საქართველოს მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაამღდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/120/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 18 იანვარი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – თავმჯდომარე;
2. ლამარა ჩორგოლაშივლი – წევრი;
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: – საქართველოს მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაამღდეგ.
დავის საგანი: (1) “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება თამაზ გიორგაძის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას; (2) “№10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №193/1999 დადგენილება; (3) “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბრის ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ადგენს №10 გლდანის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად თამაზ გიორგაძის არჩევას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე თემურ გოცირიძე.
120-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 1999 წლის 3 დეკემბერს, ხოლო მეორე კოლეგიას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით, მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2002 წლის 8 იანვარს. მიმდინარე წლის 11 იანვარს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სასამართლო სხდომა.
კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, აგრეთვე “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” და ”ზ” პუნქტები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-40 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თ. გოცირიძე აღნიშნავს, რომ 1999 წლის 14 ნოემბერს №10 გლდანის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებდა თვით მოსარჩელე და დეპუტატობის მეორე კანდიდატი – თამაზ გიორგაძე კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგების დათვლისას №13, №20, №33 და №37 საარჩევნო უბნებში მოხდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც გამოიხატა არსებული შედეგების გაყალბებაში. მოქალაქე თემურ გოცირიძეს, თავის სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი აქვს ის ფაქტები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ №10 გლდანის საარჩევნო ოლქის ზოგიერთ უბნებში არსებული დარღვევების ფაქტს.
სარჩელის შესაბამისად, აღნიშნულმა დარღვევებმა შედეგად გამოიწვია ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური დადგენილებით, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილებას, მაჟორიტარმა კანდიდატმა თამაზ გიორგაძემ მოაგროვა 14369 ხმა, ხოლო თემურ გოცირიძემ კი – 13460, მაშინ როდესაც, განმარტავს მოსარჩელე, იმ შემხთევაში თუ საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნულ დარღვევებზე მოხდებოდა კანონის შესაბამისი რეაგირება, მისი ოპონენტი მოაგროვებდა 11694 ხმას, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კი – 14205 ხმას და შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლებოდა დეპუტატობის კანდიდატი თემურ გოცირიძე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს რომ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომიიის სადავო დადგენილებით და ოქმით, ისე პარლამენტის სადავო დადგენილებით დაირღვა მისი საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებით აღიარებული კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ კი მას არ მიეცა შესაძლებლობა არჩეული ყოფილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში და შესაბამისად, დაეკავებინა სახელმწიფო თანამდებობა.
2002 წლის 11 იანვარს გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა მოსარჩელემ კვლავ დაადასტურა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. ამასთან, მან კერძოდ აღნიშნა, რომ თუმცა საქართველოს პარლამენტს არ უმსჯელია კონკრეტულად მისი, როგორც პარლამენტის წევრისუფლებამოსილების ცნობის შესახებ, იგი მაინც თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილება მასაც ეხება და შესაბამისად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ მისივე უფლებებს, სასამართლო სხდომაზე, სარჩელის ავტორმა დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 1999 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების “არამთლიანად” არაკონსტიტუციურად ცნობა. ყოველივე ზემოთ თქმულთან ერთად, თემურ გოცირიძემ განმარტა, რომ მისი აზრით, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული სადავო აქტები ნორმატიულია და მას, როგორც ფიზიკურ პირს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში დააყენოს მათი კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით.
ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 120-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების, აგრეთვე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეს განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1. მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციურ სარჩელში ერთ-ერთ სადავო აქტად დასახელებულია “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება თამაზ გიორგაძის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს ის მოქალაქე, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა. ანალოგიური შინაარსისაა “პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლების შესაბამისი დებულებები. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი კანონებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული დებულებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შემტან ერთ-ერთ სუბიექტად ცნობენ იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზეც, პარლამენტის შესაბამისი სამანდატო კომისიის წარდგინების საფუძველზე, უკევ იმსჯელა პარლამენტმა და არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა კონკრეტული პირის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან და აგრეთვე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეს განცხადებებიდან ირკვევა. მოქალაქე თემურ გოცირიძის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საქართველოს პარლამენტს არ უმსჯელია და შესაბამისად, 1999 წლის 20 ნოემბრის სადავო დადგენილება სარჩელის ავტორს ვერ შეეხებოდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მოსარჩელე თემურ გოცირიძეს ვერ მიიჩნევს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტად. ამდენად, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ.... ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ)”.
2. 120-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოა №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და №37 სარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №193/1999 დადგენილების და “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” V და VII პუნქტების შესაბამისი დებულებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ მართალია მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში მოითხოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტების ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმარებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად აყენებს არჩევნების, კერძოდ, ქალაქ თბილისი №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგების კონსტიტუციურობის საკითხს, რაც კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა განმწესრიგებელ სხდომაზეც დაადასტურა& ამდენად საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის დადგენა. სასამართლო კოლეგია, აგრეთვე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2000 წლის 17 აპრილის №1/120,122,125,128/2 განჩინებაზე, სადაც ძირითად დავის საგანს წარმოადგენდა, ჩვენ შემთხვევაში არსებული სადავო აქტის ანალოგიური შინაარსის, ცენტრალური საარჩევნო კომისისს დადგენილება. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2000 წლის 17 აპრილის განჩინებაში განმარტა, რომ ამ შემხთვევაში სასამართლო განხილვა უნდა წარიმართოს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის... 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად”.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის განხილვას ცალკე გამოყოფს და მკაცრად განსაზვრავს იმ უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს, რომლებსაც შეუძლიათ ამგვარ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად “1. საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შესახებ კონტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:... ბ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები დანიშნული ან ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 50-ე მუხლის პირველი-მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით” ამრიგად, საკუთრივ ფიზიკური პირი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შემტან სუბიექტად ვერ ჩაითვლება, ხოლო “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად კი “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება: თუ:... ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ)”.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულ გარემოებებთან ერთად, სასამართლო კოლეგია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების კონსტიტუციურ საფუძვლებს წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 50-ე მუხლები. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტიც, შესაბამისად განმარტავს, რომ არჩევნების შესახებ, კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები დანიშნული ან ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 50-ე მუხლების რიგ დებულებათა დარღვევით. ამგვარად, საარჩევნო უბნებში ჩატარებული არჩევნების შედეგების, როგორც შეჯამება, ისე მათი ბათილად ცნობა წარმოადგენს საარჩევნო პროცესის, კერძოდ კი მისი მოწყობა-ჩატარების განუყოფელ ნაწილს, რომლის კონსტიტუციური საფუძვლებიც განისაზღვრება, საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ აღნიშნული დებულებებით, აქედან გამომდინარე, მათი კონსტიტუციურობის საკითხიც უნდა დადგეს ამ მუხლებთან და არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებთან მიმართებით. ვინაიდან ეს მუხლები ითვალისწინებენ ერთის მხრივ, მოქალაქის უფლებას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება. ხოლო მეორეს მხრივ კი, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა თუ იგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსაჩრელემ ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითა, დაირღვა თუ არა არჩევნებში მისი, როგორც ამომრჩევლის მონაწილეობის უფლება ან ადგილი ჰქონდა თუ არა არჩევნებში მისი ნების თავისუფალი გამოვლინების შეზღუდვას, რასაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრება გლდანის საარჩევნო ოლქის სადავო უბნებში საერთოდ ამომრჩეველთა ნების გამოვლინების შეზღუდვაზე, ვერ გახდება თ. გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელის სუბიექტად ცნობის საფუძველი საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებაში. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას მიმართოს სასამართლოს მხოლოდ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ამრიდაგ, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციუო სასამართლოს შესახებ მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი შესაძლებელია დაისვას საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 50-ე მუხლების აღნიშნულ დებულებებთან მიმართებით.
3. მოსარჩელე თემურ გოცირიძე, თავის კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ნაცვლად თამაზ გიორგაძისა, №10 გლდანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად ცნოს თვით მოსარჩელე, ანუ თემურ გოცირიძე. ამ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს თუ რამდენად კონსტიტუციურად ჩატარდა არჩევნები და არა იმას, თუ კონკრეტულად ვინ გაიმარჯვა არჩევნებში.
ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ მოყვანილი ეს მოთხოვნა არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ კომპეტენციის სფეროში. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტიდან გამომდინარე კი “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ: ...გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი”.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა “საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებითა და 22-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
ადენს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე თემურ გოცირიძის კონტიტუციური სარჩელი და საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება.
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)
ლამარა ჩორგოლაშივლი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)