ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/6/1424,1490 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ნოემბერი 2022 20:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარე - ლაშა ჯანიბეგაშვილი, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - მარიამ ჭყონია და დავით ჯაფარიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე; მოწმე - სსიპ - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისს (რეგისტრაციის №1424) და 2020 წლის 11 მარტს (რეგისტრაციის №1490) კონსტიტუციური სარჩელებით მიმართა ლაშა ჯანიბეგაშვილმა. №1424 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 14 მაისს, ხოლო №1490 კონსტიტუციური სარჩელი კი - 2020 წლის 13 მარტს. №1424 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 25 სექტემბერს, ხოლო №1490 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1424 და №1490 კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/13/1424 და 2020 წლის 12 ნოემბრის №1/10/1490 საოქმო ჩანაწერებით, ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/10/1490 საოქმო ჩანაწერით, დასახელებული ორი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდა ერთ საქმედ. №1424 და №1490 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 21 თებერვალს, 2021 წლის 15 დეკემბერს, 2022 წლის 20 მაისს და 2022 წლის 17 ივნისს.
3. №1424 და №1490 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი; 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები; 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-60 მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“. მოსარჩელისთვის პრობლემურია ნორმის ის ნაწილი, რომელიც ადგენს ადვოკატისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობას.
5. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს, რომ „აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით რეგლამენტირებულია, რომ „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.
6. კონსტიტუციური სარჩელების ავტორის აზრით, ადვოკატის საქმიანობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გაიგივებული უნდა იქნეს მეწარმის საქმიანობასთან. მას სურს, შექმნას საკუთარი გაერთიანება ადვოკატებისთვის და ამ გზით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა სადავო ნორმა სავალდებულოდ ადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას და ამ ფორმით უზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას. სავალდებულო წევრობის მოთხოვნა ასევე გამორიცხავს სხვა საადვოკატო გაერთიანებების არსებობას, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მონოპოლიზებულ ორგანიზაციად აქცევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის პრინციპს.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით, ასევე ჩარევა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ სფეროში. ხსენებული კონსტიტუციური დებულებით დაცული ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, საადვოკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თავად გადაწყვიტოს და ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, გაწევრიანდეს ისეთ ასოციაციაში, რომლის საქმიანობის ძირითად პრინციპებსაც ეთანხმება და საქმიანობა განახორციელოს თავისი სურვილის შესაბამისად. სადავო ნორმა, ამის საპირისპიროდ, მას აიძულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას, რაც აფერხებს მის საქმიანობას და უფლებების განხორციელებას.
8. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არსებითი განხილვის სხდომაზე პარალელი გაავლო ზოგიერთი ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან, სადაც ეროვნული კანონმდებლობა არ ადგენს მხოლოდ ერთ კონკრეტულ და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ ასოციაციაში გაწევრიანების მოთხოვნას. მოსარჩელის აზრით, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ორიენტირებულია იმისკენ, რომ არსებობდეს ადვოკატთა არაერთი გაერთიანება, რომელთა შორისაც პრაქტიკოს ადვოკატს ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაწევრიანების თვალსაზრისით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ სფეროში მონოპოლიური საქმიანობის აღკვეთას. გარდა ამისა, მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატთა ეთიკის კომისია ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და მიკერძოებულად იხილავს საქმეებს, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის ადვოკატთა ასოციაციის მონოპოლიურ საქმიანობას კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს ისევე, როგორც 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებას.
10. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, ადვოკატის საქმიანობა როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე მრავალი საერთაშორისოსამართლებრივი აქტისა და საკუთრივ საადვოკატო საქმიანობის შინაარსის/მიზნების, მხედველობაში მიღებით, არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული სადავო ნორმის საფუძველზე, განაპირობებს მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის შეუძლებლობას.
11. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სსიპ „ადვოკატთა ასოციაცია“ შექმნილია კანონის საფუძველზე, მნიშვნელოვანი საჯაროსამართლებრივი ამოცანების განსახორციელებლად. შესაბამისად, მისი საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მონოპოლიური საქმიანობა პირდაპირ დაუკავშირა შესაბამის ბაზარზე სამეწარმეო აქტივობების განხორციელებას მოგების მიზნით. მხარის განმარტებით, სსიპ „ადვოკატთა ასოციაცია“ არ წარმოადგენს ამგვარ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიზანიც რაიმე პროდუქტის გაყიდვაა შესაბამისი სარგებლის მისაღებად. გამომდინარე აქედან, მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე ასევე არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ სფეროში ჩარევა.
12. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება წარმოადგენს თითოეული ადვოკატის, ისევე როგორც ადვოკატთა კორპუსის დამოუკიდებლობის მარეგლამენტირებელ ნორმას, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელ, სახელმწიფო ჩარევისგან თავისუფალ პირობებში განხორციელებას და, ასევე, ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცული უფლებრივი სფეროს ფარგლების განმარტების მიზნებისთვის, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დადგენილი „ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება“ მოიაზრებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. კერძოდ, ინდივიდუალურ დონეზე დამოუკიდებლობის კონტექსტში პრაქტიკოს ადვოკატებს, თვითორგანიზების უფლებიდან გამომდინარე, აქვთ შესაძლებლობა, კონკრეტული პროფილის თუ მიმართულების გათვალისწინებით, გაწევრიანდნენ სხვადასხვა გაერთიანებებში. გარდა ამისა, შეუძლიათ, კანომდებლობის შესაბამისად, შექმნან საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელი ბიუროები და სასურველი სამართლებრივი ფორმის არჩევით, განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა. რაც შეეხება თვითორგანიზების უფლებიდან ნაწარმოებ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მოპასუხის მოსაზრებით, აქ იგულისხმება ადვოკატთა ასოციაციისთვის ადვოკატის პროფესიის თვითრეგულირების უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს თუ სხვა გარეშე აქტორებისგან ჩაურევლად. მოპასუხე მხარის განმარტებით, ადვოკატთა კორპუსის თვითრეგულირების კონცეფცია მოიცავს ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების უფლებას.
14. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შეხედულებით, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის დანაწესი არ ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას. შესაბამისად, იგი არ გულისხმობს ჩარევას ცალკეული ადვოკატის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში, ისევე, როგორც ადვოკატთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში. ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის წევრობის ვალდებულების დადგენა მიზნად ისახავს ადვოკატის საქმიანობის, პროფესიაში შესვლის, პროფესიული ეთიკის ნორმების და, საერთოდ, ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხის ერთიანი წესების საფუძველზე რეგულირებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს.
15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებით, ისევე როგორც 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით, დაცულ უფლებებს.
16. მოპასუხე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოების შესაბამის პრაქტიკას.
17. საქმეზე მოწმედ მოწვეული პირის, სსიპ „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, საადვოკატო საქმიანობა, თავისუფალ საქმიანობასთან ერთად, რეგულირებად პროფესიათა ჯგუფს მიეკუთვნება. ერთ კონკრეტულ ასოციაციაში გაწევრიანების ვალდებულება დადგენილია არაერთი ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში. მისი განმარტებით, ამგვარი ვალდებულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადვოკატთა პროფესიის, ისევე როგორც ადვოკატთა პროფესიული ქცევის წესებისა თუ დისციპლინური წარმოების ერთიანი სტანდარტების ჩამოსაყალიბებლად, რაც რთულად მისაღწევი იქნებოდა მრავალი ასოციაციის არსებობის შემთხვევაში.
18. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან სადავო ნორმის შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დანაწესებით მეწარმეობის თავისუფლება, ისევე როგორც მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა), უზრუნველყოფილია მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. ადვოკატი, როგორც მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე სუბიექტი, მისი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსიპ „ადვოკატთა ასოციაცია“ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, არ ოპერირებს შრომის ბაზარზე უპირატესად მოგების მიღების მიზნით.
19. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების ფარგლებში გარანტირებულ „ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებაში“ ამოკითხვადია არა საადვოკატო პრაქტიკის განმახორციელებელი სუბიექტის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, არამედ, ზოგადად, ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლება, ინსტიტუციურ დონეზე იყოს, დამოუკიდებელი სახელწიფოს მხრიდან ჩარევისგან. ამასთან, თვითორგანიზების უფლება გულისხმობს ადვოკატთა უფლებას, ავტონომიური უფლებამოსილების ფარგლებში შექმნან თვითმმართველი ორგანიზაცია, განახორციელონ პროფესიასთან დაკავშირებული საკითხების თვითრეგულირება, რაც აერთიანებს პროფესიაში მიღების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაწესების, დისციპლინური წარმოების და განგრძობადი იურიდიული განათლების სფეროებს. სწორედ ეს ოთხი კომპონენტი შემოსაზღვრავს ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების ჩარჩოს, რომლის მიღმაც, ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან არ ხორციელდება ინდივიდუალური ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა.
20. №1424 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, ვინსენტ ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ი. მოლიტერნომ და ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა რანკო პელიჩარიჩმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინეს სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებები.
21. ჯეიმს ი. მოლიტერნო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცულ უფლებრივ სფეროებთან. სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ როგორც საადვოკატო პრაქტიკის განხორციელება, ასევე ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა მათი მიზნების და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არ არის მეწარმეობა. ზემოხსენებული საქმიანობის მიზანს არ წარმოადგენს, უწინარესად, მოგების მიღების მიზნით შესაბამის შრომის ბაზარზე ოპერირება. მეწარმეობის თავისუფლება და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა), დაცულია მხოლოდ სამეწარმეო ურთიერთობების სფეროში. ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში მითითებულია, რომ იგი ადვოკატთა თვითრეგულირების უფლებრივი ასპექტის შემადგენელი ნაწილია. გაწევრიანების სავალდებულოობა ხელს უწყობს ადვოკატთა ასოციაციის ავტონომიურობის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ყველა ადვოკატის მიმართ ერთგვაროვანი პროფესიული წესებისა და სტანდარტების მოქმედებას, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტების და, საერთოდ, მთელი საზოგადოების საერთო ინტერესია. საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად, სასამართლოს მეგობარი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე ისევე, როგორც, უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მეგობრის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. თავის მხრივ, რანკო პელიჩარიჩი სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში, უმთავრესად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის და ევროპული გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ, საზოგადოდ, იურიდიული პროფესიის განხორციელება არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ადვოკატთა ასოციაციები, ჩვეულებრივ, წარმოდგენილი არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, რომელთა საქმიანობის მიზანს არ წარმოადგენს კომერციული აქტივობის განხორციელება და შემოსავლის გენერირება. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია სადავო ნორმის საფუძველზე, მეწარმეობის თავისუფლების და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) კონსტიტუციური უფლება შეიზღუდოს. ხსენებული კონსტიტუციური დებულებები მოქმედებს მხოლოდ სამეწარმეო სფეროში. სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა ადვოკატთა პროფესიის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საადვოკატო პროფესიის თვითრეგულირების საჭიროება სწორედ ამ დამოუკიდებლობიდან გამომდინარეობს. ადვოკატის პროფესიის თავისუფლება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა კი, რომელიც თვითმართული ადვოკატთა ასოციაციის მიერ არის უზრუნველყოფილი, თავის მხრივ, ინდივიდუალური ადვოკატების დამოუკიდებლობის წინაპირობასა და გარანტიას წარმოადგენს. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს, რომ სავალდებულო წევრობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საადვოკატო პროფესიის განხორციელებას ერთიანი წესებისა და სტანდარტების მიხედვით, რაც, იმავდროულად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, ასევე 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმის შესაბამისობის დადგენას არსებითად განსხვავებული შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
1. სადავო ნორმის შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება.
2. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება კანონს და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. მოსარჩელისთვის პრობლემურია ხსნებული ნორმის სიტყვები - „და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“.
3. მოსარჩელის პოზიციით, სადავო სიტყვებით დადგენილი წესი მას იმპერატიულად უდგენს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ვალდებულებას, რის საფუძველზეც გაუმართლებლად ეზღუდება მეწარმეობის თავისუფლების, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა), ისევე როგორც ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციური უფლებები.
4. კონსტიტუციური სარჩელების ავტორის განმარტებით, ადვოკატის პრაქტიკული საქმიანობა უნდა გაიგივდეს სამეწარმეო საქმიანობასთან. შესაბამისად, მას სურს, შექმნას ადვოკატთა ცალკე გაერთიანება და ამ გზით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, რის შესაძლებლობასაც უხშობს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის ვალდებულება. მეორე მხრივ, მას ასევე სურს, თავად გადაწყვიტოს და ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, ჰქონდეს შესაძლებლობა, გაწევრიანდეს ისეთ ასოციაციაში, რომლის საქმიანობის ძირითად პრინციპებსაც ეთანხმება და საქმიანობა განახორციელოს მისი სურვილის შესაბამისად. სადავო ნორმა, ამის საპირისპიროდ, მას აიძულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას, რაც აბრკოლებს მის საქმიანობასაც და წარმოადგენს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების უფლებით დაცულ სფეროში პირდაპირ ჩარევას.
5. საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, უნდა განსაზღვროს სადავო ნორმის შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობა, რათა მოახდინოს შესაბამისი კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის ფაქტისა და ფარგლების იდენტიფიცირება, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეაფასოს შეზღუდვის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის ტექსტობრივი განმარტება ცალსახად მიუთითებს, რომ ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც, იმავდროულად, გაერთიანებულია ადვოკატთა ასოციაციაში. ხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე დგინდება კანონმდებლის ნება, რომ პირს ვერ ექნება ადვოკატის სტატუსი და იგი ვერ განახორციელებს საადვოკატო საქმიანობას, თუკი სავალდებულო წესით არ იქნება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული. შესაბამისად, სადავო ნორმა, თავისი შინაარსითა და ფორმულირებით, ნათლად და ცალსახად ადგენს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობას და მას არ გააჩნია განმარტების სხვაგვარი რესურსი.
6. სადავო ნორმის შინაარსის იდენტიფიცირების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს საქმეზე შესაფასებელი მოცემულობა, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხორციელდება თუ არა, სადავო ნორმის ზემოხსენებული შინაარსით, კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით და, ასევე, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ უფლებრივ სფეროებში ჩარევა, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეაფასოს მათი კონსტიტუციურობა.
2. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფერო
7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება [...] წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2).
8. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებით, expressis verbis არ მიუთითებს, რომ დაცულია კონკურენციის თავისუფლება. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. აღნიშნული დებულება აყალიბებს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპს.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლების განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით, დაცულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პირობებში.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი მეწარმეობის დაცვა და კონკურენციის განვითარება უზრუნველყოფს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური აგენტების საქმიანობას, რაც თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების არსებითი წინაპირობაა. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „სამეწარმეო თავისუფლება და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ახალისებს უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოებას/მიწოდებას. თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს გაუმართლებელი ბარიერების დაწესებისგან. სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ეკონომიკური აგენტებისათვის არათანაბარი პირობების შექმნისაგან და მიიღოს ზომები კონკურენტული ეკონომიკური გარემოს, თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-3).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიზანია, სპეციალურ სუბიექტს - მეწარმეს შეუქმნას შესაბამისი გარანტიები, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება, ერთი მხრივ, მეწარმეობის თავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი განხორციელებისთვის შესაბამისი ჯანსაღი და კონკურენტული გარემო.
3. დაცულ სფეროში ჩარევა
3.1. არის თუ არა საადვოკატო საქმიანობა მეწარმეობა
13. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივად განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია სამეწარმეო საქმიანობის ყველა შესაძლო სახის ამომწურავად იდენტიფიცირება. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობა აერთიანებს საქმიანობათა მრავალ სახეობას, რომლებიც შესაძლებელია, არსობრივად, საქმიანობის შინაარსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი ძირითადი საერთო ნიშანი - მოგებაზე ორიენტირებულობა (კომერციული მიზანი). (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის №1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). თუმცა განსახილველი საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არც დგას სამეწარმეო საქმიანობის ყველა შესაძლო სახის იდენტიფიცირების საჭიროების წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ რა მიმართებაშია სადავო ნორმა კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, ხორციელდება თუ არა სადავო რეგულაციით ჩარევა მეწარმეობის თავისუფლებისა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) უფლებრივ სფეროში. ამისათვის კი, სასამართლომ ჯერ უნდა უპასუხოს კითხვას, წარმოადგენს თუ არა საადვოკატო საქმიანობა, ისევე როგორც ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს შიდა სამართლის გაგებით.
14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს რელევანტურად ესახება, დაადგინოს ფიზიკური პირის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების, ასევე ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები, მათი იურიდიული ბუნება და შინაარსი იმ ფუნქციის გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი ასრულებენ და იმ დანიშნულების მხედველობაში მიღებით, რასაც ისინი ემსახურებიან.
15. სამეწარმეო საქმიანობის საკანონმდებლო განსაზღვრება გადმოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში. ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. ამასთან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება, მათ შორის, ფიზიკური პირების საადვოკატო საქმიანობა. ამგვარად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, ადვოკატის საქმიანობა არ არის მიჩნეული სამეწარმეო საქმიანობად, ხოლო საადვოკატო პრაქტიკის განმახორციელებელი პირები არ არიან გათანაბრებული მეწარმე სუბიექტებთან. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია გააანალიზოს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური კანონმდებლობაც.
16. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ადვოკატის ლეგალურ დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონს და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია ადვოკატთა ასოციაციაში. ამავე კანონით, ერთგვარად, დაკონკრეტებულია საადვოკატო საქმიანობის შინაარსი/მიზნები. კერძოდ, კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
17. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც იღებს ჰონორარს გაწეული იურიდიული მომსახურების საფუძველზე, თუმცა ეს არ ნიშნავს საადვოკატო საქმიანობის აბსოლუტურ თავისუფლებას. პირიქით, საადვოკატო საქმიანობა არის რეგულირებადი პროფესია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პროფესიაში შესვლის და განხორციელების, ასევე პროფესიული ქცევის წესების შესაბამისი სტანდარტების დადგენას. ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე პირის საქმიანობა ამ თვალსაზრისით, უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ სათანადო წინაპირობებს.
18. საადვოკატო საქმიანობა რომ რეგულირებადი პროფესიაა და უპირატესად მართლმსაჯულების საჯარო ინტერესითაა შემოსაზღვრული, ამაზე მეტყველებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი დებულებები. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონით მინიჭებული გარანტიების გარდა, საადვოკატო საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა: კანონიერება; სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება; პროფესიული კომპეტენტურობა; ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. შესაბამისად, სრულიად აშკარაა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, უწინარესად და უმთავრესად, სწორედ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ, საჯარო ინტერესს ემსახურება და არა, პროფესიული საქმიანობის საფუძველზე, ინდივიდუალური ადვოკატის მხრიდან შემოსავლის მიღების კერძო ინტერესის დაკმაყოფილებას.
19. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადვოკატი, მისი საქმიანობიდან და პროცესუალური როლიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განუყოფელი რგოლია. იგი მარწმუნებლისთვის არის სამართლებრივი რჩევის მიმცემი პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობისას თუ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების დროს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კლიენტის იურიდიულ ბედს. ამასთან, იგი პასუხს აგებს კლიენტის ინტერესების ხარისხიან დაცვაზე, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკუთრივ მართლმსაჯულების ხარისხსაც. ამ თვალსაზრისით, ადვოკატი ქვეყანაში დამკვიდრებული საჯარო სამართლებრივი წესრიგის დამცველ სუბიექტად გვევლინება. ადვოკატის საქმიანობის უპირატესი საჯარო ხასიათი იკვეთება მისი ვალდებულებიდანაც, რომ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს საზოგადოების მიერ სამართლის უზენაესობის პრინიპის გაცნობიერებას და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას. ადვოკატი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ინტერესებს, აძლევს რა მართლმსაჯულებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას, შეიტანოს არსებითი წვლილი სამართალწარმოების პროცესში. ამით იგი ჩართულია მართლმსაჯულების განხორციელების ერთიან პროცესში და ემსახურება მის მიზნებს.
20. ადვოკატი როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი, მის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, იღებს შესაბამის ჰონორარს. ეს, ცხადია, შეესაბამება ადვოკატის კერძო ინტერესსაც. არც ის არის გამორიცხული, რომ პირი, სუბიექტური თვალსაზრისით, თავისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას სწორედ მაქსიმალური შემოსავლის მიღებას ისახავდეს მიზნად, მაგრამ ეს გარემოება ვერ გააქარწყლებს საადვოკატო საქმიანობის საჯარო ინტერესებთან მიმართებას და მის როლსა და დანიშნულებას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მიუხედავად ინდივიდუალური ადვოკატის მიერ ამ როლისა და დანიშნულების განსხვავებულად აღქმისა. შესაბამისად, განმსაზღვრელია ის, თუ რა ფუნქციის და როლის შესრულებას აკისრებს კანონმდებლობა და ღირებულებათა ობიექტური წესრიგი ადვოკატს პროფესიული საქმიანობისას. გარდა ამისა, ისიც უთუოდ მნიშვნელოვანია, რომ პირს, ვის ინტერესებსაც ადვოკატი იცავს, უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ იგი იმოქმედებს კეთილსინდისიერად და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მოტივით და არასაქმიდან, რაც შეიძლება მეტი მატერიალური სარგებლის მისაღებად.
21. ადვოკატის საქმიანობის საჯარო ფუნქციასა და ხასიათს ხაზი გაუსვა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2005 წლის 30 ნომებრის №1/5/323 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დასახელებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გადმოცემულია სასამართლოს პრინციპული დებულებები ადვოკატის პროფესიის როლისა და დანიშნულების შესახებ. ამ დებულებების მიხდვით, ადვოკატის პროფესიას მაღალი ფუნქციური დანიშნულება გააჩნია, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, ვლინდება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ადვოკატი ჩართულია საჯარო ამოცანის განხორციელებაში. იგი თავისი კერძო საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასამართლო საქმეზე სამართლიანობის მიღწევას. ადვოკატი ერთდროულად ემსახურება როგორც კლიენტის კერძო ინტერესს, ისე სახელმწიფო/საჯარო ინტერესს. სწორედ ამის გამო, ადვოკატი, გარკვეულწილად, ახორციელებს საჯარო ფუნქციებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადვოკატის საქმიანობა ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ადვოკატის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენდა.
22. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, აგრეთვე, ადვოკატებისა და იურიდიული საზოგადოებების ევროპული საბჭოს შეფასებებს, მოსაზრებებსა და ინფორმაციას, რომელთა მიხედვით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა განპირობებულია მისი განზრახულობით, შეასრულოს ლეგიტიმური საჯარო ფუნქციები და, ამიტომ, მასში გაწევრიანების სავალდებულობა გამართლებულია კონსტიტუციური თვალსაზრისით. საბჭოს მითითებით, ევროპული ქვეყნების კანონმდებლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული იურიდიული პროფესიების განსაკუთრებული სტატუსი, იგი მიჩნეული აქვთ არასამეწარმეო საქმიანობად და ეს გარემოება ცხადად არის დადგენილი იურიდიული პროფესიების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობებით (იხ. ევროპული საბჭოს დასკვნის მე-6 და მე-7 პუნქტები).
3.2. ახორციელებს თუ არა ადვოკატთა ასოციაცია სამეწარმეო საქმიანობას
23. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს ადვოკატთა ასოციაციას და ამით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების დანაწესს. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს, უწინარესად, ევალება გამოარკვიოს სსიპ „ადვოკატთა ასოციაციის“ სტატუსი, როლი და ის ფუნქციები, რის შესასრულებლადაც იგი შექმნილია კანონის საფუძველზე, რათა შეაფასოს, არის თუ არა სახეზე სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა კონსტიტუციის ხსენებული დებულებით დაცულ უფლებრივ სფეროში.
24. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადვოკატთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. დასახელებული კანონისა და მითითებული წესდების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ადვოკატთა ასოციაციის ფუნქცია და უმთავრესი მიზანი არის საადვოკატო საქმიანობის სახელმწიფოს ჩარევისგან დამოუკიდებლად განხორციელება, რაც მიიღწევა ადვოკატის პროფესიის თვითრეგულირებით. ეს კი გულისხმობს ადვოკატთა კორპუსის მიერ პროფესიასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების რეგულირებას, როგორებიცაა: პროფესიაში შესვლის წინაპირობების დადგენა; პროფესიული ქცევის წესების ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბება; ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის მოწესრიგება; განგრძობადი პროფესიული განათლების ხელშეწყობა; ასოციაციისა და მის წევრთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა; ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ასოციაციის წევრების სამართლებრივი და სოციალური ინტერესების დაცვა; უცხო ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება, და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სხვა. ამ მიზნების შესრულებისთვის ადვოკატთა ასოციაციაში ყალიბდება შესაბამისი შიდა ორგანიზაციულსამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც მათი საქმიანობის საფუძველზე, ხელს უწყობს დასახელებული მიზნების შესრულებას. ამგვარად, შესაბამისი კანონმდებლობის, ისევე როგორც სსიპ „ადვოკატთა ასოციაციის“ ფუნქციური დატვირთვიდან ნათლად დგინდება, რომ მისი ძირითადი დანიშნულებაა ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური საკითხის რეგულირება, ამ პროცესში სახელმწიფოს ჩარევისგან დისტანცირებულად შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და პრაქტიკაში მისი განხორციელება.
25. ადვოკატთა ასოციაციის დეკლარირებული მიზნები და ფუნქციები ცალსახად მიუთითებს, რომ მისი საქმიანობა ვერ შეფასდება „სამეწარმეო საქმიანობად“ კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების გაგებით, ხოლო ადვოკატთა ასოციაცია - მონოპოლისტად. მონოპოლიების არსებობა (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) აკრძალულია სწორედ სამეწარმეო საქმიანობაში, რომელიც მოიცავს კომერციული ურთიერთობის სფეროს, სადაც საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის/ორგანიზაციის საქმიანობა კომერციული მიზნით არის დეტერმინირებული და, ჩვეულებრივ, გულისხმობს სამეწარმეო აქტივობის განხორციელებით ბაზარზე კონკრეტული საქონლისა და მომსახურების მიწოდებას მოგებაზე ორიენტირებული მიზნით. ცხადია, ადვოკატთა ასოციაციის გაცხადებულ მიზნები სრულიად განსხვავდება იმ მიზნებისაგან, რასაც მეწარმე სუბიექტები ისახავენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას.
26. სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საადვოკატო საქმიანობა, ფართო გაგებით, უნდა მოექცეს სამეწარმეო საქმიანობის ცნების ქვეშ, ვინაიდან ადვოკატი იხდის შესაბამის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში და, ამ გზით, მისი საქმიანობა სავალდებულო დაბეგვრას ექვემდებარება. აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება სასამართლოს მხრიდან გაზიარებული, ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნის სუბიექტად ყოფნა, იმთავითვე, არ გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. საგადასახო დაბეგვრას ექვემდებარება სხვა აქტივობებიდან მიღებული შემოსავლებიც, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი. ამგვარად, პირისათვის საგადასახადო ვალდებულების დაწესება, აუცილებლობით, არ უკავშირდება მეწარმეობის სტატუსს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, როგორც ინდივიდუალური პირის სადვოკატო საქმიანობა, ისე ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა არ წარმოადგენს „სამეწამეო საქმიანობას“ კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების გაგებით. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა ვერ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევად, ანდა სამეწარმეო საქმიანობის მონოპოლიად. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ, არც სხვა თვალსაზრისით იკვეთება, სადავო ნორმით, მოსარჩელის მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევა. მოსარჩელეს, როგორც სუბიექტს, სრული უფლება და შესაძლებლობა გააჩნია, დაკავდეს სამეწარმეო საქმიანობით. კერძოდ, როგორც მოსარჩელეს, ასევე მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, დამოუკიდებლად ან კოლექტიურად შექმნას იურიდიული ფირმა, აირჩიოს საადვოკატო საქმიანობის მისთვის სასურველი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა და განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. ხსენებულ შესაძლებლობას საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი, რომლის თანახმადაც ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად, შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი წესი - ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ვალდებულება არ წარმოადგენს მეწარმეობის თავისუფლებასა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევას და სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცული სფერო
29. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული კონსტიტუციური დებულებით - ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების დანაწესით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მას, როგორც სამართლის მაძიებელი პირის კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად.
30. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის საქმიანობის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, პრინციპულად არასწორი იქნებოდა, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების ნაწილში, მხოლოდ სუბიექტურ კონსტიტუციურ უფლებაზე ყურადღების გამახვილება. ბუნებრივია, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა და, აქედან გამომდინარე, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღჭურვა როგორც მისი ინდივიდუალური უფლებების, ისე კლიენტის ინტერესების ეფექტურად დაცვას და რეალიზაციას ემსახურება, თუმცა ხსენებული გარანტიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთრივ მართლმსაჯულების სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. ადვოკატის ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მართლმსაჯულების ხარისხს და მისდამი საზოგადოების ნდობას.
31. ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების კონსტიტუციური უზრუნველყოფა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გულისხმობს არა ინდივიდუალური ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას, არამედ ადვოკატთა კორპუსის/ერთობის კოლექტიურ უფლებას, შექმნან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოსაგან ჩარევის, მისი დიქტატის გარეშე გადაწყვეტს ადვოკატის პროფესიასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. კერძოდ: უფლებას, თავად განსაზღვრონ ადვოკატის პროფესიის მიზნები და დაადგინონ პროფესიაში შესვლის წინაპირობები; განსაზღვრონ, პრაქტიკაში რა გზით უზრუნველყონ მაღალი პროფესიული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისას; როგორ განავითარონ ადვოკატის პროფესია და იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე; განსაზღვრონ განვითარების მიმართულებები და პრიორიტეტები; თავად შეიმუშაონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმები, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა და შედეგები; მოახდინონ ადვოკატის პროფესიის წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცრება და განსაზღვრონ მათი დაძლევის ეფექტიანი გზები; აირჩიონ ხელმძღვანელი ორგანოები და შეიმუშაონ წესდებები ამ მიზნების უზრუნველსაყოფად; ერთობლივად იზრუნონ ადვოკატის პროფესიის პრესტიჟისათვის, ადვოკატთა რეპუტაციის დასაცავად, თავიანთი უფლებებისათვის, ხალხის ნდობის მოსაპოვებლად; გადაწყვიტონ ადვოკატის ლიცენზიის მოპოვებასთან თუ დაკარგვასთან, ასოციაციის საწევრო გადასახადთან დაკავშირებული საკითხები; დაამყარონ ურთიერთობები უცხო ქვეყნების ადვოკატთა მსგავს ასოციაციებთან, ისევე, როგორც სხვა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებთან; შეიმუშაონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები ადვოკატის როლისა და დანიშნულების უკეთ უზრუნველყოფის მიზნებისათვის; დამოუკიდებლად დაგეგმონ და გადაწყვიტონ ასოციაციის ბიუჯეტის შედგენასა და ხარჯვასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
32. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადვოკატთა თვითორგანიზების“ კონსტიტუციურ უფლებაში ამოკითხვადია არა ინდივიდუალური ადვოკატის უფლება, თავისი საადვოკატო საქმიანობა დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი შეხედულებების, სურვილებისა და პრიორიტეტების მიხედვით, არამედ ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლება, დამოუკიდებლად მოახდინოს ადვოკატის პროფესიისა და საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა. იგი მოიცავს და გულისხმობს ადვოკატთა ორგანიზაციული ერთობის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მათი თვითრეგულირების უფლებას, შესაძლებლობას, სახელმწიფოსა და გარეშე პირების ჩარევისგან დამოუკიდებლად თავადვე განსაზღვრონ ადვოკატის პროფესიის მისია, მიზანი და მათ მისაღწევად აუცილებელი გზები და საშუალებები. ბუნებრივია, ამ საკითხების გადაჭრა ადვოკატთა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს და საჭიროებს, ვინაიდან იგი მხოლოდ მთელი ადვოკატთა კორპუსის საერთო ნებისა და თანხობის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ამგვარად, „ადვოკატთა თვითორგანიზების“ უფლება, თავისი არსით, ადვოკატების ერთობლივი, კოლექტიური უფლებაა. სწორედ ეს მახასიათებელი აყალიბებს თვითორგანიზების კონსტიტუციური უფლების არსს.
33. ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება, რომ ადვოკატთა კოლექტიური უფლებაა, ეს ემპირიულადაც კი იოლი დასანახია, თუკი კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებას ერთიან კონტექსტში წავიკითხავთ და კონსტიტუციური დებულების ფორმულირებას დავაკვირდებით. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებაში საუბარია ერთდროულად „ადვოკატის უფლებების შეუფერეხებელ განხორციელებაზე“, რაც ყოველი ცალკეული ინდივიდუალური ადვოკატის უფლებების დაცვას გულისხმობს და, ასევე, „ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებაზე“ ანუ უფლებაზე, რომელიც ადვოკატთა ერთობას გააჩნია კოლექტიურად და არა ინდივიდუალურად ყოველ ცალკეულ ადვოკატს.
5. დაცულ სფეროში ჩარევა
34. მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის დაწესებით, მას გაუმართლებლად ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცული უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მიმართებით ორი საკითხი უნდა გამოარკვიოს: პირველი, ზღუდავს თუ არა გასაჩივრებული ნორმა ადვოკატის უფლებას, მისი „საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების პირობები კანონით იყოს გარანტირებული“ და მეორე, ზღუდავს თუ არა გასაჩივრებული ნორმა ადვოკატის უფლებას, ადვოკატთა თვითრეგულირების უფლება კანონით იყოს გარანტირებული. ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ ან ორივე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში, სასამართლო უფლების შეზღუდვის გამართლებულობაზე იმსჯელებს.
35. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების საკანონმდებლო უზრუნველყოფით, როგორც აღინიშნა, დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, კანონი ქმნიდეს გარანტიებს იმისა, რომ მან ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს თავისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელება და მისი როგორც ადვოკატის უფლებების რეალიზაცია. გასაჩივრებული რეგულაციით, კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ვალდებულების დაწესებით არ ხდება მოსარჩელის საქმიანობაში რაიმე ფორმით პირდაპირი ჩარევა ან დამატებითი გარკვეული ბარიერების დაწესება ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობისთვის, ისევე, როგორც სადავო დანაწესი ზიანს არ აყენებს ადვოკატის უფლებების კანონით გათვალისწინებულობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. სადავო ნორმა ადგენს საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკაში განხორციელებისთვის აუცილებელ წინაპირობას - ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას. სწორედ ადვოკატის სტატუსის მიღებიდან იწყებს მოქმედებას კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცული ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისთვის აუცილებელი გარანტიები. სადავო ნორმა კი ეხება ამ ეტაპამდე წარმოშობილ ურთიერთობას, კერძოდ, პირის ვალდებულებას, პროფესიაში შემოსასვლელად, გაწევრიანდეს ადვოკატთა ასოციაციაში.
36. რაც შეეხება ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებასთან მიმართებას, ამ ნაწილში სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ, მიუხედავად ამ უფლების კოლექტიური ბუნებისა, იგი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადვოკატი, როგორც ადვოკატთა კორპუსის ნაწილი, წარმოადგენს ადვოკატთა თვითრეგულირების უფლების სავარაუდო დარღვევის საქმეებზე სათანადო სუბიექტს, ოღონდ, მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ეხება ადვოკატთა ასოციაციის თვითრეგულირების უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევას. საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს გააჩნია უფლებამოსილება, იდავოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია დაყენებული მოთხოვნის შესაბამისი კონტექსტი. კერძოდ, თითოეულ ადვოკატს, როგორც თვითმმართველი ასოციაციის წევრს, უფლება აქვს, ინდივიდუალურად იდავოს, რომ, პირობითად, სახელმწიფომ არ შეუქმნა ადვოკატთა ასოციაციას დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობისთვის აუცილებელი პირობები და არ აღჭურვა მისი რეალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ბერკეტებით. ასევე, მაგალითისათვის, ადვოკატს შეუძლია, გააპროტესტოს საკანომდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც, ადვოკატთა ეთიკის კოდექსი დამტკიცებას ექვემდებარება პარლამენტის მხრიდან. საერთოდ, ნებისმიერ ადვოკატს ინდივიდუალურად თუ სხვა ადვოკატებთან ერთობლივად, შეუძლია, გაასაჩივროს კონსტიტუციურობა ნებისმიერი ნორმისა, რომელიც, მისი აზრით, ხელყოფს ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებას. ასეთ დროს, ნებისმიერი ადვოკატი, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სათანადო სუბიექტად ჩაითვლება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხების განხილვა პირობადადებული ვერ იქნება ადვოკატთა კოლექტიურად მომართვიანობის მოთხოვნით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იმას კი არ დავობს, რომ ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც მთელ ადვოკატთა კორპუსს განასახიერებს და რომლის ნაწილიც თავად არის, სადავო ნორმით შეეზღუდა თვითრეგულირების უფლება ან მისი რომელიმე კომპონენტი, არამედ იმას, რომ თავად არ გააჩნია ცალკე ადვოკატთა პარალელური ასოციაციის დაარსების უფლება. იგი დავობს საკუთარი პერსონალური უფლებების ჭრილში და არა ასოციაციის უფლებებისა და „ადვოკატთა თვითორგანიზების“ საერთო ინტერესების დაცვის მიზნით. მოსარჩელე, სადავო ნორმის გასაჩივრებით, რეალურად აპელირებს იმაზე, რომ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობით, შელახულია მისი ინდივიდუალური ინტერესები.
37. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების კანონით უზრუნველყოფის უფლებრივი სფერო არანაირად არ გულისხმობს ინდივიდულური ადვოკატის ვალდებულებას, არ გაერთიანდეს ამა თუ იმ ორგანიზაციაში, მათ შორის, პროფესიულ კორპორაციაში. სადავო ჩანაწერი არ აბრკოლებს მოსარჩელეს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ადვოკატს, მათთვის პრიორიტეტული ინტერესების გათვალისწინებით, თავად დააარსონ ამა თუ იმ პროფილის ადვოკატთა ორგანიზაცია და განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ასოციაცია, არასრულწლოვნის უფლებების დამცველ ადვოკატთა ასოციაცია; ადვოკატების შრომითი უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა ასოციაცია და ა. შ., ოღონდ იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კანონის საფუძველზე შექმნილ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებული წევრობა. სხვაგვარი ვითარება მისაღები არ იქნებოდა, ვინაიდან აღარ იარსებებდა საადვოკატო საქმიანობის ერთიანი სტანდარტი. მიუღებელი იქნებოდა, ერთ ადვოკატს ან ადვოკატთა მცირე ჯგუფს შემოეღო განსხვავებული პროფესიული სტანდარტები, მათ შორის, ადვოკატის პროფესიული ეთიკის ნორმები, თავიანთი ინდივიდუალური შეხედულებების საფუძველზე. ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციური უფლებით დაცული სფეროს ამგვარი გაფართოება ძირფესვიან წინააღმდეგობაში აღმოჩნდებოდა ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების არსსა და დანიშნულებასთან.
38. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა არათუ ზღუდავს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, არამედ, პირიქით, იგი ხელს უწყობს მის პრაქტიკაში რეალიზაციას, ვინაიდან ადვოკატთა ასეთი სავალდებულო თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა იმ მიზნების მიღწევა, რასაც ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ პოვა საფუძველი, რომ სადავო ნორმა, კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანების ვალდებულება მიიჩნიოს ადვოკატთა თვითორგანიზების კოლექტიურ უფლებაში სავარაუდო ჩარევად.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი წესი არ წარმოქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრობლემას კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით და, რომ სახეზე არ არის ჩარევა არც ერთ უფლებრივ კომპონენტში, რომლებსაც ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება მოიცავს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15, მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1424 და №1490 კონსტიტუციური სარჩელები („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე