შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/746 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 13:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების (2006 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 7 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც არ იძლევა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №746) მომართა შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 12 აპრილს. №746 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს“ (2006 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 7 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით“. ამავე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მოთხოვნას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს - პირდაპირ მომხმარებელს, რომელიც ამავე კანონის თანახმად, იხდის ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს. „„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის 30 დადგენილებით ცვლილებები შევიდა აღნიშნულ №33 დადგენილებაში, რის შედეგადაც მოსარჩელის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, მხოლოდ ერთ თვეში, გაიზარდა 907 955, 73 ლარით. საერთო ჯამში, 2015 წლის ნოემბერში მხოლოდ ამ კომპონენტისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1 230 216, 99 ლარი, რის გამოც, მოსარჩელე მხარე აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
6. №746 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხა, რისთვისაც ბაზრის ოპერატორმა მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გადასახდელი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აქტები გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თუმცა მისი მოთხოვნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
7. მოსარჩელე მხარის თქმით, გარანტირებული სიმძლავრის გაზრდილი საფასურის გადაუხდელობის გამო, ბაზრის ოპერატორმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდებს შეწყვეტის თაობაზე. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, სავარაუდოდ, გამოიწვევდა საწარმოო პროცესის შეწყვეტას, დასაქმებულთა დათხოვნას, ტექნიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლას, რაც შექმნიდა საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზრის ოპერატორს აეკრძალა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოსარჩელისთვის. 2016 წლის 29 მარტს ბაზრის ოპერატორმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოსარჩელისთვის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5 047 936 ლარის შეტანის დავალდებულება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ვერ შესრულდა განსაზღვრულ ვადაში, რამაც გამოიწვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება სადავო - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
8. მოსარჩელის განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა - 7 დღე, საპროცესო უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების მობილიზებისათვის ძალიან არაგონივრული ვადაა, სადავო ნორმა ცალკე არ ითვალისწინებს საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ნორმა მას საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელების უფლებას მხოლოდ ფორმალურად ანიჭებს და აღნიშნული ღონისძიება რეალურად მიმართული არ არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნებისაკენ. მოსარჩელის მტკიცებით, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადას არა კანონი, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვის შემდგომ სასამართლო უნდა ადგენდეს.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთად, 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებაც ქმნის იმგვარ საკანონმდებლო რეალობას, რომელშიც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გაასაჩივროს განჩინება და იძულებულია, აღასრულოს იგი. გარდა ამისა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინებას სასამართლო მოსარჩელის არგუმენტაციის მოსმენის გარეშე იღებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რადგან, რამდენადაც ვერ შეძლო დაკისრებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ბაზრის ოპერატორი მას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს დანადგარების მწყობრიდან გამოყენება და მსხვერპლიც კი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №746 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (2006 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 7 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც არ იძლევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.
2. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 24 ივნისის (№5594-IIს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებების იმ ჩამონათვალს, რომლის შესახებაც შეიძლებოდა საჩივრის შეტანა, დაემატა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებები.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ, II-5).
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უპირობოდ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №746 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (2006 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 7 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც არ იძლევა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
7. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №746 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
9. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სარჩელში არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება მისი უფლების შეუქცევადად დარღვევას იწვევს და უფლებებში აღდგენა ვერ მოხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. იგი მხოლოდ მიუთითებს, რომ სადავო ნორმების შეუჩერებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №746 („შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №746 („შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (2006 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 7 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რ-ომელიც არ იძლევა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი