შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/747 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 13:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტი №266 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №747) მომართეს იურიდიულმა პირებმა - შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 13 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს.
2. №747 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 45 მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი.
3. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი აწესრიგებს დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნტი განსაზღვრავს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებებს, რაც გულისხმობს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის, აღნიშნული ორგანიზაციის და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვის შემოწმებას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №266 ბრძანების მე-2 მუხლი ადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აწესებს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და განსაზღვრავს, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებს, რომლებსაც სადავო ნორმები აყენებს კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის წინაშე.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები ქმნის ბაზისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის, რათა ერთი მხრივ იმოქმედოს როგორც კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის განმახორცილებელმა ორგანომ, ხოლო მეორე მხრივ თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ფაქტი გულისხმობს კერძო დაცვითი ორგანიზაციების ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევას, რაც შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას.
7. მოსარჩელე დამატებითი არგუმენტაციისათვის იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილებას საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს. შესაბამისად, საკანონმდებლო შემოქმედების პროცესში სახელმწიფოს უნდა ამოძრავებდეს ლეგიტიმური მიზანი, რომლის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ღირებულია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ქმნის პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვითი ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას გამორიცხავს ის ფაქტიც, რომ დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც კანონმდებლობით მმართველობას ახორციელებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე.
9. კონსტიტუციურ სარჩელს არგუმენტაციის გასამყარებლად ერთვის საქართველოს კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) დასკვნა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, რომელშიც განხილულია საერთაშორისო პრაქტიკა სადავო საკითხის ფარგლებში და მოცემულია საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის რეკომენდაცია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №266 ბრძანების სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №747 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №747.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი