საქართველოს მოქალაქე ალადინ მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/748 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 აპრილი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2017 19:43 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი– წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ალადინ მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 23-ე და 39-ე მუხლებთან, ასევე 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №748) მომართა საქართველოს მოქალაქე ალადინ მამედოვმა. №748 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 20 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №748 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 7 აპრილს.
2. №748 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები, ხოლო მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს იმ აუცილებელ მონაცემებს, რომლებსაც უნდა შეიცავდეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შეტანილი განაცხადი. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი“. მოცემული კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მესამე პირთა მოთხოვნით, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები, რომელთა მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული ან თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. ზემოხსენებული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, 21-ე მუხლით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლება და მისი შეზღუდვის საფუძვლები, ხოლო 23-ე მუხლით განმტკიცებულია ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება და ინტელექტუალური საკუთრების უფლება. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“, ხოლო 39-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სსიპ – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 16 თებერვლის №138/03 ბრძანებით სასაქონლო ნიშანი “NIKAI” დარეგისტრირდა კომპანია „ნიკაი გალფ ფზკოს“ სახელზე. სსიპ „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2012 წლის 18 მაისის №605/03 ბრძანებით კომპანია „ნიკაი გალფ ფზკოს“ მოთხოვნით დარეგისტრირდა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ ჩინეთიდან შემოიტანა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელთა ნაწილის შესაფუთ მასალაზე დატანილი იყო სასაქონლო ნიშანი “NIKAI“. შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტმა შეაჩერა აღნიშნული საქონელი, ხოლო 2013 წლის 19 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, კომპანია „ნიკაი გალფ ფზკოს“ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეტანილი განცხადების საფუძველზე ყადაღა დაედო მოსარჩელის კუთვნილ სავარაუდოდ კონტრაფაქციულ ტვირთს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/6021-13 დადასტურდა მოპასუხის მიერ კომპანია „ნიკაი გალფ ფზკოს“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებით ზედდებული საქონლის უკანონოდ გამოყენების ფაქტი და მოსარჩელეს აეკრძალა 2011 წლის 23 აგვისტოს საქპატენტში რეგისტრირებული №21722 სასაქონლო ნიშნის NIKAI-ს გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე.
6. მოსარჩელის განცხადებით, მისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძვლებში არ მოიაზრება შემთხვევა, როდესაც განმცხადებელი არ არის იდენტიფიცირებული პირი. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა როგორც კერძოსამართლებრივ, ასევე ადმინსიტრაციულსამართლებრივ ურთიერთობებში ითვალისწინებს პირის იდენტიფიცირების აუცილებლობას, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი შემთხვევა წარმოადგენს ამ საერთო წესიდან გამონაკლისს.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სასაქონლო ნიშნის არა იდენტიფიცირებულ პირზე დარეგისტრირება აშკარად არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა მეწარმეებს. სადავო ნორმებით დადგენილი წესით, პირთა გარკვეული წრე იღებს მონოპოლიას ისეთი საქონლით ვაჭრობაზე, რომლის მწარმოებელიც თვითონ არ არის, რაც წარმოადგენს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
8. მოსარჩელის თქმით, პირს, რომელიც თავის სახელზე დაირეგისტრირებს ამა თუ იმ სასაქონლო ნიშანს, უფლება ეძლევა მოითხოვოს ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება და განადგურება. მისი აზრით, აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, რადგან პირს, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია მოცემული სასაქონლო ნიშნის სხვა პირზე რეგისტრაციის შესახებ, ერთმევა მის საკუთრებაში არსებული ის საქონელი, რომელიც ატარებს სხვა პირზე დარეგისტრირებულ ნიშანს. მისი აზრით, დაუშვებელია ნიშანდებული საქონლის განადგურება, რადგან საქპატენტში დაცულია სასაქონლო ნიშანი და არა თავად საქონელი.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების ნიშანდებული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზების აკრძალვა წარმოადგენს მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შეზღუდვას. მოსარჩელის თქმით, სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ბაზრის მონოპოლიური ფასებისაგან დაცვა. ბაზარი კონკურენტულია მაშინ, როდესაც არსებული სამომხმარებლო მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს ალტერნატიული მიმწოდებლების არსებობა. შესაბამისად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ დადგენილი აკრძალვები ხელს უშლის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისი ალტერნატიული მიმწოდებლის გამოჩენას. ამ პირობებში ბაზარი ვერ პასუხობს კონკურენტუნარიანობის მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
10. მოსარჩელის თქმით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იძლევა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილობის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და განსაზღვრავს მათ სამართლებრივ შედეგებს. მისი აზრით, აღნიშნული სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება არ არის თანხვედრაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ აქტის ბათილობის, არარად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებთან. ზემოთქმულის გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი თქმით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით კვლავაც შესაძლებელია სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირებული იყოს არა იდენტიფიცირებულ პირზე, რაც ქმნის მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე ითხოვს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
3. სადავო ნორმებით რეგლამენტირებულია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები, მონაცემები რომლებსაც უნდა შეიცავდეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შეტანილი განაცხადი, აღნიშნული განაცხადის რეგისტრაციის წესი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილობის საფუძვლები და მისი შედეგი. მოსარჩელე სადავო ნორმების დისკრიმინაციულობის მტკიცებისას მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასაქონლო ნიშნის კონკრეტულ პირზე რეგისტრაციისას ეს პირი იღებს მონოპოლიას ისეთი საქონლით ვაჭრობაზე, რომლის მწარმოებელიც თვითონ არ არის, ხოლო სხვა პირებს აღარ რჩებათ შესაძლებლობა ივაჭრონ აღნიშნული საქონლით, რაც, მისი აზრით, წარმოადგენს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ერთნაირი უფლებით აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. არც მოსარჩლე არ მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ადგენენ პირთა წრის მიხედვით განსხვავებულ წესებს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, სასაქონლო ნიშნით სარგებლობის ან მისი რეგისტრაციის გაუქმებისას. თავისთავად ის ფაქტი, რომ სასაქონლო ნიშნის ფლობა გარკვეულ უფლებებს და შესაბამისად მესამე პირებისათვის მოთხოვნების წაყენების შესაძლებლობას აჩენს ვერ გამოდგება სადავო ნორმიდან მომდინარე დიფერენცირებული მიდგომის არსებობის დასასაბუთებლად. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული არ არის არც სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე რომელთა შორის დიფერენცირებაც ხორციელდება. შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში N748 კონსტიტუციურ სარჩელი დაუსაბუთებელია.
4. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომლის თანახმადაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეიძლება განხორცილდეს არა იდენტიფიცირებულ პირზე. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განაცხადში მისათითებელ ინფორმაციას. ხსენებული მუხლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „წარდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს „განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს“, ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „„საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში“. ხსენებული, ისევე როგორც კანონმდებლობის სხვა ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შესაძლებელია, სასაქონლო ნიშნის მფლობელის იდენტიფიცირება.
5. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საკუთრების უფლების დარღვევის დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე პირს, რომელიც თავის სახელზე დაარეგისტრირებს კონკრეტულ სასაქონლო ნიშანს, უფლება ეძლევა მოითხოვოს ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული იმ საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება და განადგურება, რომელიც სხვა პირთა საკუთრებაშია. მისი აზრით, დაუშვებელია ნიშანდებული საქონლის განადგურება, რადგან საქპატენტში დაცულია სასაქონლო ნიშანი და არა თავად საქონელი, ხოლო მეწარმეობის თავისუფლებასთან მიმართებით სარჩელში მითითებულია, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების ნიშანდებული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზების აკრძალვა სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე, წარმოადგენს თავისუფალ მეწარმეობაში ჩარევას. მისი თქმით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით მხოლოდ პირთა გარკვეული წრე იღებს მონოპოლიას ისეთი საქონლით ვაჭრობაზე, რომლის მწარმოებელიც თვითონ არ არის, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ზემოხსენებულ დებულებასთან.
6. როგორც უკვე აღინიშნა სადავო ნორმები არ არეგულირებს სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს, მის შესაძლებლობას მოითხოვოს რომელიმე საქონლის ბრუნვიდან ამოღება და განადგურება, შესაბამისად აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან სადავო ნორმების მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია არ უკავშირდება სადავო ნორმების რეალურ შინაარს. ამავე დროს მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ან მათი რეგისტრაციის გაუქმების სადავო ნორმებით დადგენილი წესი რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს ან/და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც N748 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
7. მოსარჩლე მხარე, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე „მუხლით განმტკიცებულია შემოქმედების თავისუფლებისა და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობის უფლებები. მოცემული რეგულაციის საფუძველზე, პირს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/13/711 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არგუმენტებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ხსენებული სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის თაობაზე და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22,23).
9. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული რეგულაციები არ არის თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამომდინარეობს საკანონმდებლო რეგულაციების ერთმანეთთან შესაბამისობის უფლება კონსტიტუციის პრინციპებიდან ან/და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, N748 კონსტიტუციურ სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
10. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე N748 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
11. ამავდროულად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. ბუნებრივია მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ ნორმებზე, რომლებიც შინაარსობრივ შემხებლობაშია მოთხოვნის არსთან და აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ კომპეტენციასთან. მოსარჩელე წარმოადგენს ფიზიკურ პირს და იგი დავობს სადავო ნორმების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ უფლებებთან მიმართებით. №748 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მათ შორის მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმები არ ადგენს ფიზიკური პირის უფლებას იდავოს სადავო აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ საკითხებთან მიმართებით. მოსარჩელის ზემოაღნიშნული შესაძლებლობა რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით. ამდენად, №748 კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №748 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ალადინ მამედოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა