თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/1520 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 26 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 მარტი 2021 18:26 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1520) მომართა თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - თამარ ხაჟომია). №1520 კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2020 წლის 3 ივლისს. №1520 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს.
2. №1520 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას, გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის 2164 მუხლი ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარსადგენი შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და შუამდგომლობაში მითითებული მონაცემების სიზუსტის მოთხოვნას. 2165 მუხლი კი განსაზღვრავს სასამართლოში პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები განამტკიცებს დაცვის უფლებას.
5. №1520 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია რამდენიმე საქმე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეებზე შეაჩერა საქმის წარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან, წარდგინების ავტორის აზრით, სადავო ნორმები, რომლებიც მან დასახელებული საქმეების გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
6. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, განსხვავებულად მოწესრიგდა სასამართლოს მიერ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი, კერძოდ, სასარჩელო სამართალწარმოების ნაცვლად, საკითხი განიხილება გამარტივებული წესით, შუამდგომლობის საფუძველზე.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს გადასახადის გადამხდელისა და იმ პირების საპროცესო უფლებებს, რომელთა აღიარებაც უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირებად და შეუძლებელს ხდის მათ აქტიურ მონაწილოებას შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართალწარმოებაში, რაც, საბოლოო ჯამში, გამორიცხავს ამ პირების შესაძლებლობას, რეალური ზეგავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე.
8. სადავო ნორმების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში, აღნიშნული ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების მხარისთვის ჩაბარებიდან 48 საათში, ხოლო სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში. წარდგინების ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ვადები არასაკმარისია იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანოს მოპასუხე მხარემ სასამართლოში ამომწურავად წარადგინოს თავისი არგუმენტები და მტკიცებულებები და ამით მოახდინოს დაცვის უფლების სრულყოფილი რეალიზება. ამასთან, საქმის დაჩქარებული წესით განხილვა, როგორც წესი, გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახადის გადამხდელისა და შესაძლო ცრუმაგიერი პირების გამოცხადებას, ვინაიდან საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართების შეუსაბამობის გამო, ხშირად, 14 დღის ვადაში ობიექტურად შეუძლებელია კანონით დადგენილი წესით მათი მოწვევა. ამავდროულად, სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მხარეთა მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი მოითხოვს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენას.
9. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, შუამდგომლობის ფორმატში საქმის განხილვა პრობლემურია, მათ შორის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ამგვარი მოწესრიგების პირობებში იმთავითვე გამოირიცხება მოსამართლის ბრძანებაზე გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ზოგადი სტანდარტის გავრცელება. წარდგინების ავტორი ამ მოსაზრების დამატებით არგუმენტად იშველიებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4 ნაწილს, სადაც სავალდებულო რეკვიზიტებს შორის, რომელთაც უნდა შეიცავდეს მოსამართლის ბრძანება, არაა გათვალისწინებული დასაბუთებულობის მოთხოვნა. გარდა ამისა, კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, კანონისმიერი ჩანაწერის მიღმა, საქმეზე დასაბუთებული ბრძანების მიღების ობიექტურ შესაძლებლობას გამორიცხავს აგრეთვე საქმის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ საკითხი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე გამოირჩევა სამართლებრივი სირთულით. ამასთან, ერთი მხრივ, კანონი არ ადგენს ცრუმაგიერ პირად აღიარების მკაფიოდ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ საკითხზე დღეისათვის არ არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, შესაბამისად, საქმის განმხილველ სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უხდება მრავალფეროვანი და მოცულობითი ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი, რაც, ხშირად, შეუძლებელია მოესწროს 14 დღეში.
10. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მიმდინარეობს დაჩქარებული წესით და მხარე ვერ ახდენს დაცვის უფლების სრულყოფილ რეალიზებას, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა აგრეთვე ნორმა, რომელიც გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის განმხილველ საბოლოო ინსტანციად აცხადებს სააპელაციო სასამართლოს და გამორიცხავს საქმეზე საკასაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას.
11. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას შედეგად მოჰყვება საგადასახადო ორგანოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარებული სუბიექტის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგი უშუალოდ არის დაკავშირებული აღნიშნული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან. აქედან გამომდინარე, ნორმები, რომლებიც გამორიცხავს შესაძლო ცრუმაგიერი პირის მიერ საპროცესო უფლებებით სრულყოფილად სარგებლობას, იმავდროულად, ართმევს მას, სასამართლოს გზით, საკუთრების უფლების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1520 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
13. №1520 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური წარდგინებისათვის კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ წარდგინებაში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ წარდგინების საფუძვლიანობას. ამასთანავე, „კონსტიტუციურ წარდგინებაში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-4). აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური წარდგინება მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1520 კონსტიტუციური წარდგინებით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის სასამართლოში განხილვისას საგადასახადო ორგანოს მოპასუხე მხარეს არათანაზომიერად ეზღუდება საპროცესო მექანიზმებითა და დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგობრივად იწვევს ცრუმაგიერ პირად აღიარებული სუბიექტის საკუთრების უფლების ხელყოფას მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიქცევის გზით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს პირის მატერიალურ უფლებას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი. ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის პროცესუალურ ასპექტებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, სადავო რეგულირებას საკუთრების უფლებასთან მიმართება ექნება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განსაზღვრავს საკუთრების მატერიალური უფლების ფარგლებს, ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების უფლების დაცვის პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს წარმოდგენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის N2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. №1520 კონსტიტუციურ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი ნორმები არეგულირებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის სასამართლოში განხილვისა და გადაწყვეტის წესს, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით მოწესრიგებულია აღნიშნულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული საპროცესო სამართალწარმოების სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა, მაგალითად, საქმის განხილვის ხანგრძლივობა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში, სასამართლო პროცესზე მხარეთა გამოუცხადებლობის ან მოწვევის შეუძლებლობის შედეგები, მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეზე მიღებული ბრძანების რეკვიზიტები და ძალაში შესვლის მომენტი, ბრძანების ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა და ა.შ. სადავო ნორმები საერთოდ არ არეგულირებს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ნორმების საფუძველზე არ ხდება რაიმე ქონებრივი უფლების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ თავად წარდგინების ავტორის არგუმენტაციაც მიმართულია პირის საკუთრების უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების არაეფექტურობის მტკიცებისაკენ. ამდენად, №1520 კონსტიტუციურ წარდგინებაში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1520 კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1520 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
7. წარდგინების ავტორის განმარტებით, დასახელებული ნორმა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გასაჩივრებულ დებულებებთან ერთად, ადგენს ისეთ პროცესუალურ წესრიგს, სადაც პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის განხილვა ხდება შუამდგომლობის განხილვის ფორმატში, გამარტივებული სამართალწარმოების გზით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, იწვევს გადასახადის გადამხდელისა და შესაძლო ცრუმაგიერი პირის საპროცესო უფლებების დარღვევას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზებისათვის გადამწყვეტია არა სასამართლოში საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ესა თუ ის მოდელი, არამედ ის, რომ კანონმდებლის მიერ შერჩეული მოდელის ფარგლებში მხარეებს ჰქონდეთ საპროცესო მექანიზმებით სრულყოფილად სარგებლობისა და თავიანთი პოზიციების თავისუფლად დაცვის შესაძლებლობა, რაც, შესაბამისი საპროცესო გარანტიების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, როგორც საკითხის სასარჩელო, ისე შუამდგომლობის წესით განხილვის ფორმატში. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას შეიძლება განაპირობებდეს კანონის დებულებები, რომლებიც შუამდგომლობის განხილვისას გამორიცხავს მხარის მიერ სათანადო საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას.
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“. სადავო ნორმის ფორმულირებიდან აშკარაა, რომ საპროცესო წესი, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს შუამდგომლობის განხილვის ფორმატში პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება, მოწესრიგებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით და არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, რომელზეც მიუთითებს წარდგინების ავტორი, მომდინარეობს არა სადავო ნორმიდან, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ ნორმებიდან, რომლებიც ასევე გასაჩივრებულია წარდგინების ავტორის მიერ.
10. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1520 კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. №1520 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 და 2164 მუხლების, ასევე 2165 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, სადავო ნორმები, ადგენს შუამდგომლობის საფუძველზე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე საკითხის გადაწყვეტის დაჩქარებულ წესს, რაც, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის სასამართლო განხილვის სხდომაზე საგადასახადო ორგანოს მოპასუხე მხარის მოწვევას. თავის მხრივ, საკანონმდებლო რეგულირება ავალდებულებს მოსამართლეს, განიხილოს საქმე იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემჭიდროებულ ვადაში მხარის მოწვევა სასამართლო სხდომაზე ვერ განხორციელდება. საბოლოო ჯამში, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ზღუდავს გადასახადის გადამხდელისა და შესაძლო ცრუმაგიერი პირის სრულყოფილ ჩართულობას სასამართლო განხილვის პროცესში და დაცვის უფლების რეალიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, პროცესის დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვა შეუძლებელს ხდის მოსამართლის მიერ დასაბუთებული ბრძანების მიღებას.
12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 მუხლი განსაზღვრავს, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას. ამავე კოდექსის 2164 მუხლი ადგენს სასამართლოში წარსადგენი საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის მოთხოვნას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მოსამართლის მიერ საქმის ერთპიროვნულად განხილვის წესს და ადგენს სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში შესაძლო მონაწილე პირების ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს მოსამართლის მიერ გამოსაცემი ბრძანების ეგზემპლართა რაოდენობას და მათ ადრესატებს, ხოლო მე-6 ნაწილი ადგენს ბრძანების ძალაში შესვლის თარიღს.
13. დასახელებული ნორმების შინაარსზე მსჯელობისას ცხადი ხდება, რომ მათი რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს საქმის განხილვის საპროცესო ვადების განსაზღვრა, ამასთან, ეს ნორმები არ აწესრიგებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, მათი მოქმედება გავლენას არ ახდენს იმ პროცესუალურ წესრიგზე, რომელზე დაყრდნობითაც წარდგინების ავტორი ასაბუთებს პირის საპროცესო უფლებების შეზღუდვას.
14. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1520 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 და 2164 მუხლების, აგრეთვე, 2165 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. წარდგინების ავტორი სადავოდ ხდის აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება“.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლო უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-13). „კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთო სასამართლოებს, თავიდან აიცილონ სავარაუდოდ არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გამოყენება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-5).
17. აღნიშნული განმარტებებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მომართვის შემთხვევაში, საერთო სასამართლოს უფლება აქვს, იდაოს მხოლოდ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც თავად ამ სასამართლომ უნდა გამოიყენოს განსახილველი საქმის გადაწყვეტისას. №1520 კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაში წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს. კონსტიტუციურ წარდგინებაში არაა მითითება იმის თაობაზე, თუ რა კავშირშია სააპელაციო საჩივრის განხილვის მომწესრიგებელი და საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის დამდგენი ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვასა და გადაწყვეტასთან.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1520 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1520 კონსტიტუციური წარდგინება, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს №1520 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს №1520 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 და 2164 მუხლების, 2165 მუხლის მე-2, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში