შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N746 |
ავტორ(ებ)ი | შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ |
თარიღი | 11 აპრილი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ); გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) კანონქვემდებარე აქტები გასაჩივრებული არ არის. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ10“ ქვეპუნქტების საფუძველზე არის კვალიფიციური საწარმო - პირდაპირი მომხმარებელი. ამის გამო, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების 231 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე იგი იხდის ე.წ. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს (დანართი N 1 - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2015 წლის 9 დეკემბრის N 01/1249 აქტი). 2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის #193 დადგენილებით ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები. მათ შორის, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2040 წლის 1 ნოემბრამდე ერთ-ერთ ამგვარ წყაროდ განისაზღვრა შპს „გარდაბნის თბოსადგური“. გარანტირებულ სიმძლავრედ კი განისაზღვრა 162 მვტ (დანართი N 2 - საქართველოს მთავრობის 2010 წლის # 193 დადგენილება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ). 3. ამ დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის #30 დადგენილებით ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში და ამ დადგენილების მე-3 პუნქტს - „საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიჩნეული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების ტარიფები“ - დაემატა შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. შპს „გარდაბნის თბოსადგური“: ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 366 173 ლარი/დღე; ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 6,659 თეთრი/კვტსთ“ (დანართი N 3 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგილირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N 30 დადგენილება). ამის შედეგად, მხოლოდ ერთ თვეში, 907 955,73 ლარით გაიზარდა მოსარჩელის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური და, ჯამში, 2015 წლის ნოემბერში, მარტო ამ კომპონენტისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1 230 216,99 ლარი (დანართი N 1 - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2015 წლის 9 დეკემბრის N 01/1249 აქტი), რამაც საწარმო ჩააგდო ძალზე მძიმე მდგომარეობაში. 4. ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ მოახერხა, რის გამოც, ბაზრის ოპერატორმა მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა (დანართი N 4 - 2016 წლის 01 თებერვლის სამოქალაქო სარჩელი). 5. თავის მხრივ, კომისიის აქტები მოსარჩელემ გაასაჩივრა საერთო სასამართლოში (დანართი N 5 - 2015 წლის 31 დეკემბრის ადმინისტრაციული სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განჩინება). 6. მიუხედავად აქტების გასაჩივრებისა, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა (დანართი N 5 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განჩინება; დანართი N 6 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის განჩინება). 7. გარანტირებული სიმძლავრის გაზრდილი საფასურის გადაუხდელობის გამო, ბაზრის ოპერატორმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-სათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ (დანართი N 7 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2016 წლის 02 მარტის N 1011/17 წერილი; სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2016 წლის 01 მარტის N 01/278 წერილი). 8. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა საწარმოს კოლაფსს და, სავარაუდოდ, ადამიანთა მსხვერპლს გამოიწვევდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზრის ოპერატორს, სადავო აქტებიდან გამომდინარე დავალიანების გამო, მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა აეკრძალა (დანართი N 8 - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განჩინება). 9. ეს განჩინება ბაზრის ოპერატორმა გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 10. ამავდროულად, 2016 წლის 29 მარტს ბაზრის ოპერატორმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელისათვის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5 047 936 ლარის შეტანის დავალდებულება (დანართი N 9 - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2016 წლის 29 მარტის შუამდგომლობა). 11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით ეს განცხადება დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5 047 936 ლარის შეტანა დაევალა (დანართი N 10 - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინება). 12. ამ ვალდებულების შესრულებას შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხებს, რის თაობაზეც სასამართლოს უკვე ეცნობა (დანართი N 11 - შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ 2016 წლის 07 აპრილის საჩივარი). ამას კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოჰყვება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. 13. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება კი ნიშნავს, რომ ბაზრის ოპერატორი შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას, რაც საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას, კატასტროფას და, სავარაუდოდ, ადამიანთა მსხვერპლს გამოიწვევს (დანართი N 12- შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის მთავარი ინჟინრის სამსახურებრივი ბარათი). მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან (45-ე მუხლის გათვალისწინებით) მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი და, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ იძლევა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. ამ ნორმაში მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ნორმით დადგენილი საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელების ვადა და მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ცალკე არ ითვალისწინებს საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. 2. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ნორმა ადგენს საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელებისათვის აუცილებელ ვადას - 7 დღეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს, მხოლოდ, სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადების გაგრძელების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რომ კანონით დადგენილ საპროცესო ვადას სასამართლო ვერ გააგრძელებს. ამის შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებაც დაუშვებელია. 7 დღეში საპროცესო უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების მობილიზებას მოსარჩელე, ჩვეულებრივ, ვერ ახერხებს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება (ამის ნათელი მაგალითი მოსარჩელეა, რომელსაც 7 დღის ვადაში 5 047 936 ლარის მოპოვება დაევალა, რაც ობიექტურად, შეუძლებელია). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთჯერ აღუნიშნავს, რომ: „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“); „ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“... „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“); „...კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უფლებით სარგებლობა დადგება საფრთხის ქვეშ... „უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი ვადა, მოსარჩელეს საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელების უფლებას ფორმალურად ანიჭებს - იგი, აშკარად, მცირეა და მიმართულია არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების, არამედ, ფორმალური მოტივით, მისი უპირობოდ გაუქმებისა და მოსარჩელის, სავარაუდოდ, საფუძვლიანი მოთხოვნის (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) უზრუნველყოფის გარეშე დატოვებისაკენ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელებისათვის საჭირო ვადა, საერთოდ, არ შეიძლება კანონით იყოს დადგენილი და იგი უნდა განსაზღვროს სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე - აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავდაპირველი რედაქციის 199-ე მუხლის 1-ლი ნაწილი საკითხს სწორედ ამგვარად არეგულირებდა. 3. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონით არ არის გათვალისწინებული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს გამომდინარეოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებიდან[1] და, ასევე, 197-ე მუხლის 1-ლი წინადადებიდან, რომელშიც კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ის განჩინებები, რომელთა გასაჩივრებაც დასაშვებია - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლისა და 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კი განჩინების გასაჩივრება შეიძლება, „მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელე, პრაქტიკულად, იძულებულია მოახდინოს საპროცესო უზრუნველყოფა, მაშინაც კი თუ არ ეთანხმება განჩინებას მისი გამოყენების აუცილებლობის ან უზრუნველყოფის ოდენობის შესახებ. საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განჩინებას სასამართლო იღებს მოსარჩელის მოსმენის გარეშე. ამის შესაბამისად, მოსარჩელისათვის არ არის ცნობილი სასამართლოს პოზიცია მის მიერ მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით. ეს პოზიცია მისთვის, ობიექტურად, ვერ გახდება ცნობილი მანამ, სანამ სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიებას არ გააუქმებს, ე.ი. საჩივრის განხილვის ეტაპამდე. ამ დროისთვის კი, რაც უნდა დამაჯერებელი იყოს სასამართლოს მოტივები, მოსარჩელე საპროცესო უზრუნველყოფის განხორციელებას ვეღარ მოახერხებს. ამის გამო, მოსარჩელე იძულებული ხდება განახორციელოს აშკარად გაუმართლებელი და შეუსაბამო უზრუნველყოფაც, რამაც ის, შესაძლებელია, ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს[2]; რომ აღარაფრი ვთქვათ მასზე, რომ, ამ დროს, მოსარჩელე მოპასუხესთან შედარებით, აშკარად არათანაბარ ვითარებაში იმყოფება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნორმის თანახმად, საპროცესო უზრუნვლყოფის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას დაუყოვნებლივ აუქმებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ეს განჩინება, გასაჩივრებამდე, ექვემდებარება აღსრულებას. ამის შესაბამისად, განჩინების გამოტანიდან მის გასაჩივრებამდე ვადაში მოპასუხე უფლებამოსილია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინებით აკრძალული ქმედება შეასრულოს - ამ შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება, რაც, როგორც აღინიშნა, კატასტროფულ შედეგს გამოიღებს. ამ ვითარებაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინების გასაჩივრებას ფაქტობრივი შედეგი არ მოჰყვება და სასამართლოში მიმდინარე დავას აზრი დაეკარგება. ამის გამო, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებულ ძირითად უფლებას.
[1] ეს ნორმა ადგენს, რომ ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოფის ღონისძიება დაუყოვნებლივ უქმდება და საჩივრდება არა განჩინება საპროცესო უზრუნველყოფის თაობაზე, არამედ განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ კანონი არ უშვებს საპროცესო უზრუნველყოფიოს თაობაზე განჩინების ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას. [2] საპროცესო უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად, მოსარჩელე, შეიძლება იძულებული გახდეს თანხა ისესხოს. სესხზე დარიცხულმა სარგებელმა კი, შესაძლოა დავის მიმართ მოსარჩელის ინტერესი გადაფაროს. ასე, მაგ: შპს ჯორჯიან მანგანეზის მიერ 5 000 000 ლარის სესხად აღების შემთხვევაში, წლიურმა საპროცენტო სარგებელმა, შეიძლება, სულ მცირე - 500 000 ლარი შეადგინოს; თუ საქმის წარმოება 2 წელს მაინც გაგრძელდება, მარტო გადასახდელი სარგებელი 1 000 000 ლარს შეადგენს, რაც მხარეთა შორის სადავო თანხას აღემატება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა