კონსტიტუციურობის შესახებ. მის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა - „რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატთა ტესტირების დაწესებას, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ იგი არის მინიმალური სტანდარტი იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ კვალიფიციურად იქნეს განხორციელებული ადამიანის ინტერესების დაცვა“. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ: „კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს სახელმწიფოს არა აქვს უფლება კანონით განსაზღვროს კერძო სამსახურის ძირითადი პირობები, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საადვოკატო საქმიანობაზე, რომლის დროსაც ე.წ. „თავისუფალი პროფესიების“ სხვა სახეებისაგან განსხვავებით, ადვოკატებს უფრო სახელშეკრულებო ვალდებულებების პირობებში უხდებათ საქმიანობის განხორციელება“.
6. ზემოხსენებული ორივე გადაწყვეტილება უცილობლად აღიარებს ადვოკატის პროფესიას თავისუფალ პროფესიად და არა-სამეწარმეო საქმიანობად, რომელიც ხორციელდება ძირითადად სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში - ანუ, არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით, არამედ, ადვოკატსა და მის მიერ წარმოდგენილ მხარეს შორის შეთანხმებული პირობებით.
7. მომდევნო საქმეში, რომელიც შეეხებოდა ადვოკატთა სანქცირების კონსტიტუციურობას (საქმე #1/6/319, 2005 წლის 7 მარტის განჩინება), სამი ადვოკატი მიიჩნევდა, რომ მიუღებელი იყო ადვოკატებზე სანქციების დაწესება და წევრობის შეწყვეტა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რადგან არ არსებობდა სხვა რომელიმე ორგანო, რომელსაც ამის უფლება ჰქონდა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და აღმასრულებელ საბჭოს არ უნდა ჰქონოდათ აღნიშნულის განხორციელების უფლება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ ფუნქციების განხორციელებით „ეთიკის კომისია და აღმასრულებელი საბჭო ითვისებდნენ სასამართლოს ფუნქციებს“. ისინი ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ „წევრობის შეწყვეტა ფაქტიურად წარმოადგენდა დანაშაულისთვის სასჯელს, რაც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის კოდექსით და მისი შეფარდების უფლება ჰქონდა მხოლოდ სასამართლოს“. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად ეს სარჩელი, რადგან „არც სარჩელში არ იყო ნაჩვენები და ვერც მოსარჩელეებმა უჩვენეს, თუ რატომ არ უნდა ჰქონოდა უფლება ადვოკატთა ასოციაციას მასში გაწევრიანებულ პირთა წევრობის შეწყვეტის უფლებამოსილება“. სასამართლოს აზრით, „ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ არ არსებობს ადვოკატისათვის ალტერნატიული ასოციაცია საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად“. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „არც სარჩელიდან და არც მოსარჩელეთა განმარტებებიდან არ ჩანდა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება იყო სასჯელი დანაშაულისათვის, რაც შესაბამისად გამორიცხავდა მოსარჩელეთა შეფასებას კონსტიტუციის მე-40 მუხლთან მიმართებით“.
შენიშვნა: კონსტიტუციის მე-40 მუხლი შემდეგი შინაარსის იყო: „1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დანაშაული არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. 3. პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბრალეულად თუ წარმოდგენილია უტუარი მტკიცებულებები. ყოველი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
8. 2005 წლის 7 მარტის განჩინება მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან როგორც ზევით აღინიშნა, ფაქტობრივად სასამართლომ მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც გარანტირებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფლება იყოს ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია სანქციის დაკისრება ადვოკატებისთვის.
9. უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც შეეხებოდა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე უფლებებს იყო საქმე #1/5/323, რომლიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2005 წლის 30 ნოემბერს გადაწყვიტა. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ექვსი ადვოკატი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ზემოაღნიშნული კანონის შემდეგი დებულებები კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო: ა) 1.2 მუხლის სიტყვები „და გაწევრიანებულია ადვოკატთა ასოციაციაში“ და ბ) 20.1 მუხლის სიტყვები „საჯარო სამართლის“. მათი აზრით, ეს ნორმები ეწინააღმდეგებოდნენ კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომლითაც „ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება“. მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ „ისინი უნდა ყოფილიყვნენ წევრები, რათა განეხორციელებინათ საადვოკატო საქმიანობა და თუკი არ გაწევრიანდებოდნენ მათ ერთმეოდათ საადვოკატო საქმიანობის უფლება, ანუ იმის შესაძლებლობა, რომ მოეპოვებინათ საარსებო სახსრები“. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განხილვის შედეგად არ დაეთანხმა მათ არგუმენტებს და სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ადვოკატთა ასოციაცია იყო არა საზოგადოებრივი გაერთიანება, არამედ სპეციალური კანონით (პარლამენტის აქტით) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ თვალსაზრისით, მასზე არ ვრცელდებოდა კერძო გაერთიანებისათვის დამახასიათებელი ნებაყოფლობითობის პრინციპი“. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „კანონმდებლის ნებაზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ პროფესიის დაფუძნებისათვის რა ორგანიზაციულ ფორმას აირჩევდა, რაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო კონსტიტუციის 26-ე მუხლის საგანი“.
10. იმავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადვოკატის საქმიანობა ახლოს იდგა სახელისუფლებო ფუნქციებთან და ეს განაპირობებდა ადვოკატურის საჯარო ორგანიზაციის ფორმის მიზანშეწონილობას. ამასთან, ადვოკატურა სახელმწიფო მმართველობისაგან განცალკევებული ორგანიზაცია იყო და ამ სახით ახორციელებდა თავის ფუნქციებს“. სასამართლოს მოსაზრებით „სწორედ იმის გამო, რომ ადვოკატი გარკვეულწილად ახორციელებდა საჯარო ფუნქციას, კანონმდებელი მას, თავისუფალი პროფესიების სხვა პირებთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებდა და მოითხოვდა მის სავალდებულო გაწევრიანებას სპეციალურ პროფესიულ გაერთიანებაში. იძულებითი წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყო იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა“. სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე „ლე კონტი, ვან ლევენი და დე მეიერი ბელგიის წინააღმდეგ“, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ბელგიაში ექიმებს შეიძლებოდათ დაკისრებოდათ ვალდებულება გაწევრიანებულიყვნენ ბელგიის სამედიცინო ასოციაციაში“.
11. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „ადვოკატთა ასოციაციის შექმნის მიზნის თავისებურებამ თვით ორგანიზაციის არაორდინალური იურიდიული სტატუსი განაპირობა. ადვოკატის პროფესიის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის თავისებური – სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდა“.
12. ადვოკატთა ასოციაციასთან დაკავშირებულ შემდეგ მნიშვნელოვან საქმეში (#2/13/391, 2006 წლის 10 ივლისის განჩინება), ადვოკატი აცხადებდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6802 მუხლი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 26.6 მუხლს („საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“), რადგან 6802 მუხლი ორ წესს აწესებდა პირისათვის, რათა მას სხვა პირები წარმოედგინა სისხლის სამართლაწარმოებაში: ა) პირს უნდა ჰქონოდა ადვოკატის სერტიფიკატი და ბ) იმავდროულად, უნდა ყოფილიყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გარდა ამისა, მოსარჩელე აცხადებდა, რომ „ზემოხსენებული ნორმა ასევე ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 30.2 მუხლს („სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურანციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“), რადგან იგი მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რითაც იზღუდებოდა კონკურანცია და მომხმარებელთა უფლებები“. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად აღნიშნული სარჩელი და სხვა საკითხებთან ერთად განმარტა, რომ „კონსტიტუციის ზემოხსენებული 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით უზრუნველყოფილი იყო თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გარანტიები, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმით მოწესრიგებული იყო ადვოკატის საქმიანობის საკითხი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას არ განეკუთვნებოდა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1 მუხლის მე-2 პუნქტი)“.
13. შეჯამების სახით, შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გაკეთება - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად:
ა) აღიარებულია, რომ საადვოკატო საქმიანობა არა წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირდაპირ ნორმაზე დაყრდნობით);
ბ) არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც ექნება უფლება გამოიყენოს სანქციები ადვოკატთა მიმართ;
გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა;
დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის თავისებური – სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იურიდიული პირია.
(IV). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მონოპოლიური საქმიანობის შესახებ
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა რამდენიმე საქმე მონოპოლიური საქმიანობის შესახებ, სადაც მან განმარტა ამ საქმიანობის გარკვეული პრინციპები.
15. 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე #1/3/136, საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც მსჯელობდა სემეკის მიერ ელექტროენერგიაზე დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებზე, თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია „თელასი“ ბუნებრივ მონოპოლიად აღიარა. თუმცა, თავისთავად ეს საკითხი არ გამხდარა საფუძველი ზემოხსენებული ტარიფების არაკონსტიტუციურად მიჩნევისათვის.
16. კიდევ ერთი საქმე, სადაც მონოპოლიის საკითხი წამოიჭრა, იყო 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე #2/2/245, რომელიც ეხებოდა სემეკის მიერ ბუნებრივ გაზზე დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „თბილისის გაზის გამანაწილებელი კომპანია ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენდა, მაგრამ კონსტიტუციის 30.2 მუხლი (იხ. აბზაცი 12 ზევით) არ გამორიცხავდა მონოპოლიურ საქმიანობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შენიშვნა: ეს კანონი გაუქმდა 2005 წელს) მე-5 მუხლი უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ კანონის მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ არ გავრცელებულიყო მონოპოლიური საქმიანობის ცალკეულ სახეებზე“.
17. 2005 წელს მიღებული კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, მონოპოლიურ საქმიანობას განმარტავს, როგორც „ბაზრის ისეთ მდგომარეობას, სადაც არსებობს საქონლის ერთი გამყიდველი და საქონელს არ გააჩნია სხვა ურთიერთშენაცვლებადი საქონელი“.
18. საქმეზე #1/2/411, 2008 წლის 19 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე ენერგეტიკის მინისტრის იმ ბრძანების კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ადგენდა განაწილების ლიცენზიის გაუქმებას იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც წლიური რეალიზაცია 120 მილიონ კვტ/სთ-ზე ნაკლები ჰქონდათ. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ რიგ საკითხებზე (რომლებიც პირდაპირ მონოპოლიურ საკითხებს არ შეეხებოდა) მნიშნელოვანი და საინტერესო განმარტებები გააკეთა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „30-ე მუხლის მე-2 მუხლის პირველი წინადადება განამტკიცებდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეეწყო თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისთვის. მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს“. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის თავისუფლების ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები“. ამის შემდეგ, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენდა ეკონომიკური ურთერთობების იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნრივი მონოპოლია იყო გაბატონებული. ელექტროენერგიის განაწილების სფერო მიეკუთვნებოდა რეგულირებადი ეკონომიკური ურთიერთობის სფეროს, რაც განპირობებული იყო ამ დარგში გაბატონებული მდგომარეობის მქონე სუბიექტების არსებობით. შესაბამისად, რეგულირების შემოღება ემსახურებოდა როგორც მომხმარებელთა, ასევე ბუნებრივ მონოპოლისტზე დამოკიდებული ბაზრის სხვა სამეწარმეო სუბიექტის ქონებრივი ინტერესების დაცვას“. სასამართლომ მიიჩნია, რომ „ელქტროენერგიის ტარიფის განსაზღვრით სახელმწიფო იცავდა მომხმარებლებს და ასეთი ჩარევა ემსახურებოდა იმას, რომ დაბალანსებულიყო მეწარმისა და მომხმარებლის ინტერესი და ბუნებრივ მონოპოლიებს არ დაეწესებინათ უსამართლო ფასები“. საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „ენერგეტიკული ბაზრიდან მცირე კომპანიების განდევნა უნდა მიჩნეულიყო კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად გამოყენებულ არაადეკვატურ საშუალებად“.
19. ათი წლის შემდეგ, 2018 წლის 14 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე #2/11/747, როდესაც მსჯელობდა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების კონსტიტუციურობის შესახებ, ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს მათ საქმიანობაში სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, მათ შორის, შერჩევითი საფუძვლით რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის სარგებლის მინიჭებისაგან“.
20. საქმეში #1/1/655, რომელზედაც გადაწყვეტილება 2019 წლის 18 აპრილს იქნა მიღებული, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის 30.2 მუხლი (ახალი კონსტიტუციის მიღების შედეგად) შეესატყვისებოდა ახალი კონსტიტუციის 26.4 მუხლის პირველ და მეორე წინადადებებს“. ამ საქმეში, სასამართლო მსჯელობდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლითაც გამოირიცხებოდა შპს „საქართველოს ფოსტის“ მონაწილეობის აუცილებლობა სამთავრობო უწყებების მიერ საკურიერო და საფოსტო მომსახურების შესყიდვებისას. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „ამა თუ იმ პირის ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის უმთავრესი იყო მისი საქმიანობის ბუნება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ეკონომიკურ აგენტად შეფასდებოდა ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკური საქმიანობა იყო ამა თუ იმ ბაზარზე სერვისისა და საქონლის შეთავაზება“.
21. მონოპოლიური საქმიანობის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართალს მიმოხილვის საფუძველზე, შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:
ა) საკონსტიტუციო სასამართლო ძირითადად იხილავდა ბუნებრივ მონოპოლიებთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) მონოპოლიები შეიძლება არსებობდნენ სამეწარმეო საქმიანობაში;
გ) კანონი განმარტავს მონოპოლიას როგორც ბაზრის ისეთ მდგომარეობას, სადაც არსებობს საქონლის ერთი გამყიდველი და საქონელს არ გააჩნია სხვა ურთერთშენაცვლებადი საქონელი;
დ) კონსტიტუციის როგორც ძველი, ისე ახალი ნორმები იცავდა/იცავს ეკონომიკურ აგენტს, ანუ პირს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.
(V). საბოლოო დასკვნები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და შესაბამის რეგულაციებთან დაკავშირებით
22. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი რეგულაციების მიმოხილვის შემდეგ შეიძლება შემდეგი დასკვნების გამოტანა:
ა) საკონსტიტიციო სასამართლო აღიარებს, რომ საადვოკატო საქმიანობა არაა სამეწარმეო საქმიანობა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირდაპირ ნორმაზე დაყრდნობით);
ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მონოპოლისტად, რადგან იგი არ ახორციელებას სამეწარმეო ან ეკონომიკურ საქმიანობას;
გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უნიკალური სამართლებრივი ფორმა (ადვოკატთა ასოციაცია არის სპეციალური სახის საჯარო სამართლის იურიდიული პირი) განპირობებულია მისი მიზნებით, ე.ი. ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესრულებით; შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა გამართლებულია კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით;
დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის თავისებური – სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იურიდიული პირია;
ე) მონოპოლიები შეიძლება არსებობდნენ სამეწარმეო საქმიანობაში;
ვ) კონსტიტუციის როგორც ძველი, ისე ახალი ნორმები იცავდა/იცავს ეკონომიკურ აგენტს, ანუ პირს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.
(VI). შესაბამისი ევროპული პრაქტიკა იურიდიული პროფესიის სამეწარმეო საქმიანობად მიჩნევასთან დაკავშირებით
23. ევროპული გადმოსახედიდან და ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც 45 წევრი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას და სამართლის საზოგადოებას, და მათი მეშვეობით კი, ერთ მილიონზე მეტ ადვოკატს წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ საკონსტიტუციო სარჩელში N1/13/1424, ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მოყვანილი ვერცერთი არგუმენტი[1] ვერ ჩაითვლება საფუძვლიან არგუმენტად:
24. მოცემული პროფესია არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ეს ნათლად არის ჩამოყალიბებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანის იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ადვოკატები არიან მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებელი წარმომადგენლები, და არა უბრალოდ იურიდიული კონსულტაციების გამყიდველები. მათზე მკაცრი პროფესიული კანონები ვრცელდება, მაგალითად, დამოუკიდებლობის, კლიენტისადმი ერთგულების დაცვის, კონფიდენციალურობის დაცვის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების ვალდებულება, და სხვა. არცერთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში წარმოდგენილ რომელიმე სამეწარმეო საქმიანობაზე არ ვრცელდება ამგვარი პროფესიული კანონები და მოთხოვნები.
25. მეწარმის მიზანია საკუთარი შემოსავლის ოპტიმიზაცია და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება მეტი საქონელის ან მომსახურების მიყიდვა, თუნდაც იგი მომხმარებელს საერთოდ არ ესაჭიროებოდეს. ადვოკატს კანონით და ეთიკის კოდექსით ევალება არა თავისი შემოსავლის ოპტიმიზაცია, არამედ თავისი კლიენტების სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ადვოკატმა უნდა მოიძიოს მისი კლიენტის უფლებების დაცვის და აღდგენის უმოკლესი და უსაფრთხო გზა, მაშინაც კი, თუ ეს თავად ადვოკატისთვის ნაკლებ შემოსავალს გულისხმობს. ამის მიზეზი არის ის, რომ ადვოკატის მთავარი მოვალეობაა მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ადვოკატები ევროპის ყველა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის განუყოფელი ნაწილი არიან და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ევროპის ქვეყნების კანონმდებლებმა კარგად გაიაზრეს ადვოკატის პროფესიის ეს განსაკუთრებული სტატუსი და მათ შესაბამის კანონებში ნათლად განსაზღვრეს აღნიშნული პროფესიის არასამეწარმეო ხასიათი.
26. ადვოკატთა ასოციაცია არ არის კომპანია. ევროპის ყველა ქვეყანაში, ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის სუბიექტის ფორმით ჩამოყალიბებული ორგანო, რომელიც დაფუძნებულია პარლამენტის აქტით, მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების შესრულების მიზნით, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე ზოგადად საზოგადოებაში. ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან თვითრეგულირების ფუნქციებს ასრულებს, როგორიცაა პროფესიაში მიღება, ადვოკატთა მიერ პროფესიული კანონების დაცვაზე ზედამხედველობა, პროფესიული კანონების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება, ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის დავების შემთხვევაში მედიაცია, პროფესიის ინტერესების წარმოდგენა პოლიტიკური პროცესების, სასამართლოების, მესამე მხარეების წინაშე და ა.შ. ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს მისი წევრების მაღალ პროფესიონალიზმს და მოქალაქეთა ნდობის შენარჩუნებას იურიდიული პროფესიისა და კანონის უზენაესობისადმი. შესაბამისად, თვითრეგულირება შესაძლებელია მხოლოდ სავალდებულო წევრობის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ადვოკატი, გამონაკლისის გარეშე, ექვემდებარებოდეს ერთი და იგივე რეგულაციებს. სავალდებულო წევრობა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშია გათვალისწინებული და ეს შეიძლება ჩაითვალოს თვითრეგულირებადი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის თუ სამართლის საზოგადოების არსებობის წინაპირობად, რაც საადვოკატო მომსახურების ხარისხისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
27. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია არ არის კომერციული საწარმო, რომლის მიზანია შემოსავლის გენერირება. ევროპაში ადვოკატთა ასოციაციები მხოლოდ საწევრო შენატანებიდან ფინანსდება. გარდა ამისა, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა ხელს არ უშლის ადვოკატებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში და ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანებების ჩამოყალიბებაში. ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს ადვოკატთა ბევრი პროფესიული გაერთიანება, როგორიცაა სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციები, საოჯახო სამართლის ადვოკატთა ასოციაციები და ა.შ.
28. ადვოკატთა ასოციაციები არც საწარმოები და არც ბიზნეს მოთამაშეები არიან; ისინი საადვოკატო პროფესიის თვითრეგულირების ინსტიტუტებს წარმოადგენენ. ანტიმონოპოლური კანონების მიზანია მტაცებლური ბიზნესის პრაქტიკის თავიდან აცილება. ეს კანონები არ შეიძლება ადვოკატთა ასოციაციებზე გავრცელდეს.
(VII). ადვოკატთა ასოციაციის ავტონომიასა და დამოუკიდებლობასთან და სავალდებულო წევრობასთან დაკავშირებით არსებული ევროპული პრაქტიკა
29. ევროპის ადვოკატთა ასოციაციები, როგორც სასამართლო სისტემის ნაწილი, არის კანონმდებლობით რეგულირებული თვითმმართველი და დამოუკიდებელი მომსახურება. ადვოკატობა საპატიო პროფესიაა, რომელიც დასაბამს ანტიკური ხანიდან იღებს და დღემდე ინარჩუნებს თავის კარგ რეპუტაციას. ადვოკატთა, როგორც სამართლის ექსპერტთა რეპუტაცია, საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ პროგრესმა და ცხოვრების წესებმა განაპირობა ის სიტუაცია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არსებობა აუცილებელი გახდა. საადვოკატო საქმიანობა დამოუკიდებელი და ავტონომიურია, და მას იურისტები ახორციელებენ როგორც სამართლის ექსპერტები. ადვოკატების დამოუკიდებლობის პრინციპი მე-19 საუკუნიდან არსებობს. ადვოკატები არიან იურიდიული ექსპერტები, რომლებიც ავტონომიურად და დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, კლიენტების წინაშე სათანადო პასუხისმგებლობით. ადვოკატებს ევალებათ, გაამყარონ მათ მიერ წარმოდგენილი მხარების რწმენა, რომ თუნდაც სახელმწიფოსთან დავის შემთხვევაშიც კი, მათ გაეწევათ დამოუკიდებელი და პროფესიონალური იურიდიული დახმარება მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით.
30. ავტონომია და დამოუკიდებლობა, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილია ადვოკატთა თვითმმართველი გაერთიანებით, ადვოკატთა ასოციაციების მეშვეობით.
31. ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის გაუქმება მთელ რიგ სერიოზულ ნეგატიურ გავლენას იქონიებს და საჯარო უფლებამოსილების გადაცემა სახელმწიფოსთვის მიუღებელი ჩარევა იქნება როგორც ადვოკატთა, ისე ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობაში. დამოუკიდებელი იურიდიული პროფესია არის კანონის უზენაესობის პრინციპზე დამყარებული თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი - ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც ასახულია ევროკავშირის „ძირითადი უფლებების ქარტიის“ პრეამბულაში. საადვოკატო პროფესიის თვითრეგულირება სწორედ ამ დამოუკიდებლობიდან გამომდინარეობს და თვითმმართველი ადვოკატთა ასოციაციის მიერ უზრუნველყოფილი პროფესიის კოლექტიური დამოუკიდებლობა კი, თავის მხრივ, ინდივიდუალური ადვოკატების დამოუკიდებლობის წინაპირობას წარმოადგენს, რაც კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელწიფოს მოეთხოვება.
32. ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა პროფესიის ეფექტიანად რეგულირებასა და დისციპლინური წესების აღსრულებას განაპირობებს. სავალდებულო წევრობის გაუქმება სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიღებს; აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს საადვოკატო მომსახურების ხარისხის და პროფესიონალიზმის გაუარესება; შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს საჯარო ინტერესით განპირობებული ის მიზანი, რაც მდგომარეობს ადვოკატის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში, რადგან ადვოკატები სანქციებს აირიდებენ ადვოკატთა ასოციაციაში წევრობის გაუქმების გზით.
33. სახელმწიფოს გადმოსახედიდან, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა სავალდებულო წევრობა ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის. დისციპლინური წარმოება, პროფესიული ქცევის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული წარმოება, პროფესიული განვითარება, ადვოკატებისა და იურიდიული ფირმების რეესტრის წარმოება, ეს ის საკითხებია, რომელთა უზრუნველყოფა უფლებამოსილების გადაცემის ძირითადი პრინციპის დაცვით ხორციელდება.
34. ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის გაუქმების, ან შესაბამისი საჯარო უფლებამოსილებების ორი ან მეტი ადვოკატთა ასოციაციისთვის გადაცემის შემთხვევაში, არსებული დისციპლინური სისტემა მთლიანად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებული უნდა იქნას სხვა სისტემით, რათა კლიენტებს შეეძლოთ უჩივლონ ნებისმიერ ადვოკატს, დამოუკიდებლად იმისა, არიან თუ არა ისინი ამა თუ იმ ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ამგვარი სისტემის დანერგვა არა მარტო შელახავს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც იურიდიული პროფესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას მოითხოვს, არამედ ასევე გამოიწვევს უფრო მაღალ დანახარჯებს ისეთი სარგებლის მიღების გარანტიის გარეშე, როგორიცაა უფრო მაღალი ეფექტურობა თუ უკეთესი აღსრულების მექანიზმი.
(VIII). შესაბამისი ევროპული პრაქტიკა ერთი ადვოკატთა ასოციაციის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით (ადვოკატთა რეესტრი, განათლება, დაზღვევა)
35. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა, როგორც წესი, ადვოკატების მიერ პროფესიული ზიანის დაზღვევის ვალდებულების შესრულების საშუალებაა, რაც თავის მხრივ, კლიენტის და საზოგადოების ინტერესებშია. იმავდროულად, ძლიერი და დამოუკიდებელი თვითრეგულირებადი საადვოკატო პროფესია ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია უზრუნველყოს ყველა ადვოკატის კოლექტიური დაზღვევა. თითოეული ადვოკატი დაზღვეულია პასუხისმგებლობისაგან იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება კლიენტს მიადგეს ადვოკატის მიერ თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. დაზღვევა აუცილებელია იმისთვის, რომ კლიენტს სათანადოდ მაღალი იურიდიული დაცვა ჰქონდეს. დაზღვევა ფარავს ადვოკატთა და მათი თანამშრომლების პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაშვებული უხეში დაუდევრობით, შეცდომით ან ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანს.
36. ასევე, ადვოკატთა ერთ ასოციაციას სახელმწიფოსგან მინიჭებული აქვს უფლებამოსილება აწარმოოს ადვოკატებისა და იურიდიული ფირმების ძირითადი რეესტრი. რეესტრში ადვოკატთა სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ასახული. გარდა ამისა, ბევრი ფაქტი ადვოკატებისა და იურიდიული ფირმების სტატუსთან დაკავშირებით საჯაროდ ხელმისაწვდომი სწორედ ერთიანი რეესტრის გზით არის, მოთხოვნის ან ონლაინ რეესტრის საფუძელზე. ეს არის საჯარო სარწმუნოობის პრინციპი. გარდა ამისა, ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს ამგვარი რეესტრის ყოველდღიურ განახლებას. ამ უფლებამოსილების გადაცემა ან გაყოფა ორ ან მეტ ადვოკატთა ასოციაციას შორის ნამდვილად გამოიწვევს გაურკვევლობას მოქალაქეებსა და კლიენტებს შორის იმის გამო, რომ მათ მოუწევთ გარკვეული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე ადვოკატთა ასოციაციაში და არ ეცოდინებათ, სად უნდა შეამოწმონ ეს ინფორმაცია ან რომელი ინფორმაციაა სწორი. იგივე ეხება პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას, ადვოკატებსა და იურიდიულ ფირმებზე დაკისრებულ სანქციებს, უწყვეტი იურიდიული განათლების თუ ადვოკატთა პროფესიული განვითარების მონიტორინგს, დისციპლინურ სახდელებს, ასევე, სხვადასხვა მიზეზების გამო (პენსიაზე გასვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამნაშავედ ცნობა და ა.შ.) ადვოკატთა ასოციაციიდან გარიცხვის თუ ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ ინფორმაციას.
37. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, ადვოკატთა ასოციაცია მონიტორინგს უწევს ასოციაციის წევრი ადვოკატების მიერ უწყვეტი იურიდიული განათლების ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ზედმიწევნით მონიტორინგს და განათლებისა და პროფესიული განვითარების გარკვეული სტანდარტების დაცვას.
38. ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა ან ნაწილობრივ შეჩერება უწყვეტი იურიდიული განათლების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ეს პროცედურა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ასოციაციაში წევრობა სავალდებულოა და ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული განვითარების სტანდარტები და უწყვეტ იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
(IX). სხვა სფეროების ასოციაციებთან დაკავშირებული პრეცედენტული სამართლის მაგალითები
39. 2008 წელს ეჭვქვეშ იქნა დაყენებული ჩეხეთის სამედიცინო ასოციაციაში სავალდებულო წევრობა. ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად[2], ჩეხეთის სამედიცინო პალატა არ შეიძლება მიჩნეული იქნას როგორც „ასოციაცია“, როგორც ეს არის განსაზღვრული ჩეხეთის რესპუბლიკის „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ქარტიის“ მე-20 მუხლით, და ამრიგად, ამ ასოციაციაში სავალდებულო წევრობა არ არღვევს თავისუფალი გაერთიანების უფლებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ქარტიის შესაბამისი მუხლით. ასევე აღინიშნა, რომ სავალდებულო წევრობის ინსტიტუტი, მსგავს (ევროპულ) გარემოებებში, არ არის გამონაკლისი და რომ ამ ინსტიტუტის არსებობა „ლოგიკურია“, რადგან იგი ორგანულად უზრუნველყოფს ჩეხეთის სამედიცინო ასოციაციის უფლებამოსილებას ასოციაციის უშუალო წევრებთან (ექიმებთან) მიმართებით.
40. 1993 წელს სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სარჩელი და გადაწყვიტა არ დაეწყო სლოვენიის სამედიცინო ასოციაციაში ექიმების სავალდებულო წევრობის კონსტიტუციურობის შეფასების პროცედურა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შეეძლო დაედგინა იმ ექიმებისა და სტომატოლოგების სლოვენიის სამედიცინო ასოციაციაში სავალდებულო გაერთიანების საჭიროება, რომლებიც უშუალოდ პაციენტებთან მუშაობენ.
41. ამასთან დაკავშირებით სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე მიუთითა (ბელგიის სამედიცინო ასოციაციაში სავალდებულო წევრობის შესახებ პრეცედენტული სამართალი[3]), რომელშიც ნათქვამია, რომ სამედიცინო ასოციაცია არის საჯარო სამართლის ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივ კონტროლს სამედიცინო პრაქტიკაზე. შესაბამისად, ასოციაცია არ შეიძლება ჩაითვალოს „გაერთიანებად“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლის მნიშვნელობით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო ასოციაციაში სავალდებულო გაერთიანება არ წარმოადგენს კონვენციის მე-11 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვას.
42. 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დასაშვებობის თაობაზე საქმეზე ბოტა რუმინეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოიხსენია დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, თავისუფალ პროფესიათა წარმომადგენლების გაერთიანებები საჯარო სამართლის ინსტიტუტებია, რომლებიც კანონით რეგულირდება და საჯარო მიზნებს ემსახურება და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი ამ გაერთიანებებზე არ ვრცელდება.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის საკითხიც ამ საქმეში განიხილებოდა, კანონის საფუძველზეა შექმნილი და თავის საქმიანობას საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად ახორციელებს, რაც მდგომარეობს სათანადო იურიდიული დახმარების გაწევის მხარდაჭერაში, და შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობაში.
(X.) დასკვნების შეჯამება
43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის გაანალიზების შემდეგ, შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:
(ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს, რომ ადვოკატის საქმიანობა არ არის სამეწარმეო საქმიანობა („მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირდაპირ ნორმაზე დაყრდნობით);
(ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიმოხილვის შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მონოპოლისტად, რადგან იგი არ ახორციელებს სამეწარმეო ან ეკონომიკურ საქმიანობას;
(გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უნიკალური სამართლებრივი ფორმა (სპეციალური ბუნების საჯარო სამართლის იურიდიული პირი) განპირობებულია მისი მიზნებით, ე.ი. ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესრულებით; შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა გამართლებულია კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით;
(დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის სპეციალური ბუნების – სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იურიდიული პირია;
(ე) საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და საკითხთან დაკავშირებული საქართველიოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მონოპოლიები შეიძლება არსებობდნენ სამეწარმეო საქმიანობის სფეროში; კონსტიტუციის როგორც ძველი, ისე ახალი ნორმები იცავდა/იცავს მხოლოდ ეკონომიკურ სუბიექტებს, ანუ პირებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ.
(ვ) ევროპული თვალსაზრისით, ადვოკატის პროფესია არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ეს ნათლად არის ჩამოყალიბებული კანონებში, რომლებიც იურიდიულ პროფესიას არეგულირებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში;
(ზ) ევროპის ქვეყნების კანონმდებლებმა ნათლად გაიაზრეს იურიდიული პროფესიის განსაკუთრებული სტატუსი და განმარტეს მისი არასამეწარმეო ხასიათი მათ კანონებში;
(თ) ევროპული თვალსაზრისით, ანტიმონოპოლური კანონმდებლობის მიზანია, მტაცებლური ბიზნესის პრაქტიკის თავიდან აცილება. ამ თვალსაზრისით, ადვოკატთა ასოციაცია არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალოდ, როგორც ბიზნეს სუბიექტი და იგი არ შეიძლება შევადაროთ სხვა რომელიმე საწარმოს, რადგან იგი მოქმედებს როგორც პროფესიის მარეგულირებელი ორგანო. ევროპის ყველა ქვეყანაში, ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის სუბიექტის ფორმით ჩამოყალიბებული ორგანო, რომელიც დაფუძნებულია პარლამენტის აქტით, უმნიშვნელოვანესი საჯარო ფუნქციების შესრულების მიზნით, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე ზოგადად საზოგადოებაში.
(ი) ავტონომია და დამოუკიდებლობა უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფილია ადვოკატთა თვითმმართველი გაერთიანებით, ადვოკატთა ასოციაციების მეშვეობით;
(კ) ადვოკატთა სავალდებულო წევრობის გაუქმება მთელ რიგ სერიოზულ ნეგატიურ გავლენას იქონიებს, და საჯარო უფლებამოსილების გადაცემა სახელმწიფოსთვის მიუღებელი ჩარევა იქნება როგორც ადვოკატთა, ისე ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობაში;
(ლ) ევროპული თვალსაზრისით, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა, როგორც წესი, ასევე წარმოადგენს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო სარჩელი (იხილეთ წინამდებარე მოსაზრების 1-ლი გვერდი) შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ, რადგან არსებობს უამრავი არგუმენტი, მოცემული არა მხოლოდ კანონმდებლობაში, არამედ აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და შესაბამის ევროპულ პრაქტიკაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს ფართო შესაძლებლობას არ დააკმაყოფილოს წარმოდგენილი სარჩელი.
45. შესაბამისად, ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, CCBE სთავაზობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უარი ეთქვას ლაშა ჯანიბეგაშვილის სარჩელს, როგორც უსაფუძვლოს და ამით უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი საადვოკატო პროფესიის შენარჩუნება, როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.
[1] მოსარჩელემ შემდეგი არგუმენტები მოიყვანა:
(1) ადვოკატის პროფესია უნდა ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად;
(2) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა, რომელიც გათვალისწინებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით („ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ... გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“) არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26.4 მუხლით დადგენილ ადვოკატის უფლებას განახორციელოს თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობა („მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“), და 22-ე მუხლით დადგენილ გაერთიანების თავისუფლებას („გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია“); და
(3) ის ფაქტი, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ადვოკატთა ასოციაცია, კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არსებობს, მონოპოლიის არსებობაზე მიუთითებს, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26.4 მუხლის მეორე წინადადებაში ასახულ მოთხოვნას: „აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“
[2] https://www.usoud.cz/en/decisions/20081014-pl-us-4006-obligatory-membership-in-czech-medical-chamber/
[3] https://hudoc.echr.coe.int/tur#{%22itemid%22:[%22001-57522%22]}