1). საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ვახტანგ ხმალაძის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, თენგიზ ჯგუშიასა და სხვების შემადგენლობით (სულ 55 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2). საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი დემურ გადელიას, დავით ჯღენტის, ივერ ჭელიძისა და სხვების შემადგენლობით (სულ 121 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის წინააღმდეგ; 3). მოქალაქე იოსებ გადელია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 4). მოქალაქე თემურ გოცირიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/120,122,125,128/2 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 17 აპრილი 2000 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე – თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ბესარიონ ზოიძე – წევრი;
ნიკოლოზ შაშკინი – წევრი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯა ჩალიგავა.
საქმის დასახელება: 1). საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ვახტანგ ხმალაძის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, თენგიზ ჯგუშიასა და სხვების შემადგენლობით (სულ 55 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2). საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი დემურ გადელიას, დავით ჯღენტის, ივერ ჭელიძისა და სხვების შემადგენლობით (სულ 121 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის წინააღმდეგ; 3). მოქალაქე იოსებ გადელია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 4). მოქალაქე თემურ გოცირიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1). კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 49-ე მუხლების პირველი პუნქტებთან და 44-ე მუხლთან მიმართებით (ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №192/199 დადგენილება „№55 ხონის საარჩევნო ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“, (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №55 ხონის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად ჯემალ მებულის ცნობას და VII პუნქტის ის წილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას, (გ) საქარველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის დადგენილება „საქარველოს პარლამენტთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის ჯემალ მებუკის უფლებამოსილება;
2). კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციი მე-6, 28-ე, 44-ე, 49-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ა) 1999 წლის 5 ნოემბრის №181/1999 ადგენილება №65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №1-34 საარჩევნო უბნებში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, (ბ) 1999 წლის 7 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამაებელი ოქმის“ IX პუნქტი, რომელიც ეხება №65 მარტვილის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას, (გ) 1999 წლის 18 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურისა და ხელალახი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ IX პუნქტი, რომლის მიხედვითაც „მაჟორიტარული სისტემით ხელახალი არჩევნები უნდა გაიმართოს #65 მარტვილის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში“:
3). კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-6, 28-ე, 44-ე, 49-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით (ა) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-Iს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, სადაც არ იქნა ცნობილი იოსებ გადელის როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, (ბ) საქარველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის აქტები, რომლებიც დასახელებულია საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დემურ გადელიას, დავით ჟრენტის, ივერ ჭელიძისა და სხვების) 128-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში;
4). კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტთან მიმართებით (ა) საქართველოს პარლამნეტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-Iს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ გიორგაძის უფლებამოსილება, (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბრის №193/1999 დადგენილება „№10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და 37 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“, (გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ადგენს №10 გლდანის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად თამაზ გიორგაძის არჩევას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობას.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1). მოსარჩელეთა წარმომადგენელი – საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე და ადვოკატი ლია მუხაშავრია; 2). მოსარჩელეთა წარმომადგენელები - საქართველოს პარლამენტის წევრი ბესიკ გვილავა, აპოლონ გადელია და ლადო სანიკიძე; 3). მოსარჩელე იოსებ გადელია; მოსარჩელე თემურ გიორგაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიას 2000 წლის 27 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით დაევალა განმწესრუგებელ სხდომაზე დადგენელი წესით განეხილა და გადაეწყვიტა: „ა) პარლამენტის წევრთა ჯგუფის კონსტიტუციური სარჩელის (სარეგისტრაციო №122) არსებითად განსახილველად მიღება-არმიღების საკითხი, ბ) ბ-ნ ვახტანგ ხმალაძის შუამდგომლობა წინა პუნქტში მითითებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრთა (სარეგისტრაციო №128) კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის შესახებ, გ) წინა პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთად ბ-ნ ი. გადელიას კონსტიტუციური სარჩელის (სარეგისტრაციო №125) არსებითად განხილვის საკითხი“.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ვახტანგ ხმალაძემ მიმართა სასამართლოს ემსჯელა აგრეთვე ხსენებულ სარჩელებთან მოქალაქე თემურ გოცირიძის 120-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციური სარჩელის გაერთიანების შესახებ, რასაც ზემომოყვანილი რეზოლუციის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიაც დაეთანხმა.
სასამართლო კოლეგიამ ცალ-ცალკე იმსჯელა განმწესრიგებელ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შესახებ.
1. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 122-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-37 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, მე-40 მუხლი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინება „განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ (დადგენილების მე-2 პუნქტი).
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგენილ უნდა იქნეს არჩევნების დღეს 07-დან 20 საათამე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ; დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; მოწმეთა გვარები და მისამართები; დამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა დამატებითი ცნობები“. მე-9 პუნქტის მიხედვით, „საუბნო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას ოქმთან ერთად არჩევნების მომდევნო დღეს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც განცხადებას განიხილავს ორი დღის ვადაში და თავის მოსაზრებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, „დადგენილი წესის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება არ განიხილება“. მოსარჩელეთა სიტყვით, №55 ხონის საარჩევნო ოლქის №15 ხიდისა და №22 ძეძილეთის საარჩევნო უბნებში არჩევნების შედეგები ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხოლო შემდგომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა და ბათილად ცნო მიუხედავა იმისა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება არ შედგენილა. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევით; ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დანიშნა ხელახალი არჩევნები და, შესაბამისად, „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით №55 ხონის საარჩევნო ოლქიდან ცნობილი იქნა ჯემალ მებუკის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
მოსარჩელეების აზრით, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 49-ე მუხლები პირველი პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და 44-ე მუხლი. ამის გამო დაირღვა პარლამენტის წევრობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის კონსტიტუციური უფლება – ცნობილი ყოფილიყო არჩეულად, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი.
ზემოაღნიშნულად გამოდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ აღდგეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების №55 ხონის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელთა გათვალისწინებითაც „საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად ცნობილ იქნებს აკაკი ბობოხიძე“.
2. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 128-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის „დ პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადავო ნორმატიული აქტების მიღებით დაარღვია პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის იოსებ გადელიას კონსტიტუციური უფლება – ეცნოთ არჩეულად საქართველოს პარლამენტის წევრად 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მარტვილის №65 საარჩევნო ოლქში. მოსარჩელეთა თქმით, იოსებ გადელიას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქის 34 საარჩევნო უბანში ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ერთ მესანედზე მეტმა. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში განცხადება არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე არ შემოსულა და არც დარღვევების შესახებ ოქმი არ შედგენილა. ამდენად, იოსებ გადელიამ მოიპოვა უფლება, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად ეცნოთ. მიუხედავად ამისა, „საქართველოს პარლამნეტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 7 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით“ არ იქნა დადასტურებული და ბათილად იქნა ცნობილი №65 მარტვილის №1-34 საარჩევნო უბნებში არჩევნების შედეგები და №185/1999 დადგენილებით მაჟორიტარული წესით ხელახალი არჩევნები დანიშნა. საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-ს დადგენილებით კი დადასტურდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ, რის შედეგაც არ იქნა ცნობილი იოსებ გადელიას, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
მოსარჩელეთა აზრით, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-6, 28-ე, 44-ე მუხლები, 49-ე და 54-ე მუხლების პირველი პუნქტები, აგრეთვე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი და სამოქალაქო და პულიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლი.
3. მოქალაქე იოსებ გადელიას კონსტიტუციური სარჩელი (სარეგისტრაციო №125) თავისი შინაარსით ემთხვევა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 128-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს.
4. მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1999 წლის 14 ნოემბრის №10 გლდანის საარჩევნო ოლქში დარღვევით ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური. კერძოდ, არჩევნების შედეგების დათვლისას №13, №20, №33 და №36 საარჩევნო უბნებში მოხდა არსებული შედეგების გაყალბება. ამ უბნებში გლდანის საოლქო და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უხეშად დაარღვიეს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ 53-ე და 54-ე მუხლები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია აგრეთვე აღნიშნული ორგანული კანონის 22-ე მუხლი, ხოლო გლდანის სარჩევნო კომისიამ – 24-ე მუხლი. საქართველოს პარლამენტი დაეყრდნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონშეუსაბამო დადგენილებას და ცნოთ თამაზ გიორგაძის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ამით შეილახა მოსარჩელის უფლება, რომ არჩეული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრად.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლების პირველი პუნქტების მოთხოვნები და თხოვს სასამართლოს ამ თვალსაზრისით განიხილოს როგორც პარლამენტის დადგენილება, ისე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
სასამართლო კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელების და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების, თვით მოსარჩელეთა და ადვოკატის განმარტებათა საფუძველზე გამოირკვა წარმოდგენილი სარჩელების გაერთიანებისა და არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
I. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ვახტანდ ხმალაძის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, თენგიზ ჯგუშიასა და სხვების – სულ 55 დეპუტატის) 122-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ დავის საგანს მოიცავს:
1) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №55 ხონის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის კოსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციიის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2) „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-ს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის ჯემალ მებუკიას უფლებამოსილება.
პირველ შემთხვევაში სადავოა არჩევნების კონსტიტუციურობა და, მაშასადამე, სასამართლო განხილვა წარიმართება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „დ“ პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქ, იმავე 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ დავას, აღნიშნული ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ძალით, განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო პლენუმი.
II. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დემურ გადელიას, დავით ჟრენტის, ივერი ჭელიძისა და სხვების – სულ 121 დეპუტატის) 128-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №65 მარტვილის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 31 ოქტომბრის ჩატარებული არჩევენბის შედეგების ბათილად ცნობის, ხელახალი ხმის მიცემის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (მოსარჩელე მხარე აქ ასახელებს აგრეთვე კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, მაგრამ „საქართველოს საკონსტიტუციო საამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისი – 37-ე მუხლი არ ითვალისწინებს პარლამენტის არჩევნების კონსტიტუციურობის განსაზღვრას აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით).
ვინაიდან ამ კონსტიტუცირ სარჩელში სადავოა არჩევნების კონსტიტუციურობა, სასამართლოს განხილვა წარიმართება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „დ“ პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ორგანული კანონის 37-ე მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოპასხეა საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისია, ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ძალით, ამ დავას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
III. მოქალაქე იოსებ გადელიას კონსტიტუციური სარჩელი (სარეგისტრაციო №125) შეეხება საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №65 მარტვილის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით გამართული არჩევენბის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე ი. გადელიამ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 128-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება ავტომატურად გამოწვევს აგრეთვე მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამიტომ მან უარი თქვა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე „საკონსტიტუციო სამართლაწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის იმ დებულებაზე მითითებით, რომ „მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს თავდაპირველი მოთხოვნის საგანი და საფუძველი, გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე“.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის იმავე პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, „სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა... იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
IV. მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციურ სარჩელში (სარეგისტრაციო N#120) დავის საგანი ორი სახითაა წარმოდგენილი:
1). „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ გიორგაძის უფლებამოსილება;
2). კონსტიტუციურა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლების პირველ პუნქტთან მიმართებით: ა). საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-I ს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ გიორგაძის უფლებამოსილება; ბ). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის დადგენილება „№10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“; გ). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ V პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია №10 გლდანის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად (მოსარჩელის - თემურ გოცირიძის ნაცვლად) თამაზ გიორგაძის არჩევა და VII პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი არჩევნების შედეგები იმავე საარჩევნო ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში.
პირველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. აქედან გამომდინარე, სასამართლო განხილვა წარიმართება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტისა და მე-40 მუხლის საფუძველზე. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.
მეორე შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, დავის საგანი შეეხება ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. მაშასადმე, ამ შემთხვევაში საქმის განხილვა წარიმართება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტისა და 39-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო მოპასუხედ, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგულისხმება საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
დავის განხილვა ორივე შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას (და არა პლენუმს, როგორც ეს განაცხადა მოსარჩემ განმწესრიგებელ სხდომაზე).
ამგვარად, განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი კონსტიტუცირი სარჩელებით გათვალისწინებული სადავო საკითხების ერთი ნაწილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, მეორე ნაწილი კი სასამართლო კოლეგიის განსჯადია.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით მკვეთრად არის ერთმანეთისაგან გამიჯნული, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა და, მეორე მხრივ, სასამართლო კოლეგიის განსახილველი საკითხები. მაშასადამე, დაუშვებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილოს სასამართლო კოლეგიის კომპეტენციაში შემავალი საკითხები (ისევე, როგორც სასამართლო კოლეგია ვერ განიხილავს პლენუმის კომპეტენციას მიკუთვენებულ საკითხებს).
აქედან გამომდინარე, გამორიცხულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველ დავასთან - საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №55 ხონის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის კონსტიტუციურობის საკითხთან ერთ საქმედ გაერთიანდეს საკონსტიტუციო სასამარტლოს კოლეგიის განსახილველი დავები: ა). საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების კონსტიტუციურობა იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის ჯემალ მებუკის უფლებამოსილება; ბ). მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ორივე სადავო საკითხი.
ამგვარად, სასამართლო კოლეგიის აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ვ. ხმალაძის, ჰ. ჭიპაშვილის, თ. ჯგუშიას და სხვების) 122-ე ნომრით რეგისტირრებული კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილთან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია და შეეხება საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №55 ხონის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის კონსტიტუციურობას, შეიძლება გაერთიანდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დ. გადელიას, დ. ჟღენტის, ი. ჭელიძისა და სხვების) 128-ე ნომრით რეგისტირრებული, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №65 მარტვილის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა შესაძლებელია იმ საფუძვლით, რომ ორივე დავა ერთი და იმავე კატეგორიისაა. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია. მათი განხილვა წარიმართება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „დ“ პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ორივეგან მოსარჩელეები, ისევე როგორც დავის საგანი ანალოგიურია, მოპასუხეც ერთი და იგივეა, ხოლო სადავო საკითხების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით განისაზღვრება.
აქედან გამომიდინარე, სასამართლო კოლეგია ამჟამად მხოლოდ ამ ორი გასაერთიანებელი სადავო საკითხის არსებითად განსახილველად შესაძლო მიღების საკითხს გადაწყვეტს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებს, მათი არსებითად განსახილველად მიღება- არმიღების შესახებ სასამრთლო კოლეგია ამჯერად არ იმსჯელებს. ეს საკითხი სხვა დროს, კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით განიხილება და გადაწყდება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველ ხსენებულ სადავო საკითხებთან მიმართებით ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელე მხარეები უფლებამოსილი სუბიექტებია და ორივე სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში ზოგიერთი ხარვეზიც შეიმჩნევა. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონი მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნის საპირისპიროდ, არ არის მითითებული ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მასარჩელე მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს (მაშინ, როდესაც ერთგან კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება „განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“). ცალკეული უზუსტობანი გაირკვა და გასწორდა განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელის წინასწარი განხილვის პროცესში.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 21-22 მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-40 მუხლებითა და 41-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ვახტანგ ხმალაძის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, თენგიზ ჯგუშიასა და სხვების – სულ 55 დეპუტატის) 122-ე ნომრით რეგისტირრებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №55 ხონის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №15 და №22 საარჩევნო უბნებში 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დემურ გადელიას, დავით ჟღენტის, ივერ ჭელიძისა და სხვების – სულ 121 დეპუტატის) 128-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №65 მარტვილის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის, ხელახალი ხმის მიცემისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3. პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
4. გაერთიანდეს პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები მათი ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ - „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (1) ვახტანგ ხმალაძის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, თენგიზ ჯგუშიასა და სხვების შემადგენლობით (სულ 55 დეპუტატი) და (2) დემურ გადელიას, დავით ჟღენტის, ივერ ჭელიძისა და სხვების შემადგენლობით (სულ 121 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ;
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველსო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი;
6. შეწყდეს სამართალწარმოება მოქალაქე იოსებ გადელიას კონსტიტუციურ სარჩელზე (სარეგსტრაციო №125);
7. მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელი (სარეგისტრაციო №120) დაუბრუნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სამდივნოს და მისი შემდგომი განხილვა წარიმართოს საერთო წესით;
8. საქართველოს პარლამნტის წევრთა ჯგუფის (ვახტანგ ხმალაძის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, თენგიზ ჯგუშიასა და სხვების – სულ 55 დეპუტატის) 122-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის სადავო საკითხი ,,საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-Iს დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის ჯემალ მებუკის უფლებამოსილება, განიხილება საერთო წესით თავისთავადი კონსტიტუციური სარჩელის სახით, თუ მოსარჩელე მხარე (მოსარჩელეთა წარმომადგენელი) სათანადო განცხადებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს;
9. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
10. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი მოსამართლე)
ბესარიონ ზოიძე (წევრი)
ნიკოლოზ შაშკინი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი)